Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთი დევდარიანი: დავით კეზერაშვილისგან სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები მივიღეთ


ოქტომბრიდან სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ ტელეარხზე გავა, რომლის დაფუძნებასაც „ფორმულა კრეატივი“ თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად გეგმავს.

„ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენელმა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ დავით კეზერაშვილისგან სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები მიიღეს.

რადიო თავისუფლებამ დევდარიანს ჰკითხა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან პარტნიორობა „ფორმულა კრეატივის“ გუნდისთვის ქმნის თუ არა უხერხულობას?

ქეთი დევდარიანი: პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ყველას დევნის წინა ხელისუფლებიდან და ამიტომ ისიც [დავით კეზერაშვილი], თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბოლო წლებში თანამდებობაზე აღარ იყო დევნის ერთ-ერთი ობიექტია.ადამიანი ქვეყანაში ვერ ჩამოდის.

თქვენი აზრით, ტელეკომპანიის შექმნისას დავით კეზერაშვილს რა ინტერესი ამოძრავებს?

მასაც არ უნდა ამ ქვეყანაში რუსეთი. ჩვენ ყველას, ვინც ამ ტელეარხს ვაკეთებთ, მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერი თანამშრომლობა ნიშნავს ქვეყნის რუსიფიკაციის პროცესში მონაწილეობას.

დავით კეზერაშვილთან შეთანხმების ფარგლებში მიიღეთ თუ არა სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები?

სარედაქციო დამოუკიდებლობა არის ჩვენი პირობა. ჩვენ მხოლოდ ასე ვმოქმედებთ. ასე იყო „რუსთავი 2-ში“ ყოფნისას და მომავალშიც ასე იქნება. გვაქვს სიტყვიერი და არამხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. გვექნება ბორდიც, რომელიც არამხოლოდ ქართველებით დაკომპლექტდება. არანაირი შიში არ მაქვს, რომ ვიღაც ჩვენზე გავლენას მოახდენს. ​

„ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ... არხი კი ამუშავდება ისე, როგორც ტელევიზიები იწყებენ ახალ სეზონს.
ქეთი დევდარიანი


ქვეყანაში გავეშებულია რუსული პროპაგანდა, რასაც ხედავს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც უნდა ამის დანახვა. საქართველოში აშკარად ჩანს ხელისუფლებისგან გაძლიერებული რუსული გავლენები. „იმედს“ ალბათ უყურებთ. ვერ დაველოდებით იმის გარკვევას თუ რას უზამენ „რუსთავი 2-ს“.საქართველოს ამდენი ლოდინის დრო არ აქვს.

რას ითვალისწინებს დავით კეზერაშვილთან შეთანხმება?

შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ღია პარტნიორობა აბსოლუტურად ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება. პროპორციული არჩევნები მოდის და არ გვინდა, რომ ტოტალიტარიზმისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას. მედიაპლურალიზმი პროპორციული არჩევნების პარალელურად არის ეფექტიანი.

ქართული პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი პარლამენტი კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველი გახდეს. საჭიროა, პარლამენტში პროდასავლური პარტიები იმ რაოდენობით შევიდნენ, რამდენიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ აღიარებულ, დეკლარირებულ, მაგრამ არშესრულებულ კურსს დაუბრუნდეს და აღარ გადაუხვიოს.

როდის იხილავს მაყურებელი ახალ ტელეარხს?

ტელეარხის შექმნის გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ, ამაზე უკვე ვმუშაობთ და, რაც შეიძლება მალე გავა ეთერში. „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ, უბრალოდ ახლა გადამღებ ჯგუფს შვებულება აქვს. არხი კი ამუშავდება ისე, როგორც ტელევიზიები იწყებენ ახალ სეზონს.

-----------------------------------

დღეს დავით კეზერაშვილმა ახალი არხის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა. ის მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაციას უკიდურესად დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

კეზერაშვილის განცხადებით, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია.

„სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნოთ ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.

ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტკიტის უმაღლეს სტანდარტებს“, - აღნიშნავს კეზერაშვილი.

Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ დოკუმენტებში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა რწმუნებულებმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა.

2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის დღეისთვის არც ერთ საქმეზე არ არის მსჯავრდებული. კეზერაშვილი სასამართლომ მათ შორის ისეთ საქმეებზე გაამართლა, როგორიცაა, „ტელეიმედის“ გასხვისება, აგრეთვე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და მასთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp-ს საქმე, რომელშიც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG