10 მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში არსებულ დარღვევებზე პარლამენტს თავისი განსხვავებული აზრი წარუდგინა, რითაც ცდილობს, დაარწმუნოს პარლამენტარები, რატომ არ უნდა უყარონ კენჭი წარდგენილ კანდიდატებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გურამ მაჭარაშვილი არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არგუმენტებს და რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასახელებულ 10 არგუმენტზე ზოგად კონტრარგუმენტებს სთავაზობს:
არგუმენტი 1: პირველი კენჭისყრისას კანდიდატები დარღვევებით გამოვლინდა
20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა პირველი ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგ ეპატზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი.
ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის თანახმად, ხმების დათვლის პროცესმა გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. ეს დამთხვევა იწვევს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა წინასწარ შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ მოკლე სიაში 45 კონკრეტული განმცხადებელი შეეყვანა.
თავის პასუხში გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ „ქალბატონი ნაზი არ აკონკრეტებს, 20 ივნისის პროცესის რომელ დარღვევაზე საუბრობს და საერთოდ, მისი არგუმენტები ზოგადი და არაფრის მომცემია“.
არგუმენტი 2: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, კანდიდატად დარღვევებით დარეგისტრირდა
ნაზი ჯანეზაშვილის მეორე არგუმენტი გიორგი მიქაუტაძის კანდიდატად დარღვევებით დარეგისტრირებას ეხება. მისი მტკიცებით, განაცხადის ფორმაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებული 3 რეკომენდატორისა, მიუთითა 2-ის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ მას არ უნდა გადაელახა შერჩევის პირველი, ფორმალური ეტაპი, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატად დაარეგისტრირეს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს გიორგი მიქაუტაძემ განაცხადი არასწორად შეავსო და მას უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს მოსამართლედ არჩევის პროცესში, ჩემი ინფორმაციით საუბარია განაცხადის არასავალდებულო ველზე, სადაც მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, უფლება ჰქონდათ მიეთითებინათ ორი რეკომენდატორი“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილის საპასუხოდ გურამ მაჭარაშვილი.
არგუმენტი 3: გიორგი მიქაუტაძეს, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელს, ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა
მორიგი არგუმენტი ინტერესთა კონფლიქტს ეხება. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით აგროვებდა ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის, თავად გიორგი მიქაუტაძის შესახებ. ეს ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია. თავდაპირველად საბჭოს მიერ გიორგი მიქაუტაძის შესახებ მოძიებულ მასალებში ვერ მოხვდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელშიც ის თავადაა ფიგურანტი.
გურამ მაჭარაშვილი ამაზე პასუხობს: „რაც შეეხება ქალბატონი ნაზის აპელირებას, ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, რამდენადაც ვიცი, არც ერთ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. არსებული კანონმდებლობა სრულიად პასუხობს თანამედროვე სამართლებრივ სტანდარტებს“.
არგუმენტი 4: გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების განცხადებებზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, შერჩევის პროცესის დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე, ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარადგინეს. ეს მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა სრულად პასუხობს თანამედროვე სამართლებრივ სტანდარტებს და არ იზიარებს ნაზი ჯანეზაშვილის არგუმენტებს მიქაუტაძის პრივილეგირებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
არგუმენტი 5: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა
ნაზი ჯანეზაშვილი ასევე მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრს, თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას, ჰქონდათ ნათესაური კავშირი კანდიდატებთან - ზურაბ აზნაურაშვილსა და ლევან თევზაძესთან. ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის ყოფილი მაზლია, ლევან თევზაძე კი - ირაკლი შენგელიას ცოლისძმა. ამას გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო არის ლევან თევზაძის შვილის ნათლია. ამ წევრებს საბჭოზე თვითაცილების საკითხი არ დაუყენებიათ.
კანდიდატების საბოლოო სიაში არ მოხვდნენ არც ზურაბ აზნაურაშვილი და არც ლევან თევზაძე, თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, მათ, სავარაუდოდ, დაიკავეს სხვა კანდიდატების ადგილი 50 კანდიდატისგან შემდგარ სიაში.
არგუმენტი 6: კანონდარღვევით შედგა 50 კანდიდატის კენჭისყრის შედეგების ოქმი
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, 50 კანდიდატის სიის კენჭისყრის დასრულებისას შედგენილ ოქმზე ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უნდა მოეწერა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებდა სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. ორგანული კანონი ასეთ დაშვებას არ ითვალისწინებს.
ამაზე გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ „ქალბატონი ნაზის არგუმენტებში გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს პროცესის გარკვეული ეპიზოდები კანონმდებლობის დარღვევით წარიმართა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, კანონმდებლობის რომელი მუხლის უგულებელყოფაზე საუბრობს ის“.
არგუმენტი 7: დიმიტრი გვრიტიშვილი იყო საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრება, თავად იყო კანდიდატი და სხდომებში საერთოდ არ მონაწილეობდა. კანონი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გარდა, თავმჯდომარის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
იუსტიციის საბჭოს ყველა სხდომას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ეხებოდა, ხელმძღვანელობდა არაუფლებამოსილი პირი, მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ სხდომებზე იქნა მიღებული, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კანონიერად.
არგუმენტი 8: უგულებელყოფილი იყო კანონის მოთხოვნები კენჭისყრის თაობაზე
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე გადაყვანის თაობაზე ფარული კენჭისყრა ჩაეტარებინა. კანონით, საბჭოს წინასწარ უნდა განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რაც არ მომხდარა. უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა, სხდომაზე დაედგინათ კენჭისყრის შესაბამისი პროცედურები.
არგუმენტი 9: სხდომების საჯაროობის ნაკლებობა.
ნაზი ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, თუმცა კანონის ამ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს - და არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შერჩევასთან მიმართებით.
არგუმენტი 10: ირღვეოდა მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტები
ნაზი ჯანეზაშვილი: მოსამართლე წევრები რეგულარულად არღვევდნენ ეთიკის წესებს და სამოსამართლო ქცევის პრინციპებს. სხდომის მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი „კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში“.
ბოლო ორ არგუმენტს გურამ მაჭარაშვილი ასე პასუხობს: „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე, გამომდინარე იქიდან რომ ის წარმოადგენს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მოგეხსენებათ, არსებობს დარღვევების გასაჩივრების საშუალებები და შესაძლებელია, რომ ქალბატონმა ნაზიმ ეს საშუალებები გამოიყენოს. რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევას, პროცესი გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება თვალყური ადევნოს მიმდინარე მოვლენებს; სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კანდიდატების გამოკითხვის პროცესში; მედია პროაქტიულად და შეუფერხებლად აშუქებს იურიდიული კომიტეტის ყველა სხდომას, სადაც კანდიდატთა გამოკითხვა მიმდინარეობს“.
პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში უზანესი სასამართლოს უვადო მოსამართლობის კანდიდატთა კენჭისყრის პროცედურა არ არის შეტანილი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა 11 ნოემბერს, მიმდინარე კვირა მსჯელობას, დისკუსიასა და მოსაზრებების გაცვლას დაეთმობა.