სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: ყველაზე დაფარული დანაშაული

ყველაზე მკაფიოდ ხელი ახსოვს. უფრო სწორედ, მის სხეულთან ხელის მიახლოება. ანასთვის ეს ბავშვობის ყველაზე საშინელი მოგონებაა. მოძალადე - ბიძა იყო: „თავიდან უბრალოდ ბურთი მომაწოდა“, მეუბნება. და მერე დაიწყო - „როგორც კი მარტო ვრჩებოდით, იცვლებოდა. თითქოს, როგორც ნათესავი, ისევ მეფერებოდა, რაც თავიდან არც ისე უსიამოვნო იყო, მაგრამ მერე...“. მერე ანა თითქმის ორი წელი ითმენდა და დუმდა. „არ გავუუპატიურებივარ, მაგრამ დღეს რომ ვფიქრობ, დიდი განსხვავება არ არის“. ბიძა ემუქრებოდა, რომ თუ ეს ამბავი გამჟღავნებოდა, ანა მთელი სიცოცხლე სირცხვილში გაატარებდა. გოგონა მაშინ 10 წლის იყო. ერთხელ ვეღარ მოითმინა და დედასთან ატირდა. ამ საქმეში არც პოლიცია ჩარეულა, არც ფსიქოლოგები. სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. ოჯახმა ჩუმად მოინელა ეს ამბავი. „მოვინელეთ თუ არა, ეგეც არ ვიცი ბოლომდე“, - გვითხრა ანამ. დღეს ის 30 წლისაა.

ავტორი: ლევან სამნაშვილი

სექსუალური ძალადობა არ არის მხოლოდ გაუპატიურება

დიახ, ასეა. და სექსუალურ ძალადობად ითვლება:

  • ყველა ქმედება, რომელსაც აქვს სექსუალური ელფერი და რომელშიც ბავშვი მოტყუებით ან იძულებით არის ჩართული;
  • სექსუალური შინაარსის შენიშვნებით და რეპლიკებით დევნა;
  • ინტიმურ ადგილებზე შეხება;
  • პორნოგრაფიული ხასიათის სურათების გადაღება (მნიშვნელობა არა აქვს ეს ბავშვის ნებართვით ხდება თუ არა);
  • ბავშვებისთვის პორნოგრაფიული მასალის ჩვენება;
  • სასქესო ორგანოების ჩვენება;
  • ღია საუბრები სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით;
  • ინცესტი;
  • სხეულით ვაჭრობის იძულება.

ამბავი #1 (ნამდვილი ამბავი)

ბიჭი 5 წლისა იყო, როდესაც მამამ მასთან პირველად დაამყარა სექსუალური კავშირი. მას შემდეგ მამა შვილზე სამი წელი ძალადობდა. 8 წლისამ ამ ამბით მანიპულირება დაიწყო - მამას ემუქრებოდა, რომ თუ ველოსიპედს არ უყიდდა, სიმართლეს იტყოდა. თუ ტყავის ბურთს არ უყიდდა, ალაპარაკდებოდა. ერთხელაც, როდესაც მამამ შვილის სურვილები ვეღარ აასრულა, ბიჭმა დუმილი დაარღვია. წლების შემდეგ, როდესაც 14 წლისა გახდა, ის ისევ მოექცა ფსიქოლოგების თვალთახედვის არეში - უკვე როგორც მოძალადე: სკოლაში, პირველკლასელ ბავშვზე ძალადობდა.

მოძალადე, შეიძლება, შენი შვილის გვერდითაა

ხშირად მშობლები ამას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, ამ თემაზე ჩატარებული კვლევები და სტატისტიკა ადასტურებს, რომ უმრავლეს შემთხვაში, ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი კარგად იცნობენ და ენდობიან.

ხშირად ეს ძალადობა შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ფსიქოლოგები ასეთ მოძალადეებს „სიტუაციურ მოძალადეებსაც“ უწოდებენ. ისინი, როგორც წესი, იშვიათად მიმართავენ ძალას და ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას მათი ცდუნებით, მოტყუებით, მოფერებითა და საჩუქრებით ახერხებენ.

უმრავლეს შემთხვევაში, მოძალადე კაცია. მოძალადეების მხოლოდ 2%-ა ქალი. თუმცა ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი, უფრო მაღალია. ამის მიზეზი მარტივია: საზოგადოებისთვის, ქალი - ბავშვის გვერდით, ნაკლებ ეჭვს აღძრავს.

როგორი იქცევა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, თუ ის მხოლოდ 7-8 წლისაა?

ის ხშირად ვერ აცნობიერებს, რა ხდება. გრძნობს, რომ რაღაც დამალულ ურთიერთობებში მონაწილეობს, რომ ეს ურთიერთობა სასირცხვილოა და თავი დამაშავე ჰგონია. ამიტომ, ძირითადად, დუმს. ხშირად ბავშვს მოძალადე ემუქრება, რომ არ გათქვას. ბავშვს ეშინია, რომ მას არ დაუჯერებენ და დამნაშავის სკამზე თავად აღმოჩნდება. შიშის გამო ისეც ხდება, რომ ბავშვი თავად იცავს მოძალადეს.

ისინი მშობლებს იშვიათად გაენდობიან ხოლმე. ფსიქოლოგები, საკუთარ გამოციდლებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თუ მოძალადე - მამაა, საიდუმლო უფრო დიდხანს იმალება. ეს რომ დედამ გაიგოს? და შიში კიდევ უფრო ძლიერდება.

ხანდახან, ბავშვები ყველაფერს ხატავენ. აი, ასე (ნახატი ნაწილობრივ შეცვლილია და გადახატული):

ავტორი: ლევან სამნაშვილი

​"ჩვენ ბაჭიები ვართ. ყველანი ერთად დავესევით და მოვერევით". ეს დათოს ნახატია. დათოს კიდევ ოთხი ძმა ჰყავს. დევი - მამაა. დათო დევს კისერზე აზის და თავში რაღაცას ურჭობს. ასეთია მისი შურისძიება. მაგრამ ამაზე ის მხოლოდ იგავ-არაკებით ლაპარაკობს.

ან, ასე:

Your browser doesn’t support HTML5

როგორ ხატავენ თავიანთ ამბებს სექსუალაური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები?

მოძალადის ანკესები

მოძალადე ბავშვს ხშირად ეუბნება - შენ უკვე დიდი ხარ. ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქვთ დიდებს. დიდად ყოფნა კი ბავშვისთვის მაცდუნებელი და მომხიბვლელი რამაა.

მოძალადე ბავშვს ეუბნება - მე შენ მიყვარხარ. შენთან იმას ვაკეთებ, რასაც აკეთებენ ადამიანთან, რომელიც უყვართ. მე შენ გამოგარჩიე. სხვასთან ასეთი ურთიერთობა არ მაქვს. შენ უპირატესობა გაქვს.

მოძალადე ბავშვს ართმევს პირობას - ეს იყოს ჩვენი საიდუმლო. საიდუმლო კი ბავშვისთვის რომანტიკული და იდუმალი ხიბლის მქონეა - და ამ თამაშში ის ადვილად ერთვება.

მითები და რეალობა

ხშირად ყველაფერი სულ სხვანაირად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია. ზუსტად ვიცით, ვინ ძალადობს ჩვენს ბავშვებზე? მხოლოდ გოგონებზე ძალადობენ თუ ბიჭებზეც? მოძალადე უცხო ადამიანია თუ პირიქით? პასუხები აქ არის: ​

აი, როგორ შეიძლება მიხვდეთ, რომ ბავშვზე იძალადეს და როგორ უნდა მოიქცეთ ამის შემდეგ:

მართალია, ხშირად ამაზე ბავშვები არ ლაპარაკობენ, მაგრამ სექსუალური ძალადობა იმდენად მძიმე ტრავმაა, რომ ის სადღაც მაინც ვლინდება. ბავშვი ხატვას იწყებს. ან მოულოდნელად ამ საკითხში მისი ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნას გამოავლენს.

პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს - ბავშვს უნდა დაუჯეროს. დაამშვიდოს და არ დაადანაშაულოს.

მნიშვნელოვანია ბავშვების სექსუალური თამაშებზე დაკვირვებაც: - თუ ორი 5 წლის ბავშვი ერთმანეთს იკვლევს და ცოლ-ქმრობანას თუ ექიმობანას თამაშობს, აქ საგანგაშო არაფერია. მაგრამ როდესაც იგივე საკეთებს ხუთი წლის და მაგალითად, ცხრა წლის ბავშვი, ეს უკვე უნდა ვიკვლიოთ, აქ უკვე ჩნდება კითხვა ხომ არა აქვს რომელიმე მათგანს ძალადობის გამოცდილება წარსულში.

ასეთ შემთხვევაში „ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის კარგი თამაში, ისევე როგორც ცუდია ენის გამოყოფა ცხვირში თითის შეყოფა და ა.შ.“, - ამბობს ქეთი თავართქილაძე.

მშობლების საზრუნავი და ვალდებულებაა შვილის დარიგებაც, რომ არ გაუღოს კარი უცნობს; არ გამოართვას უცხოს საჩუქარი; არ გაჰყვეს მას სადმე. თუ ლიფტთან დგას უცნობი, დაელოდოს, როდის ავა ის და შემდეგ ისარგებლოს ლიფტით.თუმცა, ცხადია, უსაფრთხოების არც ეს წესებია სრული გარანტია, რომ ბავშვი დაცული იქნება.

ავტორი: ლევან სამნაშვილი

ამბავი #2 (ნამდვილი ამბავი)

ფეხბურთის მწვრთნელი ოთხ პატარა ფეხბურთელზე რომ სექსუალურად ძალადობდა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც წლების მერე, ერთ -ერთმა ბიჭმა კატეგორიულიად გააპროტესტა თავისი უმცროსი ძმის ფეხბურთზე მიყვანაზე. როდესაც ძალადობის ამბავი გამოაშკარავდა, აღმოჩნდა, რომ მწვრთნელი ბავშვებს არწმუნებდა თუ გინდათ რომ კარგი ფეხბურთელები გამოხვიდეთ რიტუალი უნდა ჩავატაროთო. მწვრთნელი ბავშვებს მის სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდებას აიძულებდა.

გამკაცრებული კანონი

საფრთხე შსს-მაც აღიარა და პედოფილიის ფაქტებზე კანონის გამკაცრება გადაწყვიტა. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო.

ახალი კანონით:

  • გაიზრდება სასჯელის ვადა
  • დანაშაულში მსჯავრდადებულებს მთელი რიგი უფლებები ჩამოერთმევათ, მაგალითად
  • ციხის დატოვების შემდეგ ახალი კანონი პოლიციას მოძალადეებზე კონტროლის დაწესებას დაავალდებულებს
  • მოძალადეებს აეკრძალებათ მიახლოება 30 მეტრის რადიუსში სკოლებთან და ბაღებთან, ბიბლიოთეკებთან და გასართობ ცენტრებთან.
  • მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

თუმცა პარლამენტში კანონპროექტის არსებითი განხილვა ჯერ წინ არის და უცნობია, დაეთანხმებიან თუ არა დეპუტატები ყველა ცვლილებას.

სტატისტიკა - ტაბუდადებული შემთხვევების გამოკლებით

ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სრულ სურათს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული, დამალული დანაშაულია. უმრავლესობას ამბის გამჟღავნება უჭირს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 405 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი - არასრულწლოვანი იყო.

2017 წელს - ასეთი 339 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან - 224 საქმეზე მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო. 2016-ში - 336. აქედან 262 არასრულწლოვანი იყო.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით თითქმის ყოველდღე, ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ 2018 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70 შემთხვევა აღირიცხა. მათგან ნახევარი - დადასტურდა.

ამბავი#3

10 წლის ობოლ გოგოს ალკოჰოლზე დამოკიდებული ბებია ზრდიდა. მას სასმლით მეგობარი კაცი ამარაგებდა. როცა ბებია იძინებდა ან თვრებოდა, კაცი გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. ბებიამ ეს ამბავი იცოდა, მაგრამ მალავდა. ამბავი რომ შეენიღბა, გოგონა კაცს მოანათლინა. მოძალადისთვის შვილიშვილის დათმობას თავისი საფასური ჰქონდა - სასმელი და კომუნალური გადასახადები.

რას ამბობს ძველი კვლევა - რას იტყოდა ახალი?

2007 წელს UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული „ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის“ მონაწილე 1050 ბავშვიდან 177-მა თქვა, რომ მას ზოგჯერ ან მრავალჯერადად განუცდია სქესობრივი შეურაცხყოფა და ძალადობა.

2013 წლის გამოკვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 90%–ზე მეტს არ სჯერა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირები შეიძლება იყვნენ მშობლები ან ოჯახის წევრები.

უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ უცხო პირებმა (42% ), ნაცნობებმა და ოჯახის მეგობრებმა (35%).მშობლების მხრიდან ასეთი ძალადობის შესაძლებლობა დაუშვა მხოლოდ 5%–მა, ხოლო ოჯახის სხვა წევრების მხრიდან – 10%– მა.

სახალხო დამცველი ბოლო, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ - მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს ამ ეტაპამდე არასათანადოდ ასრულებს.

სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა და მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები. სარეაბილიტაციო სერვისის არსებობა , მთავრობის მიმართ, სახალხო დამცველის აპარატის უცვლელი მოთხოვნა და რეკომენდაციაა.

„ამ ბავშვებს საერთოდ ვერაფერს ვთავაზობთ გარდა იმისა, რომ დროებით ვაშორებთ მოძალადეს. ის ფაქტობრივად რჩება იმავე ძალადობრივ გარემოში. მაგალითად რომ ავიღოთ, ბავშვებზე სექსულაური ძალადობის მხრივ ძალიან მძიმეა ვითარებაა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც, როგორც წესი, სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გადაჰყვთ ხოლმე. ისინი იქ ან თავად აგრძელებენ სხვებზე ძალადობას, ან ისევ თავად ხდებიან სხვების მსხვერპლნი - გააჩნია მათ ასაკს“. -ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ომბუდსმენის აპარატის ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი

თუ სახალხო დამცველის სახელზე შესულ საჩივრებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვთა მიმართ ძალადობის უჩივიან: თუ 2012 წელს, ომბუდსმენის სახელზე ბავშვთა უფლებების დარღვების გამო 92 საჩივარი შევიდა. 2018 წელს - ამავე შინაარსის საჩივრების რიცხვი 776-მდე გაიზარდა.

​რეაბილიტაციის გარეშე - შედეგი ნულია

ბავშვთა უფლებებს წლებია იცავს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის მთავარი.

სახელმწიფომ უნდა ეძებოს სხვა გამოსავალი. მაგალითად, ბავშვებზე პასუხისმგებელი პირების, მშობლებისა და ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების, ექიმების და მთლიანად საზოგადოების ინფორმირება. იმიტომ, რომ მისი თქმით, ძალიან ხშირად, არათუ ოჯახის წევრები, ექიმებიც კი ვერ ამჩნევენ სექსუალური ძალადობის ნიშნებს.

  • საზოგადოება ხშირად ვერ ხვდებამ რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ბავშვის მოფერებას ან მისი შიშველი ფოტოს დადებას და ასეთი რამის მიმართ ხშირად კრიტიკულიც არ არის.
  • მშობლები და ახლობლები კი არ აპროტესტებენ არასასურველ შეხებას. მათთვის - ეს ნორმაა.
  • ინფორმაცია სჭირდებათ ბავშვებსაც - ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა ვუთხრათ, რა არის მისიღები და რა არა.

„როდესაც ბავშვი ამბობს, რომ რაღაც მოხდა, სახელმწიფო ბავშვებს არ უჯერებს. ჩვენ არაერთი საქმე გვქონია, როდესაც პროკურტურა ბავშვის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს. უნიშნავენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. ზოგიერთ შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩათვალა, რომ ათ წალმდე ბავშვს საერთოდ არ შეუძლია ფაქტების სწორად გადმოცემა, რაც ასევე დისკრიმინაციულია", - გვითხრა ანა თავხელიძემ.

ამბავი #4 (ნამდვილი ამბავი)

მშობლები დაშორდნენ. დედა მუშაობდა და იძულებული იყო ხოლმე, 7 წლის ნიკო სკოლის შემდეგ ცოტა ხნით ბაბუასთან დაეტოვებინა. სახლში მხოლოდ ბაბუა და შვილიშვილი რჩებოდნენ. საღამოობით ბაბუა პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდა. ბავშვიც გვერდით ეჯდა. ამბავი მას შემდეგ გამჟღავნდა, როცა ბიჭმა სკოლაში ფილმებში ნანახი სცენების მოყოლა დაიწყო.

ნაბიჯი ბავშვის უპირატესი ინტერესისკენ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სახელმწიფო გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ე.წ. ბარნაჰუსის ანუ ბავშვთა ადვოკატირების (ჯერ უცნობია ზუსტი დასახელება) ცენტრი შეიქმნის.

UNICEF -ის წარმომადგენელმა ქეთი მელიქაძემ გვითხრა, რომ ასეთი ცენტრის თუ ბავშვების სახლის იდეა ის არის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციაც იქ მოხდეს და გამოკითხვაც. დღეს, როგორც წესი, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ბავშვს რამდენჯერმე უწევს თავისი მძიმე ამბის გამეორება - სოციალური მუშაკთან, პოლიციასთან, ფსიქოლოგთან.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმა ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომლისგანაც გათავისუფლებასაც მრავალი წელი სჭირდება. და ხშირად, მაინც არ ქრება უკვალოდ.

...

ნინო, 9 წლის (სახელი შეცვლილია) - ნაწყვეტი ფსიქოლოგთან დიალოგიდან:

ნაბიჯების​ ​ხმა​ ​გავიგონე​. ​ჩემს​ ო​თახში​ ​შემოვიდა​. ​სხვანაირად​ ​სუნთქავდა​, ​საშიშად​.​თვალები​ ​არ გავახილე​. ​ვითომ​ ​მეძინა​. ​მაგრამ​ ​აი​ აქ​, ​მუცელში​ ​ამტკივდა​, ​და​ ​გულშიც​ ​და​ ​გავინძერი​. (​პაუზა​)

- ​შემდეგ​ რა მოხდა, მომიყევი.

- ​არ​ ​მინდა​, ​ჩემი​ ​ბრალია​ ​და​ ი​მიტომ​. არ​ ​უნდა​ ​გავნძრეულიყავი​ ​და​ ​წავიდოდა​. ​ისედაც​, ​ჩემი​ ​ბრალია ყველაფერი​.

- ​არა​, ​შენი​ ​ბრალი​ ​არაა​, ​ზუსტად​ ​ვიცი​.

- ​თქვენ​ ​არაფერი​ ​არ​ ​იცით​...