11 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტანდარტებზე მონიტორინგს. გასულ კვირაში EMC-მ გამოაქვეყნა ანგარიში გიორგი შარაბიძის საქმეზე. ის დანმაშავედ ცნეს მიმდინარე წლის 27 თებერვალს. გიორგი შარაბიძე დაკავებიდან (2017 წლის მარტი) დღემდე ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. EMC-ს იურისტები ანგარიშში აღწერენ არაერთ გარემოებასა და მტკიცებულებას, რომელიც ერთობლიობაში გამოძიების ობიექტურობისა და განაჩენის კანონიერების პრობლემაზე მიუთითებს.