Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმ ადგილას, სადაც ცოცხლად დაიმარხა ორი ადამიანი, ორი კვირა გადაბმულად მუშაობდა 17 წლის ბავშვი"


სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე
სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე

"გარედან შრომის უსაფრთხოების დიდი პლაკატები იყო გამოკრული. რეალურად ამ ფასადის უკან იმალებოდა ადამიანების ასეთი ექსპლუატაცია და ჩაგვრა", - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა:

"იმ ადგილას, სადაც ცოცხლად დაიმარხა ორი ადამიანი, ორი კვირა გადაბმულად მუშაობდა 17 წლის ბავშვი. არც ხელშეკრულება ჰქონდა, არც კომპანიის სახელი იცოდა, მხოლოდ მივიდა და დაიწყო მუშაობა. რომ ვკითხე, რამე უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ჰქონდა თუ არა მიღებული, მიპასუხა, რომ არანაირი. ანუ, შიგნით არანაირი რეგულაცია არ არის".

სოფო ჯაფარიძე ლაპარაკობს უბედური შემთხვევების დროს პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრაქტიკაზე:

"დაბრალების პოლიტიკაა: ყოველთვის აბრალებენ ხოლმე ერთმანეთს. სახელმწიფო ამბობს, რომ კომპანიის ბრალია. კომაპნია ამბობს, რომ ქვეკონტრაქტორის ბრალია. ქვეკონტრაქტორი ამბობს, რომ მუშის ბრალია. ბოლოს მუშას აბრალებენ, რომ ის: არაპროფესიონალი იყო, გაუნათლებელი იყო, მთვრალი იყო, ლოთი იყო. სულ გვესმის ასეთი რაღაცები. ეს არის თავიდან ბოლომდე აბსურდი. ეს არის სახელმწიფოს და კომპანიის პრობლემა თავიდან ბოლომდე".

სოფო ჯაფარიძე ყვება, რომ დაღუპული მუშები გამომუშავებაზე იყვნენ -

"რაც მეტს გამოთხრიდა, მეტ ხელფასს მიიღებდა. სწრაფად უნდოდათ გაკეთება. კვირას ღამით ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. 14 დღე გადაბმულად მუშაობდნენ მამაც და შვილიც და ის 26 წლის ბიჭიც".

"სოლიდარობის ქსელის" ხელმძღვანელი თვლის, რომ როგორ უხერხულადაც უნდა ჩანდეს საზოგადოებისთვის ადამიანის სიცოცხლის ფულით შეფასება, ეფექტიანი ბერკეტი სამუშაო ადგილზე მსხვერპლის პრევენციისთვის არ არსებობს:

"ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეფასდეს. მეც უხერხულობას ვგრძნობ, როცა ვლაპარაკობთ რამდენი კომპენსაცია უნდა გაიცეს ადამიანის სიცოცხლისთვის. ჩვენი ამ ლოგიკით, რომ ჩვენ ვართ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს ვერ დავადებთ ფასს, სარგებლობენ ბიზნესენი. მჯერა, რომ ბიზნესს თუ ესმის ფულის, უნდა ელაპარაკო ფულის ენით. ყველა ადამიანის სიცოცხლე ძალიან მაღალი ფასი რომ დაუჯდებათ, მერე აღარ გააკეთებენ, ლოგიკაც ექნებათ და ყველაფერი".

რაც შეეხება საპროტესტო აქციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას, მისი მონაწილეებისთვის პოლიტიკური ინტერესების დაბრალებას, სოფო ჯაფარიძე ამბობს:

"მე მომბეზრდა და რამე სხვა მაინც მოიფიქრონ. თუ ჰგონიათ, რომ ასე მარტივად მოგვიშორებენ, ძაან ცდებიან".

"სოლიდარობის ქსელი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ფართო კამპანიის წამოწყებას გეგმავს. იდეა ერთია:

"მე მჯერა, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველაზე სუსტს და არა ყველაზე ძლიერს. ახლა ვხედავთ, რომ ყველაზე ძლიერს იცავენ. ეს არის ბარბაროსობა".

სოფო ჯაფარიძე უსაფრთხო შრომის უფლებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:50 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG