კიდევ სამი დეპუტატი, რომელთა საქმეებსაც პროკურატურა იძიებდა

საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პროკურატურას სულ რამდენჯერმე აქვს დაწყებული გამოძიება მოქმედი დეპუტატის წინააღმდეგ. ამ შემთხვევებიდან მხოლოდ ერთი დასრულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნით.

აი, სამი გახმაურებული შემთხვევა ახლო წარსულიდან:

1 - აზერ სულეიმანოვი

მე-9 მოწვევის პარლამენტი, 2018 წელი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის დევნა პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო გასულ ზაფხულს დაიწყო.

პროკურატურის მტკიცებით, აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საბოლოოდ, სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. გამომძიებლის თქმით, მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად, ამიტომ აღკვეთის ზომად გირაოს გამოყენება მოითხოვა.

აზერ სულეიმანოვი დღემდე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და პარლამენტის დეპუტატია.

2 - როლანდ ახალაია

მე-8 მოწვევის პარლამენტი, 2016 წელი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი როლანდ ახალაია, ბაჩო და დათა ახალაიების მამა, მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

2016 წელს უზენაესმა სასამართლომ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორობის პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მტკიცებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, ახალაია მოქალაქეებს საპროცესო გარიგების პირობით, კერძო კომპანიის ანგარიშზე თანხას არიცხინებდა.

დეპუტატს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 27 თვის ვადით და დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით.

მისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხი პარლამენტში აღარ დამდგარა.

3 - ბორის კაკუბავა

მე-5 მოწვევის პარლამენტი, 1999 წელი

ბორის კაკუბავა პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით იმყოფებოდა.

1999 წელს კაკუბავას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა-ორგანიზებაში დასდეს ბრალი, ამ ბრალდებას კი საფუძვლად დაედო კავშირი იგორ გიორგაძესთან, რომელიც ტერაქტის საქმეში მთავარი ბრალდებული იყო. იმავე წელს, პროკურატურის მოთხოვნით, კაკუბავას საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

უფლებამოსილების შეჩერების ის შემთხვევები, რომელიც არ ეხება პროკურატურის გამოძიებას

პარლამენტში დეპუტატებს მაშინ უჩერდებათ უფლებამოსილება, როდესაც თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან.
ასე ხდება, როდესაც დეპუტატი მინისტრთა კაბინეტის წევრი ხდება, ან შეუთავსებელი ბიზნესის დათმობა არ სურს. არის შემთხვევებიც, როდესაც შეუთავსებელი ბიზნესი მისთვის მანდატის ჩამორთმევის საბაბი ხდება.

2006 წელს ვალერი გელაშვილს, ოპოზიციური პარტია “დემოკრატიული ფრონტის” წევრს, შეუწყდა უფლებამოსილება, დეპუტატობასთან შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის გამო. გელაშვილმა, გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დეპუტატის მანდატი გაუუქმდა მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრს ბადრი ნანეტაშვილსაც 2006 წელს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის განცხადებით, ბადრი ნანეტაშვილი “პარლამენტარისათვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთის" და ამავე სახელწოდების გაზეთის მართვის გზით ეწეოდა”. ნანეტაშვილი ბრალდებას უარყოფდა და მმართველ პარტიას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

უფლებამოსილება შეუჩერდა 2006 წელს დეპუტატ კობა ბექაურსაც, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. ბექაურმა პარლამენტი მას მერე დატოვა რაც ტერმინალ "ოპიზაში“ მის უკანონო ინტერესებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა, თუმცა დარღვევა არ დაადასტურა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება თავად მოითხოვა “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მეორე ნომერმა - სანდრა რულოვსმა, რომელმაც 2016 წელს პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.