- პუტინის მიერ დაფინანსებული რუსი „მედიაპერსონები“
- ჰიბრიდული ომი ტრადიციებისა და მეგობრობის სახელით
- რა უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი
რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლასა და ნდობის განმტკიცებაზე ლაპარაკს აპირებენ, ხოლო თუკი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის სტუმრებისა და მასპინძლების შემადგენლობას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ აქ ლაპარაკია ნდობის განმტკიცებაზე მხოლოდ და მხოლოდ კრემლის პოლიტიკის მისამართით. „ვერე პალასში“ დაგეგმილ ღონისძიებას მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავენ მედიაექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი ნაწილი დაგეგმილ ფორუმს ძალიან სახიფათო მოვლენადაც კი მიიჩნევს და სახელმწიფოს სასწრაფო ზომების გატარებას ურჩევს. მოწვეული სტუმრები ძირითადად არიან რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებათა წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობაშიც ანტიდასავლური პროპაგანდა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ფაქტია ისიც, რომ ფორუმის ორგანიზატორები (საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციები) მჭიდროდ არიან დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდი აფინანსებს.
ასევე ნახეთ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგპუტინის მიერ დაფინანსებული რუსი „მედიაპერსონები“
საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეარხების "Первый"-სა და "Царьград"-ის გადაცემების ხშირი მონაწილე დმიტრი კოსირევი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი, „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი, გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი ალან კასაევი და МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი და ისლამის საკითხების სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო - სპიკერთა ამ ჩამონათვალის მიხედვითაც ცხადია, რომ თბილისში დაგეგმილი მედიაფორუმი ანტიდასავლური და კრემლის მაამებელი მესიჯებით იქნება დატვირთული. ფორუმს ფინანსურად ეხმარება რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდი და ეს მთავარი ხაზგასასმელი ფაქტორია ბევრისთვის. როგორც მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარმა სოფო გელავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფორუმში მონაწილეთა თუ მასპინძელთა მთელი სპექტრი მხოლოდ კრემლის პოლიტიკის გაძლიერების მიზანზე მიანიშნებს.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის პროპაგანდის შესაბამისია მასპინძელთა ჩამონათვალიც. მედიაფორუმის ორგანიზატორებს შორის დასახელებულია: რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ („Север-Юг“), პრესკლუბი „თანამეგობრობა“ („Содружество“) და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ („Грузия и мир“ ). ყველასათვის ცხადია, რომ „საქართველო და მსოფლიოს“ ქართულენოვანი პუბლიკაციები ძირითადად დეზინფორმაციის წყაროს წარმოადგენს და ანტიდასავლური აქცენტებით გამოირჩევა. ეს ორგანიზაცია უკავშირდება მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას სახელს. ის 2014 წელს პირადად ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა.
მედიაფორუმის სპიკერებს შორის დასახელებულია ასევე „Россия сегодня“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ტატო ლასხიშვილი, მაგრამ, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ის მედიაფორუმის უბრალო მონაწილე იქნება, ჯერ პროგრამაც არ უნახავს და თავადაც ძალიან აინტერესებს, რაზე იქნება ლაპარაკი. შესაბამისად, ლასხიშვილი ჩვენთან საუბარში მედიაფორუმის გეგმებსა და მიზნებს არ ჩაუღრმავდა.
საყურადღებოა, რომ მედიაფორუმს აქტიურად უჭერს მხარს და არეკლამებს აგასი არაბიანი, პრეზიდენტი ორგანიზაციისა „ჯავახკის დიასპორა რუსეთში“. მართალია, მისი ორგანიზაციის მიზნებში ამაზე ღიად არაფერია ნათქვამი, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა ორგანიზაცია „ჯავახკიმ“ მძლავრი სეპარატისტული განწყობებითაც გაითქვა სახელი.
ჰიბრიდული ომი ტრადიციებისა და მეგობრობის სახელით
მართალია, თითქოსდა, კონფლიქტების მოგვარებაზე, მშვიდობასა და ტრადიციებზე სასაუბროდ ჩამოდიან, მაგრამ თუკი სტუმრების საქმიანობას გადავხედავთ, იოლად მისახვედრია, რაზე ილაპარაკებენ მედიაკონფერენციის ფარგლებში, მაგალითად, „Россия сегодня“-ს პოლიტიკური მიმომხილველი დმიტრი კოსირევი ანდა „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი, გადამდგარი პოლკოვნიკი ვიქტორ ლიტოვნიკი. ინტერნეტგამოცემა „ანტიმაიდანის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარში ვიქტორ ლიტოვნიკი ნატოსკენ მიმავალ საქართველოს სტაფილოს გამოდევნებულ ვირს ადარებს. აშკარაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რუსი ექსპერტი რუსეთის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ლუგარის ლაბორატორიის შესახებაც.
დაგეგმილ მედიაფორუმს სახიფათოდ და ძალიან საყურადღებოდ მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე. მისთვის ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ტიპური გამოვლინებაა.
Your browser doesn’t support HTML5
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო მსგავს ღონისძიებებს მასპინძლობს. ანალოგიურ მედიაფორუმს 2015 წელს სასტუმრო „ამბასადორი“ მასპინძლობდა და ეს მოვლენა ფართოდ გააშუქა რუსეთის პოლიტიკის გამტარებელმა კიდევ ერთმა მედიასაშუალებამ - „სპუტნიკმა“.
რა უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი
როდესაც საქმე რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებულ ღონისძიებებს შეეხება, საქართველოს სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს კარგად შემუშავებული პოლიტიკის მიხედვით, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლიბერალური აკადემია -თბილისის“ ხელმძღვანელი, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში. ის ლაპარაკობს არა განსხვავებული აზრის აკრძალვაზე, არამედ რისკების სწორად დათვლაზე, როდესაც საქმე შეეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ფულადი სახსრების მოძრაობას ოკუპირებულ ქვეყანაში, რაც, ცხადია, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.
Your browser doesn’t support HTML5
თუკი კონკრეტული კანონი არ ირღვევა, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, თუმცა ის სიფრთხილის აუცილებლობასა და მედიის ფხიზელ როლზე ლაპარაკობს. ნატა ძველიშვილისთვის კარგი სიგნალია ის, რომ რუსეთის მხრიდან დაფინანსებული ფორუმები თუ კონფერენციები ხალხის სიმრავლით არ გამოირჩევა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლებამ რამდენიმე სამთავრობო უწყებას - მათ შორის შს სამინისტროს - გადაუგზავნა მედიაფორუმში მონაწილეთა სია იმის დასადგენად, ხომ არ აქვთ ამ პირებს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხომ არ არიან შემჩნეული ეს პირები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურ შესვლაში. პასუხი არ ჩანს.