დავითი 1931 წლის 24 აპრილს, დღის 12 საათზე გარდაიცვალა, რაც არავისთვის ყოფილა თავზარდამცემი მოულოდნელობა. საქართველოში ყველამ იცოდა დიდი მწერლის მძიმე ავადმყოფობის ამბავი. დავითმა მართლაც დიდხანს იავადმყოფა, დიდხანს იტანჯა, მეხსიერებაც კი დაუზიანა ვერაგმა დაავადებამ, დაუზიანა იმდენად, რომ ერთხელ შვილს, სერგო კლდიაშვილს, რომელიც წიგნს უკითხავდა, აღფრთოვანებულმა ჰკითხა, რა არის ეგ, რაღაც ძალიან საინტერესოს კითხულობო. შენი მოთხრობაა, „სამანიშვილის დედინაცვალიო“, უპასუხა შვილმა, რაზეც გაოცებულს წამოუძახია, არ ვიცი, რა ჩემი მოთხრობა, რა სამანიშვილიო!
უკანასკნელი ათი დღე ძალიან ცუდად ყოფილა, სამი თვის უნახავ, მონატრებულ შვილს ელოდა.
„24 აპრილს გვიან გაიღვიძა, - იხსენებდა დავითის მეუღლე, მარიამ მაჭავარიანი, - დავხედე და არ მომეწონა მისი სახე. აქაურობის არა ეცხო რა. ჩაი შევთავაზე. დათანხმდა. ხელში ძალა აღარ ჰქონდა და კოვზით ჩავაწვეთე. როცა სახეზე მოვუალერსე, ხელზე მაკოცა. იკითხა, გარეთ მზე იყო თუ არა. მერე დრო იკითხა. საათს დავხედე. თორმეტი იყო. ამ დროს ოდნავ გასაგონი ხმით დამიძახა. მოვბრუნდი, შემომხედა, უკანასკნელად გამიღიმა და გათავდა“.
სვირში რომ ცხენის ძებნაში არ შევჩერებულიყავ, ცოცხალს მივუსწრებდიო, დაწერს მოგვიანებით მოგონებების წიგნში სერგო კლდიაშვილი, რომელიც მშობლიურ სიმონეთში 24 აპრილს დაბრუნდა, ერთმა თუ ორმა საათმა დაუბრუნებელი წუთი, უკანასკნელი ნახვის საშუალება წამართვაო, იტყვის ის, გონზე მოსული კი ტელეგრამას გაგზავნის თბილისში:
„საქართველოს მწერალთა ფედერაციის მდივანს შალვა რადიანს.
შალვა!
24 აპრილს დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა. რა ვქნა, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ ფული არ გვაქვს დაკრძალვის ხარჯის დასაფარად. თუ კავშირი ან მთავრობა გაიღებს, გთხოვთ შეგვატყობინოთ... ერთი სათხოვარი კიდევ: დავითის მეუღლეს ტანსაცმელი არა აქვს. თუ შეიძლება სრულიად უბრალო შავი რამე მატერია გამოუგზავნოთ.
თქვენგან პასუხის მიღებამდე გაჩერებული ვართ.
პატივისცემით, სერგო კლდიაშვილი. 25 აპრილი 1931 წელი, სოფ. სიმონეთი“.
27 აპრილს, დავითის ცხედრის თბილისში გადასასვენებლად სიმონეთში მწერალთა დელეგაცია ჩავიდა: გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, სიმონ წვერავა... - ის მწერლები, რომლებმაც, საქართველოსთან ერთად, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, სამწერლო ასპარეზზე 40-წლიანი მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს ცოცხალ კლასიკოსს. მწერალი სერგი ჭილაია ასე იხსენებდა თბილისის ოპერის თეატრში გამართულ ამ საღამოს: „დარბაზი სავსე იყო მწერლის პატივისმცემლებით. საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ თავის შესავალ სიტყვაში მოკლედ დაახასიათა დავით კლდიაშვილის ღვაწლი და, სხვათა შორის, თქვა: „დავით კლდიაშვილი ულმობლად ამხილებდა და დასცინოდა დეგრადაციის გზაზე დამდგარ იმერეთის ხელმოკლე აზნაურობას...“
მხცოვანი მწერალი ერთბაშად შეირხა, მოულოდნელად წამოდგა, მერე ისევ დაჯდა. ყველამ შეამჩნია, რომ რაღაც ეწყინა იუბილარს, მაგრამ ნამდვილი ვითარება საქმისა არავინ იცოდა. შემდეგ მოხსენება, სიტყვები, ტაში... ბოლოს სიტყვა იუბილარს მიეცა. პატარა ტანის მოხუცი შედგა ტრიბუნაზე, მაგრამ მღელვარება ვერ დაიოკა და ერთბაშად თქვა: მე არასოდეს არავისთვის არ დამიცინია“.
მწერალ თედო ბექიშვილისთვისაც აშკარა იყო, რომ დავით კლდიაშვილის მწერლური მიზანი არ ყოფილა აზნაურთა გასაცოდავებული კლასის ცხოვრების კომიკური აღწერა, რომ მწერლის ყველა ტექსტი გაჟღენთილია ტკივილით, რასაც იწვევს ადამიანის ბედი, მისი უნუგეშო, გასაცოდავებული ყოფა.
„გული უკვნესის მათი უბედობით, და ისიც ღრმად აქვს შეგნებული, რომ კაცის ბედი თუ უბედობა იგივე მისი ქვეყნის ბედისა და უბედობის სარკეა. ამ სარკეში გვახედებს იგი, გვახედებს დიდი მწერლური ოსტატობით, სიმართლითა და გულისტკივილით. ამიტომაა, რომ მის მოთხრობებში ვერ შეხვდებით უარყოფით და დადებით გმირებს. აქ არიან მხოლოდ მსხვერპლნი გარემოებათა, მსხვერპლი სინამდვილისა, ცრურწმენებისა, ადამიანური გაუტანლობისა, ცხოვრების ულმობელი ჩარხის ტრიალს თავის მძლე ბორბლებში რომ ჩაუხვევია და ადამიანური სახე დაუკარგვინებია. ყოველი გმირი მისი მოთხრობისა ღვიძლია მისი, შვილია მისი ხალხისა და მწერლის კაცთმოყვარე გული ერთნაირად კვნესის მათს უბედურებაზე“, - წერდა თედო ბექიშვილი.
ივანე გომართელიც, ვინც კარგად იცნობდა როგორც თვითონ დავითს, ასევე მის შემოქმედებას, საუბრობდა მწერლის „იმერულ ნიჭზე“, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ ვითარებაში გულისხმობდა მხიარულებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - დაცინვას:
„იმერელი მხიარულების მოტრფიალეა - მაშინაც კი, როდესაც სამხიარულო არაფერია. გარეგნულ მხიარულებაში შეიძლება გულის კვნესა იყოს გარეული, - ესეც უმთავრესად იმერელის თვისებაა. ცრემლიანი სიცილი იმერელის მოგონილია. დავით კლდიაშვილსაც სიცილი უნდა, მხიარულება...“
იცინოდა კიდეც თავის უზადო მოთხრობებში „ცრემლიანი სიცილით“ და ამ სიცილში ხან მეტი იყო ცრემლი, ხან - ნაკლები, ისევე, როგორც ცხოვრებაში, სადაც ოფიცრობისას თუ თადარიგში გასვლის შემდეგ, ყოველთვის საქართველოს პატრიოტად რჩებოდა. აკი, გულწრფელად გაიხარა კიდეც, როცა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
„ქართველი ერის თავისუფლება მითი მახარებს, რომ მას ეძლევა საღსარი განავითაროს ის მშვენიერი სული, მასში რომ არის ჩანერგილი და მწამს, რომ ამით ქართველი ერი შევა სანატრელ მოძმეთ დანარჩენ კაცობრიობაში. დიდება ქართველი ერის დიად სულს“, - ჩაუწერია უბის წიგნაკში 1918 წლის 21 ივლისს.
დავითმა 69 წელი იცოცხლა, სუსტი ჯანმრთელობის, ჯარში ხანგრძლივი სამსახურისა და ცხოვრების მძიმე პირობების გამო, ყოველთვის ასაკისათვის შეუსაბამოდ ხანდაზმულად გამოიყურებოდა, თუმცა ჰქონდა გამორჩეული, შთამბეჭდავი გარეგნობა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქართველ მხატვრებს, რომლებიც სიცოცხლეშიც ხშირად ხატავდნენ დავითს და - გარდაცვალების შემდეგაც.
„მხატვარია, კოტე ქავთარაძე, საზოგადო მოღვაწეების სურათებს ხატავს გამოსაცემათ. დამხატა, მაგრამ რა მშვენიერად, ვერ წარმოიდგენ, საუცხოვოა. ბარნოვმა მითხრა, სიხარულით კინაღამ გადავკოცნე ქავთარაძეო, როცა მანახაო“, - წერს დავითი თავის მეუღლეს, ძვირფას მაშიკოს გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე.
69 წელი იცოცხლა...
შვილი, სერგო კლდიაშვილი ღრმად იყო დარწმუნებული [„მოგონებები დავითზე“], რომ დავითი დიდხანს იცოცხლებდა, საშინელი მოწყენა რომ არ სცოდნოდა. ამის შესახებ ჩიოდა დემნა შენგელაიაც დავით კლდიაშვილზე 1962 წელს დაწერილ ვრცელ წერილში:
„ერთადერთი მისი მისტიკა სიმარტოვის მისტიკა იყო, რისაც მას ასე ეშინოდა. ვინ იცის, ეს შემზარავი შიში მას იქიდან დაჰყვა, როცა სამშობლოს მიწყვეტილი პატარა ბავშვი პანსიონის დორტუარში ძილგატეხილი იწვა და საყვარელ სოფელს დანატრებული ბუმბულით კი არა, სიზმრებით გატენილ ბალიშს ბავშვური ცრემლით ასველებდა. შინაც ასე იყო. მარტოობის შიში რომ აიტანდა, უცებ თავისი მძლავრი ბოხი ხმით დაიძახებდა. მისი ხმა შორს ისმოდაო, - ამბობს სერგო კლდიაშვილი და, როცა ერთხელ ვკითხე, რად ყვირი ასე უცნაურადო, გულაჩუყებით მიპასუხა: „მარტო ვარ!“ მერე გაკვირვებით შემომხედა: „მე რომ არ მესმის ჩემი ხმა?!“
სამაგიეროდ, ჩვენ გვესმისო, ასე უპასუხებს დემნა შენგელაია წლების წინ გარდაცვლილ დიდ მწერალს, არათუ გვესმის, ჩვენ გვეძახის და ამ ძახილით გვეუბნებაო, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც მას უყვარდაო; გვიყვარდეს ადამიანი ისეთი გატაცებით, როგორიც მას უყვარდაო; ეს ძახილი მთელი მისი შემოქმედებაა, რითაც ჩვენ ასე ვამაყობთო!
დავითი გარდაიცვალა 90 წლის წინ, 24 აპრილს, დღის 12 საათზე. სერგო კლდიაშვილს რომ დავესესხოთ, ამ დღეს დასრულდა ცხოვრება დავით კლდიაშვილისა, კაცისა, რომელსაც გული მეტი ჰქონდა, ვიდრე თვითონ იყო.