- წლის საუკეთესო რომანი
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- წლის საუკეთესო რომანი
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- წლის საუკეთესო პიესა
წლის საუკეთესო რომანი
აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“
იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.“ ( სულაკაურის გამომცემლობა)
ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“
„ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“ რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.
ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო. კრიზისი უდგას ზეროტუსტრასაც – იგი გრძნობს, რომ ბერდება...“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“
„ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი -„ფსკერის სახარება“, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან
მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. (გამომცემლობა „ინტელექტი“)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“
„ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია.“ -ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“
„ზაალ სამადაშვილის ახალი მოთხრობები, ნოველები და მინიატურები დოკუმენტური სინამდვილეცაა და ჩვენი უახლესი წარსულის, რთული და ნაღვლიანი დროის უტყუარი ანაბეჭდიც. თუმცა, კარგი მწერლის ხელში სინამდვილეც სხვაგვარად იკითხება და მთავარი ამ წიგნში სწორედ ესაა – თხრობის თავისებურება.“-ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“
ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს - ადამიანებითა და სხვებით დასახლებული. (ქარჩხაძის გამომცემლობა)
გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“
„გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნი სწორედ ისეთია, როგორი წიგნების წაკითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს – დაიწყებ და სანამ ბოლოში არ გახვალ, არ გაჩერდები და ავტორის ოსტატობის დამსახურება ისიც არის, რომ სამყარო, რომელსაც ის ქმნის, გაცილებით რეალურია, ვიდრე ის რეალური სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ნამდვილი ლიტერატურაც ესაა...“ – დათო ტურაშვილი.
(გამომცემლობა „ინტელექტი“)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ბექა ახალაია, „მტრედების იონა“
"ოპტიკური ილუზიის თვალთახედვით, ამ წიგნს/პოეზიას ჯვრის ფორმა აქვს: ერთმანეთს მოულოდნელი ეფექტებით კვეთს ჰორიზონტის და ვერტიკალის სიმეტრია. მძაფრი (თვით)ირონია, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, ენობრივი ალუზიები და სიტუაციები კი მისტერიის სტრუქტურას იმგვარ პოეზიად გარდაქმნის, რომელიც აღარ იმღერება, არამედ იცხოვრება. ან, ითამაშება – უზადო ოსტატობით და სინამდვილესთან ეჭვმიუტანელი მსგავსებით. - ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“
„წიგნში დაახლოებით 50-მდე ლექსია შეტანილი და არის ასევე ციკლი “ფაზლი“, სადაც ამდენივე ოდენობის მინიატურული ლექსია შესული. თემატიკა არის, რაც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ავტორს, პოეტს, ადამიანს აინტერესებდეს, აწუხებდეს, დაწყებული სიყვარულით, გაგრძელებული ღმერთთან ურთიერთობით, სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებით და ვერ პოვნით“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა წიგნის პრეზენტაციისას. (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“
„ორ, სამ და ოთხ სტრიქონში ჩატეული საქვეყნო ფიქრი და დარდი, სევდა და იმედი, ტკივილი და სიყვარული. მხოლოდ აუცილებელი სიტყვებით გამოხატული დიდი სათქმელი. ეს სახელ - გვარიც ერთმანეთს ძალიან უხდება, მაგრამ უკვე დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო. მისმა ლექსმა და პიროვნებამ ეს ჭეშმარიტად დაიმსახურა“, - წერს წიგნის რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე. (გამომცემლობა „მერიდიანი“)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“
„ წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“
„ვაშლის ბაღები“ 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიების კრებულია.
დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“
დავით წერედიანის „თემა და ვარიაციები“ წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურულიპრობლემის სიღრმისეული გააზრებით.
ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპების მსხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი. (გამომცემლობა „ინტელექტი“)
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“
“ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბავია. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში. - ამბობს მწერალი სალომე ბენიძე (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)
რაც მაგონდება და როგორც მაგონდება, უოლტ უიტმენი, პარიზული ჩანაწერები, ქართულად ნათარგმანები, გამოსვლები, ინტერვიუები და წერილები – ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულში.
ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. წინ - მარადისობაა. ეს ფიქრი სევდიანია და თან შვების მომგვრელიც.
ვფიქრობ მოვლენებზე, რომელთაც განსაზღვრეს ჩემი ცხოვრება 21-ე საუკუნეში: ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ამ ქვეყნიდან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვიარე. დაიბადა ჩემი კიდევ ერთი შვილიშვილი-ლანა, და სამი წლის წინ, შვილთაშვილი- ეკატერინე, რომელმაც ამ ზაფხულს დამშვიდობებისას მითხრა: შენ არ იტირო, მე ჩქარა მოვალო. მეც მინდა იგივე დავუბარო ჩემს ახლობლებს.
ეს დამშვიდობება მკითხველთან მინდა დავასრულო იოსიფ ბროდსკის ჩემ მიერ თარგმნილი სტრიქონებით:
დავეხეტები ქვეყანაზე ყარიბი მწირი და ბედისწერას შევთხოვ დანდობას, და ვიდრე მიწით სამუდამოდ დამიხშეს პირი, იქიდან მაინც აღმომხდება მხოლოდ მადლობა. - ამონარიდი ოთხტომეულიდან
სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“
„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.
იმედია, ამ წიგნის მკითხველიც აღმოაჩენს აჭარას, რომელსაც ჯერ არ იცნობს, რომელიც შესაძლოა, არც უნახავს და, თუკი აჭარისწყლის ხეობას აუყვება და აღმართ-დაღმართებზე მიმოფანტული სოფლების დანახვისას სიახლოვის განცდა გაუჩნდება, ესე იგი, უნდა ვიფიქროთ, რომ ძველი, უცნობი აჭარა მისი ნაწილიც გამხდარა. „ სულხან სალაძე („გაზეთი ბათუმელები“)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“
„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?"
„14 კრისტალის თეორიის“ ავტორი, ნილს სიმეონი, სინამდვილეში ახალგაზრდა რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი და სცენარისტი გიორგი მასხარაშვილია, ეს კი მისი სადებიუტო ნაწარმოებია, რომელიც ავტორისავე ილუსტრაციებითაა გაფორმებული." (სულაკაურის გამომცემლობა)
ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“
"ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს." (სულაკაურის გამომცემლობა)
თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“
"ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი.
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება." (სულაკაურის გამომცემლობა)
დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“
„დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.
დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“
განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.
რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან (გამომცემლობა „ინტელექტი“)
წლის საუკეთესო პიესა
მიხო მოსულიშვილი, „ობობა“
"პიესის მოქმედება 1990 წლის თბილისში ვითარდება. ნარკოტიკებზე დამოკიდებული შუახნის გიგის ჩაესმის ყვავების ჩხავილი და ნაბიჯების ხმა. მას ჰგონია, რომ გიგანტური ობობა მისდევს და გარბის ხოლმე, რათა როგორც ბუზი, ისე არ დაიჭიროს ობობამ და არ მოკლას... გიგი სიკვდილის წინ იხსენებს ცალკეულ სცენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გიგი მამამ მიატოვა და გაჭირვების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად გადაიქცა დედამისი ნინო. ეს გაიგო გიგის პაპამ, ნიკომ, მორიგ საყვარელთან ერთად ფოტოსურათები გადაუღო ნინოს, საქმე აღძრა სასამართლოში და თავის რძალს დედობის უფლება ჩამოართვა. ამის შემდეგ ნინო გაგიჟდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. გიგის ზრდის პაპამისი ნიკო, რომელსაც ეშინია თავისი ყოფილი მეგობრის დევისი: დიდი ხნის წინათ ნიკოს ცოლმა (ანამ) უღალატა დევისთან და როცა ნიკომ ის სახლიდან გააგდო, ფეხშიშველა მიდიოდა თოვლში ცოდვის მოსანანიებლად და გაიყინა..." (saba.com.ge)
ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“
"ოთხი მეშახტე მიწისქვეშეთში ხვდება, სადაც ჰადესი და მისი მსახური ცერბერი ბიტკოინის მოპოვების ბიზნესში ჩაბმულან. მეშახტეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეპოქიდან არიან: ქართველი ვაჟა ასლამაზიშვილი 1991 წლიდანაა, უკრაინელი პეტრო ბოიკო 2019-დან, გერმანელი კლაუს მიულერი 1866-დან, ხოლო ინგლისელი ჯონ ტეილორი 1984-დან.
რა უნდათ მეშახტეებს ღმერთისგან? შრომის უფლება, უსაფრთხოება, პირობების გაუმჯობესება, ღირსეულ შრომის ანაზღაურება... წინააღმდეგ შემთხვევაში მიწისქვეშეთის აფეთქებით იმუქრებიან. ჰადესი, როგორც ჭეშმარიტი ევროპელი ღმერთი მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ეს ოთხი თავზეხელაღებული მეშახტე მისი ცოლის, პერსეფონეს მოსატაცებლად გამოგზავნა ზევსმა.
როდესაც მიწისქვეშეთში მოხვედრილი ოთხი მეშახტე ჰადესს ულტიმატუმს წაუყენებს და პირობების შესრულებას ელოდება, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს? გეტყვით! ასეთ დროს დგება სულებისა და თანამოაზრეების დრო." (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“
"დისტოპიესებში" შესულია სხვადასხვა კონკურების გამარჯვებული 6 პიესა. წიგნის სათაურიც ყველაზე მეტად "კუნძულს" ერგება, რადგან ლორთქიფანიძე აქ ჟანრული კანონებით გაწერილ დისტოპიას ანუ ანტიუტოპიას ქმნის. მინიპიესებიდან მსგავსი თვისებები დაჰკრავს "ჩეხოვის წიგნს", "ანამ დახურა ფანჯრები" უფრო ალტერნატიული ისტორიის შეთხზვის მცდელობაა, "თევზის იავნანა" - ლირიკა, "შრედინგენის კატა მკვდარია" - აბსურდის თეატრის ნიმუშებისკენ იხრება, "ჩვენი მშობლიური ბიგმაკი..." კი სოციალური კომედიაა. ანუ თემატურადაც და ჟანრულადაც ერთი მიმართულება აქ არ ჩანს. ჩანს ის, რომ ორიგინალური ტერმინის მქონე სუბჟანრის გამოგონება ავტორისთვის მიმზიდველი იყო. „ - შოთა იათაშვილი წიგნის შესახებ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
2019 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოება ნოემბრის ბოლოს გაიმართება.