Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ასეთ დროს მნიშვნელოვანია ერთიანობა. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის მიმართულებას, რელიგიას... ყველა შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე!"


ქეთი ბურდულაძე, ექიმი ანესთეზიოლოგი/ინტენსივისტი
ქეთი ბურდულაძე, ექიმი ანესთეზიოლოგი/ინტენსივისტი

უკვე 6 წელია ქეთი ბურდულაძე იერუსალიმში, „ჰადასის სამედიცინო ცენტრში“ მუშაობს ექიმად. ის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტია. COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან გამკლავების პროცესში უშუალოდ ისრაელშია ჩართული, თუმცა ყურადღებით აკვირდება სხვა ქვეყნებში და უპირველესად, საქართველოში არსებულ ვითარებას.

ქეთი ბურდულაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ისრაელში თანდათან მცირდება გეგმური ოპერაციების რაოდენობა და იმატებს დატვირთვა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის მხრივ. 3 აპრილის მონაცემებით, ისრაელში COVID-19-ით ინფიცირების 7030 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 39 ადამიანი. მრუდი იქაც ზევით მიიწევს. მთავარი იქაც გავრცელების ტემპთან გამკლავებაა:

"ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ მთლიანად შეარყიოს სისტემა და განსაკუთრებული დატვირთვით გვიწევდეს მუშაობა.

ისრაელის სამედიცინო სისტემას აქვს ძალიან დიდი რესურსი და თან ეს სისტემა არის დეცენტრალიზებული. დიდი კლინიკებიც და პატარებიც მზად არიან გამოწვევისთვის.

გამოყოფილია ე.წ. პირველადი მიღების კლინიკები, როგორც საქართველოშია ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა და ა.შ..

„ჰადასა“-ს გამოყოფილი აქვს განყოფილება, სადაც იღებს კორონავირუსიან პაციენტებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს შეინარჩუნოს გეგმური ოპერაციები, რომლებიც ფინანსური შემოსავლის ძალიან დიდი წყაროა, მაგრამ თანდათან კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ავიწროებს გეგმურ ოპერაციებს, სხვა პაციენტების სეგმენტს და ნელნელა ფართოვდება კორონავირუსიანი პაციენტების განყოფილებები.

შემთხვევები იმატებს და საკმაოდ არასასიამოვნო პროგნოზიც გამოაცხადა რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა - რომ თუ ასე გავაგრძელეთ, იქნება მალე მილიონი ინფიცირებული და ლეტალური მაჩვენებელი - ათი ათასამდე. ეს განცხადება შეიძლება შეიცავდეს ცოტა შესაშინებელ დანიშნულებასაც, მაგრამ შემთხვევები იზრდება სტაბილურად და სამწუხაროდ, იზრდება სიკვდილიანობა. კიდევ დიდხანს არ ველოდებით ამ ტენდენციის შემცირებას. აქ ლაპარაკია პიკის დაწევაზე - ანუ ციცაბო პიკი, რაც ხდება იტალიაში, ესპანეთში, რომ ავირიდოთ თავიდან. ასეთი მაღალი პიკი აღემატება არსებულ სამედიცინო რესურსებს.

აქაც და ყველგანაც ველოდებით, რომ შემთხვევები მოიმატებს. მთავარია, ეს იყოს სტაბილურად დღეში 500-მდე ახალი შემთხვევა და არ იყოს ერთ დღეში 2 ათასი“.

Courtesy Photo/by Aleksi Vachadze
Courtesy Photo/by Aleksi Vachadze

ქეთი ბურდულაძე COVID-19-ით ინფიცირების თავისებურებებზე ლაპარაკისას, აღნიშნავს, რომ ამ ვირუსს ახასიათებს მასობრივი გავრცელება. შემთხვევების უმრავლესობა არ არის მძიმე, მაგრამ პაციენტების რაოდენობა ტვირთად აწვება სამედიცინო დაწესებულებებს:

„ამ პანდემიის უბედურება არის ის, რომ პაციენტების რაოდენობა არის ძალიან დიდი. ზოგიერთი ვირუსული დაავადება შეიძლება მეტად მძიმედ მიმდინარეობდეს და პროცენტულად უფრო მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებდეს, მაგალითად ებოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მასობრივ გავრცელებასთან, ანუ ვრცელდება ძალიან სწრაფად და ასნებოვნებს ძალიან ბევრ ადამიანს. მათგან საშუალო და მძიმე პაციენტები მოდიან კლინიკაში, რაც არის ძალიან ბევრი. მოგეხსენებათ, ეს პაციენტები მალევე არ ტოვებენ სამედიცინო დაწესებულებას და საკმაოდ დიდხანს გრძელდება მკურნალობა.

ამ დაავადების დადასტურებული, დადგენილი და ასპროცენტიანი მკურნალობა არ არსებობს. ეს არის, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს სამედიცინო პერსონალს, რომ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, რაც არის მეთოდები, ეს ყველაფერი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

მკურნალობის მეთოდები ისრაელის და საქართველოსი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან“.

ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ყვება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და განმარტავს იმას, რომ რაოდენობაზე მნიშვნელოვანი პროცესის მართვისთვის არის ინფიცირების წყაროს ცოდნა. ის აგრეთვე ლაპარაკობს იმაზე - რას გაართვა თავი წარმატებით საქართველომ და რა გამოწვევის წინაშე დგას ის ახლა პოტენციურად:

„ძალიან მნიშვნელოვანია: პაციენტები, რაც ემატება, არის შიდა ინფიცირების შემთხვევა, თუ შემოსული ინფიცირების შემთხვევა? მარტივად გეტყვით: საქართველოში ახლა ვინც კარანტინშია, ყველას რომ დაუდასტურდეს ვირუსი (იმედია, ასე არ იქნება, მაგრამ მაგალითად ვამბობ), ეს არის გაცილებით ნაკლებად ტრაგიკული, ვიდრე ის, რომ იყოს 500 პაციენტი, რომელიც არ ვიცით საიდან დაინფიცირდა.

ჩვენთან 29-ე შემთხვევა უკვე იყო შიდა გადაცემა. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 21 თებერვალს და იყო პაციენტი აი, იმ ცნობილი Diamond Princess კრუიზიდან. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ადამიანს დიდი ალბათობით ეს ვირუსი აღმოაჩნდებოდა. კიდევ ერთი პაციენტი იყო ამავე კრუიზიდან. შემდეგ უკვე იყვნენ მათი ოჯახის წევრები. ესეც განსაზღვრული იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერტი პაციენტის თანამშრომლები იყვნენ საფრთხის ქვეშ. იმ დროისთვის ჯერ არ იყო შეზღუდვები დაწესებული. შემდეგ ის თანამშრომლები გახდნენ პაციენტები.

Courtesy Photo/by Aleksi Vachadze
Courtesy Photo/by Aleksi Vachadze

პირველი შეზღუდვა ეხებოდა ჩინეთიდან და კორეიდან შემოსული ადამიანების თვითიზოლაციას. ამას მერე ეტაპობრივად ემატებოდა სხვა ქვეყნები და შემდეგ ყველა ქვეყანას შეეხო.

29-ე პაციენტი უკვე იყო უკვე დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული: არც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, არც ინფიცირებულ პაციენტთან ურთიერთობის. აი, ეს მომენტი არის ყველაზე საშიში.

ისრაელში შიდა გავრცელებას რასაც ვეძახით, იყო უკვე 6 მარტს და საქართველოში ასეთი იყო რამდენიმე დღის წინ, 90-ზე მეტი შემთხვევის შემდეგ.

ანუ, შეკავება საქართველოში ძალიან კარგად მოხდა, დროულად გაატარა NCDC-მ ყველა ის ღონისძიება - წინასწარ განსაზღვრა სარისკო პაციენტები და შეკავება მოხდა ძალიან ეფექტიანად.

ისრაელს ამაში ძალიან გაუჭირდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის ჭრელი - აქ არის ყველა რელიგია, აქ არიან ტურისტები ყველა ქვეყნიდან. სადავეები თავიდანვე გაგვექცა ხელიდან. სამწუხაროდ, შეკავების ფაზა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა აქ არც ისე სახარბიელოდ წარიმართა და ეს არ არის მარტო ჩემი სუბიექტური აზრი. ჯანდაცვის სამინისტროდან ძალიან მკაცრი შეფასებები გამოითქვა. როცა შიდა გავრცელება იწყება, კონტროლი არის ძალიან ძნელი.

ახლა [საქართველოში] უკვე იწყება გაცილებით რთული ფაზა, რომელშიც ჩართულია ჰოსპიტალური სექტორი და ეს ჰოსპიტალური სექტორი თუ არ იქნება ახლა ძალიან ერთიანი, ძალიან მობილიზებული და მომზადებული ამ პროცესებისთვის, ნამდვილად წყალში ჩაიყრება ის შრომა, რაც NCDC-მ გასწია. ეს არის გასათვალისწინებელი და ყველა კლინიკა (სახელმწიფო თუ კერძო) უნდა იყოს მომზადებული და პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი.

Courtesy Photo/by Aleksi Vachadze
Courtesy Photo/by Aleksi Vachadze

სპეციალიზებული კლინიკები და ცხელების ცენტრები არის ძალიან კარგი მოდელი, უბრალოდ ამ ტრანზიტულ ეტაპზე მოიმატებს შიდა გადაცემების რიცხვი, აღარ იქნება მარტო ე.წ. საეჭვო პაციენტი მოგზაურობის ისტორიით და დაფიქსირებული კონტაქტით. იმ პაციენტებიდან ზოგი მოხვდება ინფექციურ საავადმყოფოში, ზოგი მოხვდება რესპუბლიკურში, ზოგი ღუდუშაურში და ა.შ..

იმედია, არ იქნება ასე, მაგრამ თუ მოხდა მასობრივი გავრცელება, რა თქმა უნდა, ამას ვერ აუვა 6-7 კლინიკა. როცა უკვე პაციენტების რაოდენობა მეტია და არ არის ეს წინასწრ განჭვრეტილი შემთხვევები, იქ უკვე ყველა კლინიკის ჩართულობა და მთელი პერსონალის მომზადებაა აუცილებელი“.

როგორი იყო ისრაელში შეზღუდვების შემოღების საფუძვლები და დინამიკა?

„მასობრივი შეზღუდვები დაიწყო მაშინ, როცა შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ნებადართულია სასურსათო მაღაზიაში და აფთიაქში გასვლა. კერძო მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის ყოფნაა დაშვებული. სახლიდან 100 მეტრის რადიუსშია დაშვებული გასვლა, ძაღლის გასასეირნებლად, მაგალითად.

როცა ამინდი გამოვიდა, გავეშურეთ პლაჟებზე, პარკებში, მოგროვდა ბევრი ადამიანი. საჭირო გახდა აქაც გამკაცრება და დაწესდა ეს ასმეტრიანი შეზღუდვა.

ყველა დიდ ქალაქში ბლოკპოსტებია, როგორც საქართველოში.

როგორც კი მკაცრდება კონტროლი, ყველა გადაადგილება მცირდება. როგორც კი ეს კონტროლი ცოტათი შესუსტდება, ქუჩებში ლამის საცობები იქმნება.

არის ჯარიმა, საკმაოდ სოლიდური - დაახლოებით ათასი დოლარი.

სხვა გზა არ არის არც ვირუსის კონტროლის და არც ადამიანების კონტროლის“.

ქეთი ბურდულაძე ყვება, რომ ისრაელში ყველა ინფიცირებული პაციენტი კლინიკებში არ მკურნალობს:

„პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა მკურნალობას გადის შინ. ანუ, ყველა პაციენტი, რომელიც არ ხდება ჟანგბადდამოკიდებული და არ საჭიროებს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას, არის სახლში, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც დაინფიცირდა, მკურნალობს სახლში.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც ეს უნდა ყოფილიყო თავიდანვე, რადგან ეს საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ძალიან გამართულ მუშაობას. თუ არ უზრუნველვყავით მსუბუქი პაციენტების სახლში მართვა, ყველა ინფიცირებული პაციენტის მოთავსება კლინიკაში არის წარმოუდგენელი“.

Courtesy Photo/by Aleksi Vachadze
Courtesy Photo/by Aleksi Vachadze

ქეთი ბურდულაძე აცხადებს, რომ ისეთ საფრთხესთან ბრძოლის დროს, როგორიც დაავადების გავრცელებაა, გადამწყვეტია ერთიანობა. ის ამ საკითხზეც ლაპარაკობს როგორც ისრაელის, ისე საქართველოს კონტექსტზე:

„არსებული შეზღუდვები, ავტომატურად იგულისხმებოდა, რომ ვრცელდებოდა სამივე რელიგიაზე [ისრაელში] - ქრისტიანობაზე, იუდაიზმსა და ისლამზე. ებრაელების უმრავლესობა არის იუდაიზმის მიმდევარი და იერუსალიმში საკმაოდ დიდია მორწმუნეების რაოდენობა.

თეორიულად ეს უნდა შეხებოდა ყველა სეგმენტს, მაგრამ აქაც არის ურჩობის მომენტები.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია ერთიანობა. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის მიმართულებას, რელიგიას.

როგორც NCDC-ს კარგი მუშაობა იძლევა შედეგს, ისევე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკებმა ერთად, მაგრამ საზოგადოება თუ არ ჩაერთო ამაში, ეს სტრუქტურები როგორი გამართულიც უნდა იყოს, მოსახლეობა რეკომენდაციებს თუ არ გაითვალისწინებს, გამორიცხულია დადებითი შედეგის მიღწევა.

ამ დროს ყველა სხვა პირადი ამბიცია, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულება გადადის გვერდით, წინ მოდის ადამიანის სიცოცხლე და ყველა ერთიანდება სიცოცხლის იდეის გარშემო. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ იდეიდან უხვევს და ირჩევს სხვა გზას, ავტომატურად შეიძლება გამოცხადდეს საზოგადოების მტრად, რადგან არც ღმერთის სახელით, არც პოლიტიკის სახელით ასეთი რამ ასეთ დროს არ შეიძლება. ყველა შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე.

ისრაელის მაგალითზე ვიტყვი: ჩვენ სახლში გამოვკეტოთ სეკულარული საზოგადოება, რომელიც ქმნის ქვეყნის ეკონომიკას, ქმნის ყველაფერს ღირებულს ქვეყანაში და ამ დროს გარეთ თავისუფლად გადაადგილდებოდეს რელიგიური საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობა ლოცვაა და კარგია რომ ლოცულობენ, მაგრამ იმ ადამიანებმა ეს ვირუსი გაავრცელონ და ჩვენ ეს სეკულარული მოსახლეობა გამოვკეტოთ სახლში, რომელიც ქმნის ქვეყნის ეკონომიკას, არ იქნება სწორი.

ამიტომ შეზღუდვა უნდა გავრცელდეს როგორც სეკულარზე, ისე ქრისტიანზე, ისე მუსულმანზე და ისე იუდეველზე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი!

ძალიან დიდი უკმაყოფილება არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან, რომ ამდენი შრომა იყრება წყალში იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს შეხედულება - მე ეს არ დამემართება, არ მაინტერესებს შენი რეგულაცია და მე უნდა გავაკეთო, რაც მინდა. თანაც, თითქოს შეთანხმდა ამაზე მსოფლიო - რომის პაპიდან დაწყებული... მექასა და მედინაშიც კი შეწყდა მომლოცველობა. იქაც კი გაჩერდა!

ახლა იმის დრო, რომ ჩემი ღმერთი არის უფრო მაგარი ღმერთი, მე ჩემი ღმერთი მიშველის და თქვენ რაც გინდათ ის ქენით, არ არის. ასეთი მესიჯები არის დასასჯელი!“.

„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ მსგავს ვითარებებში გამონაკლისის დაშვება აფუჭებს საქმეს. ამასთან, ის კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ეხება საზოგადოების ინფორმირების ფორმებს და კომუნიკაციას:

„ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: მე არ მომწონს, რა მეთოდითაც ხდება თუნდაც სამედიცინო ინფორმაციის გამოტანა. არ შეიძლება წინა ხაზზე მყოფი მედპერსონალი ასე ინტენსიურად იყოს დაკავებული კომუნიკაციით. ამისთვის სულ მცირე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოყოს რესურსი და უპასუხოს შეკითხვებს.

წინა ხაზის მედპერსონალიც ჩაატარებს ბრიფინგებს, არ ვგულისხმობ მათ სრულ იზოლირებას, მაგრამ ასეთი ინტენსიური და კვალიფიციური ინფორმაცია უნდა დადოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

მე მაგალითად ძალიან მინდა გავიგო პაციენტების დინამიკა. სამწუხაროდ, არ ვიყენებთ ნუმერაციას საქართველოში, რაც ზოგადად არის მიღებული ფორმა იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ დღეს ერთი პაციენტი რომ გამოჯანმრთელდა, ეს იყო 88-ე პაციენტი ან მე-3 პაციენტი. დასაწყისში უფრო იყო ნუმერაცია. ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნლოვანია დინამიკის დასანახად.

აგრეთვე, [საქართველოში] ყველა კლინიკის ინფორმაცია გამოდის ცალცალკე. ეს უნდა ხდებოდეს ერთიანი სახით“.

ქეთი ბურდულაძემ ინტერვიუს დასასრულს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საყურადღებოდ თქვა:

„აუცილებლად მოვამზადოთ და აღვჭურვოთ საკმარისად კარგად კერძო კლინიკები საქართველოში, რადგან ეპიდემიის ეს პროცესი აუცილებლად შეეხება ყველა კლინიკას და ყველა მედპერსონალს. აუცილებლად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს აღჭურვილობა, იცოდეს ამ აღჭურვილობის გამოყენება და ყველა კლინიკა იყოს მზად. ახლა არ არის საზოგადო, კერძო, კარგი და ცუდი კლინიკის გარჩევის დრო. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე“.

ქეთი ბურდულაძემ რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა იერუსალიმის დაცარილებული ქუჩების ამსახველი ფოტოები, რომლებიც დავურთეთ კიდეც ამ ტექსტს:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG