Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქვისლების საქმე“: დიმიტრი ლორთქიფანიძე ძალოსანი შვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს


თათია ლორთქიფანიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა მახარაშვილი
თათია ლორთქიფანიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა მახარაშვილი

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან თავისი შვილის, თათია ლორთქიფანიძის მოხსნაში ადანაშაულებს ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას და აცხადებს, რომ თათია დისკრიმინაციის მსხვერპლია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე შვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს:

„ამ საქმეს აუცილებლად დაერქმევა კოდური სახელი „ქვისლების საქმე“, რადგან ეს არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ქვისლების, ბატონი ასანიძის (გიორგი ასანიძე) და ბატონი ჯანჯღავას ტანდემი. სამწუხაროდ, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი არის ამის მაყურებელი“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 9 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ცნობით, 3 აპრილს მათ შემთხვევით გაიგეს, რომ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე აღარ გეგმავდა თათია ლორთქიფანიძის ჩემპიონატზე გაყვანას. განმარტებისთვის მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს სპორტის დარგში, შალვა გოგოლაძეს, რომელმაც ოჯახი დაამშვიდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და რომ თათიას 4 აპრილს ბათუმში ელოდნენ.

თუმცა 4 აპრილს, თათიას პირადმა მწვრთნელმა, გელა მახარაშვილმა, მიიღო წერილი, რომ ბათუმში მარტო, თათიას გარეშე უნდა წასულიყო.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში 6 აპრილს გაიხსნა და 13 აპრილამდე გაგრძელდება. იმის გამო, რომ თათია ლორთქიფანიძე ამ ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებს, ის ვეღარც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შეძლებს ასპარეზობას.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავასა და თათია ლორთქიფანიძეს შორის კონფლიქტის დაწყებას დიმიტრი ლორთქიფანიძე მწვრთნელის არაკვალიფიციურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ის ხშირად ავლენდა აგრესიას თათია ლორთქიფანიძის მიმართ. ყოფილა შეურაცხყოფის ფაქტებიც.

„იქნებოდა ეს ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალისთვის“.

ზეწოლაზე ლაპარაკობს თათია ლორთქიფანიძეც. სპორტსმენი აცხადებს, რომ ამის შესახებ მან ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტს, კახი კახიაშვილს სიტყვიერადაც აცნობა, თუმცა მისგან ამ ამბავს რეაგირება არ მოჰყოლია.

„ერთხელ ოთახში შემოვიდა, კაცი ხომ არ გინდაო? მკითხა. ვუთხარი, ოთახიდან გასულიყო. შეუძლებელი იყო მასთან ერთად მუშაობა. მშობელს და მწვრთნელს მივმართე. საქმის კურსში ჩაყენებული მყავდა კახი კახიაშვილიც, ბატონმა გია ასანიძემაც იცოდა. უბრალოდ, თავი აარიდეს ყველაფერს“, - აცხადებს თათია ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის დევნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ან, შესაძლოა, სპორტის ამ სახეობაში თათია ლორთქიფანიძის სწრაფი ზრდა.

რადიო თავისუფლებას ძალოსანთა ფედერაციაში განუცხადეს, რომ ბრალდებებზე პასუხს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გასცემენ. ფედერაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომენტარზე უარს არავინ იტყვის, ამ ეტაპზე კი არ სურთ „ბიჭები სხვა რამეზე გადაერთონ“.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში 6 აპრილს გაიხსნა და 13 აპრილამდე გაგრძელდება. იმის გამო, რომ თათია ლორთქიფანიძე ამ ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებს, ის ვეღარც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შეძლებს ასპარეზობას.

XS
SM
MD
LG