თბილისის მეტრო მუშაობას 6 საათზე იწყებს. 5:45 საათზე მეტროს კარებთან უკვე თხუთმეტამდე ადამიანი იცდის. რამდენიმე სამგზავრო ჩანთითაა, რეგიონში მიემგზავრება და მატარებელს ან ავტობუსს უნდა მოუსწროს. კაცი - გაზაფხულის პირველი ყვავილებით გატენილი ჩანთით, მეტროს სადგურის შესასვლელთან იებს სთავაზობს ხალხს - სადგურში, აქა-იქ ჩამომხდარი მგზავრებიდან ზოგი ისევ თვლემს, ზოგი უკვე გამოფხიზლდა. სამსახურში მიდიან. მათ შორის, ვინც სამუშაო დღეს 6 საათზე იწყებს, კაცებიც არიან და ქალებიც. მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ ქალებს გავყვებით.
დილის 6 საათზე თბილისში ყველაზე ხმაურიანი ადგილებიც კი უკაცრიელია - ვაგზლის მოედანზე სიჩუმეს აქა-იქ მანქანის ხმა თუ არღვევს. ბაზრობა, საბითუმოს გარდა, ჯერ არ გაუხსნიათ. მეტროდან კანტიკუნტად ამოსული ადამიანები თავიანთი დახლებისკენ მდუმარედ მიემართებიან, რომ ორიოდე საათის შემდეგ კლიენტებს გაწყობილი დაახვედრონ.
შავებში ჩაცმული ქალი ეს-ეს არის გარდაბნის სოფელ გაჩიანიდან სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა, ექვსის ნახევარზე ავდექიო. გზები თავისუფალია და ქალაქამდე მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა.
„ადრე ვაშლიჯვარში ვცხოვრობდი, მაგრამ მერე სახლი აღარ მქონდა და მამაჩემთან წავედი სოფელში. დამლაგებელი ვარ. დილის ათის ნახევარზე ვასრულებ ჩემს სამუშაოს. თუ მეორე სამსახური მაქვს, იქ მივდივარ, თუ არა და უკან ვბრუნდები. მერე იქაც სახლის საქმეს ვაკეთებ“.
„ვინმე პატრონი მყავდეს, აქ გავჩერდები?!“
ქალი ურიკით ჯიხურთან დგას, გამყიდველს ელოდება. ურიკაზე თერმოსებით ჩაი და ყავა უწყვია. ორიოდე ფუნთუშაც უდევს. ის ახლა არ მოსულა, მისი სამუშაო „დღე“ გაცილებით ადრე დაიწყო:
„ღამის სამ საათზე ვდგები და წყლებს ვადუღებ. „ოპტავოიზე“ [საბითუმო ვაჭრობა] გავდივარ, ტრაილერები სადაც დგანან. დღეს მხოლოდ ორი ლარი ვიშოვე. ახლა კოლოფი სიგარეტი მინდა ვიყიდო, რომ მთელი დღე ღერებით გავყიდო და პური მივიტანო სახლში. ავტობუსებისკენ წავალ, იქნებ, მძღოლებმა ჩაი ან ყავა იყიდონ. არავის არაფერი უნდა, რაც გაძვირდა, სახლიდან მოაქვთ თერმოსით ყავაც, ჩაიც და მისაყოლებელიც.
საქართველოში ფული არაა, მაგიტომ წავიდა ხალხი. ვინმე პატრონი მყავდეს, აქ გავჩერდები?! ლარს ვაფასებ ყავას და ვერ გამიყიდია. იმ ლარში მე 20 კაპიკი თუ დამრჩება. ვივლი ახლა და რომ დავიღლები, წავალ სახლში, სახსრები მტკივა, ფეხები, მაგრამ ვუჭირვებ თავს.
ქმარი მომიკვდა, გერები მყავს, მათთვის ვცხოვრობ. არ მინდა ვინმეს დავაწვე კისერზე. გერები დიდები არიან უკვე, ცოლებიც ჰყავთ, მაგრამ მათაც არა აქვთ სამუშაო, ვერ შოულობენ ვერაფერს. არანაირი სამუშაო არაა საქართველოში, არც კაცისთვის, არც ქალისთვის, არც არავისთვის. პენსიაზე გავედი, მაგრამ ძვირიანი წამლები მჭირდება და იმაშიც არ მყოფნის, რომ ერთი „მეშოკა“ პურის ფქვილი დავაგდო სახლში. მარტო საჭმელზე ვფიქრობ, მეტი არაფერზე“.
„მთავარია, სამუშაო იყოს“
თამრიკო მარგველაშვილი ბაზრობაზე მწვანილს ყიდის. მისი სამუშაო დღე ექვსის ნახევარზე იწყება. ნაძალადევიდან ბაზრობამდე სამ კილომეტრს ფეხით მოდის, ძაღლების მეშინია, მეტი არაფრისო, ამბობს.
„საქონელი უკვე მოტანილი მხვდება, ქუთაისის მწვანილზე ვმუშაობთ, დიდი მოთხოვნაა მასზე, არ ფუჭდება. მოვდივარ, ვალაგებ, ვალამაზებ, კლიენტი უნდა მივიღო, გავისტუმრო... წლების მანძილზე ძილის გატეხვა ადვილი არ არის, მაგრამ მივეჩვიე. არც მუშაობა მიჭირს, მთავარია, სამუშაო იყოს. დიდი ხანია პენსიონერი ვარ, მაინც მინდა ოჯახისთვის რამე შევქმნა. ჩემები სოფელში მუშაობენ, უსაქმურები არ არიან.
ადრე, დიდი ხნის წინ, ხიდზე, ლიანდაგებზე ქურდობა იყო, კაცის კვლა, ცემა-ტყეპა. მაშინ მაგის მეშინოდა, ახლა მარტო ძაღლების მეშინია. ძაღლებია მომრავლებული თბილისში, ვერ გამოივლი.
კლიენტები ხანდახან კი მიშლიან ნერვებს, იძახიან, მწვანილი რამ გააძვირა, გაზაფხულია უკვეო. მერე რა, რომ გაზაფხულია?! ეს მწვანილი ქუთაისიდან ყინულში ჩაწყობილი მოდის, დაბეჭდილი. ნახეთ, ხელები რას მიგავს ამ ყინულის გამო“.
„ჩემი მომავალი არის მიწა“
78 წლის ციური ლობჟანიძე ბაზრობაზე ტანსაცმლით ვაჭრობს. ადრე, ჭიათურაში მოსამართლე ვიყავი, მაგრამ ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ბაზარში ვარო.
„მუხიანში ვცხოვრობ, 5 საათზე გამოვდივარ სახლიდან და 6-ზე აქ ვარ. შვილი და შვილიშვილი ავარიაში დამეღუპა. ობოლი შვილიშვილები გავზარდე. ვასწავლე, განათლება მივაღებინე, ავტორიტეტი რომ ჰქონოდათ.
პენსიის 300 ლარი რა არის? ორჯერ შეხვალ ბაზარში და აღარა გაქვს. აქ რომ ვარ, დღეში სადღაც 15-20 ლარი მაინც მაქვს. კლიენტს ხასიათი უნდა შეუწყო, აბა, როგორ გინდა? გაცვლა თუ მთხოვეს, ყველას ყველაფერს ვუცვლი „ტრუსიკების“ გარდა.
ჩემს მომავალს როგორ ვხედავ? რაღა დროს ჩემი მომავალია, ჩემი მომავალი არის მიწა“.
„თუ მშვიდობა იქნა, გადავდებ ორ კაპიკს“
გულნაზი მაისურაძე სოხუმიდანაა, თბილისში ჭუბერის გავლით ჩამოვიდა და მას შემდეგ 31 წელია დეზერტირების ბაზარში ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობს.
„თემქაზე ვცხოვრობ, 5 საათზე გავიღვიძებ, მივალაგ-მოვალაგებ ყველაფერს და შვიდს რომ 10 წუთი უკლია, ავტობუსი მოდის. სარაჯიშვილის მეტრომდე მოვყვები, მერე მეტროში ვჯდები. ძალიან მიჭირს დილით ადგომა, მაგრამ რა ვქნა?! ახლა ავად ვიყავი და 500 ლარი დამიჯდა წამლები. საჭმელიც ხომ მინდა? პენსია გადასახადებში არ მყოფნის. ტანსაცმელით ვაჭრობა არ შემიძლია, ჩანთებს აწევა უნდა, მე კიდევ ნაოპერაციები ვარ, ვერ გავაკეთებ.
საგზალი სახლიდან მომაქვს, აქ რომ ვიყიდო, ვერ აუვალ. ფული ცოტა მრჩება. თებერვალში საერთოდ არაფერი იყო, მაგრამ ადგილის შესანარჩუნებლად ვმუშაობდი. გაზაფხულზე, თუ მშვიდობა იქნა, გადავდებ ორ კაპიკს. გოგო მყავს იტალიაში, ისიც მეხმარება.
ბაზრობაზე უფრო კარგად ვარ, ვიდრე სახლში. იქ ახალგაზრდებს ჩემთვის არ სცალიათ, რომ გამართონ, ბავშვი სწავლობს. დავიბან, დავისვენებ, ტელევიზორს ვიყურებ და ვიძინებ მერე, ვიღლები მაინც.
მომავალი? რა მომავალი უნდა მქონდეს, მოვკვდები და ჰაიდა“.
„მომავალი? რა ვიცი, მინდა, ბინა ვიყიდო“
61 წლის ქალი სადღაც შვიდი საათისკენ ამოდის მეტროდან, ვაზისუბნიდან მოვდივარო.
„6 საათზე ვდგები, რომ აქ მოვიდე. მერე სხვაგანც ვმუშაობ. 15-17 წელია ასე ვარ. ჩემი საქმე... უკვე მიყვარს. 20 წელი ბუღალტრად ვმუშაობდი, რა თქმა უნდა, ბუღალტრობა უკეთესი იყო, მაგრამ შემცირებაში მომაყოლეს და ახლა დამლაგებელი ვარ.
ბინის ქირაში 400 ლარს ვიხდი, ისიც მოვასწარი და ამ ფასად ვიქირავე, თორემ მერე ისე გაძვირდა... ბინა რომ არა მაქვს, თორემ საერთოდ არ ვიმუშავებდი, მით უფრო მეორე სამსახურში. სოფელიც არ მაქვს, რომ იქ წავიდე და რამე მოვიყვანო.
მომავალი? რა ვიცი, მინდა, ბინა ვიყიდო“.
„ჩემი საქმე მიყვარს“
ლეილა სულთანოვა 64 წლისაა. 41 წელია ვაკეს ასუფთავებს. ჩემი საქმე ძალიან შემიყვარდაო, ამბობს.
„თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი. ჯერ ჭავჭავაძის ქუჩას ვგვიდი, მერე ფალიაშვილის, ახლა შატბერაშვილზე ვარ. 2-3 საათი მინდა დასალაგებლად და მერე სახლში ვბრუნდები. ჩემი საქმე მიყვარს, ეს უკვე პროფესიაა. უბნელებსაც ძალიან ვუყვარვარ ყველას, მეტიც, პატივს მცემენ“.
შვიდი საათისკენ უკვე თენდება, ამ დროიდან ნელ-ნელა დანარჩენი ქალაქიც იღვიძებს. 8-9 საათისთვის თბილისის ქუჩები მანქანებით, მეტროს ვაგონები კი ადამიანებით გადაიჭედება.
და მორიგი ხმაურიანი დღეც დაიწყება.