Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ფენტეზის ავტორი ქალი - ინტერვიუ ნატო დავითაშვილთან 


ნატო დავითაშვილი
ნატო დავითაშვილი

ფენტეზი, ქართულ მითოსზე დაყრდნობით - მას შემდეგ, რაც 2007 წელს მისი პირველი რომანი „ამბავი ლილე იროელისა“ დაიბეჭდა, ნატო დავითაშვილი ამ ჟანრში მუშაობს. მაშინ წიგნი კარგად მიიღეს და ლილეს ამბავიც გაგრძელდა.

დღეს იროელთა ქრონიკები შვიდ წიგნს მოიცავს: „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ და „აიას გზა“. იროელთა ქრონიკებსა და ქართულ მითოსზე რადიო თავისუფლება მწერალ ნატო დავითაშვილს ესაუბრა.

- ჯერ იყო „ამბავი ლილე იროელისა“, მერე ეს ისტორია სხვა წიგნებშიც გრძელდება, ნატო, თავიდანვე იცოდით, რომ ამბავი ერთი წიგნით არ დასრულდებოდა?

- ქრონიკების წერა, ფაქტობრივად, შუიდან დავიწყე, ფენტეზის ჟანრში ეს მოსულა, ჯერ ამბავს წერ და მერე მის პრეისტორიას. „ამბავი ლილე იროელისა“ - ამ წიგნის დასაწერად ბევრი რამის წაკითხვა და მოძიება დამჭირდა, იმის გააზრება, რომ შესაძლოა შექმნა სამყარო, სადაც ეს მითიური ამბები, პერსონაჟები, ხშირად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები, ერთად იქნებიან.

- შეგიძლიათ აღწეროთ ლილე, დევების გაზრდილი ადამიანი?

- ლილე ობოლია. დედა მის დაბადებას გადაჰყვა, მამის ვინაობა არ იციან. ლილეში სხვადასხვა სისხლია: ღვთისშვილების, ადამიანების, ქაჯებისაც კი. ბავშვი გზაგასაყარზეა, ვინც გაზრდის, იმის საქმეს გააკეთებს. გასაზრდელად დევებს მიუყვანენ როშკაში. როშკა ხდება მისი სამშობლო, შემდეგ სადაც არ უნდა წავიდეს, ყოველთვის როშკაში ბრუნდება.

- მითოსში ასეა, გმირი მიდის სახლიდან, რაღაც გზას გადის და შემდეგ ისევ ბრუნდება. დაბრუნება აუცილებელია. რატომ?

- თუ არ დაბრუნდა, ახალი თავგადასავლისთვის მზად ვერ იქნება. უნდა გათავისუფლდეს ძველი საქმისგან, გამოცდილება მიიღოს, დაბრუნდეს და ახალი საქმისთვის მოემზადოს.

ლილე დევებთან იზრდება, მაგრამ მას ღვთისშვილები მაინც მიაგნებენ და გადასცემენ განსაკუთრებულ იარაღს. მთელი წიგნი იმაზე მაქვს, რომ ეს იარაღი უნდა გამოიჭედოს განსაკუთრებული რკინით, მიწიდან ამოფრქვეულ ცეცხლზე, მაგრამ ლილე ამ იარაღს არსად იყენებს. საუბრით, დარწმუნებით, სიყვარულით ისე აკეთებს საქმეს, რომ მთავარი ანტაგონისტის მოკვლაც კი არ სჭირდება.

- ვინმეს ამსგავსებთ ლილეს ჩვენი ისტორიიდან?

- ვერა, ალბათ საქართველოს არ ჰქონდა ამის ფუფუნება, იარაღის გარეშე რამე გაეკეთებინა.

- რაღაცნაირად შეუმცდარი გმირია, არსად არ უცდება ფეხი?

- ხშირად არის გზაგასაყარზე და ბევრს ფიქრობს, რა და როგორ გააკეთოს. არ ცდება, რადგან ძალაუფლებისადმი ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. უარს ამბობს მასზე, ძალას სხვების სამართავად არ იყენებს.

- თუ პირველივე წიგნში მთავარმა გმირმა ასეთ სულიერ განვითარებას მიაღწია, მაშინ რაზეა დანარჩენი ექვსი წიგნი?

- ლილეს ყველგან რაღაც პრობლემა ექმნება. მაგალითად, ხვდება სამყაროში, სადაც ხალხი ერთმანეთს სხვადასხვაგვარად ხედავს. ზოგი ჭამს პურს და ზოგი - არ ჭამს. ზოგი სვამს ღვინოს, ზოგი - არა, რადგან მიაჩნიათ, რომ პური და ღვინო სუფთა აღარ არის. ვინც ჭამს, მათ რკინისსახიანებად ხედავენ. თავის მხრივ, „რკინისსახიანებს“ დანარჩენები ეჩვენებათ უსახურებად. ლილე ორივე მხარეს ჩვეულებრვი სახით ხედავს და პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. ლილე არ არის ის გმირი, რომელიც მივა და თავად გადაჭრის პრობლემას. ის გზას აჩვენებს, ღირებულებებს, სიყვარულს აჩვენებს.

ლილეს უნიკალურობა რაა? აფრიკელებს ჰყავთ ძაღლი ბასენჯი. უცნაური ძაღლია, ყეფა არ იცის, მაგრამ აფრიკული ტომი ამ ძაღლში მთელ თავის ნახირს გაცვლის, რადგან მას ლომის არ ეშინია. ლილეც ასეთია, ისე უშიშრად ხვდება მტერს, რომ მერე დარტყმაც არ სჭირდება.

- ამ წიგნებზე მუშაობისას ქართული მითოსი კარგად შეისწავლეთ. როგორ ფიქრობთ, ამოწურეთ ეს თემა?

- „ამბავი ლილე იროელისა“ რომ დავწერე, მეგონა, ამოვწურე. ღვთისშვილები უკვე გამოვიყენე, ეს გამოვიყენე, ის გამოვიყენე, მეტი რაღა უნდა დავწერო-მეთქი. ამიტომ შემდეგ წიგნში „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“ მთლიანად ჩემი გამოგონილი სამყაროა ასახული. მერე მივხვდი, რომ არა, კიდევ დარჩა რაღაც და დავწერე „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ეს წიგნი რაზეა - ერთგან ამოვიკითხე, რომ გველისფერი, იგივე გველეშაპი, ღვთისშვილთა არმიის წევრი იყო. მერე ბევრი ვეძებე, მაგრამ მეტი ვერაფერი ვიპოვე და მივხვდი, ამ ერთ ფრაზაზეც შეიძლება ამბავი დაიწეროს, ანუ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გველეშაპი ღვთისშვილების გვერდით.

Quiz: როგორ იცნობთ ქართული ზღაპრების სამყაროს?

Quiz: როგორ იცნობთ ქართული ზღაპრების სამყაროს?

დაიწყე ვიქტორინა

- გჯერათ სრული ბოროტების არსებობა, ისეთის, რომელშიც ვერანაირი სიკეთე ვერ აღწევს?

- ჩემთვის ასეთი ბოროტება სამყაროში გონიერი არსების, სიცოცხლის სრულად განადგურების მცდელობაა. ლილე იმიტომ დაიბადა, რომ იქ ჩასულიყო, სადაც მზის სხივიც კი ვერ ატანდა, სადაც ნაპერწკალიც არაა სიყვარულის, მოთმენის, თანადგომის.

- როგორც ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში, ოდისევსი ჩადის მიწისქვეშეთში ან მითოსური გმირები, რომლებიც ჩადიან ქვესკნელში და მერე იქიდან ფასკუნჯს ამოჰყავთ...

- ჰო, ქვესკნელში ჩასვლა მისტერიაა. იგივე ამირანიც სამჯერაა დაბადებული, ერთხელ, როდესაც დედის მუცლიდან ამოიყვანეს, მეორედ, როდესაც ფაშვში გაახვიეს და მესამედ, როდესაც შავმა გველეშაპმა გადაყლაპა, რომელსაც შემდეგ მუცელი გაუფატრა და ისე გამოვიდა. შავი გველეშაპი იგივე ქვესკნელია. ლილეც ამოდის ქვესკნელიდან. ლილეში სამი სისხლია - ქვესკნელის, ზესკნელის და შუასკნელის, მაგრამ ქვესკნელიდან რომ ამოდის, იქიდან არაფერი მოაქვს. საერთოდ, სხვა სამყაროებიდან ლილეს არასდროს მოაქვს რამე, რადგან ამ ნივთმა ამ სამყაროში შეიძლება არეულობა გამოიწვიოს.

- ალბათ მთავარ გმირსა და მეორად გმირებს შორის ის განსხვავებაა, რომ მთავარი გმირი ქვესკნელში უნდა ჩავიდეს. რისი სიმბოლოა ეს ქვესკნელი, რეალურ ცხოვრებაში რა შეიძლება იყოს მისი მსგავსი?

- ჩემთვის ქვესკნელი ისაა, როდესაც რაღაც სარგებლის გამო ღირებულებებზე ამბობ უარს.

- ქვესკნელისთვის ადამიანი მზად არის?

- არავინ იცის, რაღაც მომენტში გმირობა შეგიძლია თუ არა. თავიდან მეგონა, რომ ლილე უნდა ჩასულიყო ქვესკნელში და მტერი იარაღით მოეკლა. მაგრამ მივხვდი, რომ ლილეს არ შეუძლია ვინმე მოკლას.

- სხვა რაღაცის დაწერა რომ გაქვს ჩაფიქრებული და უცებ პერსონაჟი თავად ირჩევს თავის გზას.

-ჰო, თუ ლილე მოკლავდა, მის მთავარ ღირებულებაზე ვიტყოდი უარს.

- თქვენი აზრით, ვინ არიან ქართული მითოლოგიის ყველაზე ძველი პერსონაჟები?

- ალბათ ისინი, ვინც ნადირობას უკავშირდება: დალი, ოჩოპინტრე... კიდევ მფარველი ძალები - ადგილის დედა.

- თუმცა, აფხაზურ მითოსში ნახსენებია არსებები, რომლებიც ადამიანებამდეც კი იყვნენ.

- აწანები - სხვა რასაა ფაქტობრივად. ჯუჯები, რომლებიც ღმერთებამდე ცხოვრობდნენ მაშინ, როცა არც დღე იყო და არც ღამე, არც ციოდა, არც ქარი ქროდა. მხიარულად და კარგად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ტანის სიმცირისა, ძალიან ღონიერები იყვნენ. აწანები ქრებიან, როდესაც საიდანღაც ბავშვიანი აკვანი გამოჩნდება.

- ანუ ადამიანი შემოდის სამყაროში?

- ჰო, ადამიანი შემოდის. ბავშვი ეკითხება, თქვენ ყოველთვის იქნებით ამ მიწაზეო? აწანები პასუხობენ, ქარი თუ ამოვარდება, ქარი ცეცხლს მოიტანს და ვეღარ ვიქნებითო. ერთხელაც ერთ-ერთი აწანი თხის წვერის ჩრდილში ზის და შეამჩნევს, რომ ჩრდილი მას ხან ადგება, ხან - არა, ანუ ქარი ამოვარდა და თხას წვერი უცანცარებს. ამის შემდეგ აწანები ქრებიან და მათ ვეღარავინ ხედავს.

- ფაქტობრივად, მარადიული დავა, ვინ იყო აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა, გადაჭრილია - აწანები.

- ასე გამოდის.

- მითი არის ის, რისიც გჯერა, განსხვავებით ზღაპრისგან, არა?

- კი, რისიც გჯერა. მითი როგორც კი მოწყდება თავის ადგილს და ეპოქას, ისიც ზღაპრად იქცევა, რადგან იმ სხვა ადგილას მისი არ სჯერათ. ამიტომ ყოველთვის იმ სამყაროსაც აღვწერ, სადაც ეს ამბები ხდებოდა. ღვთისშვილებს საოცარი იარაღები აქვთ, ძალიან „თანამედროვე“, რომლებზეც შეიძლებოდა სამეცნიერო ფანტასტიკა დამეწერა, მაგრამ ამით მათ ბუნებრივ გარემოს დავშორდებოდი.

- მაგალითად, როგორი იარაღები?

- ძალიან მომწონს კოპალას ჩირაღდანი, რომელიც წყალში ცეცხლს ისვრის. კიდევ მათრახები, მაგალითად, ბერ ბაადურს აქვს სენ-სამსალაში ამოვლებული დაწნული მათრახი, არის ისეთი მათრახებიც, რომლებიც ცეცხლს გაიყოლებს ელვასავით. ხმალი არც ერთს არა აქვს. მე ეს დავარღვიე და ჩემს პერსონაჟებს ხმლები დავაჭერინე, თხრობას ასე დასჭირდა.

- მითი ორგანულად უკავშირდება ბუნებას, ტყეს, ღამეს, ცხოველებს. დღეს, ურბანიზაციის და დესაკრალიზაციის პირობებში, შეიძლება მითი წარმოიქმნას?

- კონსპირაციული თეორიები, მაგალითად. კოვიდის დროს ძალიან ბევრი იყო. ხანდახან ისეთი რაღაცეების სწამთ, ვფიქრობ ხოლმე, ფენტეზის სიუჟეტად გამოდგება-მეთქი.

- რელიგიები უმეტესად არ ეხებიან თემას, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა. ამან ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცა. ქართულ მითოლოგიაში უცხოპლანეტელები სად ჩანან?

- არ ჩანან. ქართულ მითოსში, არის ქვესკნელი - სულების სამყარო, შუასკნელი - ადამიანების სამყარო და ზესკნელი - ზეციური არსებების სამყარო. ამას ყველაფერს გარედან კიდევ აქვს გარესკნელი და იქ სიცოცხლე არ არის. ქართულ მითოლოგიაში ერთ მითსაც ვერ ნახავ, სადაც გარესკნელში რამე ხდება. იქიდან არავის ელოდებიან.

- არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებიც მხოლოდ ქართულ მითოსში გვხვდება?

- მაგალითად, ქართულ და აფხაზურ მითოსშიც არის ოჩოკოჩი, პერსონაჟი, რომელსაც მკერდზე ძვალი ისე აქვს ამოზრდილი, რომ ცულად იყენებს. თუ ვინმეს მოკვლა უნდა, მიდის და ეხუტება. ოჩოკოჩი ერთი გასროლით უნდა მოკლა. თუ შეგეშინდა და ზედიზედ ორჯერ ესროლე, ცოცხალი დარჩება. ასეთი პერსონაჟი სხვაგან არ მახსოვს. არც ფილმებში, არც კომპიუტერულ თამაშებში არ შემხვედრია ცულისმკერდიანი არსება ან გმირი, რომლის მოსაკლავად ტყვიები უნდა ითვალო.

- მითები ზოგადად კოლექტიური წარმოსახვის შედეგად იქმნება, მაგრამ თუ შეგხვედრიათ ისეთი მითი, რომელიც ერთი კაცის შეთხზულს ჰგავს?

- მგონია, რომ მითი კახანის შესახებ ერთი კაცის მოფიქრებულია. ეს არის სვანური თქმულება. გველეშაპი სოფელს წრეს შემოარტყამს და გარეთ არავის უშვებს. კახანი გველეშაპის მოსაკლავად მიდის, ხალხს კი სთხოვს, რომ ადგილზე თასით რძე დაახვედრონ. კუდიდან მოუვლის და კისრამდე ასე ააღწევს. გველეშაპი თავს მოატრიალებს და გესლს შეანთხევს, მაგრამ რადგან კახანი მის ზურგზეა, კარგად მაინც ვერ მიწვდება. კახანი შხამს რძეში განბანვით მოიშორებს. გადარჩენილი ხალხი ათას რამეს სთავაზობს, მაგრამ მას მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი ამბავი მოყევითო.

რატომღაც მგონია, რომ ეს ერთი კაცის მოფიქრებული ამბავია. თუნდაც იმიტომ, რომ პირველ პირშია მოყოლილი. როდესაც ჩემს მოსწავლეებს ამ მითს ვუყვები, ბოლოს ვეუბნები ხოლმე: „მე დღეს კახანის თხოვნა შევასრულე, ახლა თქვენი ჯერია“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG