Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში შექმნილი ვითარება, ოპოზიცია ბიბილოვის ხელისუფლებას აკრიტიკებს


ცხინვალის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა
ცხინვალის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი ერთი კვირით მთლიანად ჩაკეტა. ბიბილოვის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებიც თითქოს გაამკაცრა, მაგრამ ცხინვალში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ბიბილოვის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილო არიან. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, სკვერებსა და ქუჩებში ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, ყველაზე შემაშფოთებელი კი ვლადიკავკაზში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. ჩრდილოეთ ოსეთში დაინფიცირების 15 შემთხვევაა რეგისტრირებული.

„სამი დღეა, რაც გზა ჩაიკეტა და ამან მცირე მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს ყველაზე მეტად დაარტყა. აფთიაქებში უკვე პარაცეტამოლიც აღარ იშოვება, აღარ არის საუბარი პირბადეებზე, სპირტსა და ხელთათმანებზე. მაღაზიებშიც უკვე პროდუქტების დეფიციტი იწყება. ჩაკეტილი გზის გამო მეწარმეებს რუსეთიდან ვეღარ შემოაქვთ ტვირთები, ხალხი კი ისევ დადის ჩვეულებრივად ქუჩებში. მილიცია მათ აფრთხილებს, რომ სახლში დარჩნენ, მაგრამ ვინ უსმენს? დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ექიმ ვალიევის ამბავმა, როცა მორიგეობაზე უარი თქვა იმის გამო, რომ საავადმყოფოს შესაბამისი აღჭურვილობა არა აქვს. ბიბილოვი მას მოხსნითაც დაემუქრა, მაგრამ აქ იმდენად ცოტაა ქირურგი, რომ ახლა მისი გაშვება წარმოუდგენელია, თან მას ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა და ხელისუფლებაც გაჩუმდა. ახლა ველოდებით, რომ 12 აპრილს საზღვარს გახსნიან, ამით შეიძლება მაღაზიები ცოტა შეივსოს, მაგრამ ცალკე საფრთხე ვლადიკავკაზიდან ინფექციის შემოტანაა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს.

ყველას გვესმის, რომ თუკი ჩვენთან ვირუსი გავრცელდება, ჯანდაცვის სისტემა, უბრალოდ, ვერ გაუმკლავდება დატვირთვას, თუმცა, რეალური ზომების ნაცვლად, ვხედავთ ყოველდღიურ დაუსრულებელ მთავრობის სხდომებს...
დავით სანაკოევი

ბიბილოვის ხელისუფლებას უკვე ღიად აკრიტიკებს ოპოზიციაც. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ წევრმა დავით სანაკოევმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ბიბილოვის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. პოსტში ვკითხულობთ:

“სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან ბრძოლამ უაზრო და მახინჯი ფორმები მიიღო. უკვე აბსოლუტურად გასაგები გახდა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსკოვიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაციის რეჟიმის უზრუნველყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ კარანტინზე. სახელმწიფო ვერ ასრულებს მთავარ ამოცანას – ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ყველას გვესმის, რომ თუკი ჩვენთან ვირუსი გავრცელდება, ჯანდაცვის სისტემა, უბრალოდ, ვერ გაუმკლავდება დატვირთვას, თუმცა, რეალური ზომების ნაცვლად, ვხედავთ ყოველდღიურ დაუსრულებელ მთავრობის სხდომებს, იღებენ დადგენილებებს, აქტებს, რომელთა აღსრულებაც აღარ ხდება”.

დავით სანაკოევი მოქალაქეების მიმართ უყურადღებობაზეც ლაპარაკობს.

“თუ ჩვენი სახელმწიფო ამდენად უძლურია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ სკოლებსა და უნივერსიტეტშიც გააუქმონ კარანტინი, რადგან აღარც ამას აქვს აზრი არსებულ პირობებში”.

რაც შეეხება ვირუსთან ბრძოლის პრევენციას, სანაკოევი ცხინვალელი ექიმის პროტესტზეც ამახვილებს ყურადღებას. პირველ აპრილს ექიმმა ვლადისლავ ვალიევმა სამსახურში მისვლაზე უარი თქვა და ამის მიზეზად სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობა დაასახელა.

„მოგახსენებთ, რომ მე უარს ვამბობ გამოვიდე სამორიგეოდ, რადგან COVID-19 -ის გამო შექმნილი კარანტინის დროს არ არსებობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - ნიღბები, ხელთათმანები, სათვალები, თავდაცვითი კომბინეზონები“, - ეს განცხადება ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, ვლადისლავ ვალიევმა, ამავე საავადმყოფოს დირექტორის, კოკოევის, სახელზე დაწერა.

“ხელისუფლების უიმედო არაპოპულარობისა და მმართველობის ღრმა კრიზისის მიუხედავად, მაინც არ მეგონა, რომ საქმე კატასტროფულად ცუდად გვაქვს, არ მეგონა, რომ ხელისუფლება იმდენად დიდ პანიკაშია, რომ სპეციალისტის ლოგიკური მოთხოვნა მის ასე მძაფრ რეაქციას იწვევს. ეს არის რეაქცია იმ ადამიანებისა, რომლებმაც არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ვალიევი პერსპექტიული ახალგაზრდა ექიმია, რომელმაც უნდა იმუშაოს და იმუშავებს კიდეც. სამხრეთ ოსეთში კი ისინი არ უნდა მუშაობდნენ, ვის გამოც საავადმყოფოში ელემენტარული პრეპარატები არ არის და ვის გამოც ვალიევმა და სხვა ექიმებმა საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ უნდა დააყენონ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობაა ამაზე სრულად პასუხისმგებელი, რომელმაც დაგვანახვა, რომ ამ რთულ დროს ადეკვატურად ვერ რეაგირებს”, - წერს დავით სანაკოევი.

არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის გავრცელების რეალურ მდგომარეობას და დაინფიცირებულთა რაოდენობას. ქვეყანა მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზეა.
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი

ამ ფონზე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მთავარ საგარეო საფრთხედ ისევ საქართველოს უხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვის ხელისუფლებას, დიდი ხანია, საქარათველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ყველა ეგრეთ წოდებული გადასასვლელი ჩაკეტილი აქვს. ცხინვალის უშიშროება ადგილობრივ მცხოვრებლებს არწმუნებს, რომ საქართველო დაინფიცირებულთა რაოდენობას მალავს და ცხინვალს დახმარებას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოსაპოვებლადა სთავაზობს.

„არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის გავრცელების რეალურ მდგომარეობას და დაინფიცირებულთა რაოდენობას. ქვეყანა მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზეა. იმის გამო, რომ თბილისის რეჟიმს არ გააჩნია მოსახლეობის მასშტაბური ტესტირების შედეგები, ეს იწვევს ინფორმაციის დამახინჯებას... ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების სწრაფვა, გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთს. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ე.წ. საგანგებო პაკეტის მითვისების მცდელობას, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“ , - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დღე ისე არ გავა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარება არ შესთავაზონ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ სრულად გაუწევს დახმარებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

„ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია წარმოადგენს კერძო ინდივიდების პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირების მცდელობას, რაც არ ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესსა და საჭიროებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში", - განაცხადა დარსალიამ.

ცხინვალისგან განსხვავებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ უკვე ორჯერ მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაგზავნილი ტვირთი. ეს ტვირთი მედპერსონალის აღჭურვისა და უსაფრთხოებისთვის იყო განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG