„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) გამოაქვეყნა ქართველი და უცხოელი პოლიტიკის ექსპერტების გამოკითხვის შედეგები. 23 პოლიტიკის მკვლევარი და ანალიტიკოსი 6-20 ნოემბერს გამოკითხეს. მათი პასუხები მთლიანობაში აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა. რაც შეეხება ცალკეულ საკითხს, GIP-ის უფროსი მკვლევარი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბიძინა ლებანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს რამდენიმე ასპექტზე. რესპონდენტებს 1-დან (ნაკლებად მწვავე) 5 (ყველაზე მწვავე) ქულამდე უნდა შეეფასებინათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები:
„სასამართლოს დამოუკიდებლობა და არაფორმალური მმართველობა შეფასდა ორ ყველაზე მწვავე პრობლემად 2019 წლის განმავლობაში. სიმწვავის მიხედვით პირველ ადგილზეა სასამართლოს დამოუკიდებლობა (88 ქულით) და მეორეზე - არაფორმალური მმართველობა (84 ქულით). ამ ორს მოსდევს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უთანასწორობის ზრდა. შემდეგ მოდის ხელისუფლების ჩარევა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში, შემდეგ მაჟორიტარული სისტემა და რეფორმის ჩავარდნა. საინტერესოა, რომ პოპულიზმი, სიმწვავის მიხედვით, ბოლო ადგილზე გავიდა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების შეფასებით. ასევე, სხვა პრობლემებთან შედარებით, ნაკლებად მწვავე პრობლემად აფასებენ ისინი პოლარიზაციას“.
რაში განსხვავდებოდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასებები?
„მთავარი განსხვავება იყო ოპოზიციის როლის შეფასებაში. ერთ-ერთ პრობლემად მითითებული გვქონდა ოპოზიციის სისუსტე. უცხოელმა ექსპერტებმა ოპოზიციის სისუსტე შეაფასეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, ქართველმა ექსპერტებმა - როგორც ნაკლებად მწვავე პრობლემა. ქართველი ექსპერტების სიაში ოპოზიციის სისუსტე გავიდა ბოლოდან მეორე ადგილზე. უცხოელი ექსპერტების სიაში პირველ სამეულში მოხვდა“.
გამოკითხული ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ჩაგდების მოტივაცია იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შიში:
„87%-მა დაასახელა 2020 წლის არჩევნების წაგების შიში. მხოლოდ 4%-მა გაიზიარა მთავრობის მიერ მოწოდებული ნარატივი, რომ რეფორმა ჩავარდა მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო. 9%-მა განაცხადა, რომ ორივე ფაქტორმა ითამაშა როლი. ქართველი ექსპერტების 100%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების შიშმა განაპირობა რეფორმის ჩავარდნა. უცხოელების მოსაზრებები უფრო დიფერენცირებული იყო“.
გამოკითხვის მონაწილეებმა შეაფასეს აგრეთვე პოლიტიკური აქტორების როლი ბოლოდროინდელ პოლიტიკურ კრიზისებში - დადებითი იყო ეს როლი თუ უარყოფითი:
„ქართველმაც და უცხოელმა ექსპერტებმაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეაფასეს როგორც ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი და მისცეს ყველაზე მეტად უარყოფითი შეფასება. უარყოფითი შეფასების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა სასამართლო. შემდეგ მოდის „პატრიოტთა ალიანსი“, შემდეგ მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“. ამის შემდეგ მოდის პოლიცია. ყველაზე დადებითი შეფასება ჰქონდა ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომლებიც იყვნენ საპროტესტო გამოსვლების სათავეში, შემდეგ მოდიან წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი“.
გამოკითხვის ავტორებმა პოლიტიკის ანალიტიკოსებს სთხოვეს რეკომენდაციების მიცემაც პოლიტიკური აქტორებისთვის:
„ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში თითქმის ყველა ექსპერტმა აღნიშნა ძალების კონსოლიდაციის და წინასაარჩევნო კოალიციის შექმნის საჭიროება, განსაკუთრებით იმისთვის, რომ თუ დარჩება დღეს არსებული საარჩევნო სისტემა, როგორმე დაუპირისპირდნენ მთავრობის მაჟორიტარებს რეგიონებსა და დედაქალაქში.
მთავრობას რაც შეეხება, მას მოუწოდებენ რეფორმებისკენ და იმისკენ, რომ გადავიდნენ ხელისუფლების გადაბარების რეჟიმში ან მინიმუმ ერთ-ერთ სცენარად განიხილონ ხელისუფლების გადაბარების სცენარი მომდევნო არჩევნების პერიოდში და, ასევე მოახდინონ კონცენტრირება სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებზე.
ექსპერტები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ მეტი პოლიტიკური წნეხისკენ, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-ს. სანქციებიც იყო ნახსენები რამდენიმე ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ - რომ დასავლეთი შეშფოთების გამოხატვიდან გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე და სანქციებს თუ არ დაუწესებს, სიტყვა „სანქციები“ შემოიტანოს რიტორიკაში“.