"თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა ფეოდოსიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშისა და დიდი სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკის" დაზიანების შესახებ", - უთხრა რუსულ მედიას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. სხვა დეტალები კრემლის წარმომადგენელს არ უხსენებია.
უკრაინა კი აცხადებს, რომ გემი განადგურდა და "ნოვოჩერკასკმაც" მეორე დიდი სადესანტო ხომალდის "მოსკვის" ბედი გაიზიარა.
ფეოდოსიაში განხორციელებული საავიაციო იერიშის გამო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მადლობა გადაუხადა.
„მადლიერი ვარ ჩვენი საავიაციო ძალებისა რუსეთის შავი ზღვის წყალქვეშა ფლოტის კიდევ ერთი ხომალდით წარმატებული შევსებისთვის“ [იგულისხმება გემის ჩაძირვა - რ.თ.]“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.
ოფიციალურ უკრაინულ ვერსიას ამყარებს საჯარო ინფორმაციის (OSINT) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ რუსულ სადესანტო ხომალდზე სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებული ფოტო მინაწერით: „ნოვოჩერკასკიდან პრაქტიკულად არაფერი აღარ დარჩა. როგორც ხედავთ, ხომალდის მთელი წინა ნაწილი წყლის ქვეშაა“.
„ეს ან ტერაქტია, ან იერიში! პორტი იწვის“
ღია წყაროებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
ამ ხომალდებს შორის რუსეთისთვის უდავოდ ყველაზე დიდი დანაკარგი იყო შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდის „მოსკვის“ განადგურება. იგი 2022 წლის 13 აპრილს უკრაინის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნით" დააზიანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად კრეისერზე ხანძარმა იფეთქა, რასაც შემდეგ მოჰყვა საბრძოლო მასალების დეტონაცია და ხომალდი ჩაიძირა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 14 აპრილს ღამით დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ამტკიცებდა, თითქოს ეკიპაჟის ყველა წევრის ევაკუაცია მოხდაო. მაგრამ 22 აპრილს სამხედრო უწყებამ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ „მოსკვაზე“ დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი, ხოლო 27 დაკარგულად ითვლება.
ფეოდოსიაში 26 დეკემბრის დილით სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ იერიში, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს „მოსკვის“ განადგურების ისტორიას.
როგორც თვითმხილველები, ისე რუსი და უკრაინული წყაროები ერთხმად ადასტურებენ, რომ საავიაციო იერიშის შემდეგ ფეოდოსიის პორტში გაისმა აფეთქების ხმა, შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რაც მოგვიანებით, ან პორტის საწყობებში, ან უშუალოდ ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ საბრძოლო მასალების აფეთქების მიზეზი გახდა.
„ეს ან ტერაქტია, ან იერიში, პორტი იწვის“, - ასეთ კომენტარებს ავრცელებდნენ პორტის რაიონში, სავარაუდოდ, 02:50 საათზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები.
აფეთქებები ფეოდოსიის პორტში დაადასტურა და მას „მტრის იერიში“ უწოდა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა. ამასთან, მის ცნობაში ლაპარაკი იყო მხოლოდ პორტში მომხდარ აფეთქებაზე („დეტონაცია“), ექვსი შენობის დაზიანებაზე, ხანძარსა და ერთი ადამიანის დაღუპვაზე, მაგრამ არაფერი თქმულა სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკის“ დაზიანებაზე.
"რუსეთის ფლოტი მცირდება"!
მოგვიანებით აქსიონოვის მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა ფეოდოსიის მცხოვრებლებს, რომლებმაც პორტში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნეს. კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ უკვე დადგენილია და რუსეთის უშიშროება მიხედავს იმ პირებს, ვინც ასეთი ვიდეოები სოციალურ ქსელში ატვირთა.
უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ავიაციამ, მათმა სუ-24-ებმა, ფრთოსანი Storm Shadow/SCALP-ის სახელით ცნობილი რაკეტებით მიიტანა იერიში ფეოდოსიის პორტზე.
"...რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან, კრეისერ "მოსკვას", დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკიც" დაემატა. მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების მფრინავებს და ამ ფილიგრანული მუშაობის ყველა მონაწილეს", - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი.
თავის მხრივ, უკრაინის სარაკეტო იერიშით ხომალდ „ნოვოჩერკასკისთვის“ მიყენებული ზიანის მასშტაბები რომ შეემცირებინა, რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს უკრაინის ორი მოიერიშე სუ-24 თვითმფრინავი, რომლებმაც რაკეტები დაუშინეს ფეოდოსიის პორტს.
უკრაინის სამხედრო სარდლობა მოსკოვის ამ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს.
"ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ისინი (რუსები) თავიანთ ანგარიშებში ყოველდღიურად ჩვენს ხუთ თვითმფრინავს ანადგურებენ“, - განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში.
შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხეს უკრაინულმა თვითმფრინავებმა ამ არეალში მდებარე რუსეთის მძლავრი საჰაერო თავდაცვის ძალების ზემოქმედების გადალახვა, იური იგნატმა განაცხადა, რომ ეს „გარკვეული ტაქტიკური ილეთებისა და კარგი დასავლური იარაღის დახმარებით" მოხერხდა.
უკრაინაში მიმდინარე ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო რადიო თავისუფლებას არ ძალუძს ოფიციალური პირების განცხადებებში გაჟღერებული მონაცემების გადამოწმება.