18 ივნისს, შვიდწლიანი მინისტრობის შემდეგ, დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა. ივანიშვილის კაბინეტის მინისტრმა იმუშავა ოთხ პრემიერ-მინისტრთან და პოსტი ბოლო წლების ყველაზე რეიტინგული კაბინეტის წევრის სტატუსში დატოვა. ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება, ქვეყნის ყველაზე მსხვილი სამინისტრო კი ეკატერინე ტიკარაძემ გადაიბარა, საჩხერის საავადმყოფის ყოფილმა დირექტორმა.
მცირე მთავრობის შექმნის შემდეგ დავით სერგეენკოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებები ერთდროულად ჩააბარეს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე გრძელვადიანი პროგრამა და რეფორმა წამოიწყო:
„საუკეთესო კადრი“ გუნდში რჩება
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს „საუკეთესო კადრი“ უწოდა და მის მიღწევებს შორის ახსენა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
„ყველამ იცის, რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წელს და რა გვაქვს დღეს. ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებასა“ და დათო სერგეენკოს“, - განაცხადა პრემიერმა.
დავით სერგეენკო ყველაზე რეიტინგული მინისტრი იყო. NDI-ს 2019 წლის კვლევიდან ირკვევა, რომ მის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად იყო განწყობილი. გამოკითხულთა 40 % კმაყოფილი იყო მისი საქმიანობით, ხოლო უკმაყოფილო - მხოლოდ 12 %.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით სერგეენკო პოლიტიკური დისკომფორტის შემქმნელი მინისტრი „ქართული ოცნებისთვის“ არასდროს ყოფილა. გია ხუხაშვილის აზრით, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სერგეენკო გუნდში მრჩეველის პოსტზე რჩება.
„დავით სერგეენკო იყო ტექნიკური მინისტრი. შესაბამისად, პოლიტიკურ კომპონენტს მე ამ ისტორიაში არ დავინახავდი. ჩემთვის დამაჯერებლად გამოიყურება ის ვერსია, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ის არის თავისი პროფესიის ერთგული და ეს პოლიტიკური ტვირთი მისთვის სერიოზული დისკომფორტის შემქმნელი იყო. არა მგონია, ამ ტვირთისგან გათავისუფლების ეს მისი პირველი მცდელობა ყოფილიყო“, - ამბობს გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.
მისი აზრით, სხვადასხვა გარემოებების გამო ადრე ეს ვერ ხერხდებოდა, ახლა კი საჩხერეში შესაბამისი კადრის მომზადების შემდეგ პოსტის დატოვება შესაძლებელი გახდა.
ბიძინა ივანიშვილის ხელი
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, დანიშნულია. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილმა პირადი ექიმი პირადი სტომატოლოგით ჩაანაცვლა.
„ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ საკუთარი ლოიალობიდან საზღვრავს ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი საკადრო ცვლილებას ჯანდაცვის სისტემაში დაგროვილ პრობლემებს მიაწერს.
„შვიდი წელი ერთ ადგილზე ოქროც რომ დადო, დაჟანგდება - ეს ადრე იყო გასაკეთებელი, ვიდრე სისტემა დახავსდებოდა. სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად. რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად, ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კაბინეტის წევრების დანიშვნა მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისში შედის.
„ქვეყანას მართავს და მინისტრები ხდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმები, ორი პირადი დაცვა, ყველგან „ქართუს“ თანამშრომლებია – ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს“, - ამბობს გიგი უგულავა.
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური გადაადგილებით გამყარდა ოპონენტთა არგუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველია.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ გასცდა ერთ წრეს. მაშინ როცა მუდმივად საუბარია ფრონტის გაშლაზე და ახალი სახეების მოზიდვაზე, სულ უფრო ვიწროვდება მისი წრე - „ქართუ“, საჩხერე და ასე შემდეგ. ასეთ მარტივ უხერხულობებს ყურადღება არ ექცევა, რაც სკეპტიკურ განწყობებს კიდევ უფრო უწყობს ხელს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ვინ არის ახალი მინისტრი და რას აპირებს ის
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრად, უკვე მეორედ, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება. ეკატერინე ტიკარაძეს განათლება ავსტრიაში, კრემსის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. აქვს მუშაობის გამოცდილება გერმანიაში ჯანდაცვის სექტორშიც, საჩხერის საავადმყოფოში კი კონსულტანტად 2009 წელს მიიწვიეს.
დავით სერგეენკომ დღეს თქვა, რომ მან პრემიერ-მინისტრს თავად შესთავაზა ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა, ასევე აღნიშნა მისი გამოცდილება ჯანდაცვის მენეჯმენტის კუთხით და ტრიბუნა უკვე თავის შემცვლელს დაუთმო. ახალი მინისტრი კი მოვიდა თავისი პრიორიტეტებით, რომლებიც მმართველ გუნდთან შეთანხმებულია და „ქართული ოცნება“ მათ განხორციელებაში მხარდაჭერას უცხადებს ტიკარაძეს:
- პაციენტის უფლებების დაცვა
- მკურნალობის მაღალი ხარისხი
- მედიკამენტების ხელმისაწვდომობა
- დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფა
- შრომის უსაფრთხოება
ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ის რეგიონში შექმნის წარმატებულ და „ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემას“.
„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა, რაც ჩვენი გუნდისა და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მიზნად მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი უცვლელი სახე რჩება: თეა წულუკიანი 2012 წლიდან ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს.