თბილისში, კოსტავას ქ. N9-ში, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სამსართულიან შენობაში, მრავალი წლის წინ ცხოვრობდა არაჩვეულებრივი კაცი, ფრანგული განათლებითა და ევროპულად აპრეხილი ულვაშებით - გერმანე გოგიტიძე, რომელსაც ბედმა ქართული კინოწარმოებისა და მხატვრული კინოს პიონერობა არგუნა.
კოსტავას ქ. N9 (ყოფილი ლენინის ქ. N15) რომ გერმანე გოგიტიძის მისამართი იყო არაერთი წლის განმავლობაში, ამაზე მიუთითებს მემორიალური დაფა, რომელიც კინომცოდნე პაატა იაკაშვილის ძალისხმევით 2013 წლის ივლისში გაიხსნა, თუმცა, მემორიალური დაფის გარდა, ასევე შემორჩენილია 1928 წლით დათარიღებული დოკუმენტი, უძრავ ქონებათა სამმართველოსადმი საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ:
„ჩვენი კავშირის წევრი ამხ. გერმანე გოგიტიძე მიემგზავრება სპარსეთში, ქ. ტეგერანში, დროებით სამუშაოზე. საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობა გთხოვთ გასცეთ სათანადო განკარგულება, რათა ბინა მისი ლენინის ქუჩა N15-ში იყოს დაცული და მასზე დატოვებული“. ხელს აწერს კავშირის თავმჯდომარე ნ. შესტოვი.
ეს და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი, გერმანე გოგიტიძის მოგონებებთან ერთად, თავმოყრილია საზოგადოებრივ გამომცემლობა სა.გა.-ს ჯიბის წიგნების სერიის მეცხრე წიგნში, „ქართული კინოს ისტორიიდან“ (ორიგინალები კი ინახება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში), რომელშიც გასული საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისის ყოფისა და კულტურული ცხოვრების ბევრი საყურადღებო დეტალია აღწერილი, თუმცა გერმანე გოგიტიძის ყველაზე მნიშვნელოვანი დანატოვარი მაინც პირველი ქართული მხატვრული ფილმი, „ქრისტინეა“, რომლის ნაწილი თბილისშია გადაღებული და, შესაბამისად, ინახავს XX საუკუნის 10-იანი წლების თბილისის ცოცხალ კადრებს.
თბილისი პირველ მხატვრულ ფილმში
1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე, გაზეთი „ერთობა“ მკითხველს აუწყებდა, რომ თეატრ „აპოლოში“ დადგმული იქნებოდა სურათი „ქრისტინე“ - დრამა, გადმოკეთებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან. სცენარი რეჟ. ალ. წუწუნავასი, გამოცემა გერმან გოგიტიძისა“.
„ქრისტინეს“ გადაღების იდეა გერმანე გოგიტიძეს ჯერ კიდევ 1915 წელს გაუჩნდა, ერთ-ერთი საზღვარგარეთული სურათის ნახვის შემდეგ. გოგიტიძემვე შეარჩია ნინოშვილის მოთხრობაც, რეჟისორიც (ალ, წუწუნავა) და გოგიტიძემვე იშოვა გადაღებისთვის საჭირო ფული - კრედიტი, რომელიც, სასტუმრო „ვეტცელის“ დირექტორის ნოე სიხარაულისა და სტამბის მფლობელ ბართლომე კილაძის შუამდგომლობით, ამიერკავკასიის ბანკმა გამოუყო.
ალექსანდრე წუწუნავა, როგორც თეატრის რეჟისორი, მალევე გადავიდა როსტოვში სამუშაოდ ისე, რომ „ქრისტინე“ დაუსრულებელი დარჩა. მოგვიანებით დაწერა კიდეც, „ქრისტინეზე“ 1917 წლის დასაწყისამდე ვიმუშავე, მხოლოდ სამი ნაწილი გადავიღე - ქრისტინეს ქალაქში ჩამოსვლა ნატალიასთან მისვლამდე, მეტი ვერ მოვასწარი, ქალაქის სცენები უჩემოდ იქნა გადაღებულიო.
თბილისის სცენები - ჯამში, ორი ნაწილი - გერმანე გოგიტიძემ (რეჟისორი) და ალექსანდრე დიღმელოვმა (ოპერატორი) გადაიღეს. ამ დროისათვის დიღმელოვი უკვე გამოცდილი ოპერატორია და შარლ პატეს კინოჟურნალებისათვის გადაღებული აქვს „ყარაჩოღელთა ქეიფი მცურავ ტივზე“ , „თბილისის ბოტანიკური ბაღი“, „ვასილიევის, უტოჩკინის და ქებურიას პირველი გაფრენა“.
დახეტიალობს გაუბედურებული ქრისტინე თბილისის ქუჩებში, მტკვრის სანაპიროზე; დროს ატარებს ორთაჭალის ბაღში, მათხოვრობს მეტეხის ხიდზე და მას ყველგან დაჰყვება დიღმელოვის კამერა, რომელიც, ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტს რომ დავესესხოთ, „დოკუმენტური მანერით, შეულამაზებლად გვიჩვენებს ქალაქის პირქუშ გარემოს. კინოკამერა სტატიკურად, ზოგჯერ პრიმიტიულ დონეზე, ნაივურად ასახავს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას“.
ფილმის მხატვრად გერმანე გოგიტიძეს აყვანილი ჰყავდა დიმიტრი შევარდნაძე, ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული ფიროსმანისტი, რომელსაც უკვე შესრულებული ჰქონდა ესკიზები ალ. წუწუნავას მიერ დადგმული სპექტაკლისათვის „ქრისტინე“. როგორც ოლიკო ჟღენტი ამბობს, შევარდნაძის ფიროსმანისტობამ საგრძნობი კვალი დაამჩნია პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს:
„ფიროსმანის ბიოგრაფიული მოტივები და მისი ფერწერული ნახატების ენერგეტიკა, ის განწყობა, რაც მხატვრის მიმართ „ფიროსმანისტთა“ წრეებში სუფევდა, ფილმ „ქრისტინეზეც“ აისახა: ისევე, როგორც ფიროსმანის ფერწერულ ტილოებზე, ფილმშიც გაჩნდა სამიკიტნოები, ღია ცის ქვეშ გაშლილი თეთრი სუფრები, ორთაჭალის ბაღი, თავისი მოქეიფეებითა და ტურფა ქალებით. ფილმის პერსონაჟები - ქრისტინე და სონა - ფიროსმანის ნახატის პერსონაჟებს მოგვაგონებენ (სოფლის თავსაფრიან ქალებს ან ქალაქელ ქალბატონებს). ორთაჭალელი ტურფას მსგავსად, სონაც თავდაპირველად კადრში უზარმაზარი გაშლილი მარაოთი პროფილში გამოჩნდება. ფიროსმანის ორთაჭალის ტურფებივით, ქრისტინეს პერსონაჟსაც ახასიათებს იდუმალი სევდა და მელანქოლიურობა, რაც განსაკუთრებით ორთაჭალის ბაღებსა და ქალაქში ხეტიალის ფინალურ ეპიზოდებში იგრძნობა“ (ო. ჟღენტი, „თბილისი ქართულ კინოში“).
თბილისის პანორამა იშლება ფილმის ბოლო, ფინალურ სცენაში, როცა მესაფლავეები ქრისტინესთვის საფლავს ჭრიან. ფონად მოჩანს თბილისის ხედი და მტკვარზე გადებული ვერის ძველი ხიდი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით აშენდა 1884 წელს და ერთგულად ემსახურებოდა თბილისელებს მრავალი წლის განმავლობაში, ვიდრე 1952 წელს მის ნაცვლად დღევანდელი - გალაკტიონის სახელობის - ხიდი არ აშენდა.
კინომცოდნე ნინო ძანძავას თქმით, იმის გამო, რომ „ქრისტინე“ სრული სახით არ შემორჩა, შესაძლებელია, თბილისი ბევრად მეტი ეპიზოდით ყოფილიყო წარმოდგენილი პირველ მხატვრულ ფილმში.
„საერთოდ, ამ ფილმს ცუდი ბედი დაჰყვა. 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალების შესვლის შედეგად „ქრისტინეს“ კინოფირი, გოგიტიძის დანარჩენ ქონებასთან ერთად (ოზურგეთში გოგიტიძე ფლობდა საკუთარი სახსრებით აგებულ 300 კაცზე გათვლილ თეატრის შენობას), დაიწვა. თუმცა, თბილისში ნანახი ნეგატივების წყალობით, მან ფილმის ნაწილობრივ აღდგენა და ახალი ასლის დამზადება მოახერხა, მაგრამ, რეალურად, ჩვენ არ ვიცით, „ქრისტინესთვის“ გადაღებული თბილისის რამდენად სრული სურათი გვაქვს შემორჩენილი“, - ამბობს ნინო ძანძავა.
1917 წლის 8 ოქტომბრის “თეატრი და ცხოვრების“ მიხედვით ცნობილია, რომ „ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ გერმანე გოგიტიძის თაოსნობით და ალ. წუწუნავას ხელმძღვანელობით ალაგობრივ გადაიღეს ლენტზე - გურიაში, თბილისში, ორთაჭალაში, სასაფლაოზე, რკინის გზაზე და სხვ.“
ანათემაზე გადაცემული და რეპრესირებული
გერმანე გოგიტიძე იყო პირველი ქართველი პროდიუსერი და კინომეწარმე, რომელმაც, როგორც კინომცოდნე ნინო ძანძავა ამბობს, სისტემური ხასიათი მისცა და ინდუსტრიულ რელსებზე შეაყენა ქართული კინო. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახკინმრეწვს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გერმანე გოგიტიძე, „ქრისტინეს“ გარდა, ასევე იყო პროდიუსერი არაერთი ქართული მხატვრული ფილმისა, მათ შორის 1923 წელს ივანე პერესტიანის მიერ გადაღებული „სურამის ციხისა“. გოგიტიძე თავის მოგონებებში სწორედ „სურამის ციხის“ გადაღებაზე მუშაობის დეტალებს იხსენებს, საიდანაც გამორჩეულია თბილისის ბოტანიკურ ბაღში გადაღებული ღვთისმსახურების სცენა. იმის გამო, რომ რთული იყო მსახიობების მეშვეობით ყველა წესით შესრულებული პარაკლისის გადაღება, გერმანე გოგიტიძემ დახმარებისათვის ეკლესიას მიმართა. საჭირო გახდა პატრიარქის თანხმობა.
„ამ მიზნით, მე მოვძებნე ჩემი ნაცნობი, მეტ-ნაკლებად ლიბერალურად განწყობილი დეკანოზი, კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში კათოლიკოსი), და მისი დახმარებით მივმართე მაშინდელ კათოლიკოსს ამბროსის, რათა მას მოეცა თანხმობა და გამოეყო მღვდელმსახურთა საჭირო რაოდენობა ეპისკოპოსის თავკაცობით. თანხმობა მივიღეთ. გამოყვეს 12 მღვდელმსახური“, - იხსენებს გერმანე გოგიტიძე, - „ისინი ბოტანიკურ ბაღში წაიყვანეს და - და იქ დაიწყეს ყმაწვილი ზურაბის „კედელში დატანება“. მთელი ცერემონია აღსრულდა. ამისათვის მღვდელმსახურებს თუმან-თუმანი გადაუხადეს, ეპისკოპოსს კი 100 მანეთი“.
თუმცა სამღვდელოებასთან ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. ფილმის მონტაჟის დროს რეჟისორმა მღვდელმსახურების სცენას წინ დაურთო წარწერა: „პირფერობა, ფარისევლობა, ცრუმორწმუნეობა“.
კვლავ გერმანე გოგიტიძეს მოვუსმინოთ: „განაწყენებულმა მღვდლებმა ამის შესახებ კათალიკოსს აცნობეს. ამ უკანასკნელმა თავისთან დეკანოზი კ. ცინცაძე იხმო, რომელიც, თავის მხრივ, ჩივილის მსგავსი უკმაყოფილებით ჩემთან მოვიდა. ისინი რომ საწინააღმდეგოში დამერწმუნებინა, დეკანოზ კ. ცინცაძეს ვთხოვე სპეციალურ დახურულ ჩვენებაზე თვით კათალიკოსი მოეწვია. მათი მოსვლისთვის ის გამაღიზიანებელი წარწერა ამოღებულ იქნა და სურათი ისე აჩვენეს. ჩვეულებრივი სახალხო სეანსებისათვის კი ჩვენ ისევ ჩავაწებებდით ხოლმე წარწერებს. შემდგომში ამ ჩვენი ხრიკების შესახებ გაიგო კათალიკოსმა და მე ანათემას (საეკლესიო წყევლას) გადამცა“.
ბოლოს გერმანე გოგიტიძე ამბობს, დიახ, მე ვჩადიოდი ასეთ თითქოსდა არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, რათა მიმეცა კეისრისათვის კეისრისა და ღმერთისთვის ღვთისაო.
გერმანე გოგიტიძეს შეეძლო გადაეღო ზაჰესის მშენებლობის დასათვალიერებლად საქართველოში ჩასული სტალინი (დაავალა კიდეც ცკ-ს ერთ-ერთმა მდივანმა, ლევან ღოღობერიძემ), მაგრამ რატომღაც სტალინმა არ ისურვა ამ ისტორიული მოვლენის კინოფირზე აღბეჭდვა, მხოლოდ სუფრაზე მიმიწვია, სადაც სადღეგრძელოები გავცვალეთო. წლების შემდეგ კვლავ შეხვდება სტალინს და, მისდა გასაკვირად, ბელადს არ გაუჭირდება ავჭალაში გაცნობილი კინომოხელის ცნობა, თუმცა გერმანე გოგიტიძეს ეს ნაცნობობა დიდად ვერ უშველის, როცა 1949 წლის 8 აპრილს უშიშროების ორგანოები მიაკითხავენ.
კინომცოდნე პაატა იაკაშვილის მონოგრაფიის („იდეათა ბრძოლა უხმო პერიოდის ქართულ კინოში“) მიხედვით, გერმანე გოგიტიძეს ბრალად წაუყენეს უცხო ქვეყნის ჯაშუშობა.
„შემიყვანეს რომელიღაც საიდუმლო ოთახში, გამაშიშვლეს, დამაწვინეს იატაკზე და მათრახით ცემა დამიწყეს. მხეცი მურადოვი (გამომძიებელი) ფეხებით შემდგა და თიაქარზე მაწვებოდა. სული მეხუთებოდა“, - ამგვარი არაადამიანური წამების შემდეგ გოგიტიძემ დანაშაული აღიარა და 1950 წელს, სსკ 58-ა მუხლით (სამშობლოს ღალატი), 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გაათავისუფლეს 1956 წლის 13 ივლისს, თუმცა მალევე, 1960 წლის 7 მარტს, გარდაიცვალა თბილისში.