ცენტრში თერაპიის კურსს გადიან აუტისტური სპექტრის, ცერებრული დამბლის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
30 იანვარს ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს თავს დაესხა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და ხელი დაუზიანა. დაშავებულს ჭრილობები კლინიკაში დაუმუშავეს და სახლში გაწერეს.
როგორც ლიკა მხატვარი გვეუბნება, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც ცენტრმა ახალი ფართი ბესიკის ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულზე დაიქირავა, ახლომდებარე სახლების მცხოვრებნი უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ქუჩაში, სახლებისა და ეზოების გასწვრივ ავტომანქანების გაჩერებას უკრძალავენ ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციართა მშობლებს:
„თვეების განმავლობაში გრძელდებოდა მუქარა სხვადასხვა მშობელზე, რომ მანქანას გაუფუჭებდნენ, დაკაწრავდნენ, დაამტვრევდნენ. იყო ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემ მიმართ.“
ორგანიზაცია, რომელიც 11 წელია ჩვენი შვილების მომავლისთვის იბრძვის, ვაცხადებთ, რომ ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად სახელმწიფოში და ძლიერი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ ვართ...ლიკა მხატვარი
ლიკა მხატვარი იმასაც ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებით ცდილობდნენ დაძაბულობის განმუხტვას და არაერთი მუქარის მიუხედავად, 30 იანვრამდე პოლიციისთვის არ მიუმართავს. ცენტრის ხელმძღვანელის ვარაუდით, ორშაბათს მომხდარი ინციდენტი, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, რადგან ცენტრის შესასვლელში დაყენებული სათვალთვალო ვიდეოკამერები შებრუნებული აღმოჩნდა:
„ამბობდნენ, რომ მანქანების გაჩერება პრობლემას ქმნის მთელი უბნისთვის, თუმცა მთელი უბანი ნამდვილად არ იყო ჩართული. რამდენიმე მეზობლის დასახელება შეგვიძლია, ვინც გულშემატკივრობდა მოძალადეთა ჯგუფს“.
ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრის თანამშრომელზე ძალადობის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 31 იანვარს პოლიციელებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს ცენტრის თანამშრომლები. ლიკა მხატვარი ამბობს, რომ ისინი და ცენტრის ბენეფიციარებიც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ:
„ჩვენ ირგვლივ მოძალადეების სახლებია. ორგანიზაცია, რომელიც 11 წელია ჩვენი შვილების მომავლისთვის იბრძვის, ვაცხადებთ, რომ ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად სახელმწიფოში და ძლიერი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ ვართ“.
საბაბი მხოლოდ ავტომანქანებია?
ავტომანქანების გაჩერების გამო ცენტრის თანამშრომლებთან კონფლიქტს ადასტურებს ერთ-ერთ კერძო სახლში მცხოვრები ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებს გარემოს დაბინძურებაშიც ადანაშაულებს. 30 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, ამ უბნის ზოგიერთი სხვა მცხოვრებიც ფეისბუკით გამოთქვამდა პრეტენზიებს ბავშვების ხმაურისა და გარემოს დანაგვიანების გამო.
ხმაური საერთოდ არაა შენობაში და გარეთ როგორ შეაწუხებთ?! აქ გასართობი ცენტრი არ გვაქვს, რომ ბავშვებმა იხმაურონ. დისკრიმინაციის მსხვერპლი ეს თემი ისედაც ხშირად ხდება და კიდევ უფრო აძლიერებენ სტიგმას...მარიამ ჯავახაძე
ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყოველდღიურად 80-მდე ბენეფიციარს ემსახურებიან, ავტომანქანებით მშობლებს ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი მოჰყავთ, თერაპიული მომსახურებისთვის ტოვებენ და შემდეგ წასაყვანად აკითხავენ. იმის გამო, რომ მეზობლების უკმაყოფილება არ გამოიწვიონ, თავად ცენტრის თანამშრომლები საკუთარ ავტომობილებს სხვა ქუჩაზე ტოვებენ. ლიკა მხატვარი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბავშვები გარემოს აბინძურებენ.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრის სპეციალისტი მარიამ ჯავახაძეც. როგორც ამბობს, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვები თერაპიულ მომსახურებას იღებენ დილიდან საღამოს 6 საათამდე:
„ხმაური საერთოდ არაა შენობაში და გარეთ როგორ შეაწუხებთ?! აქ გასართობი ცენტრი არ გვაქვს, რომ ბავშვებმა იხმაურონ. დისკრიმინაციის მსხვერპლი ეს თემი ისედაც ხშირად ხდება და კიდევ უფრო აძლიერებენ სტიგმას. ძალიან მიჭირს, საფუძვლის განსაზღვრა, რატომ აღიზიანებთ სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ყოველდღიური შეხვედრა“.
ნათია რუხაძე, რომლის 4 წლის შვილი რეაბილიტაციის პროგრამაშია ჩართული, ცენტრის მიმდებარედ მცხოვრებთა დამოკიდებულებას არაინფორმირებულობას უკავშირებს და დისკრიმინაციად მიიჩნევს. როგორც ნათია ამბობს, ქუთაისში სამტრედიიდან საკუთარი ავტომანქანით დადის, მას ქუჩაში აჩერებს, კერძო საკუთრებაში არ იჭრება და არც ჭიშკარს, ან ეზოში შესასვლელს კეტავს:
„ჩვენ ცენტრში დავდივართ იმისთვის, რომ ბავშვებმა საზოგადოებასთან ადაპტირება შეძლონ. სწორედ იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ჩვენი შვილების მიმართ ახლა პრეტენზიები აქვს. და თუ ეს საზოგადოება იმისთვის უარყოფს ბავშვებს და ჩვენ მანქანა დავაყენეთ ქუჩაში, რომელიც საჯარო სივრცეა, რომელ ადაპტაციაზეა საუბარი?!“
მხოლოდ ერთეული შემთხვევა?
ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრი გამონაკლისი არ არის. ასეთივე პროფილის მულტიფუნქციურმა ცენტრმა, „ღია სახლმა“ ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში შენობა ხუთჯერ შეიცვალა. როგორც ცენტრის დამფუძნებელი, ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი გვეუბნება, მრავალბინიან კორპუსებსა, თუ კერძო სახლებში მცხოვრებნი უკმაყოფილებას სხვადასხვა მიზეზით გამოთქვამდნენ და სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ხელის შეშლას, მათ შორის შშმ ბავშვების მშობლებისთვის:
„იყო შემთხვევა, როდესაც კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან წყალი გადმოასხეს ბენეფიციარს. ეს განმეორდა რამდენჯერმე, რის შემდეგაც დავრწმუნდით, რომ იყო მიზანმიმართული და არა შემთხვევითი. ყრიდნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რათა მშობლებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, რომ ორგანიზაცია ვერ იცავდა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს“.
რეაგირება არ მოჰყოლია, იმის მიუხედავად, რომ საპატრულო ეკიპაჟი გამოძახებული იყო. აგრესია არსებობს და ამას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ აგრესორს არ აქვს დასჯის მოლოდინი...ლილე ყაზაიშვილი
ლილე ყაზაიშვილის თქმით, ხელის შეშლის ბოლო შემთხვევა გასულ ზაფხულს იყო, როცა მეზობელმა საერთო სარგებლობის ჭიშკარი ჩაკეტა და თერაპევტებმა და ბენეფიციარებმა შენობაში შესვლა მხოლოდ საპატრულო პოლიციის გამოძახებით შეძლეს. მოგვიანებით, „პრობლემა“ ეზოში მაღალი ღობის აშენებით გადაწყდა, რაც მიმდებარე სახლში მცხოვრები ოჯახის მოთხოვნა იყო. „ღია სახლის“ დამფუძნებლის თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ან რაიმე ფორმით ხელის შეშლის დროს პატრულს იძახებდნენ, თუმცა არცერთ შემთხვევაზე შედეგი არ დამდგარა:
„მეზობელმა ჩვენს ყველა თანამშრომელს დაუზიანა ავტომანქანა ბასრი საგნით. არ იყო შეუძლებელი იქ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, გამოკითხვა მეზობლების და ა.შ. მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია, იმის მიუხედავად, რომ საპატრულო ეკიპაჟი გამოძახებული იყო. აგრესია არსებობს და ამას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ აგრესორს არ აქვს დასჯის მოლოდინი“.
საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესიისგან დასაცავად და შშმ ბავშვთა და მათთვის სერვისის მიმწოდებელი ცენტრების სპეციალისტების უფლებებისთვის, ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ 1 თებერვალს ქუთაისში აქციას გამართავს.
რადიო თავისუფლებამ შშს-ს მიმართა იმის გასარკვევად, რა ეტაპზეა ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტის გამოძიება. მასალა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.