86 წლის ალექსანდრე ქუმსიაშვილი მეთუნეა თელავიდან, რომელიც თითქმის 70 წელია ამ საქმეს მისდევს - „მეთიხე“, როგორც თავის თავს უწოდებს.
ალბათ, ბოლო ვარ, მეღა დავრჩიო, ამბობს. დრო იყო, თელავის სახელოსნოების უბანი, „მაწანწარა“, ძველი თაობის მეჭურჭლეებით იყო სავსე.
კერამიკის ძველი საწარმო, სადაც ალექსანდრე ქუმსიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა, ახლა დაკეტილია, ღუმელი გაჩერებული. მაგრამ საშა ქუმსიაშვილს თიხაზე მუშაობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია და სახლში, თავის პატარა სახელოსნოში, მაინც ჩართავს ხოლმე ჩარხს და შედარებით პატარა ნივთებს ძერწავს.
კარგად ვერ ვხედავო, თან ჩივის, მაგრამ თავისი გამოცდილი ხელების იმედი აქვს - თუ მისი დამზადებული თიხის ჭურჭლის მსურველი გამოჩნდება, ეს ამბავი ორმაგად ახარებს. მაგრამ თან დარდობს, ბოლო დროს ამ ხელობის სწავლის მსურველებმაც იკლო და თუ ასე გაგრძელდა, ეს ცოდნაც გაქრებაო.
თუ დღეს თელავის სახელოსნოების ცნობილ ქუჩაზე გაივლით, ის ნახევრად დანგრეული სახლები დაგხვდებათ. საშა ქუმსიაშვილს ახსოვს ამ სახლების ფანჯრებში გასაყიდად გამოწყობილი თიხის ჭურჭელი და, რაც მთავარია, თავად ცნობილი მეჭურჭლეები.
„რატომ არ შეიძლება, აქაურობა ისევ ცოცხლობდეს“, - გულისწყვეტით ამბობს ის.
2020-2022 წლებში თელავის ამ ძველი უბნის წარსული სათემო განვითარების ცენტრმა იკვლია და მის სამომავლო განვითარებაზეც დაიწყო ფიქრი. წიგნიც გამოვიდა - „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, ანა მარგველაშვილის, თენგიზ სიმაშვილისა და თამარ სიხარულიძის ავტორობით.