სილამაზისთვის? - ლაგოდეხის შესასვლელში 240 ათას ლარად 11-მეტრიან თაღს დადგამენ

პროექტის კომპიუტერული რენდერი

სიმაღლე 11 მეტრი, სიგანე 17 - გურჯაან-ლაგოდეხის “საზღვარზე”, ზედ საავტომობილო გზაზე დეკემბრის ბოლოს თითქმის სამსართულიანი სახლის სიმაღლის თაღის მშენებლობა დაიწყება. როცა ყველაფერი დასრულდება, თაღს ერთი მხრიდან დააწერენ - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში“, მეორე მხარეს კი „გზა მშვიდობისა“.

ერთ სვეტზე ლაგოდეხის გერბი იქნება ორნამენტებით - მწვანე ველზე ვერცხლის ირემი შემართული ფეხით და თამარ მეფის ხელრთვა. სვეტის მეორე მხარეს გამოსახავენ ქვევრს, ვაზს და ნინოს ხევის ჩანჩქერს. სვეტებს თავზე სათოფურებიც ექნება. თაღს მოაპირკეთებენ აგურით. ამ პროექტის შექმნაზე 3600 ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა თავად მშენებლობა 240 ათასი ლარი დაჯდება.

თაღის პროექტი

თანხის ერთ ნახევარს ლაგოდეხის ბიუჯეტი იხდის, მეორე - 120 ათასი ლარი ლაგოდეხის 8 სოფლის ბიუჯეტიდან შეგროვდა, "მოსახლეობის სურვილითა და მოთხოვნით", ამბობს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

როგორც წესი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის* ფულადი რეზერვები გზების დაგებასა და განათებაზე, სტადიონებისა და სასაფლაოების შემოღობვაზე, სარწყავი არხების გაჭრაზე, წყაროების მოპირკეთებასა და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებზე იხარჯება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოფლების მოსახლეობამ ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას სხვა რამე ამჯობინა.

ერთ დღეს, 23 თებერვალს ლაგოდეხის 8 სოფელში ქვემო ნაშოვარში, ფოდაანში, გვიმრიანში, ბაღდადში, ონანაურში, აფენსა და ჭაბუკიანში კრებები ჩატარდა. ამ საერთო კრებების ოქმები ლაგოდეხის მერიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტების მიხედვით, რვავე სოფელში ხალხი ერთსულოვანი იყო. მაგალითად, სოფელ ბაღდადს, სადაც 244 ამომრჩეველია რეგისტრირებული კრებაზე 23 ადამიანი წარმოადგენდა და ყველამ ერთხმად მოიწონა იდეა სოფლის ფული თაღის მშენებლობაზე დახარჯულიყო.

Your browser doesn’t support HTML5

ლაგოდეხის შესასვლელში 11-მეტრიან თაღს დადგამენ

“…აბა, ერთი თქვან, ვის დაელაპარაკნენ. ამ მოკლე მანძილში სოფელში კრება არ ყოფილა და არავის უთქვამს, თანხაა გამოყოფილი და სად წევიღოთ, რა გავაკეთოთო?.. კი, ადრე, სამი წლის უკან ილაპარაკეს, ვერ მორიგდნენ და სხვა სოფელს გადაურიცხეს ფული, იქ დააგეს გზა… ჩვენ კი დავრჩით უპატრონოდ”, - ამბობს 71 წლის ზურაბ ცქიფურიშვილი ბაღდადიდან.

ის ერთ-ერთია იმ 20 ადგილობრივი მოსახლიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება ბაღდადში ესაუბრა. არცერთმა მათგანმა არც კრების და არც თაღის მშენებლობის გეგმების შესახებ არაფერი არ იცოდა.

სოფელი ბაღდადი

რადიო თავისუფლება - მერია ამბობს, მოსახლეობამ თავად მოითხოვა თაღის მშენებლობაო.

ზურაბ ცქიფურიშვილი: მოსახლეობა არა კიდე... ეგ ტუფთა ბაზარია… ახლა აქ რომ თაღი დადგან, რაში არგია ხალხსა ეგ მითხარით! სილამაზის გულიზე?.. ბარემ წყლის პრობლემა მოაგვარონ, ან ასფალტი დანგრეული რომ არის და რამდენიმე წელში მაშინაც ვეღარ გაივლის. თაღმა რა უნდა გააკეთოს?

რადიო თავისუფლება - მშენებლობა 240 ათასი ლარი ჯდება. ნახევარი სოფლების ფულია, თქვენთვის რომ მოეცათ თანხის განკარგვის უფლება, რას გააკეთებდით?

ზურაბ ცქიფურიშვილი: ასფალტს დავაგებდი, ყველგან დააგეს მგონი, და ბაღდადია დარჩენილი. გზა არ ჯობია თაღს? მანქანა მაინც გაივლის და არ დაიმტვრევა.

ზურაბ ცქიფურიშვილის თქმით, არც მის მეზობლებს სმენიათ რაიმე სოფელში კრების ჩატარებაზე.

ბაღდადში მცხოვრებმა ციალა გეწაძემაც არ იცოდა რამე ამ იდეაზე - თაღის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ერჩივნა სოფელში ფული სასმელი წყლის გაყვანაზე დაეხარჯათ. სოფელს ორი ჭაბურღილი აქვს - თავში და ბოლოში, მაგრამ შუა ნაწილში წყალი თითქმის არასდროს არ მოდის.

სოფელი ბაღდადი

„ფოტოზე რაც ჩანს, ლამაზი თაღია, მომწონს, მაგრამ ხალხისთვის რა უფრო გამოსაყენებელია ახლა? ამ წყლის ამბავს, ალბათ, თავი არ მოებმება. ზაფხულში სულ შრება ჭაბურღილები, ღელეს წყალიც კი არ მოდის რუებში, ზამთარიც არ გვაქვს, თუ მოდის სასმელადაც ვერ ვიყენებთ, შეფერილი და დაბინძურებულია. მე თუ მკითხავდნენ რა გავაკეთოთო, ვეტყოდი, რომ პირველ რიგში, მოწესრიგდეს გზა და მოგვარდეს წყლის პრობლემა“, - ამბობს ციალა გეწაძე.

სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრები თემურ ბარბაქაძე ავტომობილში წყლის ცარიელ ავზებს აწყობდა, როცა გამოველაპარაკეთ. მის უბანში სასმელი წყალი არ მოდის, სოფელს ახალი ჭაბურღილების დამატება სჭირდება.

“მე არ ვიცი, ხალხმა მოითხოვა თუ არა მაგის [თაღის] აშენება, მაგრამ მომწონს, კარგი თაღია. ხომ უნდა ეწეროს რომელ რაიონში შედიხარ. მე უფრო მაწუხებს უწყლობა და სანიაღვრე არხები, რომლის მშენებლობაც სამი წლის წინ დაიწყო და ვეღარ დასრულდა. სულ გადათხრილია აქაურობა. ახლა სამი დღის წინაც მოვიდნენ და თქვეს გავაკეთებთო?..“ - გვეუბნება თემურ ბარბაქაძე.

სოფელი ჭაბუკიანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის საერთო თანხით თაღის მშენებლობას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებლიდან” ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა ისაკო ცქიფურიშვილმა თაღის მშენებლობის გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომებზე რამდენჯერმე გააკრიტიკა.

„როგორ უნდა მოეთხოვა ხალხს თაღის მშენებლობა, როცა ყველა ჩამოთვლილ სოფელში წყლის პრობლემაა. რატომ წაართვეს ამ ხალხს ფული? თუ მაინცდამაინც სოფლის პროგრამის ფარგლებში უნდა აშენებულიყო თაღი, მუნიციპალიტეტში 64 სოფელია და მაშინ ყველასგან აეღოთ ცოტ-ცოტა თანხა. მე თუ მკითხავ, ამ პროექტისთვის თანხა მხოლოდ მერიას უნდა დაეხარჯა. მე მოვითხოვე, რომ ადგილობრივი მთავრობა ჩემთან ერთად ჩასულიყო სოფლებში და მოსახლეობისთვის გვეკითხა, ნამდვილად უჭერდნენ თუ არა მხარს ისინი თაღის მშენებლობას, მაგრამ არავინ მოგვისმინა. შესაძლოა კრების ოქმზე ხალხს ხელი ნამდვილად მოაწერინეს, მაგრამ მათთვის არავის უთქვამს რაზე აწერინებდნენ ხელს“, - ამბობს პოლიტიკოსი.

„კონკრეტული სახელები არ მახსოვს, ვისგან მოდიოდა ინიციატივა, მაგრამ ნამდვილად ხალხმა მოითხოვა თაღის მშენებლობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. გეგმით, ასეთი თაღები ლაგოდეხის ყველა შესასვლელში უნდა აშენდეს, ანუ ყვარლისა და სიღნაღის მხრიდანაც.

თაღის პროექტის კომპიუტერული რენდერი

„ამ თაღის მშენებლობის მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში ვიზუალურად ლამაზი იქნება. დადებითად აისახება ტურიზმზე, ხალხიც კმაყოფილი იქნება. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს უფრო ლამაზი და უფრო გამოკვეთილი“, - თქვა ჯონდო მდივნიშვილმა.

კახეთში სიღნაღის შემდეგ, რომელსაც თავისი გალავანი აქვს, ლაგოდეხი მეორე მუნიციპალიტეტი იქნება, რომელსაც შესასვლელებში თაღები ექნება.

* სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილებაში ჩამოთვლილის ის პროექტები, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ შეიძლება დააფინანსოს. ჩამონათალში არცერთი პუნქტი არ შეესაბამება თაღის მშენებლობას.

* სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამა რომლის მეშვეობითაც ცენტრალური მთავრობა სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.

სოფლები დაფინანსებას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებენ. ეს თანხა 10 000-დან 20 000 ლარამდე მერყეობს. პროექტებს თავად მოსახლეობა სოფლის კრებაზე ირჩევს ან მონაწილეობს გამოკითხვაში.