„ამ დოკუმენტმა გვაჩვენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი, თუმცა, ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ“, - ასე ეხმაურება სულხან სალაძე ვენეციის კომისიის მიერ დაჩქარებული წესით მომზადებულ მოსაზრებას საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე.
16 აპრილს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გასაჯაროებას არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა. 17 აპრილს პარლამენტის სხდომაზე დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომდევნო დღისთვის გადაიდო.
რას იძლევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და რა მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება დღის წესრიგში? ამ საკითხებზე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს სულხან სალაძე:
„ეს დოკუმენტი პირდაპირ ამბობს, რომ ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს მმართველი პარტია, არ არის საუკეთესო მოდელი. ვენეციის კომისია ვერ და არ დაწერდა დოკუმენტში სიტყვა „კლანს“, მაგრამ თუ ამ დოკუმენტს კარგად შევხედავთ, ის დათქმები და რეკომენდაციები, რაც კომისიას აქვს, სწორედ იმიტომ აქვს, რომ დღეს არსებული რეალობის და კონტექსტის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული მოდელი ვერ იმუშავებს“.
სწორედ კონტექსტის გათვალისწინებით, სულხან სალაძე მთავარ ამოცანად განსაზღვრავს:
„სწორედ ის რისკები უნდა დავაზღვიოთ ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, რომ ამ გავლენიან ჯგუფს სასამართლო სისტემაში მაქსიმალურად ნაკლები საშუალება დავუტოვოთ, რომ მათთვის სასურველი კანდიდატების ნომინირება მოახდინოს“.
მიზანი, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იბრძვის და რაც, ამ ჯგუფის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებების არსი უნდა იყოს არის სასამართლო სისტემის კარის გახსნა ყველა კვალიფიციური იურისტისთვის, ვინც დააკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საჭირო მაღალ სტანდარტს.
სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ნაწილი კოალიციის მიერ გაგზავნილი წინადადებებიდან, თუმცა, დოკუმენტში არ აისახა ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც კლანის გავლენის შესუსტებისთვის კოალიციას პრინციპულად მიაჩნია. ეს არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატისთვის კენჭისყრა 2/3+2/3-ის პრინციპით, ანუ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა ცალცალკე უყარონ კენჭი კანდიდატს და მისი ნომინირებისთვის საჭირო იყოს ორივე ჯგუფის 2-2 მესამედის მხარდაჭერა. არავინ მოელის, რომ ამ პრინციპის კანონში შეტანას დათანხმდება უმრავლესობა.
„ამ დოკუმენტმა გვაჩვენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი, თუმცა, ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ - თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს გარკვეული ჯგუფის გაყვანა სასამართლო სისტემაში, მაინც გაიყვანს. ორი კვირის წინ ვნახეთ, ბატონი ივანიშვილი როგორ ხატავდა რეალობას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ამას მოფიქრება ხომ უნდა?! ადამიანმა სტრასბურგში სასამართლო მოიგო და სასამართლომ თქვა, რომ ხელისუფლების ყველა შტო შეთანხმებულად მოქმედებდა ამ საქმეში. იმ საქმის ადვოკატს ეუბნებიან დღე, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა!
იმის თქმა მინდა, რომ ასეთი პატარა ტაქტიკური წარმატებების შედეგად ხიბლში არ უნდა ჩავვარდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ვენეციის კომისიის ეს დასკვნა არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახლა და არა ხელისუფლებამ“.
რა მოხდება, თუკი უმრავლესობა არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს?
„უამრავი საერთაშორისო ანგარიში მზადდება და განსაზღრავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის განვითარებას. შეიძლება დღეს ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, მაგრამ ხვალ დახვდება სასამართლო დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ნაწილში არგუმენტად, რომ, მათ შორის, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“.