მეცხვარეების დაბრუნება

რადიო თავისუფლების ფოტოკორესპონდენტი ამოს ჩეპლი კვლავ გაჰყვა მეცხვარეებს თუშეთში. ამჯერად ბარიდან მთაში მიმავალთ.

ყოველ წელს, ივნისის დასაწყისში, როდესაც კახეთში მწვანე ბალახს გაზაფხულის მწველი მზე გადაახმობს, მწყემსები აგროვებენ თავიანთ ფარას და მთებისაკენ მიეშურებიან.

როდესაც ისინი მომქანცველ გზას დაადგნენ ალპური სადგომებისკენ, მე დავემგზავრე სოსო ივანიშვილს...

...და გია გირგიტოვს, რომელსაც 300 ცხვარი ჰყავს ერთობლივ ფარაში.

ამ გადასვლაში მწყემსებს ასევე ეხმარებიან ნათესავები, მათ შორის 17 წლის დათო.

სანამ ფარა თუშეთისაკენ მიმავალ ციცაბო გზას მიუყვება, გია პირჯვარს იწერს გზაზე მდგარ სალოცავთან. „აქ, მთებში, ღმერთი ძლიერია“, - მეუბნება იგი. „მწყემსის მახლობლად მთებში ხშირად სულიერი არავინაა, ამიტომ ჩვენ ღმერთს ველაპარაკებით“.

გაზაფხულის ბატკნები ცდილობენ არ ჩამორჩნენ ფარას, თუმცა ზოგიერთი, რომელიც დაღლილობისაგან ეცემა, გზას ასე, მწყემსების უნაგირზე ჩამოკიდებულ ხურჯინში ჩასმული, განაგრძობს.

მწყემსის საგზაო ულუფა შედგება ასევე ხაჭოსა და შოკოლადის ნაღებისგან, რომელიც ადუღებულ რძეში არეული კაკაოსგანაა მიღებული. საჭმლის გარდა მწყემსების მენიუშია არაყი, რომელიც ყურძნის ჭაჭისაგან მზადდება.

ამ ცეცხლოვან სპირტიან სასმელს, რომელიც 55 გრადუსს აღწევს, მწყემსები სვამენ პოლიეთილენის ბოთლის გადაჭრილი თავებით - ეს მათი სასმისებია.

...ბოთლის მეორე გადაჭრილ ნაწილს კი წყაროს წყლის დასალევად იყენებენ

როდესაც მწყემსები ჭამას მორჩებიან, დარჩენილ პურს ძაღლებს გადაუყრიან.

თუმცა ფარის ყველაზე დიდი ხვადი მკაცრად დაისაჯა იმის გამო, რომ შეეცადა პატარა ძაღლისათვის პური წაერთმია.

და რაც უფრო მატულობს თუშეთისაკენ მიმავალი ციცაბო აღმართი, მით უფრო ეცემა ტემპერატურა. მწყემსები, რომლებსაც ფარა მშიერი ჰყავთ, სიჩქარეს უმატებენ.

ქანცგამოლეული ეს ბატკანი, მოგვიანებით მოკვდა. მოგზაურობის დროს ფარამ სამი ბატკანი და ერთი ცხვარი დაკარგა.

და როცა წვიმა დაიწყო, მწყემსებმა თავი შეაფარეს დიდ პოლიტიკურ ბანერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გამოსახულებით, რომელიც 13 ივნისს გადადგა.

სოსო, რომელიც იოსებ სტალინის მეტსახელს ატარებს, ფოთლების შეკვრასმოხარშული ცხვრის ხორცისაგან საჭმლის მოსამზადებლად იყენებს.

წყალს იღებენ წყაროდან, რომელიც, როგორც მწყემსები ამტკიცებენ, სუფთაა. მაგრამ როდესაც წყაროზე მივედი, ჩემი აიპოდის სინათლეზე გამოჩნდა ორი ბაყაყი, რომლებიც ჭუჭყიან წყალში ერთმანეთზე იყვნენ გადასკვნილნი.

მწყემსი ფარის თვალწინ ანაკუწებს დაღლილობისაგან დაცემულ ცხვარს, რათა მისი ხორცით ძაღლებს გაუმასპინძლდეს. ისინი ზვიგენებივით ტრიალებენ გარშემო თავიანთი წილი ხორცის მოლოდინში.

მწყემსები იძინებენ რადიოსთან, რომელშიც ჟღერს კლასიკურ საესტრადო სიმღერები.

მაძღარი კავკასიური ნაგაზები, რომლებიც ზანტად მოძრაობენ, ვერ უწევენ მწყემსებს გზაში დახმარებას. მაგრამ ეს ძაღლები არსობის პურს მოიპოვებენ იმით, რომ საძოვარზე იცავენ ფარას მგლებისა და დათვებისაგან.

მგლები ცხვარს ადგილზე კლავენ, ხოლო დათვები უფრო მეტად ცხვარს იტაცებენ და ნიჩაბივით ტორებით ნადავლს მარტოდმარტო, უდაბურ ადგილზე ანაწევრებენ.

ვიდრე მთებისკენ მიეშურებოდნენ, გიას ფარას ერთი დღის განმავლობაში დათვი რვაჯერ დაესხა თავს, ერთხელ კი მოახერხა ცხვრის გატაცება, ნაგაზების წინააღმდეგობის მიუხედავად.

პირველ დილას გიამ და სოსომ მოაგროვეს ფარა გზის გასაგრძელებლად. ახალგაზრდა მწყემსები უფრო გვიან ტოვებენ საფარს. მათი გზა დევს სწორედ იმ მთაზე, რომელიც სურათზე მწყემსი ბიჭის უკან ჩანს.

გია დანით უკვალავს თოვლს უკან მომავალ ცხვარს. მწყემსებმა მითხრეს, რომ ცხვრებისათვის ასეთი მგზავრობა უნდა იყოს მაქსიმალურად იოლი. თუ მწყემსები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე ფარას ძალას დაატანენ, მაშინ ცხვარი შეიძლება დაფრთხეს და სხვა გზა აირჩიოს.

რაც უფრო უახლოვდებიან სიმაღლეს, გადასვლა უფრო რთული ხდება. მწყემსებს წინ ეღობებათ ჩამოცვენილი ქვები და ხეები. გია მარტო მიერეკება ფარას, დანარჩენი მწყემსები კი ბანაკში ბრუნდებიან ცხენების მოსამზადებლად.

გია მთის მწყემსთა შთამომავალია. იგი მეუბნება, რომ დაიღალა მარტოობისგან (განსხვავებით სოსოსგან, რომელსაც ხეობაში ცოლი და შვილი ელოდებიან, გია მარტოხელაა). ერთხელ, როდესაც მთაში ბანაკად იყო, გიას მოულოდნელად ნამცხვარი მოუნდა. „ავიღე კომბალი და ღამე დავადექი გზას. მეორე დილით სოფელში ჩემი სახლის კარი რომ შევაღე, მშობლები შეშინდნენ. ეგონათ, რამე მოხდა. არა, არა, უბრალოდ რაღაც ტკბილი მომინდა-მეთქი. შევჭამე ნამცხვარი, გავილოკე თითები და უკან, კარებისკენ გავბრუნდი“.

ცხვრები მოუთმენლად ელოდებიან ტყის გადავლას, რათა მწვანე ფოთლებს სიამოვნებით დააძღნენ.

ვიდრე ფარა ბალახობს, გია თავისი ბარგი-ბარხანით მიწაზე წვება და იძინებს. ძაღლები ვერ ახერხებენ ასე კომფორტულად მოთავსებას ფრიალო კლდეზე...

თუმცა ერთი მათგანი საკმაოდ მოხერხებულ სასთუმალს პოულობს.

მოულოდნელად ტემპერატურა ეცემა და ხეობაზე ღრუბლები ჩამოწვება. ელვის შუქზე და ჭექა-ქუხილის ხმაზე ცხვარი შიშისაგან იყინება და უარს ამბობს ხეობაში გზის გაგრძელებაზე.

ჭექა-ქუხილს მალე სეტყვა მოჰყვა. გალუმპული გია საცოდავი სანახავია. და როცა ქარი კიდევ უფრო ძლიერდება, იგი უკან, თავშესაფრისაკენ, ბრუნდება.

გიას წასვლის შემდეგ ადგილზე ნაგაზები რჩებიან, რათა სეტყვაში ფრიალო კლდეზე დარჩენილ ცხვარს უყარაულონ. ეს აკანკალებული ცხვარი მალე მოკვდება, სავარაუდოდ, გათოშვის გამო.

წვიმამ გადაიღო. გიამ სველი ტანსაცმელი გამოიცვალა და სხვა მწყემსებთან ერთად საჭაპანო ცხენებით კვლავ ღრუბლებში ჩაძირულ გზას გაუდგა.

გია საშინელ დაღლილობას გრძნობს მთიან აღმართებზე წაღმა-უკუღმა სიარულისაგან, მაგრამ მალე დგება, რათა ფარას კვლავ თავი მოუყაროს.

ბოლოს და ბოლოს, დასველებული და გათოშილი ცხოველები და ადამიანები ღამის წყვდიადში აღწევენ ფარეხს.

შიგნით მათ ხვდებათ იმ ძაღლის ჩონჩხი, რომელიც 2017 წლის მიგრაციის დროს დაიკარგა. იგი წევს იქ, სადაც დალია სული შიმშილისგან სასომიხდილმა

დათო ჯერ მხრჩოლავ კოცონს უტრიალებს, მერე ხელს ჩაიქნევს და ჭაჭის ბოთლს გახსნის, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება.

მეორე დღეს მზიანი, უღრუბლო დილა თენდება.

ვინაიდან გია აბიბინებულ მთებზე საბალახოდ უშვებს საჭაპანო ცხენებს ...

ასეთივე წახალისება სჭირდება ცხვარსაც, რათა თავისუფლად იბალახოს...

კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი მოახლოებული ზაფხულისათვის ბაზის მოსამზადებლად, მანამდე კი მწყემსებს შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ კაშკაშა ამინდში. მაგრამ ყველა მოუთმენლად როდი ელოდება თვეობით განმარტოებას. წასვლის წინ გია უკანასკნელ თხოვნას მაბარებს: “გადაეცი ქვემოთ გოგოებს, რომ მე მარტოხელა, წესიერი ბიჭი ვარ“.

------------------

ეს იყო გზა ბარიდან მთაში. დააჭირეთ აქ ამოს ჩეპლის სხვა ფოტორეპორტაჟის სანახავად. მასში აღწერილია მწყემსების დაშვება მთიდან ბარისკენ 2017 წლის შემოდგომაზე.