გრიგოლ ვაშაძე |
სალომე ზურაბიშვილი |
სალომე ზურაბიშვილი
მშობლები
სალომე ზურაბიშვილი დაიბადა პარიზში, 1952 წლის 18 მარტს. 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წასული ქართველი ემიგრანტების, ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში. მისმა წინაპრებმა გასაბჭოებული საქართველო ბათუმის პორტიდან გემით დატოვეს. სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ივანე ზურაბიშვილს ცოლად ჰყავდა ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და განმანათლებლის, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, ნინო.
„გავიზარდე ბებიებთან ერთად. ბაბუები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ბებიები ახერხებდნენ ჩვენთვის ეამბნათ ამბები საქართველოს შესახებ. თითქმის მთელ დროს ქართველ ემიგრანტებთან ვატარებდით, ქართული ენაც მათგან ვისწავლე“ - წერს ზურაბიშვილი თავის წიგნში „საქართველოსკენ“, რომელიც ქართულად 2013 წელს ქართულად ითარგმნა.
განათლება
1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლაში.
ოჯახი
სალომე ზურაბიშვილი ორჯერ დაქორწინდა. პირველად ირანში გაზრდილ კოკი გორჯესტან გუგუშვილზე, რომელთანაც ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თეიმურაზი შეეძინა. მეორედ - ჟურნალისტსა და პუბლიცისტ, ჯანრი კაშიაზე - „მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე“. ჯანრი კაშია 2012 წელს გარდაიცვალა.
კარიერა
1974-1977 წლებში სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაეროში, საფრანგეთის მუდმივმოქმედ მისიაში, მესამე მდივნად. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრში. 1984-1988 წლებში იკავებდა აშშ-ში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას. 1988-1989 წლებში ხელმძღვანელობდა საფრანგეთის დელეგაციას ძალების შემცირების მოლაპარაკებებზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ფარგლებში. 1989-1992 წლებში იყო ჩადიში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი. 1992-1993 წლებში მუშაობდა ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველ მდივნად. 1993-1996 წლებში მუშაობდა დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. 1996-1998 წლებში იკავებდა საფრანგეთის საგარეო საქმეტა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. 1998-2001 წლებში ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველოს. 2001-2003 წლებში იყო საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთასორისო და სტრატეგიულ საკითხთა დირექტორი.
პოლიტიკური კარიერა საქართველოში
2003 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. მაშინ მოეწერა ხელი შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე. ეს პოსტი ზურაბიშვილმა 2005 წლის 19 ოქტომბერს დატოვა - მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ბრძანების საფუძველზე. მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილი სამინისტროს არასწორად მართვაში, ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობასა და ფავორიტიზმში დაადანაშაულეს.
„დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან“, - ეს ცნობილი ფრაზა ზურაბიშვილმა მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ერთ-ერთ აქციაზე წარმოთქვა.
მინისტრობიდან წასვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა, შემდეგ კი პარტია „საქართველოს გზა“ დააფუძნა. 2006 წელს „საქართველოს გზამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. შედეგი - 2,7 პროცენტი იყო. 2007 წელს სალომე ზურაბიშვილი ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს თანადამფუძნებელი გახდა. იმავე წლის ნოემბერში იყო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო. მაისის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს გზა“ კვლავ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მონაწილეობდა. ამ პერიოდის მიტინგებიდან დაამახსოვრა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს თავის სიმღერით „დიალოგზე“. პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელიც მაშინ რვა პარტიას აერთიანებდა ხმათა 17,7 % და 15 მანდატი მიიღო. პოლიტიკიდან ისევ დიპლომატიაში, ოღონდ დროებით, სალომე ზურაბიშვილმა 2010 წელს გადაინაცვლა. ზურაბიშვილი ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელად წავიდა.
სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხელახლა 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გამოჩნდა.
2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის (ის საფრანგეთის მოქალაქეც არის) გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ მაშინ უარი უთხრა. საქმე სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა ზურაბიშვილმა პროცესი ცესკოსთან წააგო.
მოგვიანებით, 2016 წელს სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა რურუას მოუგო და ასე გახდა პარლამენტის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
2018 წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა.
საკამათო განცხადებები
- „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია... მიახწია მოსალოდნელ დამარცხებას და „გეგმიურ“ ტერიტორიების დაკარგვას. ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა“... (სტილი დაცულია) - სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომზე.
- „არ ვარ მომხრე ამერიკული ბაზის შემოყვანის ამ ქვეყანაში, რადგან დღევანდელ დღეს ვინც იცის გეოპოლიტიკური სიტუაცია, ყველამ იცის, რომ ამერიკის ბაზის შემოყვანა არის მეტი საფრთხე, ვიდრე უსაფრთხოება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარტნიორობაზე უარს ვამბობთ“... - სალომე ზურაბიშვილი ნატს სამხედრო ბაზების შესახებ.
- „მოსმენები, რეგიონში და ამ სახელმწიფოში საჭიროა. და არ უნდა იყოს ისეთი შეზღუდული, რომ არაეფექტური გახდეს“, - სალომე ზურაბიშვილი „მოსმენების კანონზე“.
- ”...ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100 მდე შეიძლება იყვნენ ... ანუ ჩვენთან ჩამოსულნი 126 000 რამდენი გახდებოდნენ ცოტა ხანში ხომ წარმოგვიდგენია .... და ისე ვინმემ თუ იცის დღესდღეობით რამდენი არიან დასახლებულნი კახეთში და სხვაგან ... “ (სტილი დაცულია), - სალომე ზურაბიშვილი იმიგრაციის და იმიგრანტი მუშახელის შესახებ.
- „აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, - სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდელ ამომრეჩველს პირველი ტურის წინ.
- "...არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები“, - სალომე ზურაბიშვილი მარიხუანის ლეგალიზაციის თაობაზე.
- პრეზიდენტი „პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს... „ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მე მგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი“, - ,-- სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობაზე
საპრეზიდენტო დაპირებები
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოში ინტეგრაცია, ევროპული სტანდარტების დანერგვა, რეგიონების გაძლიერება, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების დაცვა, ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული დაბრუნება საქართველოში, იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია), თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება.
წყარო: პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩვენო პროგრამა
გრიგოლ ვაშაძე
მშობლები
გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 19 ივლისს, თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. გრიგოლ ვაშაძის მშობლების შესახებ საჯარო ინფორმაცია მწირია. მათ შესახებ არაფერი წერია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში და არც პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიულ ლექსიკონში.
განათლება
გრიგოლ ვაშაძე სწავლობდა თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი, (МГИМО) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს.
ოჯახი
პრეზიდენტობის კანდიდატის ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: ნოდარ ვაშაძე პირველი ქორწინებიდან და ელენე ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილზე 1988 წელს იქორწინა და მის საბალეტო კარიერასაც ემსახურებოდა წლების განმავლობაში.
„ის არ ყოფილა იმპრესარიო, არც ჩემი აგენტი, ის უბრალოდ ჩემი მეუღლე იყო“ - თქვა ნინო ანანიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარ მეუღლეზე.
კარიერა
გრიგოლ ვაშაძე 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.
1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი;
გრიგოლ ვაშაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
1990 წლიდან 2008 წლამდე გრიგოლ ვაშაძე ბიზნესმენია. ამ პერიოდში ის ფლობს და მართავს კომპანიას - "Georgia Arts Management"-სა და "Gregory Vashadze and BR"-ს. ამჟამად გრიგოლ ვაშაძის ღვინის კომპანიის წარმომადგენელი ევროპაში მისი ვაჟი, ნოდარ ვაშაძეა.
პოლიტიკური კარიერა საქართველოში
2008 წლის 6 თებერვალს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. თითქმის ერთი წელიწადში, მხოლოდ 1 თვით ის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო.
2008 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს. ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძე ცდილობდა მსოფლიოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებას. საერთაშორისო ვიზიტების დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორის ეს საკითხი იყო პრიორიტეტული. მინისტრის პოსტს გრიგოლ ვაშაძე 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებს.
გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი იყო ქუთაისში. ვაშაძემ მერის არჩევნებში ხმათა 27 პროცენტი მიიღო და მეორე ტურში გავიდა, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი არჩევნების მასობრივი გაყალბება დაასახელა.
„მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე, რომელიც ამ არჩევნების დროს გამოიყენა ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მეორე ტურში არ ვმონაწილეობთ“- განაცხადა, მაშინ გრიგოლ ვაშაძემ.
საკამათო განცხადებები
- „ეს იყო ბოლო მცდელობა, კიდევ ერთხელ გვეცადა ჩვენი [საქართველო-რუსეთის] ურთიერთობების რაღაც ნორმალურ სასტარტო პოზიციაზე გადაყვანა. “ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ როდესაც მას რუსეთის კულტურის მინისტრთან გაგაზავნილი წერილის შესახებ მოუწია განმარტებების გაკეთება.
- კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მალევე გრიგოლ ვაშაძემ რუს კოლეგას ალექსანდრ ავდეევს წერილობით შესთავაზა ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვა.
- წერილის გაგზავნის ამბავი 5 წლის დაგვიანებით გახდა ცნობილი, თუმცა აგვისტოს ომის დასრულებიდან სულ რაღაც ორ თვეში გაგზავნილ ამ წერილს საზოგადოების დიდი ნაწილის რისხვა მაინც მოჰყვა.
- “მიუხედავად იმისა, რომ სათათბირო აღარ აპირებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ და ჩემი მოვალეობები ამოვწურე” - განაცხადა 2009 წელს გრიგოლ ვაშაძემ, როდესაც ური თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და საკუთარი პასპორტი პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნა. ამ დროს ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია.
- “მთავრობა წავა, მაგრამ რუსეთი და რუსი ხალხი დარჩება და ისინი სწორად შეაფასებენ იმას, თუ რა მოხდა აგვისტოში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 2010 წელს რუსეთის მოქალაქეობის გაუქმებაზე.
- „რუსეთის მოქალაქეობა - საერთოდ რუსეთი - არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ - არა. დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე, უკვე როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში.“ - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ისევ რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე, 2011 წელი.
- “როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. პირველი ქორწინების დროს 18 წლის ვიყავი. ნუ ახლა.. college sweethearts (კოლეჯის შეყვარებულები)“ - თქვა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ მიცემულ ინტერვიუში.
საპრეზიდენტო დაპირებები
ერთ-ერთ გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ თავისი აზროვნების სტილით ის არის სოციალ-დემოკრატი, რა წერია კიდეც მის საპრეზიდენტო პროგრამაში:
განათლების ბიუჯეტის გაორმაგება;
მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა 1000 ლარამდე;
საატესტატო და ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია;
საშემოსავლო გადასახადი შემცირდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის თითქმის გაორმაგება, ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება, წამლების ხელმისაწვდომობა, არალეგალური წამლების ბრუნვის აღმოფხვრა, მშვიდობიანი, დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება.