თურქეთი და სტამბოლი ყველაზე რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაშიც კი ღია რჩებოდა ტურისტებისთვის, მათ შორის ქართველი ტურისტებისთვის. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ერთი-ორი თვის წინ, საქართველოს მესაზღვრეები თურქეთში გამგზავრებისთვის სამუშაო ან სამკურნალო მოწვევას ითხოვდნენ. ავიამიმოსვლის აღდგენამ ეს რეგულაციები ჯერ ფორმალობად აქცია, მოგვიანებით კი ხელოვნური შეზღუდვების მოთხოვნა ოფიციალური საიტებიდან გაქრა. ახლა სტამბოლში მოგზაურობა თავისუფლად და რაც მთავარია საკმაოდ იაფად შეიძლება.
სტამბოლში მოგზაურობა იწყება იაფი ავიაბილეთებით
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საფრთხეებისა, შეუძლებელია იაფმა ავიაბილეთებმა სტამბოლში მოგზაურობისკენ არ გიბიძგოს. ამჟამად ორმხრივი ბილეთის შეძენა შესაძლებელია 61 ევროდ (243 ლარი). თუმცა სულ რაღაც ერთი თვის წინ ორმხრივი ბილეთი 36 ევროდაც (143 ლარი) კი იყო. ეს უფრო იაფია ვიდრე სახმელეთო გზით, ავტობუსით მგზავრობა. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 1 ივნისიდან გაიხსნა.
სტამბოლის მონატრების გარდა, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იაფი მგზავრობა და რეგულაციების სიმარტივე იყო, რის გამოც ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა გადავწყვიტე.
ამჟამად, თურქეთში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეს სჭირდება მგზავრობამდე ბოლო 72 საათის მანძილზე გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი (უკრაინის, ესტონეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს PCR ტესტიც არ მოეთხოვებათ). ან კიდევ კოვიდვაქცინაციის ცნობა. წესები ხშირად იცვლება, ამიტომ აქტუალური ინფორმაცია გადაამოწმეთ თურქეთის მთავრობის ოფიციალურ საიტებზე.
ასევე, გამგზავრებამდე საჭიროა თურქეთის სამთავრობო საიტზე სპეციალური ფორმის შევსება, რომელიც მოგანიჭებთ სპეციალურ HES კოდს.
HES კოდის მეშვეობით თურქეთის ჯანდაცვის უწყებას საშუალება აქვს ტურისტის გადაადგილების მარშრუტი და კონტაქტები დაადგინოს თუ მას კორონავირუსი აღმოაჩნდება. ამიტომ HES კოდს მოითხოვენ თვითმფრინავში ჩასხდომამდე და უკვე სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, სავაჭრო ცენტრებში თუ მუზეუმებში შესვლისას.
სტამბოლი ტურისტებისთვის
თურქეთში ახლაც მოქმედებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ე.წ. კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას სრული ლოკდაუნი. თუმცა ეს რეგულაციები არ ვრცელდება სტუმრებზე, ტურისტებზე. მიუხედავად ქუჩებში სამხედროებისა და პოლიციის სიმრავლისა სტამბოლში ყოფნისას, ლოკდაუნის პირობებში, მხოლოდ ერთხელ გაგვაჩერეს, ისიც ტაქსით მგზავრობისას. თუმცა, როგორც კი შეიტყვეს, რომ ტაქსი ტურისტებს ემსახურებოდა, მძღოლის საბუთების შემოწმების გარეშე გაგვატარეს.
სტამბოლში მოგზაურობისას გირჩევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, რადგან როგორც ყველა დიდ ქალაქში ტაქსი ძვირია, განსაკუთრებით მაშინ თუ სტამბოლის ცნობილ საცობებში და ხერგილებში აღმოჩნდებით. თუმცა, „უბერი“ და სხვა მსგავსი აპლიკაციები ამ სერვისს ნაწილობრივ აიაფებს, მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტრამვაით, გემებით, ფუნიკულიორითა და მეტრო-ავტობუსებით მგზავრობას გირჩევთ, რადგან ეს სტამბოლის ნამდვილ ღირსშესანიშნაობის ნაწილია.
ისტიკლალის (დამოუკიდებლობის გამზირის) ისტორიული ტრამვაი, რომელიც ტაქსიმის მთავარ მოედანს „თუნელთან“, მიწისქვეშა, ასევე ისტორიულ ფუნიკულიორთან აკავშირებს, სტამბოლის ერთ-ერთ მთავარი სიმბოლოა.
იმისთვის, რომ სტამბოლის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა შეძლოთ აუცილებელია სპეციალურ ავტომატში შეიძინოთ ბარათი „ისტანბულკარტი“, რომელიც 10 ლირა (3,83 ლარი) ღირს. ამავე აპარატით ხდება ბარათის შევსებაც. შემდეგ ეტაპზე თქვენი სატრანსპორტო ბარათი და HES კოდი სპეციალურ ვებგვერდზე უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს. რის გარეშეც ტრანსპორტით სარგებლობას ვერ შეძლებთ.
და ბოლო ლოგისტიკური საკითხი სასტუმროს ან აპარტამენტის დაჯავშნაა. მათი ფასები 40-50 ლარიდან იწყება. თუმცა მე სამი ადამიანის ერთად საცხოვრებლად შევარჩიე სასტუმროს აპარტამენტი 35 ევროს (140 ლარი) ფარგლებში. საცხოვრებლის ძიებისას ფასთან ერთად ვიხელმძღვანელე სატრანსპორტო კვანძთან მისი სიახლოვის მიხედვით, რა თქმა უნდა ერთ-ერთ ცენტრალურ „სულთან აჰმედის“ უბანში, იქ სადაც აია სოფია და ცისფერი მეჩეთია. მიუხედავად ამისა ყოველდღე 7-10 კილომეტრს ფეხით გავდიოდით.
ამ მდებარეობამ იმითაც გაამართლა, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა კაფე-რესტორნები ღამით და შაბთ-კვირასაც მუშაობდნენ, მაშინ როდესაც სუპერმარკეტები, სხვა სასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრებიც კი დახურული იყო.
ლოგისტიკური საკითხებიდან გადავიდეთ ღირშესანიშანობებზე.
მუზეუმები და სანახაობები
პანდემიის გამო მუზეუმების ნაწილი დახურულია, მაგალითად „ცისტერნა ბაზილიკა“ - წყლის მიწისქვეშა რეზერვუარი, თუმცა ძირითადი სანახაობები ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია. პირველ რიგში სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი სიმბოლო „აია სოფია“, რომელიც მეჩეთად გამოცხადების შემდეგ ტურისტებისთვის უფასო სანახაობად იქცა. მაგრამ, გულდასაწყვეტია, რომ ვეღარ შეძლებთ ღვთიშობლის მოზაიკური ფრესკის ხილვას, რომელიც აია სოფიაში მუსულმანური რიტუალების დაბრუნების შემდეგ ფარდებს მიღმა აღმოჩნდა.
აია სოფიას მსგავსად სპეციალური ბილეთი არ არის საჭირო სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად.
გარდა რელიგიური ძეგლებისა, სტამბოლში ჩასული ტურისტის „წმინდათა წმინდა“ ვალია „თოფქაპის“ (სათოფე) სასახლის დათვალიერება, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემდე ოსმალეთის იმპერიის მმართველ სულთანთა სასახლე-კომპლექსსი იყო. ის ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი და პირველის მონახულება კიდეც რომ არ გინდოდეთ მეორე ნაწილის, ჰარემის ბილეთს ცალკე ვერ შეიძლენთ. საქმე იმაშია, რომ ამ მუზეუმის ბილეთი საკმაოდ ძვირია, სრული ბილეთი 360 ლირა, 135 ლარი ღირს. მართალია პირველი ნაწილში შესვლა 200 ლირაა, მაგრამ აქ მხოლოდ სულთანთა სასახლის სამზარეულოს, საათების კოლექციისა და წმინდა ირინეს ტაძრის დათვალიერებას შეძლებთ. სულთანთა ყოფის ამსახველი ექსპონატები და ფუფუნების საგნები კი მეორე ნაწილში, „ჰარემში“ გადაიტანეს, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა რეკონსტრუქციის შემდეგ.
თოფქაფისგან განსხვავებით უფრო ხელმისაწვდომია სულთანთა უფრო ახალი სასახლე „დოლმაბაღჩე“, რომელის ულამაზესი ბაღებისა და დარბაზების მოსანახულებელი ბილეთი 150 ლირა, ანუ 56 ლარი ღირს. სასახლის ინტერიერის ფოტოგადაღება აკრძალულია და მას მკაცრად აკონტროლებენ, ამიტომ ტურისტები ძირითადად სასახლის ექსტერიერისა და განსაკუთრებული ხედების ფოტოგრაფირებით კმაყოფილდებიან.
ჩემთვის განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენს გალათას კოშკი, რომელთანაც სტამბოლის პირველი ნაცნობობის შთაბეჭდილებები მაკავშირებს. გალათას კოშკიდან სტამბოლის ულამაზესი ხედები იშლება და მის ფოტოზე აღბეჭდვას თავის მოვალეობად მიიჩნევს სტამბოლში ჩასული ტურისტების უმრავლესობა.
ამ კოშკს უკავშირდება ლეგენდა, პირველი საკონტინენტთაშორისო ფრენის შესახებ. ოსმალელი ისტორიკოსის და მოგზაურის ევლია ჩელების სეიაჰათნამეს (მოგზაურობის წიგნი) თანახმად, 1630-1632 წლებში გალათას კოშკიდან, ჰეზარფენ აჰმედ ჩელებიმ ხელოვნური ფრთების გამოყენებით ბოსფორის სრუტეს გადაუფრინა და სტამბოლის აზიურ მხარეს დაეშვა.
გალათას კოშკზე ასვლა სულ რაღაც 30 ლირა, ანუ 11 ლარი დაგიჯდებათ.
სტამბოლში მუზეუმებს რა დალევს, დაწყებული ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმიდან“ და დამთავრებული ქალწულის კოშკით, ძალიან ძნელია ერთ მოგზაურობაში და ერთ ბლოგში ჩაატიო. მაგრამ შეუძლებელია არ აღინიშნოს სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა - ვაჭრობა.
ბაზრები და ბაზრობები
სტამბოლში უნდა ივაჭრო, ვისაც ეს მოსწონს და ეხერხება, თითქმის ყველა სასურველ ნივთსა და პროდუქტს ნახევარფასად შეიძენს. გრანდბაზარი და ეგვიპტური ბაზარი მთავარი ტურისტული სანახაობაა (გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას ლოკდაუნის გამო დახურულია). მაგრამ არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა სტამბოლის აზიურ ნაწილში გახსნილი ბაზარი, რომელსაც ძირითადად ადგილობრივები იყენებენ. აქ შესაძლებელია თურქეთში დამზადებული ცნობილი ბრენდების ტანისამოსისა და აქსესუარების ძალიან იაფად შეძენა. პროცესს თან ახლავს სტამბოლის ვაჭრების გამორჩეული კოლორიტი.
ბაზრების გარდა სტამბოლის სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ცალკე ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. 70-80 პროცენტიანი ფასდაკლებების სავაჭრო ცენტრი „ვენეცია“ და აზიურ ნაწილში ხარის ძეგლთან მოწყობილი სავაჭრო ქუჩები ხელცარიელს არავის ტოვებს.
ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის კიდევ ერთ მიმართულებას სტამბოლის კულინარია წარმოადგენს. მაგრამ ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო კვების ობიექტების დიდი უმრავლესობა დახურულია და ძირითადად სწრაფი კვების, „ფასტფუდის“ ობიექტები ფუნქცონირებს. შესაბამისად გასტრონომიული ტურიზმის სრულფასოვანი მიმოხილვა არ გამოვა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ სანაპიროზე „ბალეკ ეკმეკის“ თევზის „შაურმის“ (20 ლირა) და კაბადოკიური კერძის, თიხის ქოთანში მომზადებული ქებაბის (140 ლირა) დაგემოვნებას. თურქული ჩაი, ყავა და ტკბილეული კი სტამბოლის გემოს შეგრძნებას კიდევ უფრო გაამძაფრებს და თქვენს მოგზაურობას წარუშლელ მოგონებად აქცევს.