Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეტევა სამხრეთში: სწრაფი გარღვევა არ იქნება?


როგორ ცვლის ტაქტიკას უკრაინის არმია?
როგორ ცვლის ტაქტიკას უკრაინის არმია?

ხუთი თვის წინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ ფრონტზე წამოიწყეს კონტრშეტევები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, უკრაინის სარდლობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, თავდაპირველად, წარმოადგენდა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის განთავისუფლება.

მოგვიანებით, კონტრშეტევის პროცესში მთელი ყურადღება გადავიდა ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ ტოკმაკზე, სადაც პირველ ხანს უკრაინის არმიამ გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია.

„ტოკმაკი, ალბათ, იქცევა რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზის ბირთვად. ქალაქის თავდაცვის გაძლიერება, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის მზარდ შეშფოთებაზე, რასაც იწვევს უკრაინის ჯარების ტაქტიკური შეღწევა ჩრდილოეთის მიმართულებით თავდაცვის პირველი (მთავარი) ხაზის გავლით“, - წერდა ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო.

რადიო თავისუფლების პროექტ „დონბას.რეალიის“ ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რა რაოდენობის დასავლურ ტექნიკას ფლობს უკრაინის არმია, როგორ აითვისეს ის უკრაინელმა სამხედროებმა და აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი სამხედრო რესურსი ზამთარში შეტევის გასაგრძელებლად?

"დასავლური წარმოების ბევრი ტექნიკის გადარჩენა მოხერხდა"

უკრაინის სამხრეთში კონტრშეტევის დაწყების თარიღად 7-8 ივნისი ითვლება. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა განადგურებული დასავლური ტექნიკის - ტანკ Leopard-ებისა და ქვეითთა ჯავშანმანქანა Bradley-ების ფოტოები. დასავლური მედია წერდა, რომ კონტრშეტევის პირველი ორი კვირის განმავლობაში უკრაინის არმიამ ოპერაციისათვის გადაცემული ტექნიკის 20%-მდე დაკარგა. მალევე უკრაინის სარდლობამ ტაქტიკა შეცვალა, ხოლო გადარჩენილი ტექნიკა მას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზიკა.

„ვფიქრობ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს უკრაინაში ზოგიერთ ბრიგადას შორის კოორდინაციის პრობლემა არსებობდა. მაგრამ მცირე ქვედანაყოფების თავშეყრის ტაქტიკაზე გადასვლის შესახებ უკრაინის სარდლობის მიერ გადაწყვეტილების მიღებით ეს პრობლემა მოგვარდა. უკვე ივნისის შუა რიცხვებიდან, უკრაინა იყენებს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკას, მოხერხდა ასევე დასავლური წარმოების ბევრი ტექნიკის გადარჩენა და ბრძოლაში მისი გამოყენება შეიძლება ან გაისად ან მაშინ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება იქნება“, - ამბობს კონრად მუზიკა, Rochan Consulting-ის ანალიტიკოსი.

უკრაინის არმიას შეიარაღებაში აქვს ორ ასეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის დასავლური ტანკი და ჯავშანმანქანა. მათ შორის არის Stridsvagn 122-ი - გერმანულ ტანკ Leopard 2А5-ის შვედური მოდელი. ოფიციალურად ცნობილია, რომ უკრაინამ მიიღო 10 ერთეული ასეთი ტანკი, რომელიც უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებას. მანამდე „ლეოპარდების“ ეკიპაჟებმა შვედეთში გაიარეს მომზადება. ტანკისტები ჰყვებიან, რომ წვრთნის დროს ბევრი სასარგებლო ცოდნა მიიღეს, მაგრამ ერთია წვრთნა პოლიგონზე და სულ სხვა - რეალური საბრძოლო მდგომარეობა.

ტანკი Stridsvagn 122 (Leopard 2A5) დონეცკის ოლქში
ტანკი Stridsvagn 122 (Leopard 2A5) დონეცკის ოლქში

„ისინი ჩვენ ტაქტიკაში სულ სხვა რამეს გვასწავლიდნენ, მაგრამ როდესაც აქ ჩამოვედით, უკვე სულ სხვანაირად გვიხდება მოქმედება. ინსტრუქტორების უმრავლესობა საბრძოლო მოქმედებებში არ არის ნამყოფი, ისევე როგორც უკრაინისათვის გადმოცემული ტანკები. ისინი ჩვენ შეგვასწავლიდნენ ტაქტიკას, რომლის თანახმად, რაც უფრო მეტი მანქანა მონაწილეობს შეტევაში, მით უკეთესია. მათ იცოდნენ, რომ შეტევისთვის გვამზადებდნენ, მაგრამ აქ ასე არ არის. იგივე ითქმის სტრესულ სიტუაციაზე - იქ ჩვენ, ტექნიკას რომ შევჩვეოდით, პოლიგონზე წინ და უკან საათში 15-20 კილომეტრის სიჩქარით ვმოძრაობდით“, – ამბობს ალექსეი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 21-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი.

ფრონტის ხაზზე უკრაინელ ტანკისტებს უფრო ხშირად ღამით უწევთ მოქმედება. სწორედ ამგვარი გასვლის შემდეგ საბრძოლო კომპლექტის შესავსებად დაბრუნდა უკან ტანკის ერთ-ერთი ეკიპაჟი, რომელსაც „დონბას.რეალიის“ კორესპონდენტი გამოელაპარაკა.

„ჩვენ მხოლოდ მათ ქვეით ჯარს ვუშენთ ფუგასურ ბომბებს, რადგან მათ ნამსხვრევების ძლიერ გაფანტვა ახასიათებთ. ამიტომაც მათ ვუშენთ. ისინი ჯერჯერობით კოლონებით არ მოიწევენ წინ. რომ წამოსულიყვნენ, მაშინ შეიძლებოდა, რომ მათთვისაც...“, - ამბობს იგორი, ალექსეის თანამებრძოლი.

უკრაინელი ტანკისტები ოპერაციამდე მოწინააღმდეგის ქვედანაყოფის პოზიციებს სწავლობენ.

„ჩვენ გავდივართ დაზვერვაზე ფეხით და ვაწარმოებთ დაკვირვებას. ასე იყო ამ რეიდის წინაც. გუშინწინ გავედი იმ ადგილის სანახავად და შესასწავლად, რომელიც დღეს ტანკით დავამუშავე. როდესაც შენ ფეხით მიდიხარ, ეს ყველაზე დიდი რისკია. მაგრამ იმისთვის, რომ როგორც დღეს, უპრობლემოდ დავბრუნდეთ უკან, ღამით გავდივართ“, - განაგრძობს ალექსეი.

"ამ ზამთარში ყველანი მძიმე მოლოდინებით შევდივართ"

პროექტ „ოგუხის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 71 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკი მიიღო. მათგან ბრძოლაში 20 ერთეულის დაზიანება ვიზუალურად არის დადასტურებული. მაგრამ ამ დაზიანებული ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი რემონტის შემდეგ უკვე აღდგენილია. 14 ტანკ Challenger 2-იდან განადგურდა ერთი. ყველაზე უფრო მეტად ქვეითთა ჯავშანმანქანები Bradley M2A2-ები გამოვიდა მწყობრიდან (იხილე ფოტო). მწყობრშია 40-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ი. გარდა ამისა, ოქტომბერში უკრაინის ჯავშან-სატანკო პოტენციალი კიდევ 31 ტანკ „აბრამსით“ გაძლიერდა.

„ვფიქრობ, რომ თუ იქნება ცვლილება უკრაინის მხრიდან, ის იქნება ეტაპობრივი. მე არ მოველი უკრაინის მოულოდნელ გარღვევას, რადგან ოპერაციის ხასიათია ისეთი, რომ პროგრესი ძალიან ნელა მოდის. მაგრამ ოპერაცია გრძელდება. ამჟამინდელი მიდგომის შემთხვევაში კი გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს კონრად მუზიკა.

ტეპლოვიზორი, ლაზერული მანძილმზომი და ერთბაშად რამდენიმე მიზნის ამოღების შესაძლებლობა - ადგილობრივი წარმოების (საბჭოურ) ტანკებზე შვედური „ლეოპარდების“ მთავარი უპირატესობაა. მაგრამ ამავდროულად ამჟამინდელი ომის პირობებში რაიმე სატანკო ბრძოლები მოსალოდნელი არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, მეტი ყურადღება გადავიდა ბატარეის საწინააღმდეგო ბრძოლაზე. იმავე „ოგუხის“ თანახმად, მთელი ამ თვეების განმავლობაში რუსეთი, არტილერიის მხრივ, საგრძნობ დანაკარგებს განიცდის.

ღია რჩება შეკითხვა უკრაინის ხელთ არსებული საარტილერიო დანადგარებისა და საბრძოლო მასალების შესახებ. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, უკრაინა თვეში იყენებდა 110 ათას საარტილერიო ჭურვს, მაშინ როდესაც საჭიროა 350 ათასი. უცნობია, თუ როგორია დღეისთვის ეს რიცხვი, მაგრამ, როგორც ჩანს, კოლექტიურ დასავლეთს ჯერ კიდევ უჭირს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალებით უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა. ამაზე ასევეა დამოკიდებულ ზამთრის საომარი კამპანია.

"ერთი წლის წინ ჩვენ დავუშენდით ცეცხლს და წინ გადავადგილდებოდით. ახლა ეს ცოტა პრობლემურია "ლანცეტების" (რუსული უპილოტო დრონები - რედ.) არსებობის გამო. „ლანცეტები“ ჩვენი ყველაზე მზაკვრული მტერია. როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები ამბობენ, უკრაინაში ომი - ეს არტილერიის ომია. რაც უფრო კარგად ვიმუშავებთ (არტილერისტები), რაც უფრო მეტად გავანადგურებთ [მოწინააღმდეგის] ქვეითთა ძალებსა და რეზერვს მათსავე მოტიტვლებულ სანგრებში, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენი ქვეითებისთვის ამ სანგრების შტურმით აღება და მათი უკუგდება“, - ამბობს ანდრეი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 26-ე საარტილერიო ბრიგადის მებრძოლი.

საბოლოო ჯამში, უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთის მიმართულებით ადეკვატურია იმ სირთულეებისა, რომელთა წინაშეც ის დგას. ეს არის ბრიტანეთის თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტების აზრი. ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმიას არ გააჩნია საინჟინრო დაზვერვის სისტემები, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ჰაერში უპირატესობა და ასევე საუბარია უკრაინელი ოფიცრების მომზადების მხრივ არსებული მიდგომის შეცვლის აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს აქცენტის გადატანას არა აკადემიურ ცოდნაზე, არამედ ომის რეალურ გამოცდილებაზე.

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება უკრაინისგან იმის თაობაზე, რომ (ოფიცრების) მომზადება არ არის ყველაზე საუკეთესო. უკრაინისგან გვესმის ისიც, რომ საზღვარგარეთ უკრაინელი სამხედროების მომზადება ძალიან ხანმოკლეა. არსებითად, ერთ-ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეიქმნას საკმაოდ დიდი რეზერვი, როგორ მოვამზადოთ ეს ბიჭები, სანამ ბრძოლაში გავუშვებდეთ, რადგან როგორც კი თქვენ მათ წინა ხაზზე გაუშვებთ, ისინი გამოიფიტებიან. დიახ, ერთი მხრივ, უკრაინას სჭირდება რეზერვის მომზადება, მეორე მხრივ კი, საჭიროა პირადი შემადგენლობის შევსება წინა ხაზზე, რათა შეივსოს დანაკარგი და შენარჩუნდეს შეტევის არსებული ტემპი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის მოძებნა“, - დასძენს მუზიკა.

უკრაინის იერიშის ტემპი სამხრეთში შესაძლოა შეიცვალა, მაგრამ, აშკარაა, რომ ის გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდწილად შეინარჩუნეს დასავლური ტექნიკა, მაგრამ მისი გამოყენება ძალიან პრობლემურია დანაღმული მიწების არსებობისა და, განსაკუთრებით, რუსეთის ხელთ არსებული დრონებით ბრძოლის ველის მუდმივი კონტროლის პირობებში. ამას მით უფრო მოწმობს რუსეთის შეტევა უგლედართან და სულ ახლახან ავდეევკის რიონში.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით წლევანდელი ზამთარი უკრაინისათვის შესაძლოა აღარ აღმოჩნდეს ისეთი ტრიუმფალური, როგორიც წინა იყო, - ეჭვობს ივან პრეობრაჟენსკი, ჩეხეთში მცხოვრები პოლიტოლოგი.

„რუსეთის მიერ ენერგეტიკული ტერორიზმის მიუხედავად, წინა ზამთარს უკრაინა გამარჯვებით შეხვდა: გათავისუფლებულ იქნა პრაქტიკულად მთელი ხარკოვის ოლქი, ხერსონი და, შესაბამისად, ძალიან ამაღლებული განწყობა სუფევდა. ამ ზამთარში ყველანი მძიმე მოლოდინებით შევდივართ. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს არ აქვს დიდი შესაძლებლობები რაიმე სერიოზული შეტევებისთვის, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული რაოდენობის ჭურვების მიღებისთანავე რუსეთმა წამოიწყო შეტევა, მაგალითად, ავდეევკაზე. ასე რომ, ცალკეული ოპერაციები შესაძლებელია და ეს ოპერაციები უკრაინაში აღქმული იქნება გაცილებით უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე იყო. ასე რომ, ჩემი აზრით, ორი მომენტი არსებობს: ერთია რუსეთის მცდელობა ახალი, მცირე შეტევებისა და მეორეა ის, თუ რამდენად მძაფრი რეაქცია ექნება მათ წარმატებას უკრაინის საზოგადოებრივი აზრის მხრიდან“, - ამბობს პრეობრაჟენსკი.

  • უკრაინის არმიამ 2022 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აკონტროლებდა და ეს ტერიტორია დაიბრუნა.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული წლის 10 სექტემბერს დაადასტურა ხარკოვის ოლქის ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

  • ერთ თვეში, 2022 წლის 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება, რომლის თანახმად, ქალაქ ხერსონის შემდგომი შენარჩუნება რუსეთის არმიას და ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას კატასტროფით ემუქრებოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG