45 წლის განმავლობაში ჯონსტაუნში მომხდარის შესახებ უამრავი რამ დაიწერა. გადაიღეს დოკუმენტური ფილმები. ინტერვიუ ჩამოართვეს და დაკითხეს ხალხი, ვისაც ამ ამბავთან რამე შეხება ჰქონდა. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით (the guardian, britannica, დოკუმენტური ფილმი „ჯონსტაუნის ხოცვა-ჟლეტა“) რადიო თავისუფლებამ 45 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.
ჯონსტაუნის მასობრივი თვითმკვლელობის ისტორია, რომელსაც მსხვერპლის მასშტაბით 11 სექტემბრის ტერაქტსაც ადარებენ, უცნაური ამერიკელი ბიჭით ჯიმ ჯონსით იწყება. ინდიანაში, ღარიბ ოჯახში დაბადებულ ჯიმს მშობლებისგან ყურადღება აკლდა, ფიქრობენ, რომ შესაძლოა სწორედ ამის გამო გაუჩნდა მას მოთხოვნილება ხალხისგან აღიარება მოეპოვებინა. ჯიმი თანატოლებთან ვერ მეგობრობდა, მათ თამაში უნდოდათ, თავად კი ცხოველების დამარხვა და სამგლოვიარო რიტუალების ორგანიზება ერჩივნა, ბავშვებსაც იწვევდა ჩიტებისა თუ კატების დასაფლავებაზე.
ჯერ კიდევ პატარა, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა რელიგიის ტაძარში დადიოდა. აკვირდებოდა სასულიერო პირებს, მათ საქციელს, მოძრაობებს, მანერებს. მოგვიანებით, როდესაც თავისი კულტი „ხალხის ტაძარი“ დააარსა, რაღაც დეტალი ყველა სხვა რელიგიიდანაც აიღო.
„ხალხის ტაძრის“ მთავრი გზავნილი თანასწორობა იყო, მათ შორის, რასობრივი თანასწორობა, რაც მაშინდელი ამერიკისთვის აქტუალური საკითხი გახლდათ - ერთნაირი პირობები და ერთნაირი შესაძლებლობები. ჯიმ ჯონსმა რამდენიმე ბავშვიც კი იშვილა, ყველა სხვადასხვა რასის, იმის საილუსტრაციოდ, რომ ყველა ერთია და თანასწორი.
მიმდევრები ჯიმ ჯონსს ახასიათებდნენ, როგორც ქარიზმატულ, შთამბეჭდავ პიროვნებას, ძლიერ ორატორს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი „განკურნების სეანსები“. დამსწრეებისგან ირჩევდა ადამიანს, ეკითხებოდა, რას უჩიოდა და იქვე, ყველას თვალწინ, „კურნავდა“.
უკვე მოგვიანებით გაირკვა, რომ განკურნების სეანსები მიმდევრების დროებითი ეიფორია იყო, ან დადგმული „სპექტაკლი“. გაირკვა ისიც, რომ შთამბეჭდავი გამოსვლებისთვის ძალას ჯიმ ჯონსი ტრანკვილიზატორებში პოულობდა. არც მისი ოჯახი იყო იდეალური, ღალატობდა ცოლს, ბევრი საყვარელი ჰყავდა, უმეტესად საკუთარი მრევლიდან.
ჯიმ ჯონსს მსოფლიოს შეცვლა სურდა, ამიტომ 1965 წელს თავის ხალხთან ერთად ინდიანაპოლისიდან კალიფორნიაში გადასახლდა. იქ მის კომუნას ბევრი თეთრკანიანი შეუერთდა. მრევლი იზრდებოდა, იცვლებოდა ჯონსის მეთოდებიც.
კალიფორნიაში შეამჩნიეს, რომ გულისხმიერი ლიდერის ქცევა სახიფათოდ შეიცვალა. ჯიმ ჯონსმა სოციალიზმის ქადაგება დაიწყო. ჩამოაყალიბა კომუნა, რომელსაც ყველა თავის პირად ქონებას სწირავდა, მათ შორის სახლებსაც კი. კომუნის წევრები უსასყიდლოდ შრომობდნენ ტაძრისთვის.
ჯიმს ოჯახზეც თავისებური შეხედულება ჰქონდა, შვილებს და მშობლებს ერთმანეთს აშორებდა და ბავშვებს თემის სხვა წევრები ზრდიდნენ.
საბოლოოდ, 1977 წელს, ჯიმ ჯონსმა თავისი ყველაზე ერთგული მიმდევრები შეკრიბა და სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკაში, გაიანაში გადაიყვანა, სადაც ჯონსაუნი (ჯონის დასახლება) ჯუნგლებში დააარსა. ამ პერიოდში თემის წევრები უკვე ერთგვარ რეპეტიციებს გადიოდნენ მასობრივი თვითმკვლელობის მოსაწყობად, ეს უნდა ყოფილიყო, პროტესტი სამყაროს წინააღმდეგ.
ვითარება სულ უფრო იძაბებოდა და ჯონსის მიმდევრების ნათესავებმა კალიფორნიაში მთავრობას მიმართეს. ამერიკელმა კონგრესმენმა ლეო რაიანმა სიტუაციის შესასწავლად ჯგუფი შექმნა და 1978 წლის 17 ნოემბერს ჯონსტაუნში ჩავიდა. 18 ნოემბერს დელეგაციას ჯონსის მიმდევრები დაესხნენ თავს და სროლა აუტეხეს, დაიღუპა თავად კონგრესმენი რაიანი და კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის - ორი ფოტოგრაფი.
ამავე დღეს ჯიმ ჯონსმა თავისი მიმდევრები მინდორში შეკრიბა და თვითმკვლელობისკენ მოუწოდა. უფროსებმა ჯერ ბავშვებს მისცეს საწამლავი და შემდეგ თავად დალიეს. თავად ჯიმ ჯონსმა თავი იარაღით მოიკლა.
სანამ ციანიდის ჩამორიგება დაიწყებოდა, ჯონსმა მრევლს საბოლოო სიტყვით მიმართა. მოგვიანებით გამოძიებამ იპოვა ამ მიმართვის აუდიოჩანაწერი. იგი 45-წუთიანია და ჯონსის სიტყვებით იწყება:
„მე მიყვარდით. როგორ არ ვეცადე, თქვენთვის კარგი ცხოვრება მომეცა, მაგრამ რამდენიმე ჩვენგანმა თავისი ტყუილებით ჩვენი ცხოვრება შეუძლებელი გახადა. შეუძლებელია, რაც დღეს მოხდა, იმას თავი დავაღწიოთ“...
ჯონსის გამოსვლას, შეკრებილები შეძახილებითა და ტაშით ხვდებიან, აქა-იქ ბავშვების ტირილი ისმის, ისმის მუსიკის ხმაც, გალობის. ბოლო სიტყვები თითქმის აღარ გაირჩევა, ჯონსი ითხოვს, ციანიდი შემოიტანონ „და უფროსებმა დაიწყონ“... „წაიღე ჩვენი სიცოცხლე ჩვენგან, ჩვენ მას გავიღებთ, ჩვენ დავიღალეთ. ეს თვითმკვლელობა არაა, ეს რევოლუციური თვითმკვლელობაა, რომელიც არაჰუმანური სამყაროსადმი პროტესტის ნიშნად ჩავიდინეთ!“
ამის შემდეგ მხოლოდ მუსიკა ისმის, ხალხის ხმა აღარ.
რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძე ამბობს, რომ ამ ტრაგედიამ სოციოლოგებს უბიძგა, რელიგიების, განსაკუთრებით კი ახალი რელიგიების კვლევას დაბრუნებოდნენ.
სოფო ზვიადაძე: „ამ ამბავმა ბევრ სოციოლოგს მისცა ინსპირაცია, უფრო გულდასმით გამოეკვლია რელიგიები. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ თვითმკვლელობა კოლექტიური ჰიპნოზის შედეგი იყო, თუმცა, ეს კვლევებით არ დასტურდება. მე უფრო სხვა მოსაზრებისკენ ვიხრები. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა დროში და რა საზოგადოებაში ხდება ეს ყველაფერი. „ხალხის ტაძარი“ განსაკუთებით პოპულარული გახდა 70-იან წლებში, როდესაც ამერიკაში იდეოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი იყო. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ახალი რელიგიური ორგანიზაცია შეიქმნა, აყვავდა მემარჯვენე რადიკალიზმი. კრიზისულ დროს, საზოგადოების ტრანსფორმაციის პერიოდს მაგებისა და ახალი რელიგიური მოძრაობების აღზევება ახასიათებს. გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც პოპულარული იყო ეზოთერიკა, კაშპიროვსკი და ასე შემდეგ. ასეთ დროს ადამიანი მხსნელს გარედან ეძებს, რადგან უკვე არსებულ რეალობაში, ტრადიციულ რელიგიებსა და ინსტიტუციებში მას ვერ ხედავს“.
ჯონსტაუნის მასობრივი თვითმკვლელობა თავისი მასშტაბით დღემდე უპრეცედენტოა, მაგრამ კულტები, რომელთა სტრუქტურა ბოლომდე მკაფიო და ნათელი არ არის, დღემდე იქმნება.