ეს შიში ახლა რეალობად იქცა, რადგან დადასტურდა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები არა მხოლოდ რუსეთის მიწაზე იმყოფებიან, არამედ უკვე განლაგებულნი არიან ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, სადაც რუსეთის ძალები უკრაინის შეჭრის უკუგდებას ცდილობენ.
ყალბი ამბავი არ არის
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახური რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთი კორეა ემზადებოდა სამხედრო ძალის, მათ შორის მფრინავების, რუსეთში გასაგზავნად. მათი შეფასებებით, წლის ბოლომდე რუსეთში 12,000-ზე მეტი ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო.
მოსკოვმა და ფხენიანმა, რომლებმაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავდაცვის თანამშრომლობა გააძლიერეს, ეს ცნობები უარყვეს, როგორც „ყალბი ამბავი“ და განაცხადეს, რომ მათი სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის ფარგლებს არ სცილდება.
ამ განცხადებებს დარტყმა მიადგა 28 ოქტომბერს, როცა ნატოს სამხედრო ალიანსმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები განლაგდნენ რუსეთის დასავლეთით კურსკის რეგიონში.
ნატოს ხელმძღვანელმა, მარკ რიუტემ ამ ცნობების შეფასებისას თქვა, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“, რაც გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
რიუტემ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, „მზარდი სასოწარკვეთის“ ნიშანია.
„პუტინის ომში უკვე 600,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა და ის ვერ ახერხებს უკრაინის წინააღმდეგ შეტევის შენარჩუნებას უცხოური მხარდაჭერის გარეშე“, - თქვა რიუტემ.
დიპლომატიური აქტივობა
ნატოს განცხადებას გამოეხმაურნენ მსოფლიო დედაქალაქებში.
ვაშინგტონში თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 10,000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი უკვე გაგზავნილია რუსეთში და, სავარაუდოდ, „მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“ უკრაინასთან ბრძოლაში ჩაერთვებიან.
როგორც პენტაგონმა 28 ოქტომბერს აღნიშნა, ჯარის ნაწილი კურსკის რეგიონში გააგზავნეს, სადაც რუსეთის ძალებს გაუჭირდათ ათასობით უკრაინელ ჯარისკაცთან გამკლავება, რომლებიც აგვისტოს უეცარი შეჭრის შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილებს იკავებენ.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი გეგმავს ამ ჯარისკაცების გამოყენებას საბრძოლო ან საბრძოლო მხარდაჭერის ოპერაციებში უკრაინული ძალების წინააღმდეგ“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც გასულ კვირას გააფრთხილა პარტნიორები, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარი ომში ერთვებოდა, 29 ოქტომბერს, დილითვე ტელეფონით ელაპარაკა თავის სამხრეთკორეელ კოლეგას, იუნ სოკ იოლს.
„ჩვენ განვიხილეთ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართვა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში. დასკვნა ცხადია: ეს ომი ხდება ინტერნაციონალიზებული, გადის რა ორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
პარალელურად, კრემლში ემზადებოდნენ შეხვედრებისთვის ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვე სონ ჰისთან, რომელიც 29 ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ჩვე შეხვდება დაუზუსტებელ რუს ოფიციალურ პირებს. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი არ გეგმავდა ჩრდილოეთ კორეის პირველ დიპლომატთან შეხვედრას.
"ნებადართული სამიზნე"
ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩამოსვლა ნიშნავს, რომ „უკრაინა იძულებული იქნება იბრძოლოს ჩრდილოეთ კორეასთან ევროპაში“.
პენტაგონმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე გამოჩნდებიან, მათ წინააღმდეგ უკრაინულ სამხედრო ძალებს ამერიკული იარაღის გამოყენებას არ შეუზღუდავენ.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ თუ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები „უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან, ისინი ნებადართული სამიზნეები იქნებიან“.
კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ მთავარი კითხვა ის არის, რა სარგებელს მიიღებს ჩრდილოეთი კორეა ამ განლაგებიდან.
ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას დიდი ხანია ადანაშაულებენ რუსეთის დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ერთი წლის წინ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთში სამხედრო აღჭურვილობა გააგზავნა, რომელიც „გამოყენებული იქნებოდა უკრაინული ქალაქების დასაბომბად, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და რუსეთის არალეგიტიმური ომის გასაგრძელებლად“.
იანვარში ვაშინგტონმა და კიევმა დაიწყეს რუსეთის დადანაშაულება უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაში.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩვეს ვიზიტი მოსკოვში 29 ოქტომბერს შესაძლოა მიმართული იყოს იმის გარკვევისკენ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ფხენიანმა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
დახმარება ჰაერშია
იმ ვითარებაში, როცა ორივე სახელმწიფო დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა, ჩრდილოეთმა კორეამ მოსკოვთან მოკავშირეობით გარკვეული თავდაცვა უკვე მიიღო.
ივნისში პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თავდაცვის პაქტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხარეები „დაუყოვნებლივ გაუწევენ ერთმანეთს სამხედრო და სხვა დახმარებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“, თუ რომელიმე მხარე საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება შეიარაღებული აგრესიის შედეგად.
როგორც იტყობინებიან, 29 ოქტომბერს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა პარლამენტარებს აცნობა, რომ ფხენიანი შესაძლოა მოსკოვისგან იღებდეს „კოსმოსური დაზვერვის“ უახლეს კომპონენტებს - პოტენციალს, რომელსაც კიმი აღწერს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალებისთვის.
ჩრდილოეთ კორეის ექსპერტმა, ბენჟამინ იანგმა განაცხადა, რომ რუსეთი ფხენიანთან დიდ ვალშია და სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ბევრი რამ აქვს გასაცემი.
„ჩრდილოეთკორეელებს ახლა შეუძლიათ გამოიყენონ რუსული მიდგომა, რათა შექმნან მაღალსაფეხურიანი კოსმოსური ტექნოლოგიები და გამოცდილება“, - განაცხადა იანგმა, რანდ კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტმა. „უფრო კონკრეტულად, ჩრდილოეთკორეელებს სურთ რაკეტებისთვის შექმნან ინდივიდუალური დამიზნების ქობინები. ამაში დახმარება რუსებს შეუძლიათ“.
იანგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის „ბრძოლის ველზე გამოცდილების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია“ და „შესაძლოა, ფხენიანს ეს გამოცდილება მომავალში იმ შემთხვევაში დაეხმაროს, თუკი კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი გაჩაღდება“.
მზადყოფნაში
ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია რუსეთისთვის ბრძოლის ველზე, განაცხადა იანგმა.
„არ გამიკვირდება, თუ ჩრდილოეთკორეელი მფრინავები დაიწყებენ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მართვას“, - თქვა იანგმა. „ასევე, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბრძოლის ველზე ტექნიკური რაკეტების ექსპერტიზით“.
იანგის თქმით, არასპეციალიზებულ ჯარისკაცებს შეუძლიათ კურსკში მიმდინარე უკრაინული შეტევის მოგერიებაში დახმარება.
„რადგან ეს ტერიტორია ფორმალურად რუსეთს ეკუთვნის, კრემლს შეუძლია თქვას, რომ ჩრდილოეთკორეელები ეხმარებიან „კონტრტერორისტულ“ ოპერაციებში და დარჩეს საერთაშორისო სამართლის ნაცრისფერ ზონაში“.
კომუნიკაციისა და ბრძოლის ველზე გამოცდილების ნაკლებობას თვლის იანგი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების მთავარ ნაკლოვანებებად.
„ჩრდილოეთკორეელების უმეტესობა, სავარაუდოდ, არ ლაპარაკობს რუსულად და მათ ჯერ არ აქვთ რეალური საბრძოლო გამოცდილება“, - თქვა მან და დაამატა, - „ჩრდილოეთკორეელები არ იქნებიან შეგუებულნი რუს ახალწვეულთა შორის დისციპლინისა და წესრიგის ნაკლებობას“.
თუმცა იანგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები უმეტესად „მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ“ იქნებიან და, მიუხედავად იმისა, რომ დეზერტირობა შესაძლებელია, ისინი, „სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ დიდი შანსია ტყვედ ჩავარდნენ და შემდეგ ისევ ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასაჯონ“.
დეზერტირობის საკითხი
კიევი ემზადება ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების თავის მხარეზე გადასაბირებლად თბილი საწოლებისა და სამჯერადი კვების დაპირებით.
სოციალურ არხებზე „მე მინდა ვიცოცხლო“, რომელთა მიზანია რუსი მებრძოლების დარწმუნება იარაღის დაყრაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა 23 ოქტომბერს პირდაპირ მოსკოვის მოკავშირე ჩრდილოეთკორეელებს მიმართა.
„ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცებო: თქვენ, ვინც პუტინის რეჟიმის დასახმარებლად გაგაგზავნეს, უაზროდ არ უნდა იხოცებოდეთ სხვა ქვეყანაში“, - მიმართავდნენ მათ კორეულ ენაზე. „დანებდით! უკრაინა დაგიცავთ, დაგაპურებთ და გაგათბობთ. ათასობით რუსმა ჯარისკაცმა უკვე გააკეთა სწორი არჩევანი“.
მაგრამ იანგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, „მკაცრად კონტროლდებიან“ და, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დეზერტირობა, ისინი „ალბათ ხვდებიან, რომ მაღალია მათი დაჭერისა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის რისკი“.
ფორუმი