Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხან მკლავენ, ხან ტყვედ ვარ, არადა, აქ ვარ, ცოცხალი ვარ - ქეთი ექიმი ფრონტის ხაზიდან


ქეთი ლეშკაშელი
ქეთი ლეშკაშელი

28 წლისაა. წელიწადზე მეტია უკრაინაშია. 2022 წლის სექტემბრიდან ირიცხება „ინტერნაციონალურ ლეგიონში“, ჯგუფში „ბრავო“. უკრაინაში არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 1500 ქართველი იბრძვის. ქეთი ლეშკაშელი ერთ-ერთია იმ ძალიან მცირე რაოდენობის ქალს შორის, რომლებიც უკრაინაში, ომში, საქართველოდან წავიდნენ. ქეთი ჯგუფის ექიმია. ბოლო ექვსი თვეა იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით, ფრონტის წინა ხაზზე, მებრძოლებთან ერთად გადის.

„მთელი ღამის უძილო ვარ, შეიძლება გვიან, თბილისის დროით, 8 საათზე შევხმიანდეთ?“, - მპასუხობს ქეთი ფეისბუკში მიწერილ გზავნილზე.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქეთი არ ამბობს სად არის, რა პოზიციაზეა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჯგუფთან ერთად ფრონტის წინა ხაზზეა და ახლა ისვენებს.

„აქედან არც გავსულვარ ძალიან დიდი ხანია, ნოემბრიდან. მიმართულებას ვერ გეტყვით, რადგან რუსები აქტიურად ნადირობენ ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე. სოციალური ქსელებიდან გავიგე ისიც, რომ თურმე, ჩემზე ჯილდოც არის დაწესებული, 100 ათასი დოლარი“.

რუსულ საიტებზე, სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებზე ქეთი ლეშკაშელი მოხსენიებულია როგორც „ქართველი დაქირავებული“, ნაცისტი, რასისტი, „რომელიც სოციალური ქსელებიდან მოუწოდებს ხალხს რუსების მიმართ სიძულვილისა და ძალადობისკენ“.

ქეთი ამბობს, რომ რუსების მხრიდან მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სხვა მიზეზებთან ერთად მის ე.წ. ჰობს, სოციალურ ქსელებში აქტიურობას უკავშირდება. „ინსტაგრამსა“ თუ „ტიკტოკზე“ ქეთი ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის ვიდეოსა და ფოტოს:

ქეთი ლეშკაშელი
ქეთი ლეშკაშელი

„რასაც ვხედავ, ვიღებ, ვამონტაჟებ და ვდებ, თუმცა, ცხადია, არა ისეთი შინაარსის ვიდეოებს, რაც მაგალითად, გაამჟღავნებს ჩვენს ადგილმდებარეობას, ან ისეთი შინაარსის ვიდეოებს, რომელიც მძიმე კადრებს ასახავს. ერთი ფოტო გამოვაქვეყნე რუს ტყვესთან ერთად და ატყდა ერთი ამბავი. ხან დონბასის დაბომბვას მედავებიან და ხან მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას. გარდა ამისა, უკრაინაში რომ ჩამოვედი, თავდაპირველად „ქართულ ლეგიონში“ ვიყავი და „ქართულ ლეგიონზე“ ისედაც განსაკუთრებული დევნა აქვთ გამოცხადებული. ახლაც „ინტერნაციონალური ლეგიონის“ ისეთ ჯგუფში ვარ, რომ აქაც ყველაზე ნადირობენ“.

ქეთის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელებში, რომ ის მოკლეს, რომ ტყვედ აიყვანეს:

„ასეთ დროს თუკი ტელეფონი გათიშული მაქვს, ან დავალებაზე ვიმყოფებით, ან სხვა მიზეზით, ტელეფონს რომ ჩავრთავ, მხვდება მილიონობით გზავნილი, მამიდა, პაპიდა, დეიდა, დედა, როგორ ხარ? სად ხარ? ცოცხალი ხარ? ხომ კარგად ხარ? და მერე მიგდებენ ინფორმაციას, რომ ტყვედ ამიყვანეს ხან ბახმუტთან, ხან ლუგანსკთან. თავიდან ტყვეობას ამბობდნენ, ახლა უკვე მკლავენ“.

წარწერა ვიდეოზე: დღეს, 15 აპრილს, ბახმუტთან ტყვედ აიყვანეს სნაიპერი საქართველოდან. საქართველო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.
წარწერა ვიდეოზე: დღეს, 15 აპრილს, ბახმუტთან ტყვედ აიყვანეს სნაიპერი საქართველოდან. საქართველო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კოვიდ-კლინიკიდან ომში

ქეთიმ სკოლა თელავში დაამთავრა. განათლება ჯერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, შემდეგ კი სწავლა კანადის უნივერსიტეტის დუბაის ფილიალში გააგრძელა.

ბავშვობიდან სპორტის სხვადასხვა სახეობით იყო დაკავებული, ამიტომ ომისთვის ფიზიკური მომზადება არ გასჭირვებია. რაც შეეხება იარაღს, ამბობს, რომ მამა და ძმა მონადირეები არიან და პატარა ასაკიდანვე ჰქონდა შეხება იარაღთან. „ჩემთვის იარაღი უცხო ხილი, მძიმე და ცივი ნივთი არ ყოფილა. ბავშვობიდან მიტაცებდა იარაღი და მამისა და ძმის მეთვალყურეობით, ის კარგადაც შევისწავლე“.

2022 წლის 24 თებერვალს, როცა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები შეიჭრნენ, ქეთი ბერლინში, ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. სწორედ იქ გაიგო, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დარეკა მშობლებთან და უთხრა, რომ ჯერ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და შემდეგ უკრაინაში წასვლას:

„ერთი წელი ჩემი პროფესიით ვიმუშავე კოვიდ-კლინიკაში. 24 თებერვალსვე გავაუქმე კონტრაქტი, 27 თებერვალს უკვე საქართველოში გამოვფრინდი. ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, ღირდა თუ არა ყველაფრის მიტოვება და უკრაინაში წასვლა. ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია ახლა სწორედ უკრაინაში იყო საჭირო და იქ უნდა ვყოფილიყავი“.

ქეთის ოჯახის წევრები, მშობლები, ძმა, ამერიკაში ცხოვრობენ. იცოდნენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ქეთი ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა:

„დედას 24 თებერვალსვე დავურეკე ბერლინიდან და ვუთხარი, უკრაინაში მივდივარ მოხალისედ-მეთქი. ჰქონდა გარკვეული რეაქცია, მაგრამ განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია არც დედას და არც სხვებს. პირველ რიგში, პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და მენდობიან. გარდა ამისა, თვითონაც კარგად იციან, რომ რუსეთი ჩვენი საერთო მტერია. ჩემი ძმა ამერიკაშია და რომ შეეძლოს, აუცილებლად ჩემს გვედით იქნებოდა. დედაჩემსაც ბევრჯერ უთქვამს, შენი ასაკის რომ ვიყო, შენს გვერდით ვიქნებოდიო“.

მარტის შუა რიცხვებში ქეთი უკვე უკრაინაში იყო. ჯერ თბილისი-მიუნხენი-ვარშავა. ვარშავიდან ტაქსით უკრაინის საზღვრამდე. საზღვრიდან ფეხით:

„თავიდან საერთოდ არ ვიცოდი, სად მივდიოდი და ვისთან მივდიოდი. უკვე საზღვარზე ვიდექი, როცა „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს დავუკავშირდი. მათთან გავიარე საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრება და საბოლოოდ, „ქართულ ლეგიონში“ აღმოვჩნდი“.

საველე-სამედიცინო ორთვიანი წვრთნა „ქართულ ლეგიონთან“ ერთად, ქალაქ ლვოვში გაიარა. მალევე „ქართული ლეგიონიდან“ სამხედრო ჯგუფ „ვენდეტაში“ გადავიდა. 2022 წლის აგვისტომდე იქ იყო. სექტემბერში კი ხელი მოაწერა კონტრაქტს „ინტერნაციონალურ ლეგიონთან“ და მას შემდეგ ამ ლეგიონშია:

ქეთი ლეშკაშელი "ინტერნაციონალური ლეგიონის" მებრძოლებთან ერთად
ქეთი ლეშკაშელი "ინტერნაციონალური ლეგიონის" მებრძოლებთან ერთად


„ინტერნაციონალურ ლეგიონში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წარმომადგენელია. რომელ ქვეყანას მოიკითხავ, აქ რომ არ იყოს. ლეგიონში ექვსი-შვიდი ქართველია. მე ჯგუფ „ბრავოში“ ვარ. „ჩარლიში“ უფრო მეტი ქართველია. რამდენიმე დღის წინ რომ ბიჭი დაიღუპა (ნიკა ჯიყაშვილი, დაიღუპა 10 მაისს, რ.თ), ისიც „ინტერნაციონალურ ლეგიონში“ იყო. ნიკა სიკვდილამდე ორი დღით ადრე გავიცანი. ნიკაც კახელი იყო, მეც კახელი ვარ, დამიბარა, საღამოს შევდივართ და იქიდან რომ გამოვალთ, კაი მწვადი ვჭამოთო“...

როდის შეშინდა ქეთი?

16 თებერვალს, მორიგი სამხედრო ოპერაციის დროს, ქეთი დაიჭრა. მისი ორი თანამებრძოლი კი დაიღუპა. ამბობს, რომ პირველად სწორედ მაშინ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა: „აქ რას ვაკეთებ?“. იმ დღეს ქეთი ექვს თანამებრძოლთან ერთად ალყაში მოექცა. ჭრილობის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამებრძოლები ფრონტის ეპიცენტრიდან მის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ:

„ე.წ. ბუნკერიდან გამოსვლისას, კასეტური ბომბები გვესროლეს და ფეხებთან აგვიფეთქდა. მე ფეხში დავიჭერი. ნახევარ მეტრში მედგა თანამებრძოლი და მეგობარი, რომელიც დაიღუპა. ექვსი საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ჩვენი ევაკუაცია, რადგან აქტიური დაბომბვის ქვეშ ვიყავით. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. ორკილომეტრნახევრიანი გზის ნახევარი ფეხით ვიარე, ნახევარი ზურგით მატარეს. სწორედ იმ დღეს შემეშინდა პირველად. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დასასრული იყო. ევაკუაცია რომ დაიწყეს, ოთხ-ხუთ მეტრში, თანამებრძოლი მოგვყვებოდა, რომელსაც საარტილერიო ჭურვი მოხვდა და შუაზე გაგლიჯა, ჩემს თვალწინ. აი, მაშინ ვიფიქრე, ღმერთო, აქ რა მინდა... კლინიკაში რომ გადამიყვანეს, წნევა დაცემული მქონდა, ჭურვის 7 მილიმეტრიანი ნამსხვრევი არტერიასთან იყო გაჭედილი და ახლაც იქ არის. ვერც მაგნიტით და ვერც სხვა ხერხით ვერ ამოიღეს. ორი ოპერაცია გამიკეთდა, თუმცა, ეს ნამსხვრევი რომ ამოეღოთ, მეტი ნერვი დაზიანდებოდა და ამიტომ, არჩიეს, ხელი აღარ ეხლოთ“.

რამდენიმე დღეში ქეთი თავის საქმეს ყავარჯნებით დაუბრუნდა:

ქეთი ლეშკაშელი ჰოსპიტალში
ქეთი ლეშკაშელი ჰოსპიტალში

„სამი დღე ვიწექი ჰოსპიტალში. შემდეგ რეაბილიტაციაზე უნდა გავეგზავნე სხვა ქალაქში, მაგრამ უარი ვთქვი. მართალია წინა ხაზზე ვერ გავიდოდი, თუმცა, უკან, სხვა საქმეს გავაკეთებდი“.

როცა მეგობარი გიკვდება

ქეთისთვის სიკვდილი არ არის უცხო. ერთი წელი კოვიდ-კლინიკაში იმუშავა და სიკვდილთან შეხება იქაც მოუწია. თუმცა, ამბობს, რომ სიკვდილი ომში გაცილებით რთული გასააზრებელი და მისაღები აღმოჩნდა.

„არ მინდა არაჰუმანურად გამომივიდეს, მაგრამ სულ სხვაა, როცა კლინიკაში გარდაიცვლება ხანდაზმული, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი და სულ სხვაა, როცა გვერდით ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი გიკვდება“, - მეუბნება ქეთი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში არაერთი მსგავსი მძიმე გამოცდილება დაუგროვდა.

განსაკუთრებით მწარედ ახსოვს 24 მარტი:

„მეგობარი დამეღუპა თვალწინ. ერთი საათით ადრე ვლაპარაკობდით, ათას რამეზე ვილაპარაკეთ. რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა და ვუთხარი, ამ სამ დღეს ვერ გადავიტან, აუცილებლად მოვკვდები-მეთქი. იმან კი მიპასუხა, არა, მე არ მოვკვდები, არ არსებობს, ომი რომ მორჩება, პოლონეთში უნდა წავიდეო და თავისი გეგმების მოყოლა განაგრძო. ისე მოხდა, რომ ის იქ დარჩა და მე გამოვედი. ძალიან ძნელია, როცა 15 წუთით ადრე ელაპარაკები 20-25 წლის ბიჭს, რომელიც გეგმავს, რომ ერთ საათში იქ იქნება, ორ საათში ამას გააკეთებს და უცებ, ბრახ და აღარ არის. იმ მომენტში ვერ აცნობიერებ რა ხდება, უბრალოდ, ცდილობ, საკუთარი თავი გადაარჩინო და თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, სხვაც გადაარჩინო, მაგრამ იქიდან რომ გამოდიხარ და სახლი, სადაც რამდენიმე საათის წინ ერთად იყავით, ცარიელი გხვდება, მისი ნივთები მიტოვებული, დგები სასტიკი ფაქტის წინაშე და ეს არის ყველაზე რთული“.

სამი კვირის წინ ქეთის ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა. გააცნობიერა, რომ ექიმის გარეშე ვეღარ აკონტროლებდა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას:

„რაც არ უნდა კარგი ფსიქოლოგიური მომზადება გქონდეს, ისეთ სიტუაციებთან გიწევს შეჯახება, რომ ეს ძალაუნებურად აისახება შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. მქონდა პანიკური შეტევები, დამეწყო უძილობა. ვეღარ ვუმკლავდებოდი სიტუაციას. 10 დღის განმავლობაში ძლიერ მედიკამენტებს ვიღებდი. ახლა შედარებით უკეთ ვარ“.

ჯვრით გაჭრილი ხელისგული

„ხომ გაგიგიათ გავრცელებული აზრი, ომში ათეისტი არ არსებობსო. მართლა ასე ყოფილა. უამრავი ათეისტი მინახავს, ბოლოს გადარჩენას ღმერთს რომ სთხოვს“, - მეუბნება ქეთი და იხსენებს ერთ კონკრეტულ დღეს, როცა ჩათვალა, რომ მხოლოდ იარაღი და საბრძოლო გამოცდილება ვეღარ უშველიდათ:

„დაბომბვაში მოვყევით. დილის თერთმეტის ნახევრიდან, მეორე დილის 7 საათამდე დაბომბვა არ წყდებოდა. საათების განმავლობაში მქონდა დიდი ჯვარი ხელში ჩაბღუჯული. ყველაფერი რომ დასრულდა და ხელისგული გავშალე, სისხლი მდიოდა. გაუცნობიერებლად, თურმე ისე მქონდა ჯვარი ჩაბღუჯული, რომ ხელისგული გავიჭერი“.

ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში დაღუპულ მიხეილ ყაფლანიშვილთან ერთად
ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში დაღუპულ მიხეილ ყაფლანიშვილთან ერთად

როგორც ქეთი ამბობს, მასზე ხშირად ამბობენ, რომ ის ფრონტის ხაზზე კი არა, რამდენიმე კილომეტრით უკან არის ბაზირებული და ასე უწევს სამხედროებს სამედიცინო დახმარებას, რაც მისი თქმით, სიცრუეა:

„მოკლედ აგიხსნით ამ ყველაფერს. ადრე “მედავაკზე” ვმუშაობდი, მანქანაზე, დაჭრილებს ვუკეთებდით ევაკუაციას, მაგრამ ბოლო თვეებია თან დავყვები მებძოლებს. ყველა ჯგუფს თავისი ექიმი ჰყავს და ასეც უნდა იყოს. თუკი დაჭრილმა ჯარისკაცმა გამოაღწია ევაკუაციის პუნქტამდე, სადამდეც დაახლოებით 2-3 კილომეტრია ფეხით სავალი, სიმართლეს გეტყვით, რომ მას დიდად აღარ სჭირდება ექიმი, ამ დროს მას უკვე სჭირდება ქირურგი, რომ გაკეროს. ექიმი ყველაზე მეტად სწორედ ფრონტის წინა ხაზზეა საჭიროა. რეალურად, ექიმი რომ არ ჰყავთ იქ, იმიტომ კვდებიან მებრძოლები. სწორედ ამიტომ დავდევ ყველას უკან, რომ პირველადი დახმარება, სისხლის შეჩერება იქნება თუ სხვა რამ, იქ აღმოვუჩინო, რომ ნორმალურად გამოაღწიოს ევაკუაციის პუნქტამდე. კი, მე მიწევს იარაღით ხელში სიარული, მაგრამ ჩემთვის იარაღის დაჭერა არავის დაუძალებია. მე თავად გადავწყვიტე ასე და ამას არც ვნანობ“.

ქეთი ლეშკაშელი თანამებრძოლებთან ერთად
ქეთი ლეშკაშელი თანამებრძოლებთან ერთად

თავისუფალ დროს ქეთი ცდილობს, რომ ეძინოს. თავისუფალ დროს იყენებს ტიკტოკ და ინსტრაგრამ ვიდეოების დასამონტაჟებლადაც.

ყველაზე მეტად ენატრება კაბის ჩაცმა და კაფეში, მეგობრებთან ერთად ჩამოჯდომა.

რა იქნება ომის შემდეგ, ჯერ არ იცის, გეგმებს არ აწყობს - „გასაგები მიზეზების გამოო“, - მეუბნება.

ამბობს, რომ უკრაინაში გამარჯვებამდე დარჩება:

„სანამ რუსეთი არ დამარცხება, მე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ. რუსეთი აქ თუ არ დამარცხდა, ცოტა ხანში, საქართველოსაც იგივე დაემუქრება. მე ჩემი წვლილი მაქვს შესატანი ამ საქმეში“.

XS
SM
MD
LG