“პროპორციულ არჩევნებზე საუბარი არ არის არც მმართველი პარტიის დამსახურება და არც ერთი ოპოზიციური პარტიის დამსახურება. ეს არის იმ ადამიანების პროტესტის შედეგი, ვინც ამდენი დღეა რუსთაველზე იკრიბება”, - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში და განმარტავს:
„ამას იმიტომ ვამბობ, რომ ორ ათეულ წელზე მეტია ამას ვერ მიაღწია ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ. ამის შანსი ჰქონდათ: „მოქალაქეთა კავშირს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“. თუ დღეს „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ჩაიწერს ქულებს, რადგან მისი მმართველობის დროს გადაწყდა 2020 წლისთვის პროპორციული წესით ჩატარება არჩევნების, ძალიან ცდება. ეს არ არის მათი დამსახურება. სამი კვირის წინ სხვა რამეს გვიყვებოდნენ - როგორი ცუდია და არამდგრადია პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ ქვეყნისათვის“.
სულხან სალაძე იხსენებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მსჯელობდნენ ODIHR-ის რეკომენდაციებზე:
„2-3 კვირის წინ არც არავინ ფიქრობდა მმართველ პარტიაში, რომ პროპორციული არჩევნები შეიძლებოდა ყოფილიყო დისკუსიის საგანიც კი. მეტსაც გეტყვით, ჯერ კიდევ ბატონი კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში, 20 ივნისამდე 1 კვირით ადრე პარლამენტში იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საია არის ამ სამუშაო ჯგუფის წევრი. ეს ეხებოდა ODIHR-ის რეკომენდაციების განხილვას არჩევნებთან დაკავშირებით და ცხადია, ისინი 2020 წლის არჩევნებთან არის მიბმული, რაც ნიშნავს, რომ წელს უნდა დასრულდეს ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა.
იქ ერთ-ერთი პირველი კითხვა, რაც დაისვა, იყო: საერთოდ განიხილავდა თუ არა მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სხვა ფორმატებში მაინც? პასუხი იყო ძალიან მარტივი ბატონი კობახიძის მხრიდან: არა. თუმცა, რეალობა ძალიან სწრაფად შეიცვალა“.
საია-ს თავმჯდომარე თვლის, რომ რისკებისგან დაზღვეული არც ერთი საარჩევნო სისტემაა. ერთი რამ მისთვის ცხადია - სრულად პროპორციული სისტემა მოქმედ სისტემაზე სამართლიანი იქნება:
„მე ამოვდივარ ერთ პრინციპული საკითხიდან - დღეს არსებული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად უსამართლო და მიუღებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ნულპროცენტიანი, თუ ეს იქნება 2, 3 ან 5%-იანი ბარიერი, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობები არის ბევრად უფრო სამართლიანი, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა.
დღეს არსებული საარჩევნო სისტემა გვეუბნება, რომ მოგებულს მიაქვს ყველაფერი, წაგებულს რჩება არაფერი.
ნულოვანი ბარიერის მოდელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე ზუსტად ასახავს ამომრჩევლის განწყობას. ამ მოდელში ყველაზე ნაკლებია გასანაწილებელი მანდატების რაოდენობა“.
სულხან სალაძე ლაპარაკობს ზოგიერთის მოლოდინზეც, რომ პარლამენტში უამრავი პარტია მოხვდება და ამბობს, რომ მას ასეთი მოლოდინი არ აქვს:
„არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი და კრიტიკული რისკია ახლა, რომ ამის გამო უარი ვთქვათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუნდაც ნულოვანი ბარიერის პირობებში“.
საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, თუკი ვინმე პროპორციულ სისტემას ნულოვანი ბარიერით განხილავს შანსად პროპრუსული პარტიებისთვის, ის ისეთივე შანსად უნდა იყოს განხილული პროდასავლური პარტიებისთვისაც.
სულხან სალაძე ნულოვანი ბარიერის პირობას ამომრჩევლის ადრე ხელჩაქნეული ნაწილის გააქტიურებისა და პარლამენტში ახალი ადამიანების გამოჩენის შესაძლებლობადაც განიხილავს.
„დილის საუბრების“ სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის იმას, რომ პოლიტიკოსებმა დიდი დრო არ დახარჯონ ბარიერზე სამსჯელოდ და დროულად გადავიდნენ თემატურ საკითხებზე:
„სამართლიანი საარჩევნო სისტემა არ არის გარანტი იმისა, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, იმიტომ, რომ დღის წესრიგის ნაწილია: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, ღიაა კვოტირებასთან დაკავშირებული საკითხი. ეს საკითხები და ODIHR-ის საკითხები არის ის, რასაც უნდა მიუბრუნდნენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიძლება სწრაფად”.