განახლება (17 ივნისი, 2020): მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სტატიის გმირების ნაწილმა ფეისბუკზე სიძულვილის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ამის გამო, მათივე თხოვნით, რადიო თავისუფლებამ შეცვალა მათი რეალური სახელები.
აშშ-ში, პოლიციელის მუხლის ქვეშ, შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში იფეთქა რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობამ, პოლიციის სისასტიკის საწინააღმდეგო პროტესტმა და დისკუსიამ თანამედროვე რასიზმის შესახებ.
ჯორჯ ფლოიდის ცივსისხლიანმა მკვლელობამ მსოფლიო შეაძრწუნა. მისი სახელი ცნობილი გახდა დედამიწის გარშემო; საპროტესტო აქციებმა მოიცვა აშშ-ის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროები, ხუთი კონტინენტი, ათობით დიდი და პატარა ქალაქი, ბერლინი, პარიზი, კოპენჰაგენი, მეხიკო, რიო დე ჟანეირო, ბუენოს აირესი, პრეტორია, ჯაკარტა, სეული, მელბურნი. დემონსტრაციები აფრიკელი ამერიკელებისადმი სოლიდარობას ეძღვნება, თუმცა ამავე დროს, ხაზს უსვამს შავკანიანთა უთანასწორობას სხვა ქვეყნებშიც.
“დისკრიმინაციას ვაწყდები ყოველ დღე”
ენის ცოდნა აუცილებელი არაა - უბრალოდ იცი, რომ დაგცინიან შენ. 10 წლის წინ, როცა კამერუნიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა ჯორჯ უემსმა აეროპორტის ზღურბლს გადმოაბიჯა, პირველად აგრძნობინეს, რომ განსხვავებულია.
“არ ვიცოდი რას ამბობდნენ, მაგრამ როცა ხალხი იცინის და შენი მიმართულებითაც იყურება, ყველაფერი ცხადია”.
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის ნიშნით. თუმცა საზოგადოების განწყობებზე 2018 წლის კვლევით, საქართველში გამოკითხულთა 39% არ მოუწონებდა საკუთარი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობებს აფრიკელთან.
უემსი - რომელიც რუსთავში ცხოვრობს და ინგლისურს მასწავლებელია - ორი წლის წინ რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, როცა მიკროავტობუსიდან ძალით ჩამოაგდეს მხოლოდ იმის გამო, რომ შავკანიანია.
“მეკითხებოდა, სადაური ხარ, რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო. შენ გეუბნები, შე მაიმუნო! რას აკეთებ აქ?” - იხსენებს ჯორჯი და განაგრძობს: “დამარტყა. მიკროავტობუსში სხვა ხალხიც იყო, თუმცა ხმა არავის ამოუღია”.
ტრანსპორტიდან ჩამოგდებამდე ჯორჯმა 112-ში დარეკვა მოასწრო. მოძალადე კი ქუჩაშიც არ შეეშვა. პოლიციასაც პირდაპირ ეუბნებოდა, შავკანიანები არ მომწონსო. თავდამსხმელი დააკავეს, პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ უემსის თხოვნა გაითვალისწინა და კაცი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.
“დაკითხვაზე განვაცხადე, რომ ვაპატიე. არ მინდოდა ოთხი შვილის მამა ციხეში ჩაესვათ”, - იხსენებს უემსი და განაგრძობს: “მოვიდა, გადამეხვია, ჩემი მეგობარი ხარ, ძმები ვართო. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასთან საერთო მქონოდა. უბრალოდ, ვთხოვე სახლში წასულიყო”.
ჯორჯ უემსის საქართველოში ცხოვრების პერიოდში, ეს დისკრიმინაციის არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი. ის რადიო თავისუფლებას უყვება ყოველდღიურ სიტუაციებზე: როცა სუპერმარკეტის თანამშრომელმა თავისთვის ჩაილაპარაკა, თეთრი რომ იყოს რა სიმპატიური იქნებოდაო; ან როცა კორონავირუსის აფეთქების ადრეულ ეტაპზე, სადგურის მოედანზე საყიდლებზე მისი მისამართით ნათქვამი რეპლიკა გაიგო - “კორონა მოდისო”; კიდევ ერთხელ მოლარემ მის დანახვაზე შესძახა, ვაიმე ჩემთან მოდისო და სასწრაფოდ გაიკეთა ნიღაბი; და როცა ბინის დაქირავებაზე გამუდმებით უარს ეუბნებიან.
“აღარ ვრეკავ პოლიციაში”
პოლიციასთან ყველა შეხება უშედეგოდ სრულდება ნიგერიელი ჯეიმსისთვის, რომელიც 6 წელია თბილისში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს.
“უბრალოდ ვიღლები”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: “აუცილებლად მთელი სახე სისხლიანი უნდა მქონდეს, ან უნდა მოკვდეს შავკანიანი ადამიანი, რომ პოლიციამ რამე ქნას?”
ჯეიმსი იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას, როცა გვიან ღამით, სამსახურიდან გამოსულს რამდენიმე ადამიანი აედევნა. ისინი საკუთარ თავს სკინჰედებად და ნაცისტებად მოიხსენიებდნენ:
“ზანგო, შენი დედაო, მეძახდნენ. ჩვენს ქვეყანაში ზანგები არ გვინდაო. პრობლემა არ მჭირდებოდა, გზის მეორე მხარეს გადავედი. გამომყვნენ. მაიმუნო, შენ გელაპარაკებითო, მეუბნებოდნენ. შენს ქვეყანაში წადიო. ერთ-ერთმა დამარტყა”, - ჰყვება ჯეიმსი და განაგრძობს: “პოლიცია მოვიდა. ფიზიკურ დაზიანებას ვერ ვხედავთო. ვცდილობდი ამეხსნა, რომ შავკანიანი ვარ და ერთი შეხედვით ფიზიკური დაზიანება არ მეტყობა. ერთ-ერთმა მითხრა, აპატიე და დაივიწყეო”.
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოზე ანგარიშში დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა. თუმცა კომისიის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ პოლიციაში შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც სპეციფიკურად რასისტულ და ჰომო-ტრანსფობიურ სიძულვილის დანაშაულებზე იმუშავებს.
ჯეიმსი ქართულის ცოდნას ხშირად არ ამჟღავნებს. ამბობს, რომ ხშირად ცდილობენ მის პროვოცირებას და ამ გზით ცდილობს, მათ თავი აარიდოს. თუმცა ყველა უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაძვრენას ვერ ახერხებს.
“პარკში ვერ დავდივარ. ზოგი გაშტერდება, ზოგი მოდის და ცდილობს პროვოცირებას. ადრე, ავტობუსით მგზავრობისას, ძირითადად უკან ვჯდებოდი ხოლმე. ჩემს გვერდით არასდროს სხდებოდნენ. ერთხელ ჩვილი ბავშვი მიცინოდა და მეც გავუღიმე. დედა გაბრაზებული გადაჯდა სხვა სკამზე”.
ჯეიმსი იხსენებს შემთხვევას, როცა მოტოციკლი გაუფუჭდა. ბარში, სადაც მუშაობს, არავინ იყო და ამ დროს გადაწყვიტა მისი გაკეთება, რის გამოც, რამდენჯერმე შევიდა ბარში და დაუბრუნდა მოტოციკლს. ცოტა ხანში პოლიციის 4 ეკიპაჟი გამოჩნდა.
“თურმე გვერდით დაწესებულებიდან ვიღაცებს პოლიციაში დაურეკავთ, შავკანიანი მოტოციკლს იპარავსო. გაოგნებული ვიყავი - როგორ იფიქრა ვიღაცამ, რომ დღის 2 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ცენტრში, ტურისტულად ძალიან დატვირთულ ადგილას მოტოციკლს ვიპარავდი?” - ამბობს ის.
“ნიგერიაში ქუჩაში ლომები დადიან?”
ნიგერიაში ინტერნეტი გაქვთ? ელექტროენერგია? წყალი? ქუჩაში ლომები დადიან? - ჯეიმსისთვის ეს კითხვები არაერთხელ დაუსვამთ. ზოგს აფრიკა ქვეყანა ჰგონია.
“როგორ შეიძლება გეგონოს, რომ ლომი, ასეთი სახიფათო ცხოველი ქუჩაში დადის?” - ამბობს ჯეიმსი და განაგრძობს: “ბავშვებს შავკანიანებზე მხოლოდ სიღარიბეს და მონობას ასწავლიან”.
მარინა
ჯეიმსის შეყვარებული მარინა ლატვიელია, თეთრკანიანი. ის ხშირად ქართველი ჰგონიათ, რის გამოც, ქუჩაში ერთად ყოფნის დროს, აგრესიულ ყურადღებას იპყრობენ.
“მანქანამ სვლა შეანელა, გამოგვხედა და შეგვაგინა. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად ვსეირნობდით და მარინა ქართველი ჰგონიათ”, - ამბობს ჯეიმსი.
“როგორც გვიყურებს ხალხი, როგორ იცვლება მათი სახეები, როგორ გვაფურთხებენ, როგორ ცდილობენ მაგრძნობინონ, რომ რაღაც არასწორს ვაკეთებ. როგორ იგრძნობდი თავს, აბსოლუტურად უცხო ადამიანს რომ ეკითხა - რატომ? რატომ ხვდები შავკანიანს?”, - ამატებს მარინა და განაგრძობს: “როგორც ქალი, ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება არავის საქმე არაა”.
“უნდა ვაღიაროთ, რომ პრივილეგირებულნი ვართ!”
ჯეიმსი და მარინა რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ არ ესმით, რატომ ამართლებენ საქართველოში რასისტულ განწყობებს იმით, რომ ადამიანებს შავკანიანები აქამდე არ უნახავთ:
“ამერიკაში, რასიზმი შავკანიანების ყოველდღიური ცხოვრებაა, თუმცა უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება მას. აქ, საქართველოში ადამიანები ეძებენ გამართლებას. ამბობენ - ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, რთული 90-იანები გამოვიარეთ. ის დრო, რასაც მიზეზების ძიებას ვუთმობთ, უნდა დავხარჯოთ იმის ახსნაში, რომ რასიზმი არასწორია, დღეს ასეთი დამოკიდებულება აღარ შეიძლება გქონდეს. უნდა მოვუსმინოთ მათ და ვეცადოთ გავიგოთ მათი სათქმელი. უნდა ვაღიაროთ, რომ პრივილეგირებულნი ვართ და ეს არასწორია!” - ამბობს ანია.
მაღალმთიანი აჭარა, სვანეთი - ჯეიმსი საქართველოს რეგიონების ბევრ სოფელშია ნამყოფი. ამბობს, რეალური სტუმართმოყვარეობა მხოლოდ სოფლებშია შემორჩენილი:
“მჯეროდა,რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი იყო. მაგრამ სტუმართმოყვარეობა მხოლოდ სპეციფიკურ ადამიანებთან მუშაობს. თუ ამერიკიდან ხარ, ან ინგლისიდან, გერმანიიდან, ქართველები განსაკუთრებულად, პატივისცემით გეპყრობიან. თუ შავკანიანი ხარ და ამბობ რომ აშშ-დან ან საფრანგეთიდან ხარ, ბინასაც უფრო მარტივად დაიქირავებ. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, თუმცა ზოგადად, აფრიკელების მიმართ სტუმართმოყვარეობა არ არსებობს”.