დაავადებები და ანტისანიტარია ომის მუდმივი თანამგზავრებია. რუსეთში, სადაც ფრონტზე ბევრ პატიმარს აგზავნიან, ვითარებას ამძიმებს ციხეებსა და საპატიმროებში შექმნილი სავალალო სამედიცინო მდგომარეობა.
კვლევების თანახმად, 1846-1848 წლების მექსიკის ომის დროს, ამერიკის ჯარში ბრძოლის ველზე დაღუპულთა და ავადმყოფობით გარდაცვლილთა თანაფარდობა 1:7-ზე იყო, 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომის დროს კი - 1:5. ფრანკო-პრუსიის, მოგვიანებით კი რუსეთ-იაპონიის ომში პირველად მოხდა ისე, რომ ბრძოლის ველზე დაცემულთა რიცხვმა გადააჭარბა დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობას.
პირველი მსოფლიო ომის დროს ტიფი და ესპანური გრიპი „ყვაოდა“. მეორე მსოფლიო ომის წინ ექიმები უკვე იყენებდნენ პენიცილინს, ბევრი ჯარისკაცი ვაქცინირებული იყო ქოლერის, გრიპის, ტიფისა და ტეტანუსის წინააღმდეგ და საერთოდაც, 30 წლის განმავლობაში სამხედრო ექიმების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა: დაჭრილთა სიკვდილიანობამ შეადგინა ბრიტანული და ამერიკული ჯარების მთლიანი რაოდენობის 4%, მაგრამ ჰეპატიტი და ტუბერკულოზი ჯერ ისევ დიდ საფრთხეს უქმნიდა მებრძოლებს, რადგან ამ დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები იმ დროს ფართოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ვიეტნამის ომის დროს დაჭრილთა სიკვდილიანობა 2,5%-მდე დაეცა.
დღეს მედიცინამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ, მაგრამ ადამიანები კვლავ აწყდებიან მსგავს პრობლემებს: ფრონტისპირა ქალაქებში ადამიანები ხშირად რჩებიან სასმელი წყლის გარეშე, ბავშვები აუცრელები არიან იმ დაავადებებზე, რომლებსაც კაცობრიობა დიდი ხანია ეფექტიანად უმკლავდება, ხოლო სამხედრო პერსონალი იღუპება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საავადმყოფოებშიც არსებული წამლების მიმართ რეზისტენტული ინფექციების გამო.
რით ავადმყოფობენ დღეს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართული სამხედროები და რატომ ვერ ხერხდება ყოველთვის მათი გადარჩენა?
თითების გარეშე და ჰეპატიტით - როგორ გადაიბირა „ვაგნერმა“ ავადმყოფი პატიმრები
რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, ფონდ „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ მონაცემებით, 2020 წელს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 52 529 აივ ინფიცირებული და 11 566 ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი იმყოფება. 2020 წელს რუსეთის საპატიმროებში 2400 ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაციის ექსპერტმა ასმიკ ნოვიკოვამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ მძიმე ვითარება შეიქმნა პატიმრების დახმარების გაწევის კუთხით:
„ზოგადად, ნებისმიერი იზოლირებული ადგილი არის ინფექციის ერთგვარი რეზერვუარი. წესების მიხედვით, რა თქმა უნდა, გარკვეული დაავადებების მქონე პატიმრები ცალკე უნდა იმყოფებოდნენ, მაგრამ პრაქტიკაში სხვაგვარად ხდება. ხშირად სამედიცინო დახმარება იგვიანებს, რაც ასევე ახდენს გავლენას დაავადების გავრცელების სიჩქარესა და მასშტაბზე. ხდება ისე, რომ ადამიანი დღეების ან თვეების განმავლობაში უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას, მაგრამ სათანადო დიაგნოსტიკა არ უტარდება. შედეგად, პატიმარი დახმარებას იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე სრული მასშტაბით არის გავრცელებული. მოგვიანებით ირკვევა, რომ დაავადება გადამდებია. ადამიანი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში არ იყო იზოლირებული”, - ამბობს ასმიკ ნოვიკოვა.
„საზოგადოებრივი ვერდიქტის“ კიდევ ერთი ადვოკატის, სვეტლანა ტორეევას თქმით, რუსეთის ციხეებში სამედიცინო დახმარების ნაკლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა:
„რეგულარულად ვიღებთ პრეტენზიებს, რომ პატიმრებს არ ეხმარებიან სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგან არ არის წამლები, ზოგან კი - სამედიცინო აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა, ასევე არ არის სამოქალაქო დაწესებულებებში გადაყვანის საშუალება. ხშირად არ ტარდება არც გეგმური და არც გადაუდებელი ოპერაციები, კონსულტაციები სპეციალისტებთან“.
ოქსანა ასაულენკოს, ჟურნალისტისა და პერმის ტერიტორიის საზოგადოებრივი ზედამხედველობის კომისიის წევრის თქმით, საშემოდგომო გაწვევის ძირითად ტალღაში აბსოლუტურად ყველა პატიმარი მიიღეს მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა:
„პირველ ტალღაში, ოქტომბერში, მათ წაიყვანეს აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა. ალბათ, მხოლოდ გამოხატული ნიშნების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ გაიწვიეს. რა თქმა უნდა, ვიღაც ალბათ დაარწმუნეს კიდეც, მაგრამ ყველა დაწესებულებაში გამორთული იყო ტელეფონის აპარატები. პერმის სასჯელაღსრულების N1 კოლონიაში პატიმრები იზოლირებული იყვნენ ბარაკებში. პერმის თითოეული კოლონიიდან (სულ ექვსია) აიყვანეს 150-250 კაცი, მეორე ტალღაზე ზამთარში კი - 20-50 კაცი, რადგან შერჩევა უფრო მკაცრი კრიტერიუმით ჩატარდა, პლუს ვიღაცას სურვილი აღარ ჰქონდა ფრონტიდან მიღებული ინფორმაციის გამო. კოლონიებში, ყველა ამ ქმედების შემდეგ, პატიმრების რაოდენობა 300 ადამიანით შემცირდა. გასაგებია, რომ ამ რიცხვში შედის ეტაპით გაგზავნილი პატიმრების რაოდენობაც, მაგრამ 200-300-კაციანი კლება დაფიქსირდა ე.წ. სტაბილურ ზონებშიც. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თითო კოლონიიდან დაახლოებით 200 ადამიანი იქნა გაგზავნილი ფრონტზე, ხოლო დანარჩენი 100 ადამიანიდან ნაწილი გარდაიცვალა ან ეტაპით გადაიყვანეს სხვა კოლონიაში“, - ამბობს ოქსანა ასაულენკო.
პატიმარი ნიკოლაი ტერეხინი უკრაინის ფრონტზე პერმის მე-10 კოლონიიდან წაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ B და C ჰეპატიტით იყო დაავადებული და რამდენიმე თითიც აკლდა ხელზე. სხვათა შორის, როგორც მისმა მეუღლემ, ტატიანა ლაზუკოვამ განაცხადა, პატიმარმა თითები კოლონიაში დაკარგა:
„სასჯელს იხდიდა 35-ე კოლონიაში, სადაც მუშაობდა სახერხ საამქროში. 20 მარტს ძლიერი ყინვა იყო, პატიმარს კი ხის ძელი უნდა გადაეხერხა. უსაფრთხოების წესების მიხედვით, გაყინული მასალის ჩარხით დახერხვა არ შეიძლება, მაგრამ უფროსმა ოსტატმა თქვა, რომ უნდა ემუშავათ. წარმოიდგინეთ: აქეთ გაყინული ხე, იქით რეზინის ხელთათმანები. სამი თითი დაკარგა. კარგად მახსოვს: ოპერაცია მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ გაუკეთეს, მანამდე თითების გადარჩენა შეიძლებოდა“.
ნიკოლაი ქურდობის მუხლით იხდიდა სასჯელს, 2023 წლის 24 მარტს უნდა გათავისუფლებულიყო. კოლონიაში ყოფნის დროს ნიკოლაის სამედიცინო დახმარება არ მიუღია:
„ძლიერი ადამიანი იყო და ცდილობდა არ ეწუწუნა თავის დაავადებებზე, არ ელაპარაკა მათზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობა კი არანაირი არ უტარდებოდა, რადგან ეს კოლონიაა და დიდად არც წამლების მიცემით იწუხებს ვინმე თავს. როცა ვკითხე, რამენაირად მაინც მკურნალობ-მეთქი? არაო, მითხრა, არანაირი წამალი არ არისო. ისე, ხშირად ამბობდა, ღვიძლი და რაღაცები მტკივაო. საერთოდ, ზონაში დაავადებები ჩვეულებრივი რამ არის. მამონტები უკეთესად მკურნალობენ, ვიდრე ადგილობრივი ექიმები. პატიმრების მიმართ სრულ გულგრილობას იჩენენ. ზონამ უნდა მისცეს მათ მედიკამენტები, უმკურნალოს, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მაგრამ მსგავსი არაფერი კეთდება. მაშინაც კი, როცა ჩემმა ქმარმა ხელის თითები დაკარგა და ოპერაცია გაუკეთეს, ნარჩენები ამოუღეს, მაშინაც კი, მას ყველა საჭირო წამალი არ მიუღია, თუმცა კანონით ვალდებულნი იყვნენ ყველაფერი მიეწოდებინათ”, - იხსენებს ყოფილი პატიმრის მეუღლე.
3 ოქტომბერს მე-10 კოლონიაში ყველა ტელეფონი გამორთული იყო და ყველა, ვინც უნდა გაეგზავნათ ფრონტზე, იზოლირებული ჰყავდათ ცალკე ყაზარმაში. ნათესავებისთვის არავის არაფერი უთქვამს, ხოლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და, რომ ყველა პატიმარი ადგილზე იმყოფებოდა. მოგვიანებით მათ შეცვალეს თავიანთი ვერსია და დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ არ ჰქონდათ უფლება გაეცათ ინფორმაცია პატიმრების ადგილსამყოფელის შესახებ. 14 ოქტომბერს ნიკოლაის და ტატიანას ხელი უნდა მოეწერათ: დანიშნულიც ჰქონდათ შეხვედრა, მაგრამ პატიმართან კავშირი გაწყდა. აღმოჩნდა, რომ 17 ოქტომბერს უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.
„ვაგნერისა“ და კოლონიის წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ, როგორც ჩანს, თვალი დახუჭეს: „მიუხედავად იმისა, რომ მათ საიტზე მკაფიოდ ეწერა, რომ არ აიყვანდნენ დაავადებულებს, გადაბირების პროცესი მაინც განურჩევლად ხდებოდა. აიყვანეს შიდსითა და ჰეპატიტით დაავადებულები, გამოხატული შეზღუდულობის მქონე პირები... ჰეპატიტით დაავადებულებს თეთრ სამაჯურებს აბამდნენ, ხოლო აივ-ინფიცირებულებს - წითელსა თუ ვარდისფერს“.
ტატიანა დაუკავშირდა „ვაგნერის“ წარმომადგენლობას, მაგრამ უთხრეს, რომ ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები არ ჰყავდათ სამსახურში, რომ თითების ამპუტაცია პრობლემა არ იყო, განსხვავებით სისხლისგან.
მოგვიანებით, „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა მაინც გაუგზავნეს ტატიანას ნიკოლაის ფოტო "K" სერიის მედალიონით (რომელიც გამოიყენება გადაბირებული პატიმრების აღსანიშნავად) და სამაჯურით, რომელიც ქალმა ახსენა.
ტატიანა ერთი-ორჯერ დააკავშირეს მეუღლეს. „პრაქტიკულად ეკრძალებოდათ საუბარი, ყველაფერი შაბლონის მიხედვით იყო: ყველაფერი კარგადაა, კარგად გვაჭმევენ, კარგად გვაცმევენ და ა.შ. შეუძლებელი იყო რამეზე საუბარი”, იხსენებს ის.
ნიკოლაი ტერეხინი ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა. დაკრძალეს 14 თებერვალს სოფელ მოხოვლიანეში.
ინფიცირებული რუსი პატიმრების სამაჯურების შესახებ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამაც გაავრცელა. ბატალიონ „და ვინჩის მგლების“ ასეულის მეთაურმა, სერგეი ფილიმონოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ მსგავსი სამაჯურები ნახა ბახმუტთან რუსი ჯარისკაცების ცხედრებზე.
"გუშინდელ ცხედრებზე წითელი და ნარინჯისფერი სამაჯურები აღმოაჩინეს. შიდსი და ჰეპატიტი. სანგრები სავსეა მათი ნაწლავებით და ა.შ. როგორია იქ ჯდომა?!"
სავარაუდოდ, მართლაც ასეა: წითელი სამაჯურები უკეთიათ აივ-ინფიცირებულებს, თეთრი - ჰეპატიტით დაავადებულებს. უკრაინელ სამხედროებს ხანდახან სრული ანტისანიტარიის პირობებში უწევთ დაჭრილ ან დახოცილ ჯარისკაცებთან ყოფნა, თუმცა, როგორც ჩეხი ეპიდემიოლოგი პეტრ სმეიკალი ამბობს, გვამიდან ინფიცირების შანსი მცირეა:
„გვამში აივ-ი ძალიან სწრაფად იღუპება, საჭიროა "ახალი" სისხლი, რომელიც უნდა გადმოვიდეს დაავადებულის სხეულიდან და როგორმე მოხვდეს ჯარისკაცის ჭრილობაში. თუ ასეთი მებრძოლი ტყვედ ჩავარდა, ინფიცირების შანსი მაინც ნაკლებია. აივ-ი გადაეცემა ძირითადად სისხლით, სიფილისი - ასევე სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. დიახ, რა თქმა უნდა, ღია ტუბერკულოზი გადამდებია, მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს რაიმე ფორმით შეეძლოთ ბრძოლა, ამიტომ მეეჭვება, აქტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში“.
ისრაელელი ექიმი ბორის ბრილი მიიჩნევს, რომ დაავადების გადადება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ პირობებში:
„თუ უკრაინელი ჯარისკაცების კანი სუფთაა, ანუ ნაკაწრების და ღია ჭრილობების გარეშეა, მათ ჰეპატიტით ან აივ-ით დაავადების არ უნდა შეეშინდეთ. თუ მცირე დაზიანება აქვთ, მაშინ შანსი, რა თქმა უნდა, იზრდება. ასეთი კონტაქტების შემდეგ აუცილებელია ანალიზების ჩატარება. სასურველი იქნებოდა ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც. ასეთ გარემოში სიფილისი საშიში არ არის: ღია გარემოში რამდენიმე წუთი ცოცხლობს. აივ-იც ასევე არ არის საშიში - ძალიან სწრაფად კვდება, თუ ორგანიზმში არ არის“, - ამბობს ბორის ბრილი.
ვინიცის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის მთავარი ქირურგი და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო ექიმი ბოჰდან ჟურაველი კი არ გამორიცხავს ამ გზით ჰეპატიტით ან ტუბერკულოზით ინფიცირების შესაძლებლობას, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მის ბატალიონში უკრაინელ სამხედროებს რეგულარულად უტარდებათ კვლევა და, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა:
„ზოგადად, A, B და C ჰეპატიტები საკმაოდ მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ. მათგან ყველაზე სტაბილურია B. დასაინფიცირებლად სისხლის მიკროლიტრის მეასედიც კი საკმარისია. სწორედ ამ ტიპის ჰეპატიტია მდგრადი ულტრაიისფერი გამოსხივებისა და გამოშრობის მიმართ. ტუბერკულოზის „ჩხირებსაც“ შეუძლიათ, ღია გარემოშიც დიდხანს იცოცხლონ: გარკვეულ პირობებში, რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. თითქმის ყველა ვირუსის განადგურება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ. კი, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ კაზუისტიკად მიმაჩნია. მასობრივად დაინფიცირება ნამდვილად არ ხდება. ჩვენ რეგულარულად გავდივართ შემოწმებებს. ახლახან ჩემმა მთელმა ბატალიონმა ჩააბარა სისხლი, რათა შეგვემოწმებინა, ვინმეს ხომ არ ჰქონდა ჰეპატიტი ან აივ-ინფექცია, მაგრამ ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა“.
რით ავადდებიან სამხედრო მოსამსახურეები და რატომ იღუპებიან არამარტო ბრძოლის ველზე?
უკრაინელი სამხედრო ექიმის ბოჰდან ჟურაველის თქმით, ინფიცირებულ „ვაგნერელებთან“ პოტენციური კონტაქტი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. უკრაინელი სამხედროებისთვის გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნიან ინფექციები, რომლებიც სხეულში ხვდება ტყვიასთან ან ჭურვის ნამსხვრევებთან ერთად:
„ზოგადად, ცნება "არაინფიცირებული ჭრილობა" არ არსებობს. სამწუხაროდ, საავადმყოფოში მრავალი სიკვდილი გამოწვეულია ინფექციური გართულებებით. მეტიც, ბაქტერიული ან ვირუსული ფლორა იმდენად მდგრადია ყველა სახის ანტიბიოტიკების, ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებების მიმართ, რომ ხშირად ტრავმული ამპუტაციების დროს ადამიანები უბრალოდ იწვებიან ინფექციებისგან და, სამწუხაროდ, მათ არაფერი შველით. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ შევებრძოლოთ ამას. მეტიც, ომების შესახებ ყველა კვლევაში ზუსტად იგივე სიტუაცია შეინიშნება. სამწუხაროდ, ეს ფლორა იმდენად მდგრადია, რომ ჩვენ, ათასობით სხვადასხვა ანტიბიოტიკითაც ვერაფერს ვაკეთებთ. სტატისტიკურად მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება მეორე მსოფლიო ომისგან, სადაც ექიმებს მხოლოდ პენიცილინი ჰქონდათ“.
ნებისმიერი ინფექცია საფრთხეს შეიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნიტეტი. ექიმებისთვის დიდი პრობლემაა, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება უკონტროლოდ იყენებს ანტიბიოტიკებს. როცა ადამიანი ნებისმიერი გაციების დროს იღებს ანტიბიოტიკებს, მაშინ ორგანიზმში რეზისტენტობა ვითარდება და მოცემული ანტიბიოტიკი ვეღარ შველის მას.
„კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას გამოვყოფდი, - ამბობს ბოჰდან ჟურაველი, - ანტიბიოტიკების მიღება ხშირად ძალიან გვიან იწყება. ბუნებრივია, როცა დაჭრილი საავადმყოფოში შესვლამდე მხოლოდ ერთხელ, ბრძოლის ველზე იღებს ანტიბიოტიკს (საუკეთესო შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინს, მაგრამ უფრო ხშირად ციპროფლოქსაცინს), მდგომარეობა მძიმდება, რადგან ჰოსპიტალში მოხვედრამდე შეიძლება დღეები გავიდეს და ინფექციასთან ბრძოლა გართულდეს“.
სამხედრო ექიმის თქმით, მის ბატალიონში C ჰეპატიტით დაავადებული სამხედროებიც ირიცხებიან, თუმცა მათ რეგულარულად უტარდებათ სამედიცინო დახმარება, ისინი იღებენ სპეციფიკურ მკურნალობას, რომლის მიზანია სისხლში დაავადების გამომწვევის აღმოფხვრა, რათა ჯარისკაცი არ დაავადდეს და არ დაზიანდეს მისი ორგანოები. ჰეპატიტის ვირუსი რეალურად ანადგურებს ღვიძლს.
მნიშვნელოვანი პრობლემაა ტუბერკულოზი. თუ ტუბერკულოზი აქტიურ ფაზაშია, მაშინ ჯარისკაცს ან მკურნალობენ, ან სავალდებულო სამსახურისგან ათავისუფლებენ.
„ომის დაავადებების ჩამონათვალში ასევე შევიტანდი სანგრის ცხელებას, სანგრის ტერფსა და ტიფს, - ამბობს ჩეხი ეპიდემიოლოგი პეტრ სმეიკალი, - უხარისხო წყლის გამო ჯარისკაცები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ ქოლერით. ზოგადად, ავადობის სტრუქტურა ომისა და მშვიდობის დროს მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. უკრაინაში დანგრეულია ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემა, ამიტომ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ხანდახან არა მხოლოდ სასმელი, არამედ ტექნიკური წყალიც არ აქვთ დასაბანად. ასეთ შემთხვევაში დაავადებები შეიძლება განვითარდეს ჰიგიენის დაუცველობის გამოც“.
რუსული პროპაგანდა არაერთხელ აცხადებდა, რომ უკრაინა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებდა. პიოტრ სმეიკალი ამ ვერსიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს:
„ეს სისულელეა. დავიწყოთ იქიდან, რომ ამის გაკეთება ტექნიკურადაც კი ძალიან რთულია. არსებობს 6 აგენტი, რომელიც თეორიულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიოლოგიურ იარაღად: ციმბირის წყლული, ტულარემია, შავი ჭირი, ჩუტყვავილა, ჰემორაგიული ცხელება და ბოტულოტოქსინი. შეიძლება დაემატოს სალმონელაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა ეს აგენტი ერთნაირად საზიანო იქნება ორივე მხარისთვის, ამიტომ მათ გავრცელებას აზრი არ აქვს. ავიღოთ ჯილეხი (ციმბირის წყლული), რომელიც ჰაერში უნდა გავრცელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინელი სამხედროებიც დაზარალდებიან. მოკლედ, ეს სისულელეა“, - ამბობს ჩეხი ეპიდემიოლოგი.
სხვა საკითხებთან ერთად, ომი, პიოტრ სმეიკალის თქმით, უარყოფით ასახვას ჰპოვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც:
„რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს უბრალოდ არ ჩაუტარდებათ ვაქცინაცია, მათ შეიძლება ასევე შეექმნათ პრობლემები რეგულარულ და სწორ კვებასთან დაკავშირებით. დედის რძის ნაკლებობა ასევე უარყოფითად აისახება მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფერს ჯამში მივყავართ იქამდე, რომ დაავადებები, რომლებიც ნორმალურ პირობებში ვაქცინაციით დაიძლევიან, შესაძლოა დიდ პრობლემად იქცნენ ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, აივ-ინფექცია და სხვ.) დაავადებული ადამიანები ვერ იღებენ ხარისხიან და დროულ მკურნალობას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ვითარება გრძელდება, ვთქვათ, ორი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ადამიანები დაიღუპებიან იმ დაავადებებისგან, რომლებსაც მედიცინა უმკლავდება“, - ამბობს ეპიდემიოლოგი პიოტრ სმეიკალი.
სამხედრო ექიმ ბოჰდან ჟურაველის თქმით, არსებული მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას:
„ჩემი კოლეგების აზრით, ეს სიტუაცია შეიძლება ბიოლოგიურ კატასტროფად იქცეს. ჩვენ კი ვხუმრობთ, რომ რუსებს ეშინოდათ ბიოლოგიური ლაბორატორიების, მაგრამ თავად კი შექმნეს ასეთი „ლაბორატორიები“ დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ - ინფიცირებული სხეულები და გვამები შესანიშნავი საარსებო გარემოა უამრავი სახიფათო ინფექციისათვის: მათ ჭამენ ცხოველები, რომლებიც შემდეგ მრავალ ათეულ კილომეტრზე ავრცელებენ ინფექციას. როგორც უკვე ვთქვი, B ჰეპატიტი მდგრადია როგორც ულტრაიისფერი სინათლის, ასევე დაბალი ტემპერატურის მიმართ, ასე რომ, მას შეუძლია უსაფრთხოდ იცხოვროს გვამში გარკვეული დროის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დღეს უკრაინაში ნამდვილი ბიოლოგიური ბომბებია მიმოფანტული, რაც შეიძლება პრობლემად იქცეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, ეს არ არის პირველი ომი ისტორიაში და როგორღაც კაცობრიობაც არ დაღუპულა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ პრობლემის სერიოზულობისა, ჩვენ მას გავუმკლავდებით“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექიმი ბოჰდან ჟურაველი.