Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტული დიპლომატია ოკუპაციის წინააღმდეგ


ქუთაისში მეორე დღეა მსჯელობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკასა და რუსეთთან არსებულ პრობლემებზე.

ამჯერად ამ თემებს გიდებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანების მონაწილეობით განიხილავენ. მათთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარეობს სამდღიანი სასწავლო კურსი -„ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, რომელიც ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მიერაა ორგანიზებული. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდების აუცილებლობას. „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, რუს ტურისტებთან ოკუპაციაზე საუბარი ხშირად იწვევდა მათ უკმაყოფილებას, ტურისტული სააგენტოებისგან გიდების შეცვლასაც კი მოითხოვდნენ და ანტირეკლამითაც იმუქრებოდნენ, რის გამოც ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა საჭიროდ ჩათვალეს დახმარებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიემართათ. ლაშა ბერეკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ საკითხში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ საერთო პოზიცია, სახელმწიფოს პოლიტიკის თანხვედრი, რომ უცხოელ ტურისტებს სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ:

„რადგან სახელმწიფო უწყებები ჩაერთვნენ ამ პროცესებში, აღარ გახდება საჭირო გიდის ჩანაცვლება მსგავსი პრეტენზიების დროს, რადგან ყველანი ვსაუბრობთ ოკუპაციაზე და ეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო „იარაღია“, რათა რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ტურისტები იღებდნენ სწორ ინფორმაციას“.

გიდმა უნდა იცოდეს და ტურისტს აუხსნას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. გასულ წელს 1 404 000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ამიტომ რუს ტურისტებსაც უნდა ვუჩვენოთ, რა არის ცუდი და რა - კარგი.
მიხეილ უკლება

ქუთაისთან მდებარე სასტუმრო „შატო გელათის“ მფლობელი იოსებ კენჭაძე ამბობს, რომ სპეციალური სასწავლო კურსი საჭირო ინიციატივაა, მით უმეტეს, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გამოცდილებას უზიარებენ დიპლომატები და ელჩები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. იოსებ კენჭაძის დაკვირვებით, „საქართველოს მდგომარეობით და პოლიტიკური კურსით ინტერესედებიან როგორც რუსი ტურისტები, ასევე ვიზიტორები ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან და ევროპიდან“. როგორც იოსებ კენჭაძე ამბობს, ვიზიტორთა მომსახურებისას მას არაერთხელ მოუხდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბარი და განმარტება, თუ რატომაა რუსეთი ოკუპანტი. სასტუმროს მფლობელი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები საკუთარი ქვეყნის დესპანები არიან და მნიშვნელოვანი როლი აქვთ ტურისტების სწორად ინფორმირებაში. უცხოელი ვიზიტორებისთვის რუსული ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად საკუთარ ხერხს იყენებს ტურისტული სააგენტოს ნ-თრეველის წარმომადგენელი დავით კაკაურიძე. იმისათვის, რომ ტურისტები დაარწმუნოს, ის მათ ესაუბრება ფაქტებით, ფოტოებითა და ოკუპაციის ამსახველი ვიდეომასალით:

„ვაძლევ ტურისტებს საქართველოს რუკას. რუსი ვიზიტორებისთვისაც მიმიცია და მიმითითებია, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. რუკა, მისივე ენაზე მიწოდებული ინფორმაციით, მგონია, რომ მეტად სამახსოვროა, ვიდრე მხოლოდ სიტყვები“.

ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში მთავარი საგარეო უწყება ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს უზიარებს ერთიან ხედვას, რითაც სახელმწიფო სტანდარტი იქმნება.
მარი დევიძე

იმის გათვალისწინებთ, რომ საქართველოში ტურისტების რიცხვი იზრდება, გიდების გადამზადებას საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი მიხეილ უკლება. მისი შეფასებით, ტურისტული მომსახურების სფეროში დასაქმებულთა გადამზადება ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას:

„გიდმა უნდა იცოდეს და ტურისტს აუხსნას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. გასულ წელს 1 404 000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ამიტომ რუს ტურისტებსაც უნდა ვუჩვენოთ, რა არის ცუდი და რა - კარგი. დადებითი ფაქტები თუ იყო ისტორიაში, უამრავი ცნობილი რუსი პოეტი ჩამოდიოდა საქართველოში, ქართველი პოეტებიც მეგობრობდნენ მათთან და პოზიტივიც არის. უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, რა მოაქვს ომს და რა - მეგობრობას“, - აცხადებს მიხეილ უკლება.

ქუთაისში მიმდინარე სასწავლო კურსს, რომელსაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და გიდები ესწრებიან, სახელმწიფო სტანდარტის დამკვიდრებად თვლის ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარი დევიძე. მისი ინფორმაციით, შეხვედრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, კერძო სექტორის მოთხოვნით იმართება, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მესიჯების გასავრცელებლად თანამშრომლობის კარგი პრეცედენტია:

„ვერთიანდებით და ერთიან მესიჯებს ვაგზავნით. ეროვნულ შეთანხმებას ჰგავს ეს ყველაფერი. ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში მთავარი საგარეო უწყება ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს უზიარებს ერთიან ხედვას, რითაც სახელმწიფო სტანდარტი იქმნება“.

სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და ბათუმში. ქუთაისში მისი დასრულების შემდეგ კი იგეგმება გზამკვლევის შექმნა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ შეკითხვაზე, რომელიც ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს აქვთ.

XS
SM
MD
LG