Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე პანკისელი აქტივისტი კონკრეტულ ჯგუფს მუქარაში ადანაშაულებს


თემურ ცათიაშვილი
თემურ ცათიაშვილი

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის პოლიციის შენობაში გამოკითხეს პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ ხელმძღვანელი თემურ ცათიაშვილი. ის ჰესების მშნებლობას ეწინააღმდეგება და „რიონის ხეობის მცველებიმხარდამჭერია. პანკისელი აქტივისტი ჰესების მშენებლობის მომხრეთა ადგილობრივ ჯგუფს მუქარაში ადანაშაულებს და სახელმწიფოსგან ოჯახის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

თემურ ცათიაშვილის თქმით, მას ემუქრებიან იმის გამო, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილთან ერთად პანკისში „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქცია გამართა. ამასთან, ამ აქციაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ იგივე პრობლემა ჯერ კიდევ აწუხებს პანკისს, სადაც ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი სამის“ მშენებლობა იგეგმება.

თემურ ცათიაშვილის თანახმად, მას დაემუქრა სამი ადამიანი, რომლებიც ხეობაში „ხადორი სამის“ აშენების მომხრეები არიან, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მათ ვინაობას საჯაროდ არ ასახელებს.

ცათიაშვილმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციის წინა დღეს და აქციის შემდეგაც მას გზა გადაუკეტეს და გააფრთხილეს, რომ თუ კიდევ გაბედავდა და პანკისში „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერ აქციას გამართავდა, პრობლემები შეექმნებოდა.

თემურ ცათიაშვილი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურებას არ აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში იმავე ჯგუფის მიერ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, მისმა შვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართა.

„მუქარის სიტყვები იყო ასეთი: შეგექმნება ძალიან დიდი პრობლემები. ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ სხვადასხვა სახის მუქარა. პირდაპირ არ უთქვამ, რომ შენ მოგკლავთ, მაგრამ თქვეს, რომ შემექმნება დიდი პრობლემები და ეს არის განგაშის სიგნალი. მაშინ როცა ჩვენ ამ ჯგუფის წევრების სახელს ვაკავშირებთ ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმესთან, შესაბამისად, გვიჩნდება დიდი ეჭვი, რომ ეს მუქარა მივიღოთ მძაფრად“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თემურ ცათიაშვილმა.

მკვლელობა, რომელზეც ის ლაპარაკობს, 2019 წლის ნოემბერში სოფელ საკობიანოში მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება, რომელმაც ვისოს სიცოცხლე შეიწირა, ორი გვარის - მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების - წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო. მეორე ვერსიით, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა. ვისო მუთოშვილის მკვლელობისთვის არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მკვლელობის მცდელობისთვის რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

თემურ ცათიაშვილი, რომელიც მის მიმართ მუქარაზე ლაპარაკობს, დუისის პოლიციაში დღეს პირველად გამოკითხეს. სამოქალაქო აქტივისტის თანახმად, ახლა მისი მთავარი მოთხოვნაა ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის იურისტი იცავს, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თავად ცათიაშვილმა კი პოლიციელებისგან მკაფიო დაპირება მიიღო:

„მათი მხრიდან არის მზაობა, რომ გამოიკითხებიან ის პირები, რომელთა ამოცნობაც ჩემ მიერ უკვე მოხდა. მითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხს გამოიძიებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ სიტუაციაში არ მიჩქმალავს საქმეს და არ შემოდებს თაროზე. ასევე, პირნათლად დაიცავს ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას. კონკრეტულ სიტუაციაში არ ვითხოვთ დამნაშავის დასჯას, პირველი მოთხოვნაა ჩემი ოჯახის დაცვა და უსაფრთხოება“.

დღეს დუისის პოლიციასთან იყო მისული თემურის შვილი, მარიამ ცათიაშვილი. სწორედ მან შეატყობინა პოლიციას, რომ მამამისს ემუქრებოდნენ. მარიამიც ითხოვს, რომ მათი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.

მარიამ ცათიაშვილი
მარიამ ცათიაშვილი

„ჩვენ ვიცით, რომ ჯგუფის წევრები, ვინც მამას დაემუქრა, მუქარის შემსრულებლები არიან. ამიტომაც ვითხოვთ, პირველ რიგში, ოჯახის უსაფრთხოებას“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ საქმეზე უახლოეს მომავალში იგეგმება თემურ ცათიაშვილის მეუღლის გამოკითხვა. ასევე, დუისის პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ის პირები, ვისაც თემურ ცათიაშვილი მუქარაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ჯერჯერობით ძალოვან უწყებაში არაფერს ამბობენ, რა ფორმით მოხდება თემურ ცათიაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG