- ფეხბურთის ეროვნული ლიგის თამაშების ტრანსლაციას 2019 წლის აპრილიდან ქართული საპროდიუსერო კომპანია GFM სტუდიის ნაცვლად რუსული კომპანია ინსტატპორტი უზრუნველყოფს.
- რუსული კომპანია “მატჩ ტივი” დაიქირავა ძალოსნობის ფედერაციამ ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციისთვის;
- ფედერაციებში ამბობენ, რომ არჩევანი რუსულ კომპანიებზე დაბალი ფასის გამო გააკეთეს, ქართველი სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მაშინ, როცა რუსეთზე ზეწოლას მსოფლიო ფინანსური სანქციებით ცდილობს, გაუგებარია, რატომ დებენ ქართული სახელმწიფო უწყებები რუსულ კომპანიებთან სოლიდურ კონტრაქტებს.
- Ifact.ge-ს კვლევის მიხედვით, 2012 წლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტიდან 159 მილიონი ლარი მიიღეს.
ფეხბურთის ეროვნული ლიგა და რუსული კომპანია „ინსტატსპორტი“, სათავო ოფისით დუბლინში
რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციამ, ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ლიგის თამაშების ტრანსლირება გადაწყვიტა. ამ მომსახურებას ფეხბურთის ფედერაცია ქართული კომპანია „GFM სტუდიისგან“ ყიდულობდა და, როგორც ორივე მხარე ამბობს, გადაღების ხარისხით კმაყოფილები იყვნენ მანამ, სანამ არ გამოჩნდა რუსული კომპანია „ინსტატსპორტის“ შემოთავაზება ეროვნული ლიგის თამაშების უფრო დაბალ ფასად ტრანსლაციის შესახებ. 2-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ფედერაციამ კონტრაქტი ქართული კომპანიის მაგივრად „ინსტატსპორტთან“ დადო.
ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კომპანიების ცვლილებაზე საუბრისას ჰყვება, რომ „ინსტატსპორტმა“ მათ ტრანსლაციასთან ერთად სტატისტიკური მონაცემების პირდაპირ ეთერში გადაცემაც შესთავაზა და ამ ორივე სერვისში დღეს ფეხბურთის ფედერაცია უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე წინა წლებში იხდიდა.
კომპანიების ცვლილების შემდეგ სპეციალისტები და ფეხბურთის გულშემატკივრები მკვერთად გაუარესებულ ხარისხზე წუხან. დისკუსია ფეისბუქის დახურულ ჯგუფებში დღემდე გრძელდება.
ფედერაციაში ამბობენ, რომ ახალ კონტრაქტორს გამოსაცდელი 6 თვე აქვს და ამ დროის განმავლობაში მათ მიერ გადაცემულ თამაშებს საცდელი მაუწყებლობა აწერია.
„GFM სტუდია”, რუსული კომპანიის გამოჩენამდე 2 სეზონის განმავლობაში გადასცემდა პირდაპირ ეთერში ეროვნული ლიგის თამაშებს. მათთვის ცვლილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მათი მუშაობის ხარისხით უკმაყოფილო არასოდეს ყოფილა.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ჯამში, ფედერაციამ რუსულ კომპანიასთან კონტრაქტით წელიწადში, დაახლოებით, 80 000 ლარი დაზოგა. მხოლოდ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს (2016-2020 წლებში 265 მილიონი) თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ფედერაციის დანაზოგი მიზერულია. სპეციალისტები მიუთითებენ იმასაც, რომ ქართული კომპანიისთვის გადახდილი ფული ქართული ბიზნესის გაძლიერებისთვის გადახდილი თანხაც იყო. ნებისმიერი სპორტის განვითარება ძნელად წარმოსადგენია ამ სპორტის ინფრასტრუქტურისა და სპეციალისტების განვითარების გარეშე.
ფეხბურთის ფედერაციაში მტკიცედ აცხადებენ, რომ კომპანია, რომელზეც მათ გააკეთეს არჩევანი, არა რუსული, არამედ ირლანდიურია, სათავო ოფისით დუბლინში.
ინსტატსპორტის ოფიციალური ვებ-საიტისა და ფეისბუქის გვერდის მიხედვით ის მართლაც ირლანდიური კომპანიაა სათავო ოფისით დუბლინში, მაგრამ სხვა ინტერნეტწყაროებით ირკვევა, რომ ის 2007 წელს მოსკოვშია დაფუძნებული ალექსანდრე ივანსკის მიერ.
რუსეთშივე ცხოვრობს ასევე ფეისბუქგვერდის გუნდის 5 წევრიდან ხუთივე და მათი საქმიანობაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი საერთაშორისო კონტრაქტი აქვთ, ყველაზე მჭიდროდ რუსეთთან არის დაკავშირებული.
კომპანია „ინსტატსპორტის“ დამაარსებელი ალექსანდრე ივანსკი სპორტული ჟურნალისტია. კომპანიამ საქმიანობა რუსული მედიისთვის რუსეთის ფეხბურთის ჩემპიონატის სტატისტიკური მონაცემების მიყიდვა/მიწოდებით დაიწყო.
პირველი კლიენტი საფეხბურთო სპორტის სამყაროდან მოსკოვის “სპარტაკი” იყო, რომლის სამწვრთნელო შტაბმა ინსტატსპორტის მონაცემების გამოყენება დაიწყო. 2009 წელს რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელ მწვრთნელ გუს ჰიდინკთან შეხვედრის შემდეგ „ინსტატსპორტმა“ კლიენტებს უცხოეთშიც ეძებს. 2016 წელს კომპანია, ფეხბურთის გარდა, ჰოკეისა და კალათბურთის სტატისტიკის დამუშავებასაც შეუდგა. ფეხბურთის მატჩების ტრანსლაცია 2018 წლის ზაფხულში რუსეთის მეორეხარისხოვანი “ფეხბურთის ნაციონალური ლიგის” მატჩების გაშუქებით დაიწყო. ამ დროისთვის კომპანიას აქვს რამდენიმე რეგიონულ ოფისში დასაქმებულია 1000-მდე თანამშრომელი, მათ შორის 500-მდე ოპერატორი. კომპანიას აქვს ორი ე.წ. “ფერმა”, სადაც დაახლოებით 600-მდე ადამიანი მატჩების ანალიზითაა დაკავებული. მსგავსი პროფილის რუსული კომპანია იშვიათია. საქართველოს ჩემპიონატის გაშუქება კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება სპორტული ტრანსლაციების პორტფელში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარდა ჯერ რუსეთის ფარგლებს გარეთ კონტრაქტები არ აქვთ.
ძალოსნობის ფედერაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და MATCH TV, პუტინის დაფუძნებული სპორტული არხი
6-13 აპრილს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ბათუმში გამართული ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციისთვის რუსულ კომპანია "მატჩ ტივისთან" გააფორმა ხელშეკრულება. "მატჩ ტივი" პუტინის ინიციატივით შექმნილი სპორტული არხია. მისი გენერალური პროდუსერსი თინა კანდელაკია. არხი გაზპრომ მედია ჰოლდინგის ჯგუფის წევრია და დიდწილად სახელმწიფო სუბსიდიებით არსებობს.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გაშუქების ვალდებულება, 2018 წლის ოქტომბერში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ძალოსნობის ფედერაციას შორის გაფორმებული ერთწლიანი მემორანდუმის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა.
ძალოსნობის ფედერაციაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე არ აღმოაჩნდა ტრანსლაციისთვის საჭირო 14 კამერა და სხვა ტექნიკური საშუალებები და ამის გამო ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა. მის გადასარჩენად სასწრაფოდ ჩატარდა კონკურსი, რომელსაც ტრანსლაციის უზრუნველსაყოფი კომპანია უნდა გამოევლინა.
სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იმ ფაქტით, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გასაშუქებლად რუსეთიდან ჩამოდიან კომპანიები, უკმაყოფილონი არიან ადგილობრივი სპეციალისტები. ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობს რესურსი, მაღალი დონის ჩემპიონატების გასაშუქებლად, რაც მნიშვნელოვანია როგორც ამ სფეროს, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის.
ტელე-რეჟისორი კახა მელიქიძე ერთ-ერთია იმ გუნდში, რომლის წევრებმაც სამი წლის წინ გადაწყვიტეს გაეუმჯობესებინათ თავიანთი უნარები სპორტული ტურნირების გაშუქება და ამ დროის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან ითანამშრომლეს. მელიქიძემ კარგად იცის, რომ თითოეული გამოტოვებული ჩემპიონატი პროფესიულად უკან გადადგმული ნაბიჯია, რუსული კომპანიები კი, როგორც წესი, ადგილობრივ პროფესიონალებთან ურთიერთობით დაინტერესებულნი არ არიან.
ამ ჯგუფს ძალოსნობის ჩემპიონატის წინ მოლაპარაკებები ჰქონდა როგორც რუმინულ კომპანიასთან, რომელიც ძალოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობდა, ასევე უშუალოდ ძალოსნობის ფედერაციასთან და სთავაზობდა მათ თავიანთ სერვისს, თუმცა გაზპრომის მედია ჰოლდინგში შემავალ რუსულ არხთან კონკურენცია შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს სახელმწიფო უწყებები და რუსული კომპანიები
ძალოსნობისა და ფეხბურთის ფედერაციები მხოლოდ ნაწილია იმ უწყებებისა, რომლებიც სერვისისა და პროდუქტის შესყიდვისას არჩევანს რუსული კომპანიების სასარგებლოდ აკეთებენ. გამომძიებელ ჟურნალისტთა გამოძიების თანახმად, 2012 წლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტიდან 159 მილიონი ლარი მიიღეს. ქართული სახელმწიფო სამსახურების ნაწილი მათ პირდაპირ უფორმებს ხელშეკრულებას, ნაწილი კი ტენდერის გზით იმარჯვებს.