100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მონაწილეობით, გაფორმდა „მეგობრობის ხელშეკრულება“ თურქეთსა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. სწორედ ყარსის ამ ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთისა და საქართველოს გამყოფი სახელმწიფო საზღვარი, რომელიც 100 წელია არ შეცვლილა, მაგრამ რა იქნება ხვალ? როგორ მოიქცევიან ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ასი წლის გასვლის შემდეგ?
„არაფერი არ იქნება! უფრო ზუსტად, არაფერი არ შეიცვლება, რადგან ამ ხელშეკრულებას არ აქვს 100-წლიანი ვადა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის მკვლევარმა, თურქოლოგმა ზურაბ ბატიაშვილმა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომ თითქოს ყარსის ხელშეკრულებას აქვს 100-წლიანი ვადა და მისი გასვლის შემდეგ თურქეთი მიიერთებს ბათუმს, რაც ტყუილია. არც ამ ხელშეკრულებას აქვს 100-წლიანი ვადა და არც თურქეთი აპირებს საქართველოს დაპყრობას - ეს ყველაფერი გაქარწყლდა დღეს, როცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 100 წელი შესრულდა და ყველაფერი ძველებურად დარჩა“.
რა წერია ყარსის ხელშეკრულებაში?
1921 წლის 23 სექტემბერს ოსმალეთში, ქალაქ ყარსში, დაიწყო მოლაპარაკებები ოსმალეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მოლაპარაკებებში სრულუფლებიან მხარედ მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთიც, რომელიც, ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, თურქეთთან შეთანხმებით მოქმედებდა საერთო მტრის - ანტანტის წინააღმდეგ. ქემალ ათათურქის ოსმალეთისა და საბჭოთა რუსეთის ამგვარი მოკავშირეობა ძვირად დაუჯდათ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
13 ოქტომბერს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მხრიდან ყარსის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სახალხო კომისარმა ალექსანდრე სვანიძემ, საბჭოთა რუსეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრმა, იაკობ განეცკიმ, ოსმალეთის მხრიდან - ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშამ, ველი ბეიმ, მუხთარ ბეიმ, მემდუხ შევქეთ ბეიმ, სომხეთის მხრიდან - ასკანაზ მრავიანმა, პოღოს მაკინზიანმა, აზერბაიჯანის მხრიდან - ბეჰბუდ შაჰტახტინსკიმ.
ყარსის ხელშეკრულების 20 მუხლიდან საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის IV და VI მუხლები.
IV მუხლით დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, იწყება შავ ზღვაზე მდებარე სოფელ სარფთან, გადის ქედის მთაზე, შავშეთის მთების წყალგამყოფ ხაზსა და კანიდაღის მთაზე; შემდეგ მიუყვება არდაგანისა და ყარსის სანჯაყების ძველ ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს. საქართველოსთან საზღვრის ამგვარი დადგენა იმას ნიშნავდა, რომ ოსმალეთის შემადგენლობაში რჩებოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ართვინისა და არტაანის ოლქების სახით.
VI მუხლი შეეხება „ბათუმის ოკრუგსა“ და ბათუმის პორტს. უფრო ზუსტად, თურქეთი უთმობს „ბათუმის ოკრუგს“ საბჭოთა საქართველოს შემდეგი პირობით:
- ა) აჭარამ უნდა მიიღოს ფართო ავტონომია, მოსახლეობას გარანტირებული უნდა ჰქონდეს კულტურული და რელიგიური უფლებების დაცვა;
- ბ) ოსმალეთს უფლება ეძლევა, ბათუმის პორტი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე გამოიყენოს ტვირთების გადაზიდვისათვის.
რუსეთის დამღუპველი ხელგაშლილობა
საბჭოთა საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს პროტესტი არ გამოუთქვამს საბჭოთა რუსეთის ხელგაშლილობის გამო. ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, ქართველი ბოლშევიკებისთვის ყარსში ახალი არაფერი მომხდარა.
„ყარსის ხელშეკრულებით რაც დადგინდა, ის მოსკოვის ხელშეკრულებით უკვე დადგენილი იყო. უბრალოდ, ყარსის ხელშეკრულებით გამართული იურიდიული სახე მიეცა მოსკოვის ხელშეკრულებას“, - უთხრა დიმიტრი სილაქაძემ რადიო თავისუფლებას.
მოსკოვის ხელშეკრულება გაფორმდა 1921 წლის 16 მარტს, ერთი დღე-ღამით ადრე, ვიდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყანას დატოვებდნენ.
დიმიტრი სილაქაძის თქმით, მოსკოვში რუსეთ-თურქეთის მიერ გაფორმებული „ხელშეკრულება მეგობრობასა და ძმობაზე“, ნამდვილი ნონსენსი იყო, რადგან, ერთი მხრივ, საბჭოთა რუსეთი და, მეორე მხრივ, ოსმალეთი, იყოფდნენ დე იურედ აღიარებული ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიას.
მოსკოვის ხელშეკრულებამ დე ფაქტო გააფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაყოფა, ყარსის ხელშეკრულებამ კი ეს გაყოფა იურიდიულად გამართა.
მაინც რატომ იყო რუსეთი ასეთი ხელგაშლილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების გაფორმების დროს?
ისტორიკოს ირაკლი ირემაძის თქმით, კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს დასაპყრობად, წითელი არმია და კავბიურო, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევდნენ წარმატებას, თუკი თურქეთი შეინარჩუნებდა მინიმუმ ნეიტრალიტეტს. შესაბამისად, საბჭოთა რუსეთი და ქართველი ბოლშევიკები მზად იყვნენ მნიშვნელოვანი დათმობისთვის.
დიმიტრი სილაქაძის თქმით კი, ოსმალეთისა და საბჭოთა რუსეთის კავშირს კვებავდა საერთო მტერი - ანტანტა, რომელიც ერთი მხრივ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ თეთრ მოძრაობას აფინანსებდა, მეორე მხრივ, პრობლემებს უქმნიდა ანკარაში მყოფ ქემალ ათათურქს, რომელიც ასევე ანტანტის წაქეზებით შეჭრილ ბერძნებს ებრძოდა, თვითონ ანტანტის ძალებს კი დაკავებული ჰქონდათ სტამბოლი.
„საერთო მტრიდან გამომდინარე ჰქონდათ მოკავშირეობა. შესაბამისად, საბჭოთა რუსეთი იყო ხელგაშლილი იმიტომ, რომ იმ პერიოდში მას და თურქეთს ჰყავდათ საერთო მტერი და ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს. კავკასიაში მიწების გადანაწილებაც აქედან გამომდინარე მოხდა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
ოსმალეთი, ცხადია, ბათუმსაც ითხოვდა, თუმცა, როგორც ისტორიკოსი ენდრიუ ანდერსენი ამბობს [„საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921 წწ.“], მოლაპარაკების დროს, რომელიც თითქმის სამ კვირას გაგრძელდა, კრემლის წარმომადგენლებმა თურქების მოთხოვნების უმეტესობა მიიღეს, მაგრამ კატეგორიულად უარი თქვეს თურქეთთან ბათუმის მიერთების დაშვებაზე:
„ბოლშევიკებს ჯიუტად არ სურდათ თავისი მოკავშირეების სასარგებლოდ ბათუმის ნავსადგურზე უარის თქმა, რადგან საბჭოთა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სტაბილური კონტროლი არა მხოლოდ ბაქოს ნავთობის საბადოებზე (რაც მიღწეული იყო აზერბაიჯანის სოვეტიზაციით), არამედ ასევე ბაქოს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საზღვაო ტერმინალთან დამაკავშირებელ მილსადენსა და რკინიგზაზე“.
მითები ყარსის ხელშეკრულების გარშემო
ყარსის ხელშეკრულება ოცი მუხლისაგან შედგება, ექვსი მუხლი ხელმოწერის დღიდან შევიდა ძალაში, დანარჩენი კი - რატიფიკაციის შემდეგ.
ყარსის ხელშეკრულების სარატიფიკაციო სიგელები გაიცვალა ერევანში, 1921 წლის 11 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ხუთ ენაზე და დოკუმენტს არ აქვს საიდუმლო მუხლები, ყარსის ხელშეკრულების გარშემო მაინც გაჩნდა არაერთი მითი, მათ შორის:
- ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს გასდის ვადა, რის შემდეგაც სათუო ხდება აჭარის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი;
- 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა;
- ყარსის ხელშეკრულება აჭარაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის უფლებას ითვალისწინებს.
ზურაბ ბატიაშვილის თქმით, სინამდვილეში, ყარსის ხელშეკრულება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული, 2021 წელს მას არ გაუდის ვადა და, შესაბამისად, არც აჭარის კუთვნილების საკითხი დადგება დღის წესრიგში. ასევე რუსეთის არანაირ „გარანტორობაზე“ ხელშეკრულებაში საუბარი არ არის, ისევე როგორც მასში საერთოდ არაა ნახსენები რეფერენდუმი.
ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ამ უსაფუძვლო მითებით პრორუსული ძალები ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
„სამწუხაროდ, ეს ძალები არსად წასულან. ალბათ, მალე ახალ ტყუილს მოიგონებენ თურქეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. საქართველოში, არცთუ ისე იშვიათად, იქმნება ხოლმე ნოყიერი ნიადაგი ასეთი ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისათვის, განსხვავებით თურქეთისგან, სადაც ყარსის ხელშეკრულება საერთოდ არ განიხილება. თურქეთისთვის საქართველო ის მეზობელია, რომელთანაც არანაირი პრობლემა არ აქვს. თანაც თურქეთში ასე ადვილი არ არის, შექმნა პრორუსული ნარატივი და ავრცელო ის ფართო საზოგადოებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც აღიარა ყარსის ხელშეკრულება.
1992 წლის 30 ივლისს საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების პრეამბულა გვამცნობს:
„მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“.
1992 წლის 30 ივლისს თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ სულეიმან დემირელი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე უვადოა, უფრო ზუსტად, როგორც ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, ათწლიანია, მაგრამ თუ არცერთი მხარე არ გამოთქვამს პრეტენზიას, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველ მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ „100-წლიან მითს“, დიმიტრი სილაქაძე ამბობს:
„აი, გავიდა 100 წელი და, იმედია, ის ადამიანები, ვინც მოტყუვდნენ და გაუაზრებლად იმეორებდნენ უსაფუძვლო მითებს, ახლა მაინც გაიაზრებენ ამას ან, უბრალოდ, აიღებენ და ხელშეკრულებას წაიკითხავენ“.