რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გაზაფხულიდან მოყოლებული მანქანები მხოლოდ საღამოს შვიდ საათამდე მოძრაობენ, ისევ ჩამოწვა მიწა. ძლიერი წვიმის მერე, დღეს, 22 ივნისს გზა კიდევ რამდენიმე ადგილას გადაიკეტა. წელს ეს უკვე მესამედ ხდება - თებერვალში მაგისტრალი რამდენიმე საათით დაიხურა, 30 მარტს კი ერთდღიანმა გადაკეტვამ დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო აიძულა, შემოვლითი გზით ევლო. ქვეყანამ პროექტის მასშტაბი სრულფასოვნად პირველად იგრძნო.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რიკოთის გზის უსასრულო მშენებლობას თვალი თითქოს მიეჩვია, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში გვირაბები უღელტეხილის ფერდობებში სულ უფრო ღრმად შეიჭრა და მეწყრის რისკებიც გაიზარდა. ზაფხულის დასაწყისში რადიო თავისუფლებამ გზის ოთხი მონაკვეთი გაიარა და ადგილობრივებსაც ესაუბრა.
“უფროსი გთხოვთ, ფოტო არ გადაიღოთ”, - ერთ-ერთი ქართველი მუშის პირით შემოუთვალა რადიო თავისუფლებას ჩინელმა ზედამხედველმა. გზაზე ქართველების, ჩინელებისა და სხვა უცხოელების შერეული ჯგუფები მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის ჩინური ზედამხედველობით.
ერთმანეთს “გუგლ თრანსლეითით” და ჟესტებით ელაპარაკებიან. უცხოელი მუშები იქვე, ბანაკებში ცხოვრობენ, რომელსაც ქართული და ჩინური წარწერები აფორმებს. ფოტოს გადაღება გზის იმ მონაკვეთზე აგვიკრძალეს, სადაც მუშები ფერდობს ამაგრებდნენ. მაგისტრალზე უამრავი ადგილია, სადაც უცბად მოვარდნილმა წყალმა შეიძლება მიწა წამოიღოს - ზოგიერთი უკვე გამაგრებულია, მაგრამ ზოგი ფერდობი გადახსნილია და, ფაქტობრივად, არაფერი ამაგრებს.
რიკოთის უღელტეხილის ამ ნაწილს რთული გეოლოგია აქვს - ს ძველ ქანებს თანამედროვე გრუნტი ენაცვლება; მათი წონასწორობიდან გამოყვანა არც ისე რთულია და ეს, შესაძლოა, ძლიერმა წვიმამაც გამოიწვიოს და ტექნოგენურმა ჩარევამაც, - აბობს არჩილ მაღალაშვილი, გეოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ჩინურმა კომპანიამ ექსპერტიზისთვის 2019 წელს მიმართა.
რადიო თავისუფლებას გეოლოგი უყვება, რომ დამკვეთს აუხსნა - ის სტანდარტული მიდგომა, როგორც აპირებდნენ სამუშაოების დაწყებას, საკმარისად უსაფრთხო არ იქნებოდა: არასაკმარისი იყო ფერდობის შერჩეული ტექნოლოგიით გამაგრება, ანკერების სიგრძე და რაოდენობა. არჩილ მაღალაშვილმა არ იცის, გაითვალისწინეს თუ არა მისი რეკომენდაციები, მაგრამ მშენებლები კი ნამდვილად ჩააყენა საქმის კურსში რომ რამდენიმე მონაკვეთზე დიდი ალბათობით, პრობლემები გაჩნდებოდა.
მარტში, მეწყრის ჩამოწოლაზე საავტომობილო დეპარტამენტის უფროსის პასუხი ის იყო, რომ მეწყრული შემთხვევები პროგნოზირებადი და გათვალისწინებულია. „ეს არის პროგნოზირებადი შემთხვევები, რომლების მართვაც შეგვიძლია. ამ პროცესებს ზედამხედველობს არა მხოლოდ სამშენებლო კომპანია, არამედ საზედამხედველო კომპანიაც და ცხადია, ადგილზე არიან ჩვენი თანამშრომლებიც“, - თქვა გიორგი წერეთელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რიკოთის უღელტეხილის 51.6-კმ-იანი ავტომაგისტრალი საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტია: 97 ხიდი ძველ გზას ქვემოთ მოიტოვებს, 51 გვირაბი მთებში შევა, ისე, რომ რიკოთის მიხვეულ-მოხვეული გზები წარსულში დარჩება.
ახალმა გზამ დასავლეთ საქართველოში ჩასვლის დრო უნდა გაანახევროს - ყოველ შემთხვევაში, დაპირება ეს იყო. თუმცა სახელმწიფო იმასაც ჰპირდებოდა მოქალაქეებს, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს დამთავრდებოდა, ახლა კი 2023 წლის ბოლოზე საუბრობენ, მაგრამ პერიოდულად ჩამოწოლილი მეწყრები ეჭვს ბადებს, რომ მაგისტრალი წელსაც ვერ დასრულდება. ამასობაში კი პროექტის ღირებულება თითქმის 1 მილიარდს მიუახლოვდა.
ამ ავტომაგისტრალზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ პროექტი ძირფესვიანად ცვლის საქართველოს გეოგრაფიას და ქვეყანაში გადაადგილების სისწრაფეს, ის საქართველოში ჩინეთის მზარდი ინტერესის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
“ჩინური გზის” ოთხი მონაკვეთი ცალკეული პროექტია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებით, ოთხი სხვადასხვა ჩინური კომპანია აშენებს: ჩინეთის სახელმწიფო მშენებლობის ინჟინერიის კორპორაცია ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია გაერთიანებული ორი მონაწილე - გუიჩჟოუს ავტომაგისტრალების საინჟინრო ჯგუფი და ჩინეთის ეროვნული ტექნიკური იმპორტ-ექსპორტის კორპორაცია.
კიდევ ერთ სექციას აშენებს ჰუნანის გზებისა და ხიდების მშენებლობის კორპორაცია, კომპანია, რომელიც ჩინეთში მექრთამეობაშია ბრალდებული და რომლის ავტომაგისტრალის პროექტმა უგანდაში ეკოლოგიური ზიანი გამოიწვია. ამ ჯგუფს პრობლემები საქართველოშიც შეექმნა - 2021 წლის მაისში, გზის ამ მონაკვეთზე ქართველი მუშები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.
ერთი შეხედვით, რიკოთის ავტომაგისტრალის ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიებმა საქართველოს ყველაზე დაბალი ფასი და ყველაზე სწრაფი შესრულება შესთავაზეს, თუმცა ახლა ორივე მონაცემი გაიზარდა და ჩნდება კითხვა, მაშ, რატომ არ გაიმარჯვეს უკეთესი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიებმა?
ეს კითხვა აქვს საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელსაც, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ და ჩინეთის ინტერესებს იკვლევს საქართველოში.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმიტომ, რომ რაღაც ჩინურია, ეს ცუდია, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან მცირე ძალისხმევაა ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიების ანგარიშვალდებულებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონი დაიცვან”.
2020 წელს პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა საჯარო აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველო გზების მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიებს იწვევს, იმ დროს როცა სახელმწიფო დახმარების უდიდეს ნაწილს ევროპული ინსტიტუციებიდან იღებს.
“რატომ? ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კომპანიები ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალი ხარისხისა და სანდო ფასის შემოთავაზება”, - უთხრა მან “ფორბსის“ ქართულ გამოცემას.
„საერთაშორისო ტენდერებში ისინი [ევროკავშირის ქვეყნების კომპანიები] უმეტესად ვერ უწევენ კონკურენციას მსხვილ ჩინურ კომპანიებს კვალიფიკაციისა და ფასის ნაწილში“, - იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის კომენტარი.
ბოლო წლებში ჩინეთი სულ უფრო მეტადაა ჩართული ქართულ ეკონომიკაში. გასულ, 2022 წელს, ჩინეთი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი გახდა, იმპორტში კი მესამეა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ. 2017 წელს თბილისმა და პეკინმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რამაც უფრო მეტ ჩინურ ინვესტიციას გაუხსნა გზა.
ჩინეთის კაპიტალის ძირითადი ნაწილი ტრანსპორტშია კონცენტრირებული და საქართველოს გეოგრაფიულ პოზიციას იყენებს, აზერბაიჯანის გავლით, ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადები შავი ზღვისკენ მიემართება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ეს დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან დასავლეთი ეძებს რუსეთის შემოვლით გზებს ჩინეთთან სავაჭროდ. ეს ჩინეთის “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ნაწილია, რომელიც ავტომაგისტრალთან ერთად, რკინიგზას და თეორიულად, ანაკლიის პორტსაც მოიცავს - ამჟამად ტვირთების ნაწილი ფოთის პორტში მიდის, ნაწილი კი - რკინიგზით, ყარსში. ჩინური “შუა დერეფნისთვის” ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვება ბოლო ეტაპი იქნება.
კაფე “ევრაზია”, რიკოთის პირველ გვირაბთან, მარშრუტკების მძღოლების ერთ-ერთ საყვარელ ადგილია. მისი , მეპატრონე ირმა ნოზაძე წუხს, რომ “შუა დერეფანი” მას უფულოდ დატოვებს. “ისედაც უკვე ძალიან რთულია, მოგებაც პატარა გვაქვს, განსაკუთრებით საღამოს მოძრაობის შეზღუდვის მერე. არ ვიცი, რას ვიზამთ, გეგმა არაფერი გვაქვს”.
სოფლებში, რომლებსაც ახალი მაგისტრალი გვერდს აუვლის, თავისი წუხილი აქვთ - ბევრი წვრილი მეწარმეობა, რომელიც წლების განმავლობაში რიკოთის გზასთან იყო გადაჯაჭვული, ბოლომდე თუ არ გაქრება, ძირფესვიანად შეიცვლება.
სურამის ნაზუქი, შროშის კერამიკა, ზესტაფონის ყავა - ეს ყველაფერი გზისპირიდან სპეციალურად გამოყოფილ ბაზრებზე გადაინაცვლებს, მაგრამ მეწარმეები წუხან, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მგზავრები აქ მათ ვეღარ “დაინახავენ”.
“ეს ისტორიული სოფელია. მთიდან მოაქვთ კაცებს თიხა, მერე სპეციალური ხელსაწყოთი ვამუშავებთ და მერე ვაკეთებთ ნაწარმს, აგერ უკვე 30 წელია”, - ჰყვება ზოია გიორგაძე, შროშის მცხოვრები და მეთუნე. “ძალიან კარგია ეს [ახალი] გზა, არ ვამბობ, რომ ცუდია. მაგრამ ჩვენ მიყრუებულში დავრჩებით, ტურისტისთვისაც, ვფიქრობ, რომ ეს გზა უფრო ლამაზია, იმ ჩქაროსნულზე აბა, რისი ნახვა უნდა მოასწროს?”
ზოიას მანქანა არ ჰყავს და გაუჭირდება სხვა ადგილზე სავაჭროდ მისვლა. “ვიცხოვრებთ, კი, მაგრამ ისე არა, როგორც ვცხოვრობდით”.
სურამში, ნაზუქების გამყიდველები უკვე ამჩნევენ, როგორ შეუმცირდათ შემოსავალი მას მერე, რაც მანქანების მოძრაობა საღამოს შვიდის შემდეგ შეიზღუდა.
“ღამის 11-12 საათამდე კარგი მუშაობა იყო, სამსახურის მერე რო მოდიოდა ხალხი და ყიდულობდა გზაში. მერე ჩვენ დავიკეტებით, აღარ ვიქნებით. ოცდახუთ წელზე მეტია ვმუშაობ, მიყვარს ეგ საქმე და შემოსავალიც მარტო მაქედან გვაქვს სურამში, სამსახურები არაა და არაფერი, ამით ვსაზრდოობთ”, - ამბობს ნაზი ლაფაჩი, ნაზუქის მცხობელი.
მანანა ბიბილური, რომელიც 25 წელია თონეში დგას, უკვე იმაზე ფიქრობს, როგორ უნდა დახუროს თონე: “აქ ყველას თავ-თავისი კლიენტი ჰყავს, ხანაც შემთხვევით ჩერდებიან. მე აღარ ვიმუშავებ, ცოტა ბოსტანს მივხედავ, ცოტაც შვილები მომხედავენ. ისედაც პენსიონერი ვარ და აქედანაც პენსიაზე გავალ”.