Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერქეზები ისრაელისა და ცაჰალის სამსახურში


ჩერქეზები ეროვნულ სამოსში. საილუსტრაციო ფოტო
ჩერქეზები ეროვნულ სამოსში. საილუსტრაციო ფოტო

ისრაელში ჩერქეზული თემი 5 ათასამდე ადამიანს ითვლის. ჩერქეზთა უმეტესობა ცხოვრობს სოფელ ქფარ-კამაში, რომელიც მდებარეობს ქფარ-ტავორსა და შარონას შორის. ათასამდე ჩერქეზი ცხოვრობს - რიჰანიაში, ზემო გალილეაში. როგორც ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ისრაელის ერთგული მოქალაქეები არიან და მსახურობენ როგორც პოლიციის, ასევე ისრაელის შეიარაღებული ძალების - ცაჰალის შემადგენლობაში.

ისრაელის ჩერქეზული თემი, რომელიც 1870-იანი წლების ბოლოდან არსებობს, კავკასიის ომის შედეგად გაჩნდა. ჩერქეზები მაშინ ოსმალეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გაიფანტნენ - საუბარია 1,5 მლნ ადამიანზე. თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე ჩერქეზები ბალკანეთიდან გადავიდნენ: ქფარ-კამა 1876 წელს დაარსდა, რიჰანია კი ცოტათი ადრე - 1872-1874 წლებში. ასე აღმოჩნდნენ აფხაზი და ჩერქეზი მუჰაჯირების შთამომავლები ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული.

  • როგორ ცხოვრობენ ჩერქეზები ისრაელში?
  • რაში მდგომარეობს ქფარ-კამისა და რიჰანიის დასახლებების განსაკუთრებულობა?
  • რამდენად ინტეგრირებულები არიან ჩერქეზები ისრაელის საზოგადოებაში?
  • როგორ აფასებენ რეგიონში მიმდინარე მორიგ ომს და ვის მხარეს არიან ჩერქეზები დღეს?

ჩერქეზი საზოგადო აქტივისტის ასლან ბეშტოს თქმით, ისრაელში მთლიანობაში ცხოვრობს დაახლოებით ექვსი ათასი ჩერქეზი, რომლებიც მიმოფანტული არიან რამდენიმე პატარა ანკლავად: ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ქფარ-კამა - ისრაელელი ჩერქეზების არაფორმალური დედაქალაქი, შემდეგ რიჰანია, რომელიც მდებარეობს ლიბანის საზღვარზე, ასევე ნაწილობრივ უძველეს აბუ გოშში.

ქფარ-კამა - ჩერქეზული დასახლება ისრაელში
ქფარ-კამა - ჩერქეზული დასახლება ისრაელში

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიჰანიაში მცხოვრები ჩერქეზები, ძირითადად ქალები და ბავშვები, გადავიდნენ ქფარ-კამაში, სადაც აპირებენ დარჩნენ საომარი მოქმედებების დასრულებამდე, რადგან სოფელი რამდენჯერმე დაიბომბა ლიბანის ტერიტორიიდან. ჭურვები მისწვდა იერუსალიმის მახლობლად მდებარე აბუ გოშსაც. ცნობილია, რომ იქ პალესტინურმა რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია რამზან კადიროვის მიერ აშენებული მეჩეთი, ქფარ-კამაში კი ვითარება სტაბილურია. წავიკითხე დასახლების ხელმძღვანელის, ზაქარია ნაფსოს ოფიციალური შეტყობინება. ის წერს, რომ მუნიციპალური ხელისუფლება უშუალო კავშირშია ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დასახლების მცხოვრებლები უზრუნველყოფილნი არიან სტრატეგიული მარაგით, ჯავშანჟილეტებით, თავშესაფრებით. ანუ ქფარ-კამა მზადაა სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - უთხრა ასლან ბეშტომ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ თანამშრომელს მურატ გუკემუხოვს.

ისრაელში მცხოვრები ჩერქეზები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გათავისუფლებული იყვნენ ჯარში გაწვევისაგან, მაგრამ ჩერქეზებმა თავად გამოთქვეს სურვილი იმსახურონ ცაჰალში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. კანონი მათ საშუალებას აძლევს, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ჩერქეზს აქვს შინ.

ასლან ბეშტო
ასლან ბეშტო

როგორც ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელმა ომერ ლაიპანმა უთხრა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს, ისრაელში მცხოვრები ჩერქეზები სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულები იყვნენ 1950-იანი წლების შუა ხანებამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორივე სოფლის უხუცესებმა მიმართეს მთავრობას, ჩერქეზებსაც მისცემოდათ ჯარში სამსახურის შესაძლებლობა, მათაც გაუჩნდა სამხედრო ვალდებულება.

„ასეთი ვალდებულება ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი არ არის დაქორწინებული ან არ ჰყავს შვილი. ჩერქეზი ქალები კი არ ექვემდებარებიან გაწვევას, ებრაელი ქალებისგან განსხვავებით“, - ამბობს ომერ ლაიპანი, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ისრაელ-ჰამასის ომამდე ორიოდე თვით ადრე ესაუბრა.

ისრაელში არსებობს სპეციალური კვოტები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ჩერქეზებისთვისაც. ასევე გათვალისწინებულია ცალკე ადგილები სამინისტროებში, დეპარტამენტებში და სხვადასხვა თანამდებობებზე. მაგალითად, ჩერქეზები პოლიციის რეგიონულ განყოფილებებში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მსახურობენ.

ომერ ლაიპანი
ომერ ლაიპანი

„დარწმუნებული ვარ, რომ ქფარ-კამა, ეს სოფელი შეძლებს ნებისმიერი თავდასხმის მოგერიებას. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებთან დამოკიდებულებას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ისრაელში ჩერქეზული დიასპორა სოლიდარულია სახელმწიფოს პოლიტიკასთან, - ამბობს ასლან ბეშტო, - ისრაელელი ჩერქეზები შესანიშნავად არიან ინტეგრირებული ისრაელის სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეში. არ მსმენია, რომ მათ თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონოდათ რაიმე სერიოზული პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან“.

მეჩეთი ქფარ-კამაში
მეჩეთი ქფარ-კამაში

როგორც დიასპორის წარმომადგენლები ამბობენ, პირველი, რაც თვალში ეცემა ამ სოფლის სტუმარს, ქუჩების ჩერქეზული დასახელებებია. საზოგადოებრივ სივრცეებში, მაღაზიებში, სკოლებში და ა.შ., ჩერქეზული ლაპარაკი ისმის. საქმე ისაა, რომ 1976 წლიდან ჩერქეზულ თემებს აქვთ საკუთარ ენაზე განათლების მიღების საშუალება. შესაბამისად, ისრაელში მცხოვრები ყველა ჩერქეზი ლაპარაკობს ოთხ ენაზე: ივრითზე, ინგლისურზე, მშობლიურ ენასა და არაბულზე.

ისრაელში მცხოვრები კიდევ ერთი ჩერქეზის, რუსტამ აფშას თქმით, ისრაელის ე.წ. ჩერქეზულ სკოლებში სწავლა სამენოვან პრინციპს ეფუძნება.

„ოჯახში ჩვენ მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ. საბავშვო ბაღებშიც ჩერქეზული ჯგუფებია. სკოლებს აქვთ განათლების სამი საფეხური - მოსამზადებელი, საშუალო და უმაღლესი. სამივეში ვლაპარაკობთ ჩერქეზულად. მაგრამ უმაღლეს საფეხურზე ბავშვები უკვე სწავლობენ ებრაელებსა და არაბებთან ერთად, შესაბამისად, საუბრობენ ივრითზე და არაბულად. სკოლის დასრულებისას ისინი გამოცდებს აბარებენ ოთხ ენაში - არაბულში, ივრითში, ჩერქეზულსა და ინგლისურში. ჩვენ ვინარჩუნებთ მშობლიურ ენას, რადგან აქტიურად ვიყენებთ მას. სიზმრებსაც ჩერქეზულად ვხედავ. როცა რაღაცაზე ვფიქრობ, ავტომატურად ვფიქრობ მშობლიურ ენაზე, მერე ვთარგმნი. ბავშვს შეუძლია იფიქროს და ისაუბროს ექვს-შვიდ ენაზე. ელემენტარული მაგალითია ჩემი შვილები, ბიჭი და გოგო, მათ იციან ოთხი ენა. გოგონა ცხრა წლისაა, ბიჭი ხუთის, ფლობს რუსულს, არაბულს, ებრაულსა და ინგლისურს“, - ამბობს რუსტამ აფშა.

რუსტამ აპშა
რუსტამ აპშა

ქფარ-კამას აქვს თავისი ტელევიზია და რადიო. ჩერქეზული დიასპორა ამაყობს იმით, რომ ზედიზედ რამდენიმე წელია, დასახლება აღიარებულია ისრაელში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და კომფორტულ დასახლებად, რაც თავის მხრივ იზიდავს როგორც უამრავ ტურისტს, ასევე ისრაელის მთავრობის გრანტებს, ფინანსურ ინიექციებსა და ა.შ.

ჩერქეზები და პალესტინელები

ასლან ბეშტოს თქმით, 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დიდად დაზარალდა გოლანის მაღლობების ჩერქეზი მოსახლეობა. ჩერქეზები ამ დროს სირიის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ჩერქეზთა ქვედანაყოფმა აზნაურ ანჩოკოს მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ისრაელის ძალებს, მაგრამ ომის შედეგად გოლანის სიმაღლეები ან, როგორც ჩერქეზები უწოდებენ, ჯულანი მაინც დაიკარგა.

„სირიაში დარჩენილები კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ წასულები ადასტურებენ, რომ ისრაელმა შესთავაზა ჩერქეზებს მოქალაქეობის შეცვლა და თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დარჩენა. ჩერქეზებმა უარი თქვეს. ზოგიერთი მათგანი გადავიდა ცენტრალურ სირიაში, დამასკსა და სხვა ქალაქების მიდამოებში. მეორე ნაწილმა, დაახლოებით 3,5 ათასმა ადამიანმა, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, დატოვა გოლანის სიმაღლეები და გადასახლდა შეერთებულ შტატებში“, - ამბობს ასლან ბეშტო, რომლის თქმითაც, ბევრად უფრო რთული ურთიერთობა აქვთ ახლო აღმოსავლეთის ჩერქეზებს პალესტინელებთან:

„პალესტინელებსა და ჩერქეზებს ურთიერთობის რთული ისტორია აქვთ. ყველაფერი დაიწყო ტრანს-სირიაში გასული საუკუნის ოციან წლებში, როდესაც ბედუინებმა და ჩერქეზებმა მიიღეს საფრანგეთის კოლონიური ჯარების შეთავაზება და მათთან ერთად საკმაოდ დიდხანს იბრძოდნენ დრუზებისა და პალესტინელების წინააღმდეგ. მოგვიანებით ჩერქეზმა ოფიცრებმა ოსმან ბეიმ, ტოფიკ ბეიმ და სხვებმა სირიის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ფორმირებაში მიიღეს მნიშვნელოვანი მონაწილეობა. იმ დროს საფრანგეთის მთავრობა ქმნიდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან არარეგულარულ ჯარებს, რომლებსაც დრუზების უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა. დრუზებს სურდათ შეენარჩუნებინათ სტატუს- კვო, დამოუკიდებლობა, ტერიტორიის განუყოფელი ფლობა. ოსმალეთის სახელმწიფოს დაცემის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათი დრო დადგა“.

ჩერქეზები სირიასა და იორდანიაში

ასლან ბეშტოს თქმით, ისე მოხდა, რომ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ასადის ოჯახმა დაიახლოვა ჩერქეზთა არისტოკრატია, პირველ რიგში, მარშანების ოჯახი:

„ძმები ვალი, მუჰამედი და შარაფ მარშანები სირიაში აბაზას სახელით იყვნენ ცნობილი. ეს აფხაზი თავადები ძალიან ერთგულად ემსახურებოდნენ ასადს. ფაქტობრივად მათ დაიწყეს სირიაში ჩერქეზული დიასპორის ზედამხედველობა და შექმნეს, მთლიანობაში, სირიის ამჟამინდელი ჩერქეზული ელიტა. ახლაც სირიაში ჩერქეზების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომლებიც, ასე თუ ისე, ასადის ერთგულებად დარჩნენ. როგორც მინიმუმ, ასადის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფებს ჩერქეზები ხელმძღვანელობენ“.

სირიაში ჩერქეზთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს, თითქმის ორჯერ მეტი ჩერქეზი ცხოვრობს იორდანიაში და, როგორც ასლან ბეშტო ამბობს, ყველაზე რთულ ვითარებაში სწორედ იორდანიელი ჩერქეზები იყოფებიან.

როდესაც იორდანია იქმნებოდა და მეფედ აბდულა I ეკურთხა, ის უპირველეს ყოვლისა ეყრდნობოდა ბედუინებსა და ჩერქეზებს, იმდენად, რამდენადაც მათგან შექმნა პირადი დაცვის რაზმი. 1951 წლის 5 სექტემბერს იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში მისი მკვლელობის შემდეგ ტახტზე ავიდა აბდულა პირველის ვაჟი, თალალი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მალევე - 1952 წლის 11 აგვისტოს გადადგა შვილის, ჰუსეინის სასარგებლოდ. აქ ჩერქეზებმა მთელი დიდებულებით გამოიჩინეს თავი. ჰუსეინი ჩერქეზების აღზრდილი იყო, რაც თვითონ მონარქსაც არასოდეს დაუმალავს. ყოველთვის და სრულად ეყრდნობოდა ჩერქეზულ გვარდიას და ბედუინთა ტომების დამოუკიდებელ შეიხებს.

1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ პალესტინელების დიდი ნაწილი იორდანიაში, ლტოლვილთა ბანაკებში აღმოჩნდა. საუბარია 2,5 მლნ-დან 3 მლნ-მდე ადამიანზე, რაც იორდანიის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდა.

ასლან ბეშტოს თქმით, რაღაც მომენტში პალესტინელებმა ბოროტად გამოიყენეს იორდანიის სტუმართმოყვარეობა და სცადეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. პალესტინელთა ლიდერმა, იასირ არაფატმა და მისმა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ რეალურად შექმნეს სახელმწიფო სახელმწიფოში. იორდანიის პოლიციას არ ჰქონდა ლტოლვილთა ბანაკებში შესვლის უფლება. მათი ბოევიკები დაუსჯელად დათარეშობდნენ ამანში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არაფატი საჯაროდ დაემუქრა ჰუსეინს, რომ იორდანია პალესტინელებს ეკუთვნოდა. პალესტინელებმა მეფის ფიზიკურად ჩამოგდებაც კი სცადეს რამდენჯერმე.

ჩერქეზები
ჩერქეზები

1970 წლის 1 სექტემბერს თავს დაესხნენ ჰუსეინს, რომელიც ამანის რეზიდენციიდან ბრუნდებოდა. ჰუსეინს თან ახლდა სამოცამდე ჩერქეზი მცველი. პალესტინელი ბოევიკების თავდასხმის შედეგად ორმოცზე მეტი ჩერქეზი დაიღუპა, მათ შორის მეფის მძღოლიც. მიუხედავად ამისა, გადარჩენილებმა შეძლეს ჰუსეინის ცეცხლიდან გამოყვანა და ამანში უსაფრთხოდ ჩაყვანა. ამის შემდეგ უდაბნოში შეიკრიბა ბედუინთა ტომების შეიხების საბჭო, რომელმაც კატეგორიულად მოსთხოვა მეფეს იორდანიაში წესრიგის დამყარება. მეფე ჰუსეინმა ჯარები შეიყვანა ლტოლვილთა ბანაკებში. ომი თითქმის სამი თვე გაგრძელდა.

„იორდანიაში სირიიდან შევიდა მოტორიზებული ქვეითი დივიზია. დამასკი მოითხოვდა პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას, მაგრამ აშშ-ს ჩარევამ მეფე ჰუსეინს საშუალება მისცა მოეგერიებინა როგორც სირიელები, ასევე დაემარცხებინა პალესტინელები. შედეგად, ეგვიპტის მთავრობის შუამავლობით ხელი მოაწერა შეთანხმებას. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია იძულებული გახდა თავისი შტაბბინა ლიბანში გადაეტანა, თუმცა დაახლოებით სამი მილიონამდე პალესტინელი კვლავ იორდანიაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ იორდანია ბედუინებისა და ჩერქეზების სახელმწიფოდ იყო ჩაფიქრებული“, - ამბობს ასლან ბეშტო, რომლის თქმითაც, ამჟამადაც პალესტინელებსა და იორდანიის ჩერქეზებს საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ:

„ნებისმიერი ყოფითი შეტაკება, მოზარდების ჩხუბიც კი მთავრდება იმით, რომ პალესტინელები ღიად ემუქრებიან ჩერქეზებს. ღამ-ღამობით ჩერქეზთა სახლებზე წერენ თავიანთ სახელებს და იმუქრებიან, რომ ჩერქეზების განდევნის შემდეგ ამ სახლებს პალესტინელები გაინაწილებენ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მეფე აბდულა II დაქორწინებულია პალესტინელზე. ეს იყო დინასტიური ქორწინება, რომელსაც, ჩანაფიქრის მიხედვით, დიდი მშვიდობა უნდა მოჰყოლოდა. ამან ჩერქეზთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მას შემდეგ, რაც აბდულა II გახდა სახელმწიფოს მეთაური, პალესტინელები, ძირითადად მეფის მეუღლის ნათესავები, დაინიშნენ საკვანძო თანამდებობებზე, რომლებიც ადრე ჩერქეზებსა და ბედუინებს ეკავათ. არაბულ ოჯახებს შორის ძლიერი კლანიზმის გათვალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკური ჩანდა, მაგრამ საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო თავად ჩერქეზებისთვის. მაგრამ, თავად ჩერქეზების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ვითარებაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ. დროთა განმავლობაში აბდულა დარწმუნდა, რომ იორდანიის სამთავრობო სტრუქტურებში პალესტინური კლანების დაწინაურებით წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ. მეფე იმედგაცრუებული იყო, რის გამოც მან დაიწყო ჩერქეზების დაბრუნება ქვეყნის საკვანძო თანამდებობებზე, რომლებზეც დამოკიდებულია სახელმწიფოს არსებობა და უსაფრთხოება“.

ჩერქეზები ქემალ ათათურქთან შეხვედრისას
ჩერქეზები ქემალ ათათურქთან შეხვედრისას

ასლან ბეშტოს თქმით, ჩერქეზები დღესაც ერთგულად ემსახურებიან იორდანიას, თუმცა მათი პრობლემები და კონფლიქტის მიზეზები არსად გამქრალა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რამდენჯერმე შევხვდი ჩერქეზებს, რომლებიც ეძებდნენ „სათადარიგო აეროდრომს“, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ძალიან მალე ჩერქეზებისთვისაც დასრულდება იორდანიის ისტორია“, - ამბობს ჩერქეზი აქტივისტი ასლან ბეშტო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG