„აუ, გამიყოფ? კაი, მაშინ, მომაკბეჩინე“, „50 თეთრი დამიმატე, რა“, „ლობიანის ფულს ვკრებთ, დადე და წამო, ვჭამოთ“, - მეათეკლასელი ნიკა იმ ფრაზებს მითვლის, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმის სკოლაში, დასვენებებზე. ძირითადად სასუსნავი ხან სახლიდან მიაქვს, ხან სკოლის ბუფეტში ყიდულობს. საჭმელს ხშირად უნაწილებენ კლასელები ერთმანეთს:
„ხან რატომ და ხან რატომ. რავი, ზოგს ავიწყდება სახლიდან წამოღება, ზოგი ვერ ახერხებს. შეიძლება ბუფეტში ჩასვლა ვერ მოასწრო. ხან მე ვუყოფ, ხან ისინი“, - ნიკა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საჯარო სკოლაში სწავლობს.
„ჩვენთან არ არის ბუფეტი. სახლიდან თუ რამეს წამოიღებ. ან სკოლის გვერდზე, საცხობია რაღაც და იქ თუ იყიდი ხაჭაპურს ან „ბულკს“. მარა, მანდაც ვერ ასწრებ ასე გასვლას. ისე, მეექვსე გაკვეთილზე ყველას შივდება და ბუფეტი რომ იყოს, კარგი იქნებოდა. იმ დღეს, ჩემს კლასელს ბოლო გაკვეთილზე თავბრუ დაესხა. ექიმთან ჩაიყვანეს და მერე მასწავლებელმა თქვა, დილით უჭმელი წამოსულა სახლიდან და მაგიტომო“, - მიყვება მეცხრეკლასელი ელენე. მისი საჯარო სკოლა ვაკე-საბურთალოს რაიონშია.
ლია მეტივიშვილი, ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგი, ერთ-ერთი პირველი მასწავლებელია, რომელმაც წლების წინ, როგორც თავად ამბობს, „გაბედა და ხმა ამოიღო“, რომ სკოლებში ბევრი ბავშვი შიმშილობს.
„ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე, რომლის ოჯახსაც ძალიან უჭირდა, ყოველ მეორე დღეს მუცელს იტკიებდა. მაშინ ახალბედა მასწავლებელი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ თურმე, ბავშვს მუცელი შიმშილის გამო სტკიოდა. ადამიანი საკუთარი გადასახედიდან იხედები და რაკი მე არ მშიოდა, ჩავთვალე, რომ არც ბავშვებს შიოდათ. რამდენიმე დღეში მივხვდი და შემდეგ უკვე მე ვყიდულობდი მისთვის საკვებს, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა გამოსავალი. ეს მხოლოდ ერთი მოსწავლის პრობლემა არ იყო. 50-თეთრიან „ბულკში“ არ არის საქმე, უყიდი მასწავლებელი ბავშვს ამ ერთ „ბულკს“, მაგრამ ჯერ ერთი, ყველა სკოლას არ აქვს ბუფეტი და მეორეც, მასწავლებლებსაც არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ დამატებით ხარჯებს გაწვდნენ“.
ამ ამბის შემდეგ ლია არაერთ პროექტში ჩაერთო. პერიოდულად, რეგიონების სკოლებში ჩადის და იქაურ მდგომარეობას აკვირდება.
ასე იყო ჩასული, მაგალითად, საზღვრისპირა სოფლებში, ავლევში, ატოცში, აბანოში, კოდაში. „იქ ბუფეტი კი არა, სკოლის სიახლოვეს მაღაზიაც კი არ არის, რომ ბავშვმა სადმე რამე იყიდოს და რომც იყოს, სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და ბავშვებს არც ამის საშუალება აქვთ“, - მიყვება ლია მეტივიშვილი.
„კოდაში, ბავშვს მერხზე "ფურნის" პური ედო. რომ ვიკითხე, საიდან-მეთქი, აღმოჩნდა, რომ სოფელში, საბავშვო ბაღში, კვირაში ორჯერ ჩადის მანქანა და ყიდის პურს. ბავშვებისთვის იმ მანქანის გამოჩენა ისეთი დღესასწაულია, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ყიდულობდნენ, დესერტს“.
ლია ამბობს, რომ სკოლებში, ბავშვთა კვების მოწესრიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, განსაკუთრებით კი პატარა სკოლებში:
„მაგალითად, ავლევის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს, ატოცში - 51. ეს არის მოსწავლეთა ის რაოდენობა, რომლებისთვისაც კერძო პირი სკოლაში ბუფეტს არ გახსნის. იქ, სადაც მცირეკონტიგენტიანი სკოლებია, უნდა არსებობდეს კვების პროგრამა, რომ ბავშვები მშივრები არ რჩებოდნენ. სოფელ კოდაში ახალაშენებული, ლამაზი, მოწესრიგებული სკოლა აქვთ, მაგრამ სუფთა კედელი ვერ გამაბედნიერებს, თუ მთელი ხუთი გაკვეთილი მასწავლებელს მშიერი თვალებით ვუყურებ. ასეთ დროს არც მასწავლებელი მესიამოვნება და არც მისი ახსნილი. ზრდასრულ ადამიანს რომ შია, მისთვისაა რთული კონცენტრაცია და წარმოიდგინეთ, ექვსი-შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც შია და უყურებს, სხვა როგორ ჭამს“.
ლია იბრძვის იმისთვის, რომ სასკოლო კვება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდეს. ამას ადგილობრივი ბიუჯეტის პასუხისმგებლობად თვლის.
რა გვაქვს დღეს?
საქსტატის მონაცემებით, 2022-23 სასწავლო წელს, საქართველოში აღირიცხა 2302 სკოლა. მოსწავლეთა რაოდენობამ შეადგინა 633 ათასი. საჯარო სკოლებში სწავლობს მოსწავლეთა 89.9%, კერძო სკოლებში - 10.1%.
როცა საქმე სკოლას და მოსწავლის კვებას ეხება, ეს საკითხი ორად უნდა გავყოთ. ერთი - ის, რაც დღეს გვაქვს და მეორე, ის, რაც უნდა გვქონდეს.
მთელ საქართველოში ბუფეტი საჯარო სკოლების მხოლოდ 25%-ს აქვს. დანარჩენ სკოლებში, მათ შორის, მაგალითად, დედაქალაქის ცენტრში, სასადილოები სკოლებს არ აქვთ. მოსწავლემ ან სახლიდან უნდა გაიყოლოს საკვები, ან ახლომახლო იყიდოს, ან კლასელს სთხოვოს გაუნაწილოს სახლიდან წამოღებული საჭმელი.
2023 წლის ნოემბრის ბოლომდე სკოლის ბუფეტებში იყიდებოდა, ფაქტობრივად, ყველაფერი ის, რაც არ უნდა გაყიდულიყო - შოკოლადი, კანფეტი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, არომატიზებული წასახემსებლები, მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი, მაიონეზით შეზავებული კერძები.
თუმცა, რისი გაყიდვა შეიძლებოდა სკოლებში და რისი არა, ეს ნუსხა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაადგინა განათლების მაშინდელმა მინისტრმა სპეციალური ბრძანებით. მაშინ დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციას იძლეოდა და არ იყო სავალდებულოდ შესასრულებელი.
მეგი კავთუაშვილი, სამი მოსწავლის დედა, ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დიდი ხანია ითხოვს სკოლებში ჯანსაღი კვების სტანდარტების დამკვიდრებას. მეგი არაერთხელ შეხვედრია მშობლებთან ერთად როგორც სკოლების ადმინისტრაციას, ისე ბუფეტების მფლობელებს, მაგრამ სიტუაციის შეცვლა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ბუფეტებში ისევ ის იყიდებოდა, რაც არ უნდა გაყიდულიყო, მხარეები კი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებდნენ.
მეგი სამინისტროს დამტკიცებულ იჯარის ხელშეკრულების შაბლონს მაჩვენებს. დოკუმენტში ასახულია ბუფეტის მფლობელების ვალდებულებები, მათ შორის ისიც, რა პროდუქტი შეუძლიათ გაყიდონ სკოლებში და რა არა. ამავე ხელშეკრულებით, პირობების დარღვევის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მიაწოდოს განათლების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ როგორც მინისტრის ბრძანება, ისე საიჯარო ხელშეკრულება, წლების განმავლობაში მხოლოდ ფარატინა ფურცლად რჩებოდა:
„დირექტორები შეხვედრისას გვპასუხობდნენ, რომ თურმე მათ არ ეხებათ ბუფეტში პროდუქციის მონიტორინგი. მეიჯარესთან გვიშვებდნენ, იმათ ელაპარაკეთ, მომმარაგებელს, ეს სივრცე გაქირავებულიაო. არადა, თურმე არსებობდა საიჯარო ხელშეკრულება, ვალდებულებები, რომლის შესახებაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ვიცოდით. მიდიოდნენ მშობლები მეიჯარესთან, ის კი პასუხობდა, რომ მას სკოლასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება და არა მშობლებთან. ისე გამოდიოდა, რომ თურმე, არავის ეხებოდა, რას ჭამდნენ და ყიდულობდნენ სკოლებში ჩვენი შვილები. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, მეიჯარემ პირდაპირ უთხრა მშობლებს, დიახ, გამომცხვარ პროდუქტში „სპრედს“ ვიყენებ, აბა, კარაქით რომ გამოვაცხო, ამას იმხელა ფასი ექნება და სულაც არ ვთვლი, რომ კანონს ვარღვევო“.
მეგი კავთუაშვილი იხსენებს ამ შემოდგომაზე, სოფელ სავანეში, სკოლის ბუფეტში მოწამლული 9 მოსწავლის ამბავს. ბავშვებმა „დონატები“ ჭამეს და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა მიკრობიოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ "დონატებში" ობის სოკოების ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. აღმოჩნდა, რომ სავანის სკოლის ბუფეტმა ეს "დონატები" სადღაც, ბაზრობაზე შეიძინა ისე, რომ მისი ვარგისიანობით არც კი დაინტერესებულა“, - მეუბნება მეგი.
რას შეცვლის ახალი ბრძანება?
მშობლების რამდენიმეწლიანი ბრძოლის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრებისა და ოქტომბერში, პეტიციის ქვეშ შეგროვებული 10 ათასი ხელმოწერის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, 2023 წლის 24 ნოემბერს დაამტკიცა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“.
ამ ბრძანებით სკოლებში აკრძალული პროდუქტების სია, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სკოლებში არ უნდა იყიდებოდეს:
საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ. ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
- მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
- დაკონსერვებული პროდუქტები;
- თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
- სოკო ნებისმიერი ფორმით;
- კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ყავა.
მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ 24 ნოემბრის ბრძანება, გარდა იმისა, რომ წინა ბრძანებისგან განსხვავებით სავალდებულოდ შესასრულებელია, ასევე მშობლებს აძლევს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ ბუფეტების საქმიანობის, იქ არსებული მდგომარეობის მონიტორინგში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, სურსათის უვნებლობის სამსახურის გარდა, სკოლის კვების ობიექტს მონიტორინგს გაუწევს მოსწავლეებით, მშობლებით, მასწავლებლებით, სკოლის ექიმითა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი“.
სანდრო თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობს. საჭმელს სკოლის ბუფეტში არ ყიდულობს. დილით სახლში საუზმობს, წასახემსებელიც სახლიდან მიაქვს, თუმცა, ხანდახან, ბუფეტშიც შედის ხოლმე მეგობრებთან ერთად და იცის იქ რა იყიდება: „მაგალითად, ლობიანი, ხაჭაპური, „ბულკიც“ არის ხოლმე. კიდე შოკოლადიანი რაღაცები იყიდება“.
რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ ცოტა ხანში, ბუფეტში საკვები განახლდება:
„რუსულის მასწავლებელი შემოვიდა. რაღაც ახალი ბრძანება ყოფილა და გვითხრა, რომ ის რაღაცები, რაც აქამდე იყიდებოდა ბუფეტში, უნდა შეიცვალოს უფრო ჯანსაღი საკვებითო. გვითხრეს, რომ მაგალითად, „ჩიფსები“ და „სუხარიკები“ აღარ გაიყიდებაო და ტკბილეული“.
ნატა იმედაშვილი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი, ყურადღებით აკვირდება სკოლებში საკვების ხარისხის შესახებ დისკუსიებს. მონაწილეობს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისა და ექიმების შეხვედრებშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1975 წლიდან სამჯერაა გაზრდილი ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებელი. ნატა იმედაშვილის თქმით, ამ მონაცემებს არ ჩამორჩება არც საქართველო. განსაკუთრებით იჩინა თავი პრობლემამ კოვიდპანდემიის შემდეგ:
„ერთმა პანდემიამ მეორე პანდემია მოგვიტანა. მართლაც პანდემიის სახე მიიღო ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებელმა, რაც შემდგომ უკვე იწვევს არაერთ დაავადებას, მათ შორის, გულსისლძარღვთა დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, სუნთქვის აპნოეს. სიმსუქნის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი კი სწორედ არაჯანსაღი საკვებია. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს, რას უნდა ჭამდნენ და როგორ უნდა იკვებებოდნენ ბავშვები სკოლაში. არ შეიძლება, რომ მათთვის, ამ მხრივ, საფრთხეს წარმოადგენდეს სკოლა“.
ექიმ ნატა იმედაშვილს ორი მოსწავლე შვილი ჰყავს. ბავშვებს სკოლაში არაჯანსაღი საკვები რომ არ ეყიდათ, ფულს არ ატანდა, მაგრამ ეს არ გამოდგა კარგი გამოსავალი:
„მე არ ვატანდი ფულს, მაგრამ სხვა ყიდულობდა მათთვის იმ საკვებს, რაც არ მინდოდა, რომ ეჭამათ. ამაზე ბავშვებს საშინელი პროტესტის გრძნობა უჩნდებოდათ და ისე გამოვიდა, რომ თავადაც კი ვერ ვიცავდი შვილს არაჯანსაღი საკვებისგან. ბავშვმა უნდა წაიხემსოს ხილით, ბოსტნეულით, თუნდაც იყოს იოგურტი, მაგრამ არა იმით, რასაც მათ სკოლის ბუფეტებში სთავაზობენ. იმედია, ახალი ბრძანების შემდეგ ეს მდგომარეობა ცოტათი მაინც შეიცვლება“.
სასკოლო კვების პროგრამა - უტოპია თუ რეალური პერსპექტივა?
ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს, 27 ოქტომბერს დაამტკიცა სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო კვების გაიდლაინი. სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც რვა წლის თავზეც შორეულ პერსპექტივად და ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წინასაარჩევნოდ გაელვებულ მესიჯებში რჩება.
მაგალითად, 2021 წლის ოქტომბერში, თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია, ამომრჩევლებს თბილისს სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყებას ჰპირდებოდა.
მანამდე, 2019 წელს, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წერილები დაუგზავნა პარლამენტის წევრებს, რომ მხარი დაეჭირათ სკოლებში ერთჯერადი კვების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის.
2021 წლის ოქტომბერში, ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ ხელისუფლება სკოლებში უფასო კვების საკითხზე უკვე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს UNICEF-თან ერთად შედგენილი ჰქონდათ მენიუც და პროგრამის ბიუჯეტიც.
(დღეს, UNICEF-ში გვეუბნებიან, რომ განათლების, ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და პარლამენტთან პარტნიორობით, გააანალიზეს სასკოლო კვების სხვადასხვა საუკეთესო მოდელი და ორგანიზაცია კვლავაც მზადაა დაეხმაროს მთავრობას პროგრამის განხორციელებაში).
2022 წლის მიწურულს, პარლამენტში მიწვეული განათლების და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ირწმუნებოდა, რომ სამინისტრო სასკოლო კვების საკითხზე სხვადასხვა მოდელს ამუშავებდა, თუმცა, დეტალები აღარ დაუკონკრეტებია.
ერთი წლის თავზე, 2023 წლის 27 ნოემბერს, პარლამენტში, კვლავ „მინისტრის საათზე“ მისულმა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, თქვა, რომ პროგრამის დასანერგად „ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია“. მისი თქმით, პრობლემა ფინანსებში კი არა „საკვების ხელმისაწვდომობაშია“:
„სამინისტროში შევქმენით სპეციალური პროგრამა კონკრეტული ბიუჯეტით და ადამიანური რესურსით, რომელმაც სკოლებში ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა დაიწყო, ამასთან, სამინისტრო წევრიანდება სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით არის შექმნილი და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა გაწევრიანებული“.
ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, კვლავ სასკოლო კვების პროგრამაზე საუბრისას, გიორგი ამილახვარი ამბობდა, რომ „დედამიწის ზურგზე ვერსად ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში“.
„სრულიად უფასო“ კვებას ყველა კლასისა და მოსწავლისთვის, არავინ სთხოვს სახელმწიფოს. მეგი კავთუაშვილი ჰყვება, რომ ორი წლის წინ, 15 მუნიციპალიტეტში გამოკითხეს მშობლები და აღმოჩნდა, რომ ის მშობლებიც კი, რომელთა თვიური შემოსავალი 1000 ლარამდე იყო, მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ სასკოლო კვების თანადაფინანსებაში:
„ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის უფასო კვება. თუკი სახელმწიფო სრულად აიღებს ამ ხარჯს თავის თავზე, კი ბატონო, არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ თუკი ამის ხარჯზე ქვეყანას ბევრი სხვა რამ უნდა მოაკლდეს, ჩვენ თანახმა ვართ, რომ ვისაც გადახდა შეუძლია, მაგალითად, ვისაც წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, ჩვენი შვილების სკოლაში კვების საფასურის ნაწილი სახელმწიფოსთან ერთად გავიზიაროთ, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაშია“.
„სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა სულაც არ არის უტოპია“, - მეუბნება გიორგი ჭანტურია, „განათლების კოალიციის“ დირექტორი და ამატებს: „მთავარია, არსებობდეს ამის პოლიტიკური ნება“.
„დაახლოებით ოთხი წელია სახელმწიფოსგან გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ. მაგრამ თუკი ფორმალურ დოკუმენტებს ჩავხედავთ, სამწუხაროდ, არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ამ საკითხზე მართლაც მუშაობს. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიაში არაფერი წერია ამაზე, არც სხვა ეროვნულ დოკუმენტებში“.
აბსტრაქტულ და არაფრისმომცემ განცხადებებად მიაჩნია გიორგი ჭანტურიას განათლების მინისტრის სიტყვებიც - „პრობლემა ფინანსებში არაა“:
„მაგალითად, არსებობენ ქვეყნები, სადაც სკოლებში ბავშვებს აქვთ სამჯერადი კვება. თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ უნდა იყოს სამჯერადი კვება და საკვები სკოლებში უნდა დამზადდეს, დამერწმუნეთ, ფინანსურად ეს ძალიან დიდი პრობლემა და ხარჯი იქნება. ამიტომ, რა იგულისხმება იმაში, რომ ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს, ეს ბუნდოვანია. თუკი მხოლოდ დაწყებით საფეხურებს ვფარავთ, სულ სხვა ხარჯი იქნება, თუკი ყველას მოსწავლეს - სხვა ხარჯი“.
სხვადასხვა ხარჯს მოიცავს მენიუც:
„ხორცი სულ სხვა ხარჯია, ხილი - სულ სხვა. თუკი ერთ სენდვიჩს და წყალს დავურიგებთ ყველა მოსწავლეს ერთჯერადად, ჩვენი გათვლებით, ეს ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაუჯდება. თუკი ხილს და ორცხობილას ავიღებთ, დაახლოებით - 15 მილიონი“.
გიორგი ჭანტურიას თქმით, ნამდვილად უტოპიური იქნება, ამ ეტაპზე, სწორების აღება იმაზე, რომ სასკოლო საკვები სკოლაშივე დამზადდეს, რადგან ამის ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მისი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად, შესაძლოა, განხილული იყო ე.წ. ლანჩ-ბოქსები. თუმცა, ამ შემთხვევაში, გასამართი იქნება ლანჩ-ბოქსების მიწოდების სქემა:
„ზოგიერთ კონტექსტში, ეს ლანჩ-ბოქსიც კი შესაძლოა, რომ უტოპიურ იდეად ჩანდეს, რადგან მიმწოდებელს არ ჰქონდეს ამის ბიზნესინტერესი, მაგალითად, როდესაც საუბარია პატარა თემზე, მცირეკონტინგენტიან სკოლაზე. ამიტომ იქ სხვა ტიპის მოდელი უნდა იყოს შეთავაზებული. აქ შესაძლოა, ადგილობრივ თემს ჰქონდეს პასუხისმგებლობა აღებული, ბუნებრივია, სახელმწიფოს დაფინანსებით“.
სასკოლო კვების პროგრამა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ შიმშილის აღმოფხვრა. მაგალითად, „განათლების კოალიციის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ სასკოლო კვების პროგრამა წელიწადში საშუალოდ 8 დღით ზრდის სკოლებში მოსწავლეთა დასწრებას და ის ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახება.
როგორია საერთაშორისო გამოცდილება - რამდენიმე მაგალითი
„სასკოლო კვების გლობალური კოალიციის“ 2023 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სასკოლო კვება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოციალური დაცვის პროგრამაა და ამ პროგრამით დაწყებით სკოლაში თითქმის ყოველი მეორე ბავშვი სარგებლობს.
დღეს მსოფლიო ქვეყნების 90% სხვადასხვა ხარისხითაა უზრუნველყოფილი სასკოლო კვების პროგრამებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასკოლო კვების პროგრამის ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „ჯანმრთელი, შიმშილისაგან თავისუფალი ბავშვების აქტის“ სახელითაა ცნობილი. ძირითადად საუბარია საკვების სკოლაში დამზადებაზე, თუმცა, ამავდროულად, არსებობს სახლში წასაღები ულუფები და სასარგებლო წასახემსებლები საკვები ავტომატებიდან.
პროგრამებში ჩართულია როგორც ფედერალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებები, ხოლო ხარჯებს - სახელმწიფო, სკოლა და მშობლები იყოფენ.
ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჯერ კიდევ 1948 წელს დანერგა უფასო სასკოლო კვება. პროცესს მუნიციპალიტეტი აკონტროლებს.
საფრანგეთში მოსწავლეებს ნახევარი საათი აქვთ სადილისთვის, მათ კვებასთან ერთად სოციალიზაციაც უნდა მოასწრონ.
სასკოლო კვების პროგრამით სარგებლობენ დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები დიდ ბრიტანეთშიც.
კვების პროგრამა დეცენტრალიზებულია იტალიაში და მასზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ. ზოგ შემთხვევაში, სასკოლო კვების თანხას სრულად მშობელი აფინანსებს, ზოგ შემთხვევაში კი იხდის 30%-ს.
ცნობილია ბრაზილიის სკოლის კვების ეროვნული პროგრამა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1954 წლიდან იღებს და წელიწადში სასკოლო კვებით უზრუნველყოფს საჯარო სკოლების 44 მილიონ მოსწავლეს.
2012 წლიდან, „მსოფლიო კვების პროგრამის“ ხელშეწყობით, სასკოლო კვების პროგრამა აქვს სომხეთის 10 რეგიონს, ჯამში - 100 ათას მოსწავლეს.
2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი. არ იკვებება ბავშვების 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში კვების არქონის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია (45%).