ასობით ათასი ლარი კერძო კომპანიებიდან მმართველ პარტიაში

  • ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნების წინ მარტში, აპრილსა და მაისის 10 დღეში 2 მილიონ ლარზე მეტის მოგროვება მოახერხა;
  • მმართველ პარტიას ფულს სწირავდნენ როგორც ფიზიკური პირები, ისევე კომპანიები;
  • თითქმის ყველა კომპანია, რომლმაც ფული ქართულ ოცნებას 2019 წლის გაზაფხულზე შეწირა, იგივეს წინა წლებშიც აკეთებდა;
  • გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულებებს აკეთებდნენ ამ კომპანიების წარმომადგენლების დიდი ნაწილიც;

5 კომპანია და 400 000 ლარი

საჩხერის რაინის სოფელ ჩიხაში რეგისტირებული კომპანია ჯეო კვარცი ერთ-ერთია იმ ხუთ კომპანიას შორის, რომლებმაც 2019 წლის გაზაფხულზე ქართულ ოცნებას ფული შეწირა. ამ კომპანიამ ქართული ოცნების სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღი. ეს არ არის ამ კომპანიის პირველი პოლიტიკური შენაწირი. ის ფულადი რესურსით ეხმარებოდა სალომე ზურაბიშვილსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ და უფრო ადრე, 2017 წელს ქართულ ოცნებასაც.

შემომწირველებს შორის გვხვდება კომპანია კვარცის დირექტორი, მიხეილ სირაძეც.

ქართულ ოცნებას ფულს სწირავდა კომპანიის კიდევ ერთი პარტნიორი და 33%-იანი წილის პატრონი ანდრო ფარქოსაძე.

Geo Sand

ქართული ოცნების კიდევ ერთი შემომწირველი კომპანია შპს Geo Sand, რომელმაც აპრილში 50 000 ლარი გაიღო, ჯეო კვარცის მსგავსად საჩხერეშია რეგისტრირებული და გასულ წლებშიც წირავდა ფულს პარტიას.

ჯეო სანდს და ჯეო კვარცს, როგორც დამფუძნებლებზე დაკვირვება გვიჩვენებს ერთმანეთთან დაკავშირვებული ადამიანები ფლობენ: ჯეო კვარცის 33%-იანი წილის მფლობელი ანდრო ფარქოსაძე ჯეო სანდის 30%-იანი წილის მფლობელ ივანე ფარქოსაძის ნათესავია. ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები ჯეო კვარცის ხელმძღვანელი მიხეილ სირაძე და ჯეო სანდის 30%-იანი წლის მფლობელი ალექსანდრე სირაძე

Gagra +

100 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას 23 აპრილს კომპანია გაგრა + - მა, რომელიც ასევე რეგულარულად წირავს ფულს ქართულ ოცნებას და 2016 წლიდან ამ დრომდე 440 000 ლარი აქვს შეწირული პარტიისთვის.

შპს საქართველო

100 000 ლარი შეწირა შპს საქართველომაც ქართულ ოცნებას. ამ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ პირებს წინა წლებში პოლიტიკური შემოწირულებები არ გაუკეთებიათ.

კომპანიის 100%-იანი წილის მგლობელი ბორის გოგიჩაიშვილი შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და ამავდროულად არის გორის სპორტის სასახლის დირექტორი. ბორის გოგიჩაიშვილი 2011 წელს დაკავებული იყო. მაშინ მას სახელმწიფო სახსრების მითვისებას და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ შპს საქართველომ მოსახლეობისგან ყურძნის შესასყიდად, გადასამუშავებლად და ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან გაცემული 2 მილიონი ლარის ნაწილი, კერძოდ 400 000 ლარი მიითვისეს და 3 500 ტონა საფერავის ნაცვლად 2 70000 ტონა შეიძინეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე კურტანიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები.

შპს საქართველოს მესაკუთრესა და დირექტორის საცხოვრებელ ბინაშია რეგისტრირებულია ამ კომპანიის დირექტორის კიდევ ერთი კომპანია, შპს ტენდა.

ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო

ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო LTD GACC -ს შემოწირულობამაც 100 000 ლარი შეადგინა. კომპანიისთვის ეს პირველი პოლიტიკური გადარიცხვაა, თუმცა არა კომპანიის დირექტორისა და 50%-იანი წილის მფლობელი ნათია ხანიშვილისთვის, რომელმაც 2016 წელს პარტიას შედარებით მოკრძალებული თანხა, 15 000 ლარი შეწირა.

პარტიის მიმართ კიდევ უფრო გულუხვია კომპანიის მეორე პარტნიორი, ასევე 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი რობაქიძე, რომელმაც 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 42 000 ლარი შეწირა.

გიორგი რობაქიძეს გარდა ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოსი, აქვს მეორე კომპანიაც, შპს კავკასავტომაგისტრალი, რომლის დირექტორიც ირინე მარშანიაა. ამ კომპანიამ მხოლოდ 2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის 2 ტენდერი მოიგო, რომელთა ღირებულება ჯამში მილიონზე მეტს შეადგენს.

2018 წლის შემოდგომაზე ამ კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 5 მილიონზე მეტის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. ამავე წელს გაიმარჯვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერში, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.