ქალაქი პრიპიატი თებერვალში კიდევ უფრო უკაცრიელი ჩანს. ყველაფერი შავ-თეთრ-მონაცრისფროა. ნივთებმა, რასაც ფერი ჰქონდა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან 33 წლის განმავლობაში ფერი დაკარგა.
შორიდან ჩერნობილი მისტიკურ სამყაროს ჰგავდა. იქაურობის ახლოდან ნახვის სურვილი არტფოტოგრაფ ნატა ზვიადაძეს სწორედ ამიტომ გაუჩნდა და თავის მეგობრებთან ერთად ეს სურვილი 2019 წლის თებერვალში აიხდინა.
ჩერნობილში ხუთდღიანი ექსპედიცია ნატას მეგობარმა, უკრაინელმა ფოტოგრაფმა ალექსანდრ ხარვატმა და "იუნისეფის" რეპორტიორმა, ანტონიო არაგონ რენუციომ დაგეგმეს.
მათ ჩერნობილში, ქალაქ პრიპიატსა და მიმდებარე სოფლებში სულ 5 დღე გაატარეს. დღემდე იქ არსებული რადიაციული ფონის გამო, უფრო დიდხანს დარჩენა არ გამოუვიდათ: „არ გვეყო“ - ამბობს ნატა.
თავიდან ეგონა, რომ სპეციალური აირწინაღებით უნდა ევლოთ. მაგრამ არა. კიევში სპეციალურ ავტობუსში ჩასხდნენ და გეზი ჩერნობილისკენ აიღეს.
„იყო ადგილები, სადაც გიდი შესვლას გვიკრძალავდა, მაგრამ ძირითადად თავისუფლად გადავაადგილდებოდით“.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ცნობილი მეოთხე ენერგობლოკი, რომელიც 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა და რომელიც ახლა სარკოფაგშია შეფუთული, ადამიანებისგან მიტოვებულ ქალაქ პრიპიატიდან რამდენიმე კილომეტრში დგას.
„პრიპიატი რომ გამოჩნდა...როგორ ვთქვა, აი, მიგდებული ქალაქები და შენობები, ალბათ, ყველა ხელოვანისთის რაღაც ინსპირაციის წყაროა, მაგრამ რაც ვნახე, ამას არ ველოდი - არ მეგონა, რომ ამხელა ქალაქი დამხვდებოდა. თან რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ზამთარში ვიყავით, ამ ხეების შავი ტოტები და გამოშიგნული შენობები კიდევ უფრო დრამატული იყო“.
მაგრამ ყველაზე მთავარი ემოცია იყო - სიჩუმით გამოწვეული.
"ყველაფერი გესმის და თავიდან ეს გაშინებს. მერე ეჩვევი. ქუჩებში გვხვდებოდნენ კურდღლები, მელიები. ლოსებიც ვნახეთ შუა ქალაქში - იდგნენ და გვიყურებდნენ. პრიპიატი, უკვე ფაქტობრივად ჩაკეტილი ნაკრძალია, სადაც ცხოველები თავს კარგად გრძნობენ. ამ სიჩუმეში მათი სუნთქვა ისე მკაფიოდ გესმის, რომ გგონია, სადღაც შენს გვერდით დგანან“.
ჩასვლიდან მეორე დილით წამოთოვა - ნატა იხსენებს, რომ ახალ თოვლზე მხოლოდ ცხოველების ნაკვალევი ჩანდა - ზოგი დიდი, ზოგიც პატარა. ადამიანების ნაფეხურებს პრიპიატში ვერ იპოვი. ამ სიცარიელეს ნელ-ნელა ეჩვევი და მერე, როგორც კინოკადრში, ისე დადიხარ.
„კიდევ იცით რა იყო ჩემთვის საინტერესო? რაც მე არ ვიცოდი - ატომური სადგური, მეოთხე ბლოკის გარდა, ისევ მუშაობს. ალბათ, ათასამდე ადამიანი მაინც არის იქ დასაქმებული და ისინი კიევიდან თუ ახლო-მახლო ქალაქებიდან სპეციალური ავტობუსებით მიჰყავთ ხოლმე - თითო კვირა ერთი ცვლა მუშაობს, შემდეგ მეორე. მაღაზიებიც ასეთივე პრინციპით მუშაობას - ერთი კვირა ერთი, მეორე კვირას მეორე და ა.შ. იქ ზედიზედ დიდი ხნით ჩასვლა აკრძალულია“.
მეოთხე ბლოკთან დიდი სასადილოა გახსნილი. ნატა იხსენებს, რომ ექსპედიციის წევრებმაც იქ ისადილეს. უკრაინელს არ ეშინოდა, ნატა და ანტონიო კი კარგად ხანს იკავებდნენ თავს:
„წარმოიდგინე, გვერდით ამხელა სარკოფაგია, წინ კი ეს სასადილო, სადაც უნდა ჭამო. მართლა კანკალით ვისადილეთ. თუმცა, სასადილოში შესვლამდე სპეციალური ჩარჩო გავიარეთ, რადიაციაზე შეგვამოწმეს“.
ღამე ჩერნობილში დარჩნენ, სასტუმროში, რომელიც საღამოს ცხრაზე უსაფრთხოების გამო იკეტება და დილის ცხრამდე არ იღება.
მიტოვებული თოჯინები, რომელიც სხვა არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოხვედრია, ნატა ზვიადაძის კამერამაც გადაიღო. ამ სანახაობას გულგრილად გვერდს ვერავინ უვლის:
„იმიტომ, რომ ყველა რაღაც ისტორიას ჰყვება და ყველა თითქოს თავის პატრონს ელის. ასეც დავარქვი სიმბოლურად - ეს თოჯინა ანუშკას ელოდება, ის კიდევ ვიღაცას, მათ, ვინც ფიქრობდა, რომ სახლს სამი დღით ტოვებდა, მაგრამ 33 წელი ვეღარ დაბრუნდა“.
პრიპიატის გადაღების შემდეგ იმ სოფლებში წავიდნენ, სადაც ადგილობრივები ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ მაინც დაბრუნდნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ - ტყეში გაბნეულ ამ სოფლებში ორი-სამი მოხუცი ხვდებოდათ ხოლმე.
„ჩვენ გაგვიმართლა - ერთ სოფელში მივედით, სადაც ყველა ერთად იყო შეკრებილი სოფლის ცენტრში და ფოსტალიონის მოსვლას ელოდნენ, რომ პენსია მიეღოთ“.
დაბრუნდნენ იმიტომ, რომ მაინც საკუთარ სახლში ყოფნა ერჩივნათ. და იქ სიკვდილიც.
„მათი დაბრუნების მიზეზი ისიც იყო, რომ ისინი ყველგან ვერ მიიღეს. სულ შიშით უყურებდნენ, როგორც რადიაციის წყაროს“.
მაშინ დაახლოებით 2000 ადამიანი უკან დაბრუნდა. დღეს ამ სოფლებში სულ 120-მდე მოხუცი ცხოვრობს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 84 წელია.
„სასაფლაოზეც ვიყავით და ყველაზე ახალგაზრდა მკვდარი 70 წლისა იყო“.
უკანა გზაზე ექსპედიციის წევრებს ხმა არ ამოუღიათ. კიევამდე, სამსაათიან გზაზე ყველ დუმდა და ფიქრობდა. ნატასთვისაც ყველაფერი გადაფასდა.
„მე თავად, ხელით შევეხე ამ ტრაგედიას. და უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი უმნიშვნელოა ასეთ ტრაგედიებთან. ამას ვერ ხვდები, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ“.
ჩერნობილის ფოტოები კიევში, აპრილში გამოიფინა. ნატა ზვიადაძეს ძალიან უნდა გამოფენის თბილისში მოწყობაც და მათი აქაური საზოგადოებისთვის გაზიარება. ჯერ ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცის ძებნაშია.
ჩერნობილის სურათების რამდენიმე ფოტო მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა - ეს ფოტოები გვიყვება, როგორია დღეს ერთ დღეში დაცლილი ასიათასკაციანი ქალაქი, სადაც ატომური ელექტროსადგური აფეთქდა.