უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ცვლლილებებზე მსჯელობის პროცესში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად არაერთხელ აღინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი. კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აუცილებელია სკოლის რეფორმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინეს კვლევა საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შესახებ. ნაშრომი ვრცელია და წარმოაჩენს ძირითად გამოწვევებს, რასაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა ქმნის იმ სახით, იმ სტრუქტურითა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უფლებამოსილებების განაწილებით, როგორც ეს დღეს არის.
კვლევის თანაავტორი, IDFI-ს საპარლამენტო მდივანი და კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, ქეთი კუკავა რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა არის ერთ-ერთი უმწვავესი და აქტუალური საკითხი, რომელიც დღემდე დგას დღის წესრიგში და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდა რეფორმის ე.წ. სამი ტალღა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით იყო მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული ცვლილება. შესაბამისად, დღემდე სერიოზული გამოწვევაა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა და ასევე მისი საქმიანობის არსებითი გაუმჯობესება“.
სკოლის დამოუკიდებლობის გარეშე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ერთიანი სისტემა ვერ იქნება სრულფასოვანი.
ვინ, როდის და როგორ მიდის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში?
„მას შემდეგ, რაც პირი ჩააბარებს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას, თუკი მას სურს, რომ დაიკაოს მოსამარტლის თანამდებობა პირველ ან მეორე ინსტანციაში, მან უნდა ჩააბაროს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ამისთვის კონკურსს აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა თვითონ სკოლა, რაც ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი. სკოლა უნდა იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი საბჭოსგან და თვითონვე მიიღოს მსმენელები“.
მეორე საკითხი, რაზეც ქეთი კუკავა ამახვილებს ყურადღებას, არის სწავლის ხანგრძლიობა - 10 თვე. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის შესწავლით, სულ მცირე ორი წელია საჭირო იმ ცოდნისა და უნარების მისაღებად, რაც მოსამართლეობის კანდიდატს სჭირდება.
„თვითონ სკოლის პოზიცია, ჩვენი აზრით, არის პრობლემური. როცა ჩვენ ვკითხეთ - არის, თუ არა სკოლის დამოუკიდებლობა გასაძლიერებელი და უფლებამოსილებები გასაზრდელი, მატ გვიპასუხეს, რომ ეს არის საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ჩვენ, ცხადია, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ოღონდ, ეს იქნება მთლიანად სასამართლო სისტემის პოზიცია და არა - სკოლის, რადგან ის არის სასამართლო სისტემის შემადგენელი ნაწილი“.
ქეთი კუკავას თქმით, ამ პოზიციიდან კიდევ ერთხელ იკვეთება, რამდენად არის იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამოკიდებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.
„როდესაც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე, მან ეს უნდა დაასაბუთოს და ამ დასაბუთებაში ასევე უნდა დაეყრდნოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიღებულ შეფასებას“.
მკვლევრებმა მიმართეს იუსტიციის უმაღლეს სკოლას იმის დასადგენად - კურსდამთავრებულთა რა ნაწილი ინიშნება მოსამართლედ და ასეთი მონაცემი სკოლას არ აღმოაჩნდა:
„სერიოზული ხარვეზი გამოვლინდა ამ პასუხით, რადგან სკოლა არ აკვირდება რამდენად წარმატებულები არიან მისი მსმენელები, ან რამე ხომ არ არის გასაუმჯობესებელი სასწავლო პროცესში“.
ქეთი კუკავას თქმით, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოხვედრის პროცესის გამჭვირვალება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მოსამართლეობის ნებისმიერი მსურველისთვის სისტემის გახსნის კონტექსტში.
კვლევის ავტორთა აზრით, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას აძლევს კონტროლი განახორციელოს სკოლის საქმიანობაზე:
„ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც კვლევის პროცესში გამოვლინდა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო რიგ შემთხვევაში იღებს თვითნებურ გადაწყვეტილებებს კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევა, როცა საბჭომ კონკურსი საერთოდ არ გამოაცხადა 2 წლის განმავლობაში. მისი ეს გადაწყვეტილებები არ საბუთდება. ზოგადად თუ შევხედავთ სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას - მოსამართლეთა სიმცირეს, გადატვირთულობას, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. უნდა იყოს საკანონმდებლო გარანტია, რომ კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდეს“.