ამერიკულმა ტელესერიალმა „ჩერნობილმა“ მკვეთრად გაზარდა ინტერესი ტრაგიკული მოვლენის მიმართ, რომლის შემდეგაც სამ ათწლეულზე მეტია გასული. ზოგი ცდილობს, ხელი მოითბოს HBO-ს წლევანდელი სერიალის პოპულარობით: ინტერნეტში ვაჭრობს ნივთებით, რომლებიც რაღაცნაირად მაინც უკავშირდება 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას.
უკვე წლებია, კომუნისტური ეპოქის არტეფაქტებით ვაჭრობის ბუმია - პირველ რიგში, ამერიკელი მყიდველების წყალობით. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არის ხალხი, ვინც 500%-იან მოგებას ნახულობს ინტერნეტპორტალებზე (პირველ რიგში, eBay-სა და Etsy-ზე) საბჭოთა პერიოდის დროშებისა თუ მედლების, სამხედრო ფორმებისა თუ სურათების გაყიდვით.
ახლა კი, მაისსა და ივნისში ტელეეკრანებზე სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ, გასაყიდი არტეფაქტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს დაემატა აღწერა „ჩერნობილიდან“, ან „ჩერნობილის ტიპის“.
საბჭოთა პერიოდში 600 ათასამდე ასეთი მედალი დაურიგეს ჯარისკაცებს, მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, სამოქალაქო პირებს...
მედლების ბრიტანელი გადამყიდველები, მაისიდან მოყოლებული, ორმაგ ფასს ითხოვენ.
კარგად იყიდება როგორც მონეტები, რომლებიც ჩერნობილის სხვადასხვა წლისთავს ეძღვნება, ასევე საბჭოთა წარმოების დოზიმეტრები - გამოსხივების რაოდენობის დამდგენი ხელსაწყოები.
20-დან 50-მდე დოლარი ღირს საბჭოთა პერიოდის სამხედრო აირწინაღები, რომლებსაც ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორებს ურიგებდნენ.
31 მაისს eBay-ზე გამოჩნდა, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეთავაზება: „გრაფიტის ბლოკი ორიგინალური საბჭოთა სსრკ ჩერნობილის RBMK-1000 ტიპის ატომური რეაქტორის აქტიური ზონიდან“ 2,800 დოლარად.
ავთენტურია თუ არა ეს ნივთი - დამოუკიდებელ ექსპერტებს არ შეუმოწმებიათ. ბირთვული უსაფრთხოების ჩეხეთის სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი, ფიზიკოსი დანა დრაბოვა არ გამორიცხავს, რომ გრაფიტის ბლოკი მართლაც ჩერნობილის ტიპის ბირთვული რეაქტორის ნაწილი იყოს.
საბჭოთა პერიოდში აშენებული RBMK ტიპის 17 რეაქტორიდან, რომელთაც ჩერნობილისაც ეკუთვნოდა, 10 რეაქტორი დღემდე მოქმედებს. ათივე რუსეთში მდებარეობს. მათ მოდერნიზაცია ჩაუტარდა უსაფრთხოების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.
გრაფიტის ბლოკი, მისი გამყიდველის თანახმად, იმყოფებოდა „დახურულ ლაბორატორიაში“ ჩერნობილის რაიონიდან და ის არასოდეს გამოუყენებიათ ატომური რეაქტორის აქტიური ზონისთვის.
ფიზიკოსი დანა დრაბოვა ასეთი არტეფაქტის მყიდველებს ურჩევს დოზიმეტრის გამოყენებას რადიაციის გასაზომად.
4 ივნისს - სწორედ იმ დღეს, როცა HBO-მ „ჩერნობილის“ ბოლო სერია აჩვენა -eBay-მ მოხსნა ჩერნობილის რეაქტორის გრაფიტის ბლოკად გამოცხადებული შეთავაზება.
დოკუმენტების, მედლების, დროშებისა თუ სამხედრო ფორმებისაგან განსხვავებით, eBay კრძალავს თავის საიტზე რადიოაქტიური ნარჩენებითა და კონტამინირებული მასალით ვაჭრობას.