"ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის" შექმნის შესახებ ბრძანება 18 ივნისს გამოქვეყნდა და ძალაში 20 ივნისს შევიდა. ამ დღიდან გაუქმდა "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი". სამსახურიდან გათავისუფლდა ორივე დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ანუ ის ადამიანები, ვინც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარადგინა და დავით სარაჯიშვილის სახლს ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ახლადშექმნილი უწყების დირექტორად დაინიშნა ირმა რატიანი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და გაუქმებული ორგანიზაციების თანამშრომლები გაუქმებული ორგანიზაციების აღდგენას და ახლის გაუქმებას ითხოვენ.
- რატომ გაუქმდა ორი წარმატებული ლიტერატურული ინსტიტუცია?
- რა წერია ევროპელი ექსპერტის რეკომენდაციებში კულტურის სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ?
- ვინ არის ახლადშექმნილი ლიტერატურული ფონდის ხელმძღვანელი?
- რას დაკარგავს ლიტერატურული პროცესი წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაუქმებით?
- რა სურთ მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს?
მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გახდა ორი წარმატებული ინსტიტუციის გაუქმება საჭირო, არ არსებობს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და “მწერალთა სახლი” გაუქმდებოდა და მათ ნაცვლად ახალი, უფრო მასშტაბური ერთი ორგანიზაცია შეიქმნებოდა, 3 მაისს გავრცელდა. მწერალთა ნაწილი მაშინვე ალაპარაკდა გადაწყვეტილების პოლიტიკურობაზე და იმაზე, რომ ეს იყო ხელისუფლების შურისძიება მწერლების დაუმორჩილებლობის გამო. თავად უწყებების ხელმძღვანელები კი ამბობდნენ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაში, რითიც ცვლილებები აიხსნებოდა, ისინი ჩართულები არ იყვნენ და თავადაც მწირ ინფორმაციას ფლობდნენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ "მწერალთა სახლისა" და "წიგნის ცენტრის" გაერთიანებას მწერლების ნაწილი შურისძიებას უწოდებსმაისის დასაწყისში რადიო თავისუფლებას მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი პოზიტივი იყო და გამოგონილი და ცრუ უწოდა ვარაუდებს გადაწყვეტილების პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ.
3 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სსიპ-ების ადმინისტრაციას ოფიციალურად 8 მაისს შეატყობინეს მთავრობის გადაწყვეტილება მათი ორგანიზაციების გაუქმების შესახებ.
სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება აიხსნება ევროკავშირის ექსპერტის, ტერი სანდელის რეკომენდაციებით, სადაც წერია, რომ სამინისტროს 86 სსიპი აქვს, რაც ძალიან ბევრია.
მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური ამბობს, რომ ტერი სანდელი მას არასოდეს შეხვედრია, არც მწერალთა სახლში ყოფილა ამ ორგანიზაციის სამუშაო პროცესის შესასწავლად და შესაბამისად, ბუნდოვანია როგორ შეიძლებოდა მას სცოდნოდა როგორი ფორმით იქნებოდა ამ დაწესებულების მუშაობა უფრო ეფექტური.
ასევე ნახეთ მაჩაბლის 13 - სარაჯიშვილის სახლი, დიდი თავგადასავლითრა წერია ევროპელი ექსპერტის რეკომენდაციებში კულტურის სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ?
2017 წლის დეკემბერში შედგენილ დოკუმენტში, რომელიც სამინისტრომ მოგვაწოდა, განხილულია სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და საუბარია არა ხელოვნების ერთსა და იმავე დარგებში მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანების აუცილებლობაზე, არამედ იმაზე, რომ კულტურის დაფინანსების არსებული სისტემისა და მენეჯმენტის რეფორმირებისთვის შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა, საიდანაც გამოიყოფა მიზნობრივი თანხები კულტურის ქვესექტორების, ხელოვნების დარგების, ან ახალი პრიორიტეტული სფეროებისათვის.
ამ დოკუმენტში არც ერთგან არ არის ნახსენები მწერლის სახლი.
ამ დოკუმენტში აღნიშნულია, კულტურის ეროვნული ფონდის შესაქმნელად, საჭიროა რომ “არსებობს ორი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი - ესაა მისი კეთილსინდისიერი მმართველობა. მეორე კი, ფონდის „ეროვნულობა“, ანუ მისი პოტენციური ღიაობა ყველასთვის.”
დოკუმენტში, რომლითაც სამინისტრო თავის გადაწყვეტილებას ხნის, ნათქვამია, რომ “კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამჟამინდელი სისტემის ფარგლებში, მისი ხელმძღვანელი პირები სრულიად არასაჭიროდ არიან ჩართულნი არა-სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამის გამო, ისინი ხშირად უადგილოდ აღმოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. პრაქტიკული ოპერაციული საკითხები უნდა წყდებოდეს კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, დეცენტრალიზებულად, ავტონომიურ დონეზე.”
ერთ-ერთი პრეტენზია, რაც ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ, არის სწორედ ის, რომ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა სპეციალისტების, არამედ პოლიტიკოსების მიერ. ეს გადაწყვეტილებები ხან მათ საჭიროებებს არ პასუხობს, ხანაც პოლიტიკურადაა მოტივირებული. პატარა ორგანიზაციების გაუქმება და გამსხვილება ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს.
მსხვილი ორგანიზაციების შექმნა რუსული პრაქტიკაა, მათი გაკონტროლება უფრო მარტივი რომ იყოსო, - თქვა მწერალთა სახლის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, ნატაშა ლომოურმა 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე მყოფი ადამიანების უმეტესობას სჯეროდა, რომ ისინი დასაჯეს განსხვავებული აზრის, პირდაპირობისა და დაუმორჩილოებლობისთვის. ამ შეხვედრაზე არაერთხელ გაიხსენეს პოლიციელების მიერ ნაცემი პოეტი, ზვიად რატიანი და კულტურის სამინისტროში მისული შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც პირობას დებდა, მოძალადე პოლიციელები დაისჯებიანო. ზვიად რატიანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, საქართველოში აღარ ცხოვრობს, მის საქმეში მონაწილე პოლიციელების მიმართ კი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
Your browser doesn’t support HTML5
ვინ არის ახლადშექმნილი ლიტერატურული ფონდის ხელმძღვანელი?
ახლადშექმნილ ლიტერატურის ეროვნული ფონდს უკვე ჰყავს ხელმძღვანელი და სამი თანამშრომელი.
ფონდის დირექტორია ირმა რატიანი, თსუ-ს პროფესორი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიტერატურის ინსტიტუტს. სამი ძირითადი მიმართულების ხელმძღვანელებად კი ლიტერატორი გაგა ლომიძე, ალექსანდრე გრიგალაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნენ. ეს არის გუნდი, რომლითაც მოვიდა ახალი ხელმძღვანელი, ყველა სხვა პოზიცია ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.
- ირმა რატიანის სამუშაო გამოცდილება ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლიტერატურის ინსტიტუტს უკავშირდება.
- გამოცემული აქვს სამი მონოგრაფია, არის რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო პუბლიკაცია.
- 2006-2010 წლებში იყო თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, იყრიდა კენჭს თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც.
- არის ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალების - „სჯანი“ და „ლიტინფო“ მთავარი რედაქტორი.
- მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში რუსეთში, თურქეთში, იორდანიაში, გერმანიაში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში.
- 1997 წლიდან 2002 წლამდე სამჯერ მოიპოვა იაპონური უნივერსტეტის სტიპენდია ოსაკის უნივერსტეტში ენებისა და კულტურის ფაკუკლტეტზე სასწავლებლად.
- იაპონიის უნივერსტეტში სწავლობდა მისი მეუღლე, მათემატიკოსი კახაბერ კორძაიაც, რომელიც 2005-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს იყრიდა ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად პატრიოტთა ალიანსის სახელით.
- ირმა რატიანმა იაპონიაში ცხოვრებისას დაიწყო და 12 წლის განმავლობაში მუშაობდა “100 უძველესი იაპონური ლექსის”თარგმანზე.
რას დაკარგავს ლიტერატურული პროცესი წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაუქმებით?
მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური შიშობს, რომ ახალი ორგანიზაციის ფარგლებში ეჭვქვეშ დადგება ის გეგმები, რაც მის ორგანიზაციას ჰქონდა. კერძოდ, დავით სარაჯიშვილის სახლში მისი და რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმის მოწყობა. ის ვარაუდობს იმასაც, რომ ნაკლები ყურადღება მიექცევა მაჩაბლის 13-ში მოქმედ ლიტერატურულ რეზიდენციებს, რომლებიც უცხოელი ავტორებისთვის არის გაკუთვნილი.
ასევე ნახეთ გაცოცხლებული რეზიდენცია სარაჯიშვილისეულ სახლშიწიგნის ეროვნული ცენტრის გუნდის დაშლა კი, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიღებული გამოცდილება სხვა ფესტივალებსა და ბაზრობებში ქვეყნის და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, ქართული ლიტერატურის თარგმნის და ქვეყნის გარეთ გატანის პროცესში შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს. არსებობს იმის საფრთხეც, რომ ჩაიშლება მოლაპარაკებები პარიზის წიგნის ბაზრობასთან, რომლის სტუმარი ქვეყანაც საქართველო 2021 წელს უნდა ყოფილიყო.
ასევე ნახეთ პარიზის წიგნის ბაზრობა 2021 წელს საქართველოს საპატიო სტუმრად ელისგაურკვეველი ვადით არის გადადებული ლიტერატურული პრემია ლიტერას დაჯილდოების ცერემონიალი და ბუნდოვანია მისი მომავალიც.
მწერალთა სახლის და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას არალიტერატული მსხვერპლიც ჰყავს. ბუნდოვანია მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე კაფე ლიტერას ბედი.
კონკრეტული ღონისძიებებისა და ფუნქციების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გარდა, ლიტერატურულ ფონდის შექმნამ გააჩინა ეჭვები ხელოვნების ცენზურის სურვილზე და რევანშისტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. გაჩენილი უნდობლობა და შეწყვეტილი დიალოგი ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილ ორგანიზაციას შორის, ეჭვქვეშ აყენებს ახლადშექმნილი ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და შესაბამისად, იმ საქმის ნაყოფიერად გაგრძელებას, რასაც გაუქმებული ორგანიზაციები ემსახურებოდნენ.
"ლიტერატურის ეროვნული ფონდის” ხელმძღვანელი, ირმა რატიანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არ არსებობს არავითარი საშიშროება იმის, რომ რომელიმე დაწყებული პროექტი შეჩერდება და რომ ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც წამოწყებულია, გაგრძელდება და პარალელურად დაიგეგმება ახალი პროექტებიც.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ესკალაცია მოხდა ვითარების. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ, რომ ქართული საქმე გაგრძელდეს კარგად.” - თქვა მან. ირმა რატიანი ფონდის შესახებ საკუთარი ხედვის გაცნობას ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებისთვის 1 ივლისს, საჯარო ბიბლიოთეკაში გეგმავს.
ირმა რატიანი ამბობს იმასაც, რომ ინტენსიური შეხვედრები აქვს გაუქმებული ორგანიზაციების ყოფილ თანამშრომლებთან და იმედოვნებს რომ მომდევნო კვირის ბოლომდე მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას თანამშრომლებიც ეყოლება.
“იმედი მაქვს, კადრების უმეტესობა გააგრძელებს მუშაობას ახალ გუნდში. დეას [მეტრეველს] წინადადებით, რომ გააგრძელებდა მუშაობას ფონდში, ჩემთვის არ მოუმართავს, რაც შეეხება ნატას [ლომოურს] , რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, დღეს გავუკეთე შეთავაზება, რომ იმუშაოს გუნდში მრჩევლის პოზიციაზე და ველით მის პასუხს.“
იმ შემთხვევაში, თუ ფონდის ხელმძღვანელი გაუქმებული ორგანიზაციების თანამშრომლებს ვერ დაარწმუნებს, რომ მათთან თანამშრომლობა საინტერესო და ღირებული იქნება, ლიტერატურის სფერო კვალიფიციურ კადრებსაც დაკარგავს.
რა სურთ მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს?
28 ივნისს მწერალთა სახლში შეკრებილი ადამიანები ითხოვენ სტატუს კვოს დაბრუნებას. მათ უნდათ, გაუქმდეს გადაწყვეტილება წარმატებული ორგანიზაციების გაუქმების შესახებ და მათ ჩვეულებრივ გააგრძელონ საქმიანობა, რომელიც ასე საჭირო იყო ლიტერატურული პროცესების სწორად განვითარებისთვის.
მათ სურთ უსმენდნენ, ეკითხებოდნენ და მათ გარეშე არ წყვეტდნენ მათ ბედს.
ყოფილი კულტურის მინისტრი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე კი ამბობს, რომ ამ კითხვაზე, რატომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება დახურულ კარს მიღმა, მყარი არგუმენტების გარეშე, არაერთხელ გაუცია პასუხი და მზადაა კიდევ ერთხელ ახნას, რომ სამინისტრო თავისი მმართველობითი სისტემის ცვლილებებში არ არის ვალდებული ჩართოს გარეშე პირები, შინაარსზე მსჯელობა კი ყოველთვის შეიძლება. შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროს ტოპ მენეჯმენტის გადასაწყვეტი იყო, ვინაიდან მათ აქვთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება იმის, როგორ მართონ მათ სისტემაში შემავალი იურიდიული პირები უფრო ეფექტურად. ფუნქციონალსა და შინააარსზე მსჯელობა კი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელი მის ხედვას წარუდგენს საზოგადოებას.
შინაარსზე მსჯელობას გაბრაზებული, პროცესებს გარეთ დატოვებული ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები რამდენად მოისურვებენ, დრო აჩვენებს, გაუქმებული ორგანიზაციების გათავისუფლებული თანამშრომლები კი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.