Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ახალი ოფისი - ვინ ააშენა, როდის და რამდენად მიჰყიდა პარტიას?


ოფისი რვასართულიანია. შენობის ფასადზე ვიტრაჟებს შორის დეკორატიული კედლებია მოწყობილი. ოფისის გახსნაზე მისულ მედიას ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მიეცა.
ოფისი რვასართულიანია. შენობის ფასადზე ვიტრაჟებს შორის დეკორატიული კედლებია მოწყობილი. ოფისის გახსნაზე მისულ მედიას ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მიეცა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, 16 ივლისს, ორთაჭალაში, გორგასლის #20 ნომერში, ახლად აშენებულ შენობაში გახსნეს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. ამ მისამართზე იქნება დღეიდან მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისი.

სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე როსტომ მეფის სასახლიდან გადაბარგების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი, ახლა სამინისტროების კვარტალშია - ემეზობლება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საჯარო რეესტრს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს.

ახალი შენობის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა შეკრება საღამოს 8 საათიდან დაიწყეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლების, სპორტსმენების, მსახიობების ნაწილი, ტელეკომპანია „იმედის“ გასართობი გადაცემების წამყვანები.

საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდეტი ბიძინა ივანიშვილი ახალი ოფისის აივანზე პირბადით გამოვიდა და ეზოში შეკრებილებს მიესალმა. მასთან ერთად იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ახალი ოფისის აივანზე
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ახალი ოფისის აივანზე

ზუსტად 20:30-ზე „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა და ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო სლოგანიც წარუდგინა: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. ამ მომენტიდან გაიხსნა ოფიციალურად ახალი ცენტრალური ოფისიც.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ოფისი საკუთრებაში გახსნამდე ერთი დღით ადრე, 15 ივნისს გადაიფორმა. ეს ადგილი მან შპს „ნიუ ოფისისგან“ შეიძინა. ამავე კომპანიამ ააშენა და მოაწყო ტერიტორია საოფისედ. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების გადაფორმების პროცესი 15 ივნისს დილიდან დაიწყო და 19:45-ზე დასრულდა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი ამ დრომდე ერეკლე მეორის მოედანზე, როსტომ მეფის სასახლეში იყო განთავსებული. მისი მფლობელია შპს „ახალი კაპიტალი“, რომელიც „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. პარტია მესაკუთრეს ყოველწლიურად იჯარის საფასურსაც უხდიდა.

ახალი ოფისის მიმდებარე ტერიტორია 4953 კვ.მ-ია, საოფისე ფართი - 8460 კვ.მ. საჯარო რეესტრში ატვირთულ დოკუმენტებში წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საოფისე ფართი განვადებით შეიძინა. სხვა ხარჯები, მათ შორის - ოფისის მშენებლობისა და შესყიდვის საფასური, საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.

„ქართული ოცნების“ ახალ ოფისზე პარტიის საარჩევნო ნომერია დამონტაჟებული
„ქართული ოცნების“ ახალ ოფისზე პარტიის საარჩევნო ნომერია დამონტაჟებული

შპს „ნიუ ოფისის“ ხელმძღვანელმა დავით ანდღულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას 19 მილიონი აშშ დოლარი 7 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. განვადების პირობით, ყოველთვე გადასახდელი თანხა 250 000 აშშ დოლარია. საპროცენტო განაკვეთი 8%-ია, რომელიც 19 მილიონში შედის.

„თავიდან იჯარა-გამოსყიდვაზე გვქონდა საუბარი, წინა კვირას შევთანხმდით ნასყიდობაზე, შეთანხმების გაფორმება გუშინ მოვახერხეთ. მე ან გაქირავებას ან ნაწილებად გაყიდვას ვფიქრობდი, მათი შემოთავაზებული წინადადება საინტერესო იყო და დავთანხმდი“, - ამბობს დავით ანდღულაძე.

"ქართული ოცნების" ახალი ოფისის ხედი გორგასლის ქუჩიდან
"ქართული ოცნების" ახალი ოფისის ხედი გორგასლის ქუჩიდან

ოფისი რვასართულიანია. შენობის ფასადზე ვიტრაჟებს შორის დეკორატიული კედლებია მოწყობილი. ოფისის გახსნაზე მისულ მედიას ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მიეცა. პროექტის მიხედვით, შენობის მეექვსე სართულზე კაბინეტებს მოსასვენებელი ოთახები და დახურული ტერასები აქვს. ერთი სართულის ზევით სათათბირო ოთახია, სადაც დგას მრგვალი მაგიდა რკალისებურად განლაგებული მონიტორებით.

ოფისს ხიდით უკავშირდება ეზოში ცალკე მდგომი 208-კაციანი სააქტო დარბაზი, რომელიც პარტიას ყრილობებისა და შეკრებებისთვის შეუძლია გამოიყენოს.

საგამოძიებო რეპორტაჟი “ქართული ოცნების“ საიდუმლო ოფისი - ტელეკომპანია „პირველმა“ 2024 წლის თებერვალში მოამზადა. რეპორტაჟის მიხედვით, შენობა თავიდანვე „ქართული ოცნებისთვის“ შენდებოდა, მმართველი პარტია კერძო ბიზნესს გაურიგდა, რაც პოლიტიკური კორუფციაა და პარტიამ ახალი ოფისის მშენებლობით ფული გაათეთრა.

„ქართულმა ოცნებამ“ რეპორტაჟის ანონსის ეთერში გასვლის დღესვე გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ოფისის მშენებლობას „ქართული ოცნება“ არ აფინანსებდა და მშენებარე ოფისი პარტიას იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა.

საჯარო რეესტრის უახლესი, 15 ივნისით დათარიღებული ამონაწერებიდან კი ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ოფისის მეიჯარე კი არა, როგორც ირწმუნებოდნენ, არამედ მესაკუთრეა.

შპს „ნიუ ოფისი“, რომლისგანაც „ქართულმა ოცნებამ“ შენობა იყიდა, 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს დავით ანდღულაძე ფლობს. გორგასლის 20 ნომერში ნაგებობის აშენების უფლება კომპანიამ 2023 წლის 7 დეკემბერს მიიღო.

თავად ანდღულაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემწირველია. მან მმართველ პარტიას 2021 წელს 50 000 ლარი შესწირა, 2023 წლის დეკემბერში - 60 ათასი ლარი.

„ქართული ოცნება" 2023 წლის დეკემბერში დამიკავშირდა, მე A კლასის საოფისე ფართს ვაშენებდი, ბევრი მიკავშირდებოდა, მაკლერები, ფიზიკური პირები, ამ ადგილზე ოფისის მშენებლობა სპეციალურად "ქართული ოცნებისთვის" არ დამიწყია, შეთანხმების შემდეგ მშენებლობისას სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად პროექტში მცირე დეტალები შევცვალე“, - ამბობს ანდღულაძე და არ პასუხობს კითხვას: „რა დაუჯდა თავად საოფისე ტერიტორიის მოწყობა“.

იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილი მხარდამჭერები თვალს ადევნებენ "ქართული ოცნების" ეზოში მიმდინარე ღონისძიებას.
იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილი მხარდამჭერები თვალს ადევნებენ "ქართული ოცნების" ეზოში მიმდინარე ღონისძიებას.

ეს ადგილი 2022 წლის ზაფხულამდე სახელმწიფოს საკუთრება იყო. აგვისტოს თვეში ქონების მართვის სააგენტომ ადგილი შპს „ორანჟერეას“ გადაუფორმა, რომელმაც სანაცვლოდ გადაიხადა მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი და დათმო მიწა აღმაშენებლის ხეივანზე.

7 თვეში ამ კომპანიამ ეს ადგილი შპს „ნიუ ოფისს“ მიჰყიდა. კომპანია „ორანჟერეის“ დირექტორიც დავით ანდღულაძე იყო.

„ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელს დაცვის ჯიხური იცავს. მმართველი პარტიის წევრებს შენობაში მოხვედრა შეუმჩნევლად, პარკინგითაც შეუძლიათ. ახალ ცენტრალურ ოფისში პირველი პოლიტსაბჭოს სხდომა ორშაბათს, 22 ივლისს უნდა გაიმართოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG