გასულ წელს არაერთი ადამიანის უფლება დაირღვა, არაერთი გამოწვევა დარჩა სისტემურ დონეზეც. ჩვენ რამდენიმე მთავარ დარღვევაზე შევჩერდებით:
- სიცოცხლის უფლება - დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები
- „შვილმოკლული მამების“ ბრძოლა კარვისთვის
- ვიტალი საფაროვის საქმე - სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
- აქცია ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“
- ლგბტქი თემის შეკრება - საფრთხე, რომელიც არ სუსტდება
- ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე
- ადამიანის უფლებები ტრადიციულ 6 ტენდენციაში
სიცოცხლის უფლება - დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები
ადამიანის უფლებათა დამცველები სიცოცხლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ძირითადად ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მიხედვით საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა და სახეზეა სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელსაც სწრაფი და ეფექტური გამოსწორება სჭირდება. ეს საქმეები, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, 2018 წლის აქცენტებში გამოხატვის თავისუფლების კონტექსტშიც მოხვდა.
„შვილმოკლული მამების“ ბრძოლა კარვისთვის
საქართველოს პარლამენტის წინ თითქმის სამ თვეს გაგრძელდა შვილმოკლული მამების ბრძოლა ტროტუარზე კარვის გაშლისთვის.
ამ ბრძოლის მოგება მათ მხოლოდ სამოქალაქო პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდში დადგომის შემდეგ შეძლეს, თუმცა ამ პერმანენტულ ბრძოლაში დაზარალებული ზაზა სარალიძე თავად იქცა ბრალდებულად-რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე განიხილება მისი საქმე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე. ინციდენტი კარვის ერთ-ერთი გაშლის მცდელობას მოჰყვა.
პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონტროლით, უხეშად არღვევდა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის კონსტიტუციურ უფლებას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულ უფლებებს. ამ უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა 2018 წელს სხვებსაც მოუხდათ.
ვიტალი საფაროვის საქმე - სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
სახალხო დამცველის შეფასებით, 2018 წელს ნეო-ნაცისტური და რადიკალური ჯგუფები გააქტიურდნენ. ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი შემთხვევაც, 25 წლის უფლებადამცველის, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომლის, ვიტალი საფაროვის მკვლელობაც ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
იგი 30 სექტემბერს მოკლეს თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე თავიდან განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, მოგვიანებით კი იგი რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 95 პირი, აქედან: 80 პირი - სქესის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის; 11 პირი - სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის გამო ჩადენილი დანაშაულისათვის; 4 პირი - ეთნიკური და რასობრივი შემწყნარებლობის გამო ჩადენილი დანაშაულისათვის.
თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც საგამოძიებო ორგანოები სიძულვილის მოტივის გამოკვეთას არ ან ვერ ახდენენ. სიკვდილის შემდეგ ვიტალი საფაროვს სახალხო დამცველმა 2018 წლის ტოლერანტის წოდება მიანიჭა.
აქცია ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“
ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ 12 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შემდეგ განვითარებული მოვლენები მშვიდობიანი სპონტანური შეკრების ყველაზე მასშტაბურ დარღვევად ჩაითვალა 2018 წელს.
პოლიციამ 500-დან 1000-მდე ადამიანს არ მისცა საშუალება პროტესტი გამოეხატა იმ ადგილზე, სადაც უნდოდა. ფიზიკური ძალის გამოყენებით პოლიციამ აიძულა დემონსტრანტები დაეტოვებინათ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორია და ზედა ქუჩებზე გადასულიყვნენ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 44 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და „გირჩის“ ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე.
ლგბტქი თემის შეკრება-საფრთხე, რომელიც არ სუსტდება
ტრადიციულად 2018 წელსაც არ ჩაუვლია ლგბტქი თემის შეკრების უფლების დარღვევის გარეშე. 17 მაისს,ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე თემის ძირითადმა ორგანიზაციებმა შიშისა და სიფრთხილის გამო უარი თქვეს, თუმცა აქტივისტთა და მათ მხარდამჭერთა ერთმა ნაწილმა აქცია მაინც გამართა. მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა, ინციდენტი მაინც მოხდა. აქციის მონაწილე ნიქო გორგილაძეს თავს 17 წლის არასრულწლოვანი დაესხა.
მალევე ნიქო გორგილაძე საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა იმ მოტივით, რომ როგორც ლგბტქი თემის წარმომადგენელი, სამშობლოში თავს უსაფრთხოდ და დაუცველად ვერ გრძნობდა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ტრანსგენდერი ქალები, რომელებიც 2018 წელს არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლები.
მათი უფლებები ირღვევა იმითაც, რომ ისინი ქირურგიული ოპერაციის გარეშე ვერ ახერხებენ სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას.
ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ
2018 წელი გამორჩეული გამოდგა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმის, სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოაშკარავებით. გადამწყვეტი როლი ისევ ქალებმა ითამაშეს. 2018 წლის 17 მარტს ისინი ხმამაღლა ალაპარაკდნენ „სიდას“ ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მიერ მათ სექსუალურ შევიწროებაზე, რაზეც რამდენიმეთვიანი შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ 3 პირის მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი სქესის ნიშნით დისკრიმინაციას.
ამ ეტაპზე დღის წესრიგში რჩება სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების მიღება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე განიხილება კანონში გაჩნდება ტერმინი „სექსუალური შევიწროება“.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით კი შეზღუდვა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა. საგადასახადო დავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის 22 ოქტომბერს შეწყდა, 8 დეკემბერს კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დაუბრუნა, თუმცა, დაირღვა როგორც საკუთრების, ისე 800-მდე სტუდენტის განათლების უფლება, რომლისთვისაც მათ უნივერსიტეტთან ერთად იბრძოლეს.
ადამიანის უფლებები ტრადიციულ 6 ტენდენციაში
- შრომის უფლება: 2018 წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. კანონმდებლები შრომის ინსპექტირების ქმედითი მექანიზმის შექმნას კატეგორიულად ითხოვენ.
- დევნილთა უფლებები: კონფლიქტით დაზარალებული პირები თითქმის ყოველდღიურად განიცდიან უკანონო დაკავების, საკუთრების უფლების დარღვევისა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს-2018 წელს დეფაქტო ხელისუფლებამ ხელყო უკანონოდ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე.
- ბავშვთა უფლებები: სახალხო დამცველის მონაცემებით, 1018 წლის 10 თვის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა. შესწავლილი ფაქტები უმრავლესობა შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას. ბავშვთა შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან.
- ადამიანთა უფლებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში: ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ფიზიკურ გარემოს ადამიანის უფლებათა დამცველები პაციენტების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებენ. უკიდურესად მძიმე პირობები რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
- წამება და არასათანადო მოპყრობა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეების არაეფექტიანი გამოძიება არსებითი ხასიათის პრობლემად რჩება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2018 წელს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე 15-მა პირმა მიმართა. მათი უმრავლესობა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე საუბრობდა. ერთმა პატიმარმა საიას მიმართა ასევე ციხის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
- შშმ პირთა უფლებები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მწვავე პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი. დაბალია შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, პრობლემაა შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა.