ფორდი გამარჯვებულად 11 სექტემბერს გამოცხადდა, თუმცა რადიო თავისუფლებამ ჯერ ერთი თვის წინ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ მოარგო მერიამ მრავალმილიონიანი ტენდერი სწორედ ავტომანქანა “ფორდს” და მის დისტრიბუტორ კომპანია “ჯი-თი გრუპს”. სატენდერო მოთხოვნებში ისეთი პირობები იყო გაწერილი, რასაც რამდენიმე დისტრიბუტორს შორის მხოლოდ “ჯი-თი გრუპი” აკმაყოფილებდა. ჟურნალისტური გამოძიების მომზადების პროცესში თბილისის მერიამ რადიო თავისუფლების შეკითხვა - რატომ მოარგეს ტენდერი კონკრეტულ კომპანიას, უპასუხოდ დატოვა. ტენდერის მორგება კანონით აკრძალულია.
საბოლოო ჯამში, მორგებულმა ტენდერმა საბიუჯეტო თანხა ვერ დაზოგა, რადგანაც “ჯი-თი გრუპს” მერიისთვის დაბალი ფასი არ შეუთავაზებია. ტენდერი 30 497 064 ლარზე იყო გამოცხადებული, “ჯი-თი გრუპმა” ზუსტად ეს თანხა მოითხოვა.
ტენდერის კიდევ ერთმა მონაწილემ “ჰიუნდაიმ” მერიას თითქმის ნახევარი მილიონით ნაკლებად შესთავაზა მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ტენდერის პირობების შეუსაბამობების გამო “ჰიუნდაის” დისკვალიფიკაცია მოხდა.
საქართველოში კიდევ რამდენიმე დილერი კომპანიაა, რომელიც ანალოგიური კლასის ავტომანქანას აწარმოებს, თუმცა ტენდერში მონაწილეობის საშუალება მათ “ფორდზე” მორგებულმა პირობებმა არ მისცა.