ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის - ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს - შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს...
ამ გალერეაში ტაო-კლარჯეთში არსებულ რამდენიმე ტაძრისა და ციხის ფოტოს შემოგთავაზებთ.
ეს ტბეთის ტაძარია, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში მდებარეობს.
X საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი რამდენჯერმე აღდგა და გადაკეთდა. XX საუკუნის დასაწყისამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, ოქროს მაძიებელმა ადგილობრივებმა ტაძარი ააფეთქეს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტბეთი მეჩეთადაც იყო გადაკეთებული.
ტაძართან მდებარეობს პატარა გვირაბის მსგავსი ნაგებობა, რომელიც შესაძლოა სათავსოც ყოფილიყო, თუმცა, არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმადაც, ტაძარი სათლეს, იგივე შავშეთის ციხეს უერთდებოდა და შემოსევის დროს ტაძრის მსახურნი, სწორედ ამ საიდუმლო გვირაბით გადიოდნენ სამშვიდობოს.
სათლეს ციხეს სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. ის აკონტროლებდა იმერხევისა და კლარჯეთთან დამაკავშირებელ უძველეს გზებს.
გადმოცემის თანახმად, ციხე საბა მტბევარმა ააგო, მან თავისი საეპისკოპოსოს მცხოვრებლებისაგან ჯარიც შეკრიბა, ბიზანტიელთა და გადაბირებულ აზნაურთა სამხედრო ძალას ერთგულ ქართველთა რაზმით დაუპირისპირდა და განსაცდელში ჩავარდნილი ბაგრატ IV და ქვეყანა გადაარჩინა.
იმისთვის, რომ ხანძთის სამონასტრო კომპლექსთან მოხვდეთ, რთული და ცოტა საშიში გზის გავლა მოგიწევთ, თუმცა, ნამდვილად ღირს გარისკვა. ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ისტორიულ კლარჯეთში.
ეს მონასტერი ქართული მწიგნობრობისა და განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და იგი VIII საუკუნეში დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. აქ გრიგოლის გარდა მოღვაწეობდნენ გიორგი მერჩულე, (რომელმაც 950 წელს დაწერა „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“), არსენ დიდი, საბა იშხნელი და მრავალი სხვა. ამ მონასტერში შეიქმნა ხანძთის ოთხთავი და კიდევ მრავალი უნიკალური ხელნაწერი.
ხანძთის სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილ შენობათა ნაშთებიდან ყველა გრიგოლის დროინდელი არ არის, რადგან მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა განვითარებასა და განახლებას. ხანძთა განლაგებულია მთის კალთებზე, ტაძრისა და სამრეკლოს გარდა სხვა ნაგებობები დანგრეულია.
ეს კი დოლისყანის ეკლესიაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ კარგადაა შემონახული.
XIX საუკუნეში ის მეჩეთად გადაკეთდა და ეკლესიის მოხატულობაც, სავარაუდოდ, მაშინ განადგურდა. თუმცა, შემორჩენილია მღვდელმთავართა დაზიანებული ფიგურები.
XX საუკუნის ბოლოს, ადგილობრივებმა ტაძრის სახურავი შეაკეთეს, რამაც ის შემდგომი ნგრევისგან იხსნა. არსებობს ლეგენდა, რომ მეფემ მონასტერს დოლის ყანები შესწირა და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის.
კლარჯეთის უძველესი ქალაქია არტანუჯი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა.
ციხე კი აქ ვახტან გორგასლის ბრძანებით აუგიათ, რომელიც VIII საუკინეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დაინგრა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ციხე როგორც ჩანს, მიტოვებული იყო და მოგვიანებით აშოტ I კურაპალატმა აღადგინა. აშოტი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა და სამეფო დინასტია დააფუძნა. ის ტაო-კლარჯეთს სიკვდილამდე მართავდა.
გადმოცემის თანახმად, აშოტ კურაპალატი არაბთა რაზმების გასანადგურებლად პერიოდულად შეტაკებებს აწყობდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს მან თავი შეაფარა დოლისყანის ეკლესიას, სადაც ის საკურთხეველთან მოკლეს. აშოტ კურაპალატი არტანუჯის პეტრე-პავლეს ეკლესიაშია დაკრძალული.
არტანუჯი მნიშვნელოვანი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრი იყო. დღეისთვის კი შემორჩენილია კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილი, ეკლესიისა და სასახლის ნაშთები.
ხახულის მონასტერი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაოში მდებარეობს. ის განათლების ერთ-ერთი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, გიორგი მთაწმინდელმა სწორედ აქ მიიღო საწყისი განათლება და ბერადაც აქვე აღიკვეცა. ამ მონასტერში ინახებოდა ხახულის ტრიპტიქი, რომელიც დავით აღმაშენებელმა ჯერ გელათის მონასტერში გადაიტანა და ახლა კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
XVI საუკუნეში ხახულს ქართლის კათოლიკოსი განაგებდა. თუმცა, ამავე საუკუნეში, ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ხახული ჩამოშორდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
ტაძარი მეჩეთადაა გადაკეთებული, რამაც ის დანგრევას გადაარჩინა.
ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ოშკიც, რომელიც ტაოში, დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქართულ ისტორიულ წყაროებში თითქმის არ მოიპოვება ცნობები ოშკის მშენებლობაზე. ნაწილობრივ ინფორმაციას კედლებზე განთავსებული წარწერები გვამცნობენ. საიდანაც ვიგებთ, რომ ტაძარი ტაოს ბაგრატიონებმა ააშენეს, რასაც სამხრეთი კედლის გორელიეფებიც ადასტურებს და სადაც ფიგურებს ტაძრის მოდელები უჭირავთ ხელში. ოშკში შექმნილი ხელნაწერებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია, რომელიც ათონის მთაზეა დაცული.
ტაძრის ჩრდილოეთით სემინარია-სატრაპეზოს ნანგრევიცაა შემორჩენილი.
თურქეთი ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებს ოშკში, ამ პროცესში ქართველი ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ეს სახელიც ამიტომ დაარქვეს.
ოთხთას კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ პარხალში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.
არსებობს ლეგენდა, რომ ეს ტაძარი უცნობი მეფის ასულს, თამარს აუშენებია, რომელსაც ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, რომ ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. უცნობ მეფეს თამარის გარდა ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია, ხოლო როდესაც ქალს ტაძრის მშენებლობისთვის ფული შემოლევია, თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუსრულებია მშენებლობა. ამავე გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდებია შემორჩენილი.
ოთხთაში გარდა მთავარი ტაძრისა, შემორჩენილია სატრაპეზო და სემინარია.
ოთხთას ეკლესიამდე გზად კლდეზე წამომართული კავკასიძეების ციხე გვხვდება. კავკასიძეები პარხლის მფლობელები იყვნენ და სავარაუდოდ, ოთხთა ეკლესიაც მათი უნდა ყოფილიყო.
იშხნის მონასტერი მდებარეობს ართვინის პროვინციაში. ძველად, ტაოს ამ ნაწილში, ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ. იშხანი ყოველთვის საეპისკოპოსო იყო, თავდაპირველად ის ნერსემ ააშენა, რომელიც შემდგომ სომხეთის კათალიკოსად ეკურთხა და ასეთივე ტიპის ტაძარი ზვართნოცშიც ააგო. ეს ტაძარი, სავარაუდოდ, მურვან ყრუს შემოსევის დროს დაინგრა და მის ნანგრევებზე IX საუკუნეში საბა იშხნელმა, რომელიც გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და მოწაფე იყო, ტაძარი ააშენა.
ძველი ტაძრიდან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აფსიდა, სვეტებზე თაღების მწკრივით მთლიანად მოექცა ახალ შენობაში. საბა გახდა იშხნის პირველი ქართველი ეპისკოპოსი, ხოლო საეპისკოპოსო კათედრამ აქ XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.
იშხნის მონასტერში გადაიწერა სახარება, რომელიც მესტიის სახარების სახელითაა ცნობილი. ხოლო 973 წელს შექმხილი ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების შედეგად, იშხანში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. თუმცა, ჯერჯერობით იშხნის კარი დამთვალიერებლისთვის ჯერ არ გაღებულა. როგორც გიდმა აგვიხსნა, ტაძარში ძველი იატაკის საკონსერვაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
მოგზაურობას აქ ვასრულებთ, ბანასთან. ტაძარი აგებულია ბორცვზე და საოცრად ერწყმის ლანდშაფტს. ადრე ის სამ სართულიანი ნაგებობა იყო და მისი სიმაღლე 30 მეტრს აღემატებოდა.
გერმანელმა ბოტანიკოსმა და მოგზაურმა კარლ კოხმა თავის ჩანაწერებში აღწერა ბანა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მთლიანად იყო შემონახული. ტაძარი მალევე მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. გადმოცემის თანახმად, ბანაში გამაგრებულ თურქთა ბანაკს გარს შემორტმული რუსის ჯარი ზარბაზნებს უშენდა. ტაძარი ასევე განძის მაძიებლებმაც მნიშვნელოვნად დააზიანეს და მისგან დღეს ნანგრევიღაა შემორჩენილი.
ბანა არ იყო მხოლოდ საეკლესიო კომპლექსი, ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცენტრიც იყო. ბანაში ბაგრატ IV მეფედ ეკურთხა და აქვე დაიწერა ჯვარი ბიზანტიელ ელენეზე. სხვადასხვა დროს ეს კათედრალი მეფეთა განსასვენებელიც ყოფილა.
ტაო-კლარჯეთში კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ძეგლია სანახავი.