Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი ქართველები მოხვდნენ პოტენციური "აგენტების" რუსულ სიებში და როგორია "აგენტების" ქართული სიის პერსპექტივა


პლაკატი რუსული წარწერით - "ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს უცხო-აგენტი". საილუსტრაციო ფოტო
პლაკატი რუსული წარწერით - "ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს უცხო-აგენტი". საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ხელისუფლების სპეციალური სტრუქტურების „შავ სიებში“ საქართველოს მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. რატომ? ლოგიკა ბუნდოვანია, შემადგენლობა - ჭრელი; ცხადი მხოლოდ ის არის, რომ მოსკოვი, წლებია, აკვირდება პროცესებს, ადამიანებს და ინახავს ცნობებს ოპონენტების საჯარო განცხადებების შესახებ. 

„როსკომნადზორის“ დაქვემდებარებაში მოქმედი სამთავრობო სტრუქტურის - „ძირითადი რადიოსიხშირეების ცენტრის“ (ГРЧЦ) მიერ შედგენილი სიები, რომლებიც ბელარუსმა ჰაკერებმა მოიპოვეს, საბოლოოდ მედიის ხელში მოხვდა და გამოქვეყნდა ორი ვრცელი სია - პოტენციური "აგენტებისა" და გასაკონტროლებელი "აზრის ლიდერების". ამ სიებში ათასზე მეტი პირია შეყვანილი.

სხვებთან ერთად, პოტენციური "აგენტების" ჩამონათვალშია, მაგალითად, შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი; ხოლო „აზრის ლიდერთა“ სიაში აწ გარდაცვლილ მომღერალს, ყოფილ დეპუტატს, ბუბა კიკაბიძესაც ვხვდებით.

როგორ მოხვდით ამ სიაში, რას უკავშირებთ? - ვეკითხებით დიმიტრი მონიავას - პოლიტიკურ მიმომხილველსა და რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ბლოგერს. ГРЧЦ-ის სიაში მისი გვარი 2021 წლის 16 ივნისს მოხვდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 8 თვით ადრე.

„არ ვიცი... ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას და, პირველ რიგში, რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობას ... უკრაინის საკითხს ნაკლებად ვუკავშირებ. მქონდა პუბლიკაციები უკრაინაზეც, მაგრამ ძირითადად - ომის დაწყების შემდეგ. 2021 წლის ივნისი რადგან არის [მითითებული], ალბათ, ეს უფრო რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემატიკის, რუსეთში დემოკრატიული ძალების მდგომარეობის შესახებ დაწერილ კრიტიკულ პუბლიკაციებს უკავშირდება“, - ვარაუდობს მონიავა და იმასაც აღნიშნავს, რომ „ზოგადად, ძალიან ძნელია გაიგო ამ [რუსეთის] რეჟიმის ლოგიკა და მიზნები“.

დიმიტრი მონიავასთვის სიაში შეყვანილ პირთა შემადგენლობაც უცნაურად ჭრელია და ლოგიკური ძაფის მოძებნა ამ მიმართულებითაც უჭირს.

  • პოტენციური „აგენტების“ 804-წევრიან სიაში არიან ასევე: ანალიტიკოსი და ჟურნალისტი, გელა ვასაძე; უსაფრთხოების ექსპერტი - ვახტანგ მაისაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი - ვანო მერაბიშვილი. რუსებისა და ქართველების გარდა, ამავე სიაშია, მაგალითად, ლიეტუვის სეიმის კომიტეტის თავმჯდომარე - ჟიგიმანტას პავილიონისი.
  • „აზრის ლიდერების“ 472-წევრიან სიაში კი ვხვდებით: მომღერალსა და მსახიობს, პარლამენტის ყოფილ წევრს, 15 იანვარს გარდაცვლილ ვახტანგ კიკაბიძეს, რუსეთში მოღვაწე მუსიკოსებს - თეონა კონტრიძეს, ძმებს - ვალერი და კონსტანტინე მელაძეებს, დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესა და სხვა.
გამოცემებმა «Важные истории»-მ და „Süddeutsche Zeitung“-მა ახლახან გამოაქვეყნეს ერთობლივი გამოძიება, რომელიც მედიაში გაჟონილ ინფორმაციას ეყრდნობა. „როსკომნადზორისა“ და მისი შვილობილი სამთავრობო სტრუქტურის - „ძირითადი რადიოსიხშირეების ცენტრის“ (ГРЧЦ) მასალები მედიას ბელარუსი ჰაკერების ჯგუფმა («Киберпартизаны») გადასცა.
„ძირითადი რადიოსიხშირეების ცენტრის“ (ГРЧЦ) თანამშრომლები (ძირითადად IT სპეციალისტები და ანალიტიკოსები) - აწარმოებენ რუსული ვებსაიტების, სოციალური მედიის გვერდების, „ტელეგრამის“ არხების მონიტორინგს და ეძებენ ოპოზიციურ გზავნილებს, ანტისაომარ განცხადებებს და პუტინის წინააღმდეგ გამოთქმულ შეურაცხყოფებს.

პოტენციური „აგენტების“ სიაში 2021 წლის ივნისში შეყვანილი გელა ვასაძე „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) ანალიტიკოსია, რომელიც რუსულენოვან იუთუბგადაცემას - „Новости с Кавказа“-ს უძღვება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტუმრებთან ერთად, ის აქტიურად და მწვავედ აშუქებს რუსეთის ომს უკრაინაში.

„როგორც მე ვიცი, რუსეთში „აგენტის“ სტატუსს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ანიჭებენ... შეიძლება ისინი უკვე გვთვლიან პოტენციურ რუსეთის მოქალაქეებად?! [იცინის - რ.თ.] არ ვიცი ... რუსეთს ზოგადად 1989 წლიდან ვაკრიტიკებ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვუკავშირებ, რატომ შემიყვანეს ამ სიაში მაინცდამაინც 2021 წლის ივნისში. მე უფრო მგონია, რომ რაღაც სია არსებობდა და [ბაზაში] ყველა გვარი მექანიკურად გადაიტანეს“, - ეუბნება ვასაძე რადიო თავისუფლებას. ნუსხაში შეტანილი პირების შემადგენლობა მასაც ეუცნაურება; მაგრამ ნათელია ისიც, რომ "რუსეთისთვის აგენტი და მტერია ყველა, ვინც მის პოლიტიკას უპირისპირდება".

„უცხოეთის აგენტების“ კანონი და მიდგომები რუსეთში თანდათან, წლების განმავლობაში გამძაფრდა.

„უცხოეთის აგენტების“ იარლიყის მიწებება კრემლმა, 2010-იანი წლების დასაწყისში, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და მედიასაშუალებებით დაიწყო და თანდათან, ინდივიდუალურად, ფიზიკური პირების დევნაზეც გადავიდა.

თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ დასავლურ, დემოკრატიულ მექანიზმს აწესებდა, მაგრამ, წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებების თანხლებით, „უცხოეთის აგენტების“ წრეც გაფართოვდა და მათთვის გამიზნული სანქციებიც უფრო მასშტაბური გახდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „აგენტებად“ გამოცხადდნენ რუსეთიდან დევნილი პირებიც, რომლებიც უპირისპირდებიან კრემლის პოლიტიკას. კანონში "უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" 2022 წლის ზაფხულში დამტკიცებული ცვლილებებით, „აგენტებს“ აეკრძალათ, მაგალითად:

  • სწავლება სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში;
  • ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა;
  • მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოს დაფინანსების მიღება;
  • გადასახადების გამარტივებული სისტემით სარგებლობა;
  • მასობრივი ღონისძიებების გამართვა ხელისუფლების ორგანოების შენობებთან;
  • შს სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მუშაობა (თუკი მუშაობს, უნდა დატოვოს სისტემა) და სხვა.

"აგენტები" საქართველოში

ანალიტიკოსები - დიმიტრი მონიავა და გელა ვასაძე მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად თვლიან იმ ფაქტს, რომ „უცხოეთის აგენტების“ სიის შედგენა საქართველოშიც იგეგმება.

„საქართველო რომ ყოფილიყო დემოკრატიული ქვეყანა, ისეთი, როგორიც არის, ვთქვათ, ისრაელი, ავსტრალია, პრობლემა არ შეიქმნებოდა... ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს კანონი ხელისუფლებას "მორალური უპირატესობის" მოსაპოვებლად სჭირდება, რომ ამ პოზიციიდან დაუწყოს საუბარი ოპონენტებს - აი, თქვენ ხართ „უცხოეთის გავლენის აგენტები“ და მე ვარ ქართველი ერის ინტერესების დამცველი“, - გვეუბნება მონიავა და ამ ფონზე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაუარესებასაც მოელის.

გელა ვასაძე კი მიუთითებს, რომ ახლა საქართველოში „ხალხის რეაქციის გამოცდის პროცესია“ და კანონს აუცილებლად მიიღებენ, თუკი ამ ინიციატივას სათანადო წინააღმდეგობა არ მოჰყვება. თუკი კანონი დამტკიცდება, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ ვითარება საქართველოშიც ისევე თანდათან დამძიმდეს, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები „ხალხის ძალიდან“ ჯერ კიდევ კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ სწორედ იმ მექანიზმის ამოქმედებას, რაც აშშ-ში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

საკანონმდებლო ინციატივას მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებაშიც“, რომელსაც „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი დეპუტატები, როგორც აღნიშნავენ, „სიმართლის სათქმელად გამოეყვნენ“ და მათი რიტორიკა მკაფიოდ ანტიდასავლურია.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები, პარლამენტში, უმრავლესობას დღეს ისევ ერთად ქმნიან და, ერთობლივი ძალით, კანონის დამტკიცებას შეძლებენ.

"ხალხის ძალის" მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.
დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
სუბიექტების „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.

„აშშ-ის მოდელი სხვაა... გარდა ამისა, ამერიკაში კანონი კანონობს, მუშაობს. ჩვენთან ეს სარისკოა, რადგან სხვა სიტუაცია გვაქვს აბსოლუტურად“, - ამბობს გელა ვასაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG