მესამე დღეა, სამი შვილის დედა თამთა ჟვანია ოზურგეთის სასამართლოს წინ გაშლილ კარავში ათევს ღამეს და მოითხოვს სასამართლომ დროულად დაასრულოს მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მასზე და მის შვილებზე ჩადენილი ძალადობის გაჭიანურებული სისხლის სამართლის საქმე და, რაც მთავარია, წერტილი დაუსვას ამავე სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო დავას, რომლითაც თამთა ყოფილი ქმრისგან მათი საერთო ექვსი წლის შვილის დაბრუნებას მოითხოვს.
დედასთან ურთიერთობა ბავშვს მამამ სამი წლის წინ, მეუღლის ემიგრაციაში ყოფნის დროს აუკრძალა, სადაც ის სამუშაოდ ქმრის დაჟინებული მოთხოვნით იყო წასული.
თამთას, როგორც ემიგრანტი დედის თავს გადამხდარი ამბავი არ არის გამონაკლისი შემთხვევა. მსგავსი გამოცდილება საქართველოდან ოჯახის სარჩენად გადახვეწილ არაერთ ქალს აქვს.
ამ სტატიაში გიამბობთ:
- როგორ შეიძლება ემიგრანტი დედა სრულიად მარტო აღმოჩნდეს სისტემის წინაშე და წლების განმავლობაში ვერ მიაღწიოს სამართალს.
- როგორ შეიძლება სასამართლომ ბავშვი დატოვოს მოძალადის სტატუსის მქონე მამასთან.
- ვინ იცავს ასეთ ვითარებაში ძალადობაგამოვლილ ქალსა და ბავშვებს.
საპროტესტო კარვის დადგმა
თამთა ჟვანიას და მისი შვილის მიმართ ძალადობის საქმის განხილვა ოზურგეთის სასამართლოში უკვე მესამე წელია მიდის.
თამთას სამი შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი, მესამე კი, 6 წლის გოგონა, რომლის დასაბრუნებლადაც ახლა ბრძოლა უწევს, მეორე ქორწინებიდან ჰყავს.
ყოველ ჯერზე, როცა თამთა საქმის დაჩქარებას ითხოვდა, პროკურატურა სასამართლოსკენ იშვერდა ხელს. ოზურგეთის სასამართლოში კი, სადაც სულ ორი მოსამართლეა, პროცესის გაჭიანურების მიზეზად, დატვირთულ გრაფიკს და ბევრ განსახილველ საქმეს იმიზეზებდნენ.
2024 წლის 4 ივნისს, როგორც იქნა, მოსამართლემ მორიგი სხდომა დანიშნა. თამთა ჟვანია დაკითხეს, მან სასამართლოს თავისი არასრულწლოვანი გოგოს დაზიანებული სახის ფოტოც აჩვენა, იმის დასტურად, რომ მისი ყოფილი მეუღლე მის შვილზე, რომელიც თამთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ფიზიკურად ძალადობდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საქმის მასალებში საერთოდ არ იდო.
თამთას დაკითხვის შემდეგ, ბავშვის დაკითხვის დრო მოვიდა, თუმცა გაირკვა, რომ მას ფსიქოლოგის დაუსწრებლად ვერ გამოკითხავდნენ - სასამართლოს კი ფსიქოლოგი არ ჰყავდა.
დედა-შვილი სასამართლოში ხელმეორედ პირველ ივლისს დაიბარეს, ოღონდ ფსიქოლოგი თავად თამთას უნდა ეშოვა. იშოვა, თანხაც გადაიხადა, ჩაბარგდა და ის იყო, თბილისიდან ოზურგეთისკენ უნდა აეღო გეზი, - თამთა თბილისში ცხოვრობს, - რომ დაურეკეს, თქვენი სხდომა გაუქმებულია, რადგან სხვა სისხლის სამართლის სხდომა დაინიშნაო.
თამთა ჟვანია დაინტერესდა, როდის გაიმართებოდა მისი პროცესი, რაზეც პროკურორმაც და მოსამართლის თანაშემწემაც უპასუხეს, რომ ამაზე პასუხი არ ჰქონდათ: „არ ვიცი“, - ასე უპასუხეს მას.
„ეს "არ ვიცი" იყო ბოლო წერტილი, - ამბობს თამთა, - მივხვდი, რომ ვეღარავინ გამაჩერებდა“.
ოზურგეთში ჩავიდა, სასამართლოს შენობის გვერდზე პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა და წასვლას იმ დრომდე არ აპირებს, სანამ მისი საქმის განხილვა არ გაგრძელდება.
კარვის გაშლის შემდეგ მალევე ამცნეს, რომ სხდომა, რომლის სავარაუდო თარიღიც მანამდე უცნობი იყო, მოულოდნელად, 12 ივლისს დაინიშნა:
„მოსამართლემ შემომითვალა, კარავში ყოფნით ვერაფერს შეცვლი, სახლში წადიო. მაგრამ თუ არ ვიბრძოლე, ამ საქმეს კიდევ ერთი წელი გაწელავენ. მე რომ თავი დამანებოთ, ლაპარაკია 11 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაზე. უმცროსი შვილი რა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, ეს კიდევ ცალკე ამბავია“, - გვიყვება თამთა ჟვანია.
ძალადობის დასაწყისი
თამთა ჟვანიას თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტურისტული სააგენტო ჰქონდა და გიდადაც მუშაობდა. მისი მომავალი მეორე ქმარი ტაქსისტი იყო - ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, დაახლოვდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ეს ორივესთვის მეორე ქორწინება იყო.
როგორც თამთა იხსენებს, ყველაფერი კარგად იყო იმ დღემდე, როცა ნათესავის დაბადების დღიდან წამოსულებს პირველი კამათი მოუვიდათ. თამთას ქმარი, რომელიც ნასვამი იყო, დაჟინებით მოითხოვდა კაზინოში შესულიყვნენ და ეთამაშათ, რასაც თამთა შეეწინააღმდეგა. პასუხად კი, კაცმა ქალს თავში ღვინით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლა. ამ ამბავს პოლიცია შეესწრო.
მაშინ თამთამ ჩვენებაში დაწერა, რომ „უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ“, რადგან, როგორც იხსენებს, არ სურდა მისი ციხეში გაშვება. მის ქმარს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, დროებით ცალ-ცალკეც ცხოვრობდნენ, თუმცა ოჯახის, ნათესავების ჩარევის, ბოდიშების და თხოვნის შემდეგ მაინც შერიგდნენ.
მათი პირველი საერთო შვილიც დაიბადა.
თუმცა, როგორც თამთა იხსენებს, მისი ყოფილი მეუღლე რადიკალურად შეიცვალა მისი პირველი ორი შვილის მიმართ:
„თითქოს მისი მოსამსახურეები ვიყავით, ისე გვექცეოდა, ეს მომიტანე, ის მომიტანე… ვემორჩილებოდით. როგორც ჩანს, როცა მოძალადესთან ცხოვრობ, მართლა შეიძლება "სტოკჰოლმის სინდრომი" ჩაგერთოს“.
მაგრამ ერთ დღეს, ერთ-ერთი მორიგი დავალების მიცემისას, თამთას უფროსი ვაჟი მამობილს არ დაემორჩილა, რასაც მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.
„ფეხქვეშ გაიგდო, - იხსენებს თამთა, - მე კი 112-ში დავრეკე, მაგრამ ტელეფონი გამომგლიჯა, მიანარცხა და დამემუქრა, როგორც კი პატრულში დარეკავ და მიჩივლებ, მეორე დღეს მოგკლავო. აბსოლუტურად მარტო ვიყავი, დაუცველი და შეშინებული“.
კოვიდპანდემიის დასაწყისი იყო. მაშინ ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა. სწორედ იმ პერიოდში, თამთას მისმა მამიდაშვილმა კვიპროსზე სამთვიანი სამუშაო შესთავაზა. რადგან თბილისში თითქმის ყველაფერი გაჩერებული იყო, თამთამ დროებით წასვლა გადაწყვიტა.
მისი ყოფილი ქმარი და სამივე შვილი თბილისში დარჩნენ. ოზურგეთიდან დასახმარებლად ქმრის ნათესავი ქალი ჩამოვიდა. თამთა სრულ ხელფასს, შვიდას ევროს ბოლო თეთრამდე თბილისში აგზავნიდა, მაგრამ კაცმა მალე შეუთვალა, ეგ ფული არ გვყოფნის და რაიონში წავალთ, დედაჩემის სახლშიო.
თამთას უფროსი შვილი მამასთან დარჩა, თბილისში, უმცროსები კი მისმა უკვე ყოფილმა მეუღლემ ოზურგეთში წაიყვანა.
კვიპროსიდან წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მაგრამ სამ თვეში დაბრუნდა თუ არა, თამთამ ქმარს შესთავაზა, იქნებ ცალკე გადავიდეთო, რაზეც უარი მიიღო.
ამასობაში კოვიდის ახალი ტალღა წამოეწიათ. სამსახურები გაჩერდა. შემოსავალმა კვლავ იკლო. ერთ დღესაც, თამთას ქმარმა უთხრა, ყველა ქალი იტალიაშია სამუშაოდ, შენც წადიო.
„მე რომ ვუთხარი, მე როგორ დავტოვო ამდენი ხნით 2 წლის ბავშვი, შენ იმუშავე-მეთქი, ისე გაბრაზდა, თვალში სანთებელა მესროლა. მისმა ოჯახმა იმდენი ქნა, მაიძულეს, რომ იტალიაში წავსულიყავი სამუშაოდ სწორედ იმ დროს, როცა იქ ათასობით ადამიანი კვდებოდა. ვიფიქრე, გავრისკავ, იქნებ ფული მოვაგროვო და ამ ჩხუბსაც ბოლო მოეღოს-მეთქი და წავედი“.
ემიგრაციაში გაწყვეტილი კონტაქტი
თამთა ჟვანია თავიდან ძალიან რთულ სამუშაოზე მოეწყო. გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდა. მოხუცს უვლიდა. აღებულ ფულს კი ისევ საქართველოში გზავნიდა. მუდმივად ჰქონდა ონლაინკონტაქტი შვილებთან - უმცროსი 2 წლისა იყო, შუათანა 11-ის.
„ინტერნეტით ვზრდიდი, როგორც ყველა ემიგრანტი დედა. ზღაპრებს და ლექსებს ვასწავლიდი“.
დრო გადიოდა, თამთას ქმარი კი სულ უფრო ხშირად ჩიოდა, რომ ფული ისევ არ ჰყოფნიდათ. მალე გაირკვა, რომ ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილ ხელფასს ონლაინკაზინოში ხარჯავდა. არც ძიძას უხდიდა ფულს და 11 წლის გერს აიძულებდა საქმის კეთებას, დის მოვლას და ა.შ.
შუათანა ბავშვი დუმდა და დედას არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ „კის“ და „არას“ პასუხობდა კითხვებზე, თუმცა თამთა გრძნობდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო.
„ხომ არ გირტყამს-მეთქი, ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ მოძალადე იყო. ჩემს შეკითხვას პაუზა მოჰყვა“.
მერე კი ბავშვმა დედას თავისი დაზიანებული სახის ფოტო გაუგზავნა. ასე გაიგო თამთამ, რომ მისი ქმარი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა.
112-მა იტალიიდან დარეკილ ზარზე რეაგირება არ მოახდინა, ან ადვოკატმა უნდა დაგვირეკოს, ან სხვა მინდობილმა პირმაო, უპასუხეს. თამთას გაახსენდა, რომ ერთ ადვოკატს იცნობდა და მას სთხოვა დახმარება. შუათანა შვილი მოტყუებით გამოიყვანეს სახლიდან და ოზურგეთიდან წაიყვანეს.
ამის შემდეგ კი თამთამ თავისი ქმრის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით სასამართლოსაც მიმართა. ფულის გაგზავნა კი შეწყვიტა.
„თუმცა, რადგან ჩემი უმცროსი შვილი იქ რჩებოდა, მისთვის ვგზავნიდი ისევ ყველაფერს, ტანსაცმელს, საკვებს, სათამაშოს“.
ფულადი გზავნილების შეწყვეტა და ბავშვის ტელეფონის გაქრობა ერთი იყო.
ბავშვს დედას არ ალაპარაკებდნენ. კონტაქტი სრულად შეწყდა. თამთას ვერც ადგილობრივი სოციალური მუშაკი დაეხმარა. ეუბნებოდნენ, მამა ამის წინააღმდეგიაო.
ამასობაში, პირველი ორი შვილის ჩვენების საფუძველზე, ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. თუმცა, როგორც თამთა გვიამბობს, ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ახლაც თამთა ჟვანიას საქმის მოსამართლეა, ბრალდებული მეორე დღესვე გამოუშვა 8-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა.
„მეუბნებოდა, კუბოთი ჩამოგიყვანთ მანდედან, რომ ჩამოხვალ, ცოცხალს არ დაგტოვებო“.
2022 წლის ზაფხულში თამთა საქართველოში დაბრუნდა და პოლიციის, ადვოკატისა და სოცმუშაკების თანხლებით ოზურგეთში ბავშვის სანახავად მივიდა.
ბავშვმა დედა იცნო, მისკენ გაიწია და ჩაეხუტა, თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ის იმ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რაც თამთამ თავად გაავრცელა - მამა ბავშვს დედის ხელიდან გლეჯს და მიჰყავს.
იმ პერიოდში თამთა ჟვანიას ეხმარებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომლის ადვოკატი ანა თავხელიძე სასამართლოსგან მოითხოვდა პასუხს, რატომ დაუტოვეს ბავშვი მოძალადე მამას.
თამთა ჟვანია იხსენებს სოცმუშაკების სიტყვებსაც, თუ როგორი „ბედნიერი იყო ბავშვი მამასთან და რა კარგად გრძნობდა იქ თავს“. ნახევარი წელი იბრძოლეს, თუმცა სასამართლომ ბავშვის მამის სახლიდან გამოყვანის მოთხოვნა არცერთხელ არ დააკმაყოფილა.
თუმცა, მამას ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაუდგინდა, რადგან მას არ აძლევდა დედასთან კონტაქტის და ლაპარაკის ნებას და ბავშვი სასამართლომ დაზარალებულად ცნო.
იმ პერიოდში თამთა ჟვანიამ ოზურგეთის სასამართლოში სამოქალაქო საჩივარიც შეიტანა, მას მერე ორი წელი გავიდა. მოსამართლემ მოკვლევის შედეგად ბავშვი დედას მიაკუთვნა. ოღონდ თამთას დრო მისცეს, რომ რადგან ბავშვი დედას გადაჩვეული იყო, თავიდან დაწესებული რეჟიმით უნდა ენახა, მისჩვეოდა. შემდეგ კი წამოეყვანა.
დედა-შვილის შეხვედრის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა. მაგრამ მეორე დღეს ბავშვმა დედის დანახვისას მოულოდნელად ყვირილი ატეხა.
მალე ისევ სასამართლოს გზით გაირკვა, რომ ბავშვი შეშინებული იყო - მამა და ბებია ეუბნებოდნენ, თუ დედას გაჰყვები, ბნელ ოთახში ჩაგკეტავს და საჭმელს არ მოგცემსო.
ისევ გაიმართა სასამართლო. თუმცა, მოსამართლემ თქვა, ბავშვს ძალით ვერ გამოვიყვანთო. დედას კი ურჩია, ოზურგეთში იყავი, შეიჩვიე და მერე წაიყვანეო.
თამთა ჟვანია ისევ პოლიციაში მივიდა.
„ვუთხარი, ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა და აქ რომ ვიცხოვრო, თქვენ აგებთ პასუხს ჩემს სიცოცხლეზე-მეთქი?“
სოცმუშაკები ისევ აცხადებდნენ, რომ ბავშვი იქაურ გარემოს და მამას იყო მიჩვეული და იქ უნდა დარჩენილიყო. საბოლოოდ, მოსამართლემ ბავშვი დროებით ისევ მამასთან დატოვა. დედას კი ალიმენტი დააკისრა და უფლება მისცა, ბავშვი ფსიქოლოგის თანდასწრებით ენახა შაბათ-კვირას.
საქმე, ფაქტობრივად, დასრულებულია, თუმცა ძალაში რომ შევიდეს, საამისოდ, მოსამართლემ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა დაწეროს და თამთა ჟვანიას გადასცეს. რატომღაც ეს პროცესიც ამ დრომდე ჭიანურდება.
იურისტი ანა თავხელიძე, რომელიც კოლეგებთან ერთად თამთა ჟვანიას საქმეში ადვოკატად იყო ჩართული, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ საქართველოში დედის ემიგრანტობას ხშირად იყენებენ ძალადობის ჩასადენად.
თამთა ჟვანიას საქმის შეფასებისას ანა თავხელიძე შენიშნავს, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ყველა რგოლმა უგულებელყოს ემიგრანტი ქალის მოთხოვნები - სოცმუშაკებიდან დაწყებული, მოსამართლის ჩათვლით.
„სასამართლოზე ისიც გავარკვიეთ, რომ სოცმუშაკი საერთოდ ბავშვთა საკითხებშიც კი არ იყო სპეციალიზებული. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვთან გასაუბრება მოძალადე მშობლის თანდასწრებით ტარდებოდა, რაც ცხადია, გამორიცხავს შეფასების სანდოობას. ხოლო როცა პროტოკოლით ბავშვის გამოკითხვა მოვითხოვეთ, პროცესს, ფაქტობრივად, მამა დაასწრეს - სავარაუდო მოძალადე და მაგ დროისთვის ბრალდებული მამა მეორე ოთახში ელოდა ბავშვს. ხოლო ბავშვი დროდადრო მამასთან გადიოდა ხოლმე. ცხადია, ბოლოს ითქვა, რომ მისგან ინფორმაცია ვერ მიიღეს და ეს ლოგიკურია: როცა ბავშვმა იცის, რომ ის სადღაც მიდის მამაზე სასაუბროდ და ის ისევ მამასთან უნდა დაბრუნდეს, ის აზრს თავისუფლად ვერ გამოთქვამს“, - ეუბნება ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას.
ანა თავხელიძის შეფასებით, მოსამართლე, რომელმაც ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო, ადგილობრივი ფსიქოლოგისა და სოცმუშაკების გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი ბავშვს მამის ოჯახიდან არ გამოიყვანდნენ.
„თუმცა იმის დასადგენად, რომელი მშობელია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, საკმარისია საქმეს ჩავხედოთ და ვნახოთ, ვის აქვს მოძალადის სტატუსი. ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საქმეა და ის, რომ ამას სახელმწიფო არ აღასრულებს, ეჭვს მიჩენს, რომ ის არის მიკერძოებული ამ კონკრეტულ საქმეში“, - ამბობს ანა თავხელიძე.
წადით სახლში! - რას ეუბნება თამთას სისტემა?
თამთა ჟვანიას საქმეზე დეტალების დასაზუსტებლად ოზურგეთში რამდენიმე ადამიანთან ვცადეთ გასაუბრება.
დავურეკეთ სოცმუშაკს, რომელსაც თამთა ჟვანიას უმცროს შვილთან და მისი მამის ოჯახთან აქვს კავშირი, თუმცა მან გვითხრა, რომ ვერანაირ პერსონალურ ინფორმაციას ამ ამბავზე ვერ გასცემდა და მალე დაგვემშვიდობა, ტელეფონი გაგვითიშა.
შევეხმიანეთ ორივე, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე, მოსამართლის თანაშემწეებს - ერთმა საერთოდ არ გვიპასუხა, მეორემ სასამართლოს საქმეთა მმართველთან, ზვიად მახარაძესთან გადაგვამისამართა.
მახარაძემ ვერ გვიპასუხა, რატომ ვერ დასრულდა სამი წლის წინ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე, მხოლოდ ის გვითხრა, რომ სასამართლოს აქვს თავისი განრიგი, რომ შესულია ბევრი საქმე და შეძლებისდაგვარად ინიშნება პროცესები.
„ეს საქმე საკმაოდ მოცულობითი იყო, ჯერ კიდევ დასაკითხია მოწმეები და მეტი დრო სჭირდება. მოსამართლეს ვერ დავაჩქარებთ“, - გვითხრა მან.
ხოლო სამოქალაქო საქმის განხილვა, ზვიად მახარაძის თქმით, დასრულებულია და თამთა ჟვანია დასაბუთებულ გადაწყვეტილებას „ამ დღეებში მიიღებს“.
თამთა კარვის დაშლას და სახლში წასვლას არ აპირებს. მოითხოვს, სასწრაფოდ დადგინდეს, რომ მისი ყოფილი ქმარი მოძალადეა და ამისათვის პასუხი აგოს. ასევე მოითხოვს, დროულად გამოიკვლიონ მისი ექვსი წლის შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თუ მასზე მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელმწიფომ იზრუნოს ბავშვის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე.
„და მთავარი, - გვეუბნება თამთა ჟვანია, - მე აქ ვდგავარ სხვა ემიგრანტი დედებისთვისაც, ვისაც, შესაძლოა, ასეთი პრობლემა შეექმნას: წავიდეს სამუშაოდ, ვირივით იშრომოს, და რომ ჩამოვა, შვილი აღარ დაუბრუნონ. მე ვარ ამის მაგალითი, რომ ამ დრომდე სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ შვილს ვერ ვიბრუნებ“.